მას, ვინც საბჭოთა კავშირს ვერ მოესწრო, ჰგონია, რომ ეს იყო რაღაც საშინელება, სიმახინჯე და ყველაფერი საბჭოთა იყო ძალიან ცუდი. საბჭოთა კავშირს ბევრი რამ ჰქონდა ცუდი, მაგრამ ძალიან ბევრი რამ იყო კარგიც. მათზე მხოლოდ იმიტომ ვთქვით უარი, რომ საბჭოთა ერქვა, თორემ, დღესაც რომ გვქონდეს, ურიგო არ იქნებოდა. სოფლის მეურნეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ზოგადი განათლების სისტემა იყო საოცრად კარგი და…
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ზოგადი განათლებისთვის 1,9 მილიარდი ლარია გამოყოფილი. ამასთანავე, წლების განმავლობაში განათლების ბიუჯეტი მზარდი სახელმწიფო პროგრამაა. საქართველოში 600 ათასზე მეტი მოსწავლეა და, 1.9 მილიარდი რომ გადავანაწილოთ, გამოვა, რომ თითოეულ მოსწავლეზე სახელმწიფო წელიწადში დაახლოებით 3160 ლარს ხარჯავს. ბევრია ეს თუ ცოტა? კვლევებმა გვიჩვენა, რომ, თუ სახელმწიფოს სურს, წარმატებული თაობა გაზარდოს, ერთ მოსწავლეზე, საშუალოდ 20 ათასი დოლარი უნდა დახარჯოს, ანუ დღევანდელი კურსით – 55 400 ლარი. გამოდის, თითოეულ მოსწავლეზე საჭიროზე 17-ჯერ ნაკლებს ვხარჯავთ და შედეგიც შესაბამისი გვაქვს, მაგრამ ამაზე ქვემოთ.
ძალიან გვეეჭვება, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი უზარმაზარ ქვეყანას თითოეულ მოსწავლეზე 20 ათასი მანეთი დაეხარჯა (ვინც არ იცის, იმხანად მანეთი დოლარზე მეტი იყო), მაგრამ სისტემა და მიდგომა იყო ისეთი, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობა ყველაზე განათლებულთა შორის გახლდათ მსოფლიოში. რაც მთავარია, საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე პროცენტული გადანაწილებით, მეცნიერებისა თუ აკადემიკოსების რაოდენობით ლიდერობდა კიდეც. ახლა ვიღაც იტყვის, რომ ჩვენთან იმხანად ყველაფერი ჩაწყობით ხდებოდაო, მაგრამ ნურას უკაცრავად – ქართველები საერთაშორისო სიმფოზიუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობდნენ და, აქ თუ ჩააწყობდი, იქ ამას ვერ მოახერხებდი და მარტივად გაგშიფრავდნენ. ეს ნიშნავდა, რომ ხარისხს „ჩაწყობით“ ვერ მოიპოვებდი და უნდა გეშრომა. ახლა კი…
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს კვლევებით, რომელშიც საქართველო 2009 წლიდან მონაწილეობს, 81 ქვეყანას შორის მათემატიკაში მე-60 ადგილი გვიკავია. სხვათა შორის, 2022 წლის შეფასებაში, ამავე რეიტინგში 65-ე ადგილზე ვიყავით, მაგრამ დაწინაურება ნუ გაგიხარდებათ, რადგან დაწინაურება, ჩვენ მიერ გაუმჯობესებულით კი არა, სხვა ქვეყნების გაუარესებული შედეგებით მოხდა. შესადარებლად: საქართველო ამ მხრივ 2018 წელს 70-ე ადგილზე იყო. საინტერესოა, რომელ ადგილზე არიან ის ქვეყნები, რომლებიც ერთ მოსწავლეზე წელიწადში 20 ათას დოლარზე მეტს ხარჯავენ. მონაცემების მიხედვით, პოლონეთი, უნგრეთი და ესტონეთი ერთ მოსწავლეზე სამჯერ ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე, მაგალითად, შვეიცარია, ნორვეგია და ლუქსემბურგი, მაგრამ მათ შედეგებს შორის სხვაობა თითქმის არ არის. მეტიც, PISA-ს კვლევებით პირველ ადგილზე მყოფი ახალი ზელანდია (?!) ერთ ბავშვზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს და აქედან მარტივი დასკვნა კეთდება: მთავარი ის კი არ არის, რამდენი იხარჯება განათლებაში, არამედ ის, სწორად ნაწილდება თუ არა რესურსი. არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოში მთავარი პრობლემა სწორედ რესურსების მართებულად ხარჯვა და თანხის სწორად გადანაწილებაა (ეს გვჭირს ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში). „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება, რომ სოფლის მეურნეობაში მილიარდებს ჩადებდა, შეასრულა, მაგრამ თანხა სწორად არ დაიხარჯა და ამიტომ წლების განმავლობაში ერთ ადგილს ვტკეპნით.
ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ PISA-ს კვლევა ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მსოფლიოს მასშტაბით 15 წლის მოსწავლეების უნარებს აფასებს მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ჰოდა, საქართველო მათემატიკაში 390 ქულით მე-60 ადგილზე გავიდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – 66-ზე, ხოლო წაკითხულის გააზრებაში 67-ე ადგილი დავიკავეთ. მეზობელი ქვეყნებიდან კვლევაში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ თურქეთმა და აზერბაიჯანმა გამოთქვეს. საქართველოს მაჩვენებელს თურქეთის საშუალო მაჩვენებელი 79 ქულით აღემატება, ხოლო აზერბაიჯანის მაჩვენებელი 2 ქულით ჩამორჩება. საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ უზბეკეთს უსწრებს, სხვა ქვეყნებთან შედარებით კი მაჩვენებლები დაბალია სამივე კომპონენტში. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის თითქმის ყველაზე მაღალია საქართველოს მაჩვენებელი (66,4%) იმ მოსწავლეებში, რომლებმაც მათემატიკაში ვერ გადალახეს საბაზისო უნარების დონე. ანალოგიური მაჩვენებელი წაკითხულის გააზრებაში 67%-ია, ხოლო მეცნიერებებში – 65% და… ჩამოვრჩებით ყველა ქვეყანას, გარდა აზერბაიჯანისა და უზბეკეთისა.
კვლევების ცენტრი აღნიშნავს, რომ დაფინანსების მატება ხარისხის თავისთავად ზრდას არ ნიშნავს და ამაზე განსაკუთრებით საქართველოს მიანიშნებს, რადგან სახელმწიფო პროგრამის მიხედვით განათლების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ შედეგი პრაქტიკულად ნოლი გვაქვს. როდესაც ლაპარაკია 15 წლის მოზარდებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 10-15 წელიწადში სწორედ ეს თაობა უნდა მოვიდეს არა მხოლოდ ხელისუფლების ქვედა ეშელონებში, არამედ მათ საკუთარ თავზე უნდა აიღონ ქვეყნის სხვადასხვა სფეროს მართვა, უნდა იყვნენ ექიმები, იურისტები, მასწავლებლები, მეწარმეები. არადა, დღევანდელი გადმოსახედიდან მაჩანჩალები ვართ და როგორ უნდა დაიჯერო, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება?! მეორე მხრივ, მწარე რეალობას ვუყურებთ – იმ ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი, რომელიც დღეს ქუჩაშია და „რაღაცას“ ითხოვს (სწორედ რაღაცას, რადგან მათმა უმრავლესობამ მხოლოდ ის იცის, რომ დღის ბოლოს ქვეყნის მთავარი გამზირის ყვირილით გადაკეტვის გამო გარკვეული თანხა უნდა მისცენ), რეალურად, ორჯერ ორი რამდენია, არ იცის, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებისა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები კი გაჰკივიან: „აუ, რა მაგარი თაობა გვეზრდება“-ო. არადა, ზუსტად იციან, რომ არანაირი მაგარი თაობა არ გვეზრდება. სასამართლოზე ღიმილის გამო ადამიანი სადმე გმირად გამოეცხადებინოთ, რა ლამაზად იღიმისო, გაგიგიათ? ჩვენთან კი დაკავებულის მშობელი ჩიოდა, შვილისთვის კატლეტი არ შემატანინესო და ეს მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში კატლეტი კი არა, იქ გაკეთებულ სალაფავში ზედამხედველები პატიმრების დასანახად აფურთხებდნენ და შემდეგ მათ აიძულებდნენ, ეს სალაფავი ეჭამათ.
ისიც არაერთხელ დაგვიწერია, რომ განათლების ყოველი ახალი მინისტრი ათწლიან გეგმას დებს მაგიდაზე და ამბობს, რომ მისი განხორციელების შემდეგ გვეშველება, მაგრამ, როგორც კი მინისტრი იცვლება, მაშინვე იცვლება გეგმაც და არავის ახსოვს, რა ჰქონდათ დაწყებული და როგორ უნდა გაეგრძელებინათ. გასაგებია, რომ ყველას საკუთარი ხედვა აქვს განათლებაზე, მაგრამ ხომ შეიძლება, ხედვა სახელმწიფოსაც ჰქონდეს და არ იყოს მნიშვნელოვანი, ვინ არის მინისტრი, უბრალოდ, იდოს გეგმა და იმ გეგმას მიჰყვებოდეს ყველა, ვინც ამ თანამდებობაზე მოვა?!
განათლების სისტემის გაუფასურება „ნაცმოძრაობის“ პერიოდში დაიწყო. თავად განსაჯეთ, განათლების მინისტრის პოსტს იკავებდნენ ნიკა გვარამია, დიმიტრი შაშკინი, კახა ლომაია, ხატია დეკანოიძე და გია ნოდიაც კი. ჰოდა, სწორედ ამათ ხელში დაინგრა განათლების სისტემა, კულუარებში ყველა აღიარებს, რომ საბჭოთა განათლების სისტემა თავისი არსითა და მეთოდებით უნიკალური იყო და მისი მსგავსი ჯერჯერობით არ მოუგონიათ. სხვათა შორის, იმავე სისტემით მუშაობენ დღეს რუსეთში, ბელარუსში, არაერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში და შედეგებიც აქვთ. ჰო, აქვთ, რადგან საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანსა და უზბეკეთს უსწრებს და ეს მაშინ, როცა ყოველთვის პირველ ადგილზე გვქონდა პრეტენზია და ვიყავით კიდეც ლიდერები.
საუბედუროდ, სოციალურ ქსელში ხშირად ქვეყნდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს,რომ ახალგაზრდებს, ერთი შეხედვით, უმარტივეს კითხვებს უსვამენ და ისინი მათ პასუხებს ვერ სცემენ. ყველაზე ბოლოს მთავარი კითხვა იყო ის, რომ ვინსენტ ვან გოგი საკუთარი ნახატის მითვისებას ედავება ბიძინა ივანიშვილს და უნდა დაუბრუნოს თუ არა ივანიშვილმა ცნობილ ჰოლანდიელ მხატვარს ნამუშევარიო. ათამდე ახალგაზრდამ თავდაჯერებით თქვა, ეს სასამართლოს პრეროგატივაა და ვან გოგმა საერთაშორისო სასამართლოს უნდა მიმართოსო. ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალურად კი, ყველაფერი იმაზე რთულადაა, ვიდრე წარმოგვიდგენია და ვაი, რომ უკან-უკან მივდივართ, საშველი კი არ ჩანს.
ლევან გაბაშვილი