Home რუბრიკები პოლიტიკა საზოგადოებრივ აქტივისტთა ჯგუფმა წინადადება წამოაყენა, ქართველებს მიეცეთ რუსეთში ლეგალურად დასაქმების საშუალება. ამ...

საზოგადოებრივ აქტივისტთა ჯგუფმა წინადადება წამოაყენა, ქართველებს მიეცეთ რუსეთში ლეგალურად დასაქმების საშუალება. ამ წინადადებას რუსეთში ოფიციალურად განიხილავენ

1130
გულბაათ რცხილაძე

თითქმის 30 წელიწადია, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად უმუშევრობა აწუხებს. მილიონობით ქართველი საზღვარგარეთ არის გადახვეწილი და მძიმე სამუშაოს ასრულებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინათ საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებელ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა: “რუსეთი დაინტერესებულია მიგრანტების შემოდინებით, ისეთი მიგრანტების, რომლებიც ქვეყანას გამოადგებიან; რომლებიც მზად არიან, მიიღონ განათლება და შემოვიდნენ შრომის ბაზარზე ან პირდაპირ წამოიწყონ გარკვეული სამუშაო, ჰქონდეთ გარკვეული კვალიფიკაცია და შესაბამისი პროფესია”. რას გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი, როდესაც რუსეთში მიგრანტების შესვლაზე ლაპარაკობდა? როგორი კვალიფიკაციის ახალგაზრდებს იწვევს ქვეყანაში ვლადიმერ პუტინი და სჭირდება თუ არა საქართველოს რუსეთში ქართველების ლეგალურად ჩასვლა და დასაქმება? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე:

_ გენიოსებსა და სუპერნიჭიერ ადამიანებზე უარს არც ერთი ქვეყანა არ ამბობს. ეს პროცესი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მას ტვინების გადინება დაარქვეს. რუსეთმა ამ თვალსაზრისით ბევრი დაკარგა, ბევრი ადამიანი, რომლებიც გამორჩეული იყვნენ ფიზიკის, მათემატიკის, მედიცინისა და სხვა სამეცნიერო სფეროებში. 1990-იან წლებში ბევრი წავიდა დასავლეთში და ამის გამო რუსეთში უკუსვლა დაიწყო. დემოგრაფიული თვალსაზრისით, რუსეთს ჯერ არ აქვს ისეთი კრიტიკული მდგომარეობა, როგორიც ევროპის სახელმწიფოებს. იქ მკვიდრი მოსახლეობა მალე უმცირესობაში იქნება, უმრავლესობა კი იქნებიან აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტები. ეს საფრთხე რუსეთს ჯერჯერობით არ ემუქრება, მაგრამ, ასეთი რამ რომ გამოირიცხოს, რუსეთის პრეზიდენტი პრევენციულ ზომებს იღებს: მას სურს, გარშემო მყოფი ქვეყნებიდან მიიზიდოს კულტურულად და მენტალურად, აგრეთვე, როგორც ქართველების შემთხვევაშია, რელიგიურად ახლობელი ხალხების წარმომადგენლები და შეუქმნას იმაზე უკეთესი პირობები, ვიდრე ამერიკასა და ევროპაშია. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმებიან ის გენიოსები, რომლებიც უკვე ინტეგრირებულნი არიან ევროპაში. აქ იგულისხმებიან მშენებლები, ხელოსნები და ა.შ. ნებისმიერი პროფესიის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის უზარმაზარ ბაზარზე დამკვიდრდნენ.

რუსეთში ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე წინადადება წამოვაყენე და ეს წინადადება და ინიციატივა უკვე გაგზავნილია მოსკოვში. ჩემი, და არა მხოლოდ ჩემი, სურვილია, რუსეთში საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად მიეცეთ მუშაობის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ებრძვის რუსეთს.

ჩვენ გამოგვიყვანეს დსთ-დან. არ ვიცი, რას ერჩოდნენ ამ კავშირს, პირიქით _ გარკვეულ, რაღაც სავაჭრო პრეფერენციებში შეგვეძლო მონაწილეობა, აღარაფერს ვამბობ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირზე, რომელშიც მიგვიღებენ ძალიან მალე, თუკი საქართველო მოისურვებს, განსხვავებით ევროკავშირისგან, რომელსაც ვეტენებით, მაგრამ არ გვიტენიან. ევრაზიულ კავშირში შესატენი არაფერი გვაქვს, ჩვენივე ინტერესებშია, რომ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას ჰქონდეს დიდი ბაზარი.

_ ბოლოდროინდელმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ ქართველი გლეხისთვის რუსეთის ბაზარი მაინც რჩება შემოსავლის ერთადერთ წყაროდ

_ გლეხს თავი რომ დავანებოთ და მის შემოსავალს, არსებობს ბევრი სხვა რამ… საქართველო ნორმალური ქვეყანა რომ იყოს, ქართველ გლეხს სულაც არ დასჭირდება რუსეთის ბაზარი, აქვე უნდა ყიდდეს თავის ნაშრომს და საქართველოს ბაზარი არ უნდა იყოს გადავსებული უვარგისი და მავნე უცხოური პროდუქტით.

როდესაც რუსულ ბაზარზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ხელობის მცოდნე ადამიანების დასაქმებას, ქართველების დასაქმებას წარმოების სხვადასხვა დარგში. ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ დასაქმებულები, იცოდნენ თავისი საქმე, მაგრამ უკვე წლებია, სამუშაო არ აქვთ. საჭიროა ამ ადამიანების გადაკვალიფიცირება და დასაქმება. ბელარუსში უნიკალური სპეციალისტები ჰყავთ, რადგან იქ ფაბრიკაქარხნები არ გაჩერებულა. ქართველებს გვჭირდება კვალიფიკაციის ამაღლება და სამუშაო ადგილები. ამ ყველაფერზე კი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს და ძალიან მარტივად შეიძლება უმუშევარი ქართველების ღირსეულად დასაქმება რუსეთში.

რუსეთში ქართულ რესტორნებში, სამშენებლო ობიექტებზე და ა.შ. მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, ლეგალურად იმუშაონ, არ ჰქონდეთ აუცილებლობა, რომ ყოველ სამ თვეში დატოვონ რუსეთის ტერიტორია და შემდეგ უკან დაბრუნდნენ. მერწმუნეთ, მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებშიც ძალიან ბევრი ქართველია არალეგალურად მომუშავე და ეს სამწუხარო ფაქტია. ქართველებს რუსეთში მუდმივად ცხოვრების უფლება არ აქვთ და ძალიან წვალობენ; არც მუშაობის უფლება აქვთ, მაგრამ ამ ფაქტზე რუსეთის ხელისუფლება ხშირად თვალს ხუჭავს _ დე ფაქტო აძლევენ მუშაობის უფლებას. ასე არ უნდა ხდებოდეს. ვისაც სურს საქართველოდან წასვლა და რუსეთში მუშაობა, ლეგალურად მუშაობის უფლება უნდა ჰქონდეს. სარგებელი უნდა ნახონ თვითონაც და დამსაქმებელმა სახელმწიფომაც. ეს ინიციატივა მე და ჩემმა კოლეგებმა უკვე მივაწოდეთ რუსეთის სახელმწიფოს და, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხს განიხილავენ. ვნახოთ, რას იტყვიან, იმედია, დადებითად გადაწყვეტენ ჩვენს წინადადებას, რაც ძალიან კარგი იქნება ყველასთვის.

საქართველო აღარ არის დსთის წევრი ქვეყანა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ქართველების მიმართ და ქართველების დიდ ნაწილსაც განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება გვაქვს რუსების მიმართ, თუმცა ამის მიჩქმალვას ვიღაცები ხელოვნურად ცდილობენ. ვფიქრობ, ყველაფერი ამის გათვალისწინებით, საკითხი დადებითად გადაწყდება.

_ რომელი უფრო რეალურია: ინიციატივა ქართველების რუსეთში ჩასვლასა და ლეგალურად მუშაობაზე თუ ივანიშვილის ინიციატივა გერმანიაში ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე?

_ ევროპაში გაცილებით რთულია ქართველების დასაქმება. გერმანიის კაცლერმა ანგელა მერკელმა თბილისში ვიზიტისას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე გარკვევით თქვა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები სჭირდებათ, ისეთები, რომლებიც ძალიან მალე დასაქმდებიან და მალევე ამოიღებენ იმ ხარჯებს, რომლებსაც მათში გერმანელები ჩადებენ. გამოდის, მცოდნე, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდები სჭირდებათ მხოლოდ. ეს საჯაროდ განაცხადა მერკელმა და ამას არავინ აქცევს ყურადღებას. გერმანიას სჭირდება ნიჭიერი ახალგაზრდები, საერთოდ, ევროპას ნიჭიერი კადრების დეფიციტი აქვს, დასავლეთის ქვეყნები და, კერძოდ, გერმანია, მაღალგანვითარებელი ქვეყანაა, მათ მაღალ დონეზე აქვთ მეცნიერება და ტექნოლოგიები, მაგალითად, ამერიკელები მაღალი ტექნოლოგიის ბევრ სამხედრო ტექნიკას გერმანელებისგან იღებენ. როცა ისეთი ქვეყანა, როგორიც გერმანიაა, ითხოვს დამატებით ნიჭიერ ახალგაზრდებს, წარმოიდგინეთ, რა ხდება იქ.

ნაღებ ახალგაზრდებზე რუსეთში უარს არავინ იტყვის, მაგრამნაღებისგარდა, ისინი, რომლებიც ევროპაში არ უნდათ და ასეთი საქართველოში თითქმის 95 პროცენტია, რუსეთში სჭირდებათ. რუსეთს სჭირდება მუშახელი, კვალიფიციური, თუნდაც ნაკლებად კვალიფიციური, რაც ჩვენს ქვეყანასაც გამოადგება. რუსეთში ლეგალურად დასაქმებული ადამიანი ჩვენი ქვეყნისთვის შემოსავალია, ყველა მათგანი აქ დარჩენილ ოჯახს დაეხმარება, ეს კი დიდი შეღავათი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. ქართველის რუსეთში სამუშაოდ ლეგალურად წასვლა უფრო ადვილი საქმეა, ვიდრე ევროპაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რუსეთში თვალს ხუჭავენ არალეგალი ქართველების მუშაობაზე, რადგან ეს ხელს არავის უშლის, მაგრამ აქვე უნდა ითქვს, რომ, თუ არალეგალს დააკავებენ, მაშინვე ქვეყნიდან გააძევებენ და საქართველოში დააბრუნებენ.

_ ბატონო გულბაათ, როგორ ფიქრობთ, თქვენი ინიციატივა განხორციელდება?

_ დიდი ალბათობით, ეს ინიციატივა განხორციელდება. ჩვენი ხელისუფლება ამას წაუყრუებს, მაგრამ კარგი იქნება, თუ აკრძალვას არ დააწესებს რუსეთში სამუშაოდ წამსვლელებზე.

_ შესანიშნავი ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია სათამაშოდ მიიწვია ევროპის ერთერთმა უძლიერესმა კლუბმა _ მოსკოვის ცსკა და ამის გამო აურზაური ატყდა

_ ეს საშინელება იყო. საქართველოს პრეზიდენტმა თავის “ტვიტერში” თუ რაღაც ჯანდაბაში დაწერა, რომ მხარს არ უჭერს თორნიკე შენგელიას და მისთვის მიუღებელია მისი საქციელი, მეტიც: სამარცხვინოა. ნაცვლად იმისა, რომ ქართველები გავიდნენ წამყვან კლუბებში და იყვნენ წარმატებულები, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გმობს ასეთ ფაქტებს. ჩემთვის წარმოუდგენელია თორნიკე შენგელიას ცსკა-ში თამაშისა და აგვისტოს ომის ერთმანეთთან დაკავშირება. ძალიან ავად უნდა იყო, ასეთი კავშირები რომ გააბა. ფაქტია, რომ ქართველი რუსეთში ფასობს. ცუდია, რომ ამ ფაქტს პოლიტიკური სარჩული დაუდეს. რაც მეტი ქართველი იქნება საზღვრებს გარეთ დაფასებული, მით უკეთესი ჩვენთვის.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here