კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს უცხოელი ფლობს, მიწა საკუთრებაში მხოლოდ ერთი წლის ვადით გადაეცემა. ეს შეზღუდვა საპარლამენტო უმრავლესობის 22 დეპუტატის მიერ პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტშია შეტანილი.
პაკეტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემისას შეზღუდვებსა და პირობებს აწესებს, ხუთი კანონპროექტისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ამ კანონის მოქმედება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციების მფლობელები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირია, მიწის გირაოს/იპოთეკის სახით მიღების უფლება იმ დათქმით უნარჩუნდებათ, რომ ქონების მათ საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში ვალდებულნი არიან, ამ ფაქტის დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში მიწა უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ. ამავე შეზღუდვის გამო კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი უცხოელს ეკუთვნის, ვერ შეძლებს, 1 წელზე მეტი ვადით შეიძინოს საქართველოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე იურიდიული პირის წილი/აქციები გირაოს/იპოთეკის სახით.
კანონპროექტის თანახმად, გარდა ზემოთჩამოთვლილი საფინანსო ინსტიტუტებისა, სასოფლო სამეურნეო მიწის შეძენა მხოლოდ 1 წლით შეეძლება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი; უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილ იურიდიულ პირს ან/და საქართველოში რეგისტრირებულ მის ფილიალს, ასევე, უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილ იურიდიულ პირს ან/და საქართველოში რეგისტრირებულ მის ფილიალს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, 1-წლიანი ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში ამავე პუნქტში აღნიშნულმა პირებმა წერილობით უნდა მიმართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა სახელმწიფომ სამინისტროს მიერ დადგენილი ფასის მიხედვით უზრუნველყოს მიწის ნაკვეთ(ებ)ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა.
“დაუშვებელია საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, წილის/აქციების გასხვისება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილ იურიდიული პირზე ან/და საქართველოში რეგისტრირებულ მის ფილიალზე, თუ გარიგების შედეგად, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი ერთად ან/და ჯამურად გადადის ზემოხსენებული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირ(ებ)ის ან/და იურიდიული პირ(ებ)ის საკუთრებაში”, _ ვკითხულობთ კანონპროექტში.