29-30 ივნისს თბილისში (წყნეთში), სასტუმრო “კოპალაში” გაიმართა უკვე ტრადიციადქცეული სამხრეთკავკასიური საერთაშორისო მედიაფორუმი “მედია, პოლიტიკა, ფასეულობები: დავძლიოთ “პოსტსიმართლე (Post–truth)”. მედიაფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: პოლიტიკური ცენტრი “ჩრდილოეთი–სამხრეთი” (“Север-Юг”) დსთ–ის სახელმწიფოების “ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის” (МФГС) მხარდაჭერით, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ამ ურთიერთობის განმტკიცებას უწყობს ხელს, აგრეთვე, პრესკლუბი “თანამეგობრობა”, არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობა” და გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”. მედიაფორუმში მონაწილეობდნენ 4 ქვეყნის _ აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის მასმედიის გავლენიანი წარმომადგენლები.
მედიაფორუმის პირველი დღის სადისკუსიო შეხვედრას ხელმძღვანელობდა დსთ-ის სახელმწიფოების “ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის” თანადამფუძნებელი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხში _ მიხეილ შვიდკოი, რომელმაც მისალმების შემდეგ მედიაფორუმის მონაწილეებთან ისაუბრა იმ ჰუმანიტარული თანამშრომლობის ასპექტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის მეგობრობისთვის.
“ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია ხშირად ძაბავს და აფუჭებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას”
მიხეილ შვიდკოი: _ ასეთი ტიპის ფორუმები და შეხვედრები, რომლებზეც ერთმანეთს ხვდებიან პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ქვეყნები, ამზადებს პლატფორმას რუსეთსა და კავკასიის რეგიონში მცხოვრები ხალხების დასაახლოებლად. ფორუმზე განვიხილავთ არა მხოლოდ პრობლემურ საკითხებს, არამედ ვსაუბრობთ იმაზეც, რა ხდება დღეს, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს თვალსაზრისს პრობლემების გადაჭრის გზებზე, ვინაიდან ყველა მხარეს განსხვავებული ხედვა აქვს. რთულია, დღეს საინფორმაციო ომის ორომტრიალში დავიცვათ სიმართლე. მსგავსი ფორუმი კი გვაძლევს საშუალებას, მეტი ყურადღებით განვიხილოთ ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები და მართალი ინფორმაცია გავუზიაროთ ერთმანეთს და არა დამახინჯებული, როგორიც ხშირად ვრცელდება მსოფლიოს მასმედიაში. ინფორმაციით მანიპულირება დღეს ეფექტიანი იარაღია. ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია ხშირად ძაბავს და აფუჭებს ქვეყნებს შორის ურთიერთობასა და წარმოდგენას ამ სახელმწიფოებზე, იმ პროცესებზე, რომლებიც ხდება ამ ქვეყნებში. ჩვენ, ფორუმის მონაწილე ქვეყნები, ვეცდებით, ვებრძოლოთ მათ, ვინც აქტიურად ცდილობს, ბზარი გააჩინოს ყველგან, და ჩვენი ერები სიმართლის დაცვით დავაახლოვოთ ერთმანეთს.
* * *
ფორუმის შემეცნებითი ხასიათის ბლოკს _ “ინტერნეტგამოცემები, როგორც თანამედროვე საინფორმაციო სამყაროს ფენომენი. ინტერნეტმედიისთვის მოპოვებული მასალების შექმნის სპეციფიკა” _ უხელმძღვანელა ინტერნეტგაზეთ “ვზგლიადის” მთავარმა რედაქტორმა ალექსეი შარავსკიმ. ეს ბლოკი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მედიაფორუმის მონაწილეებისთვის, რადგან განიხილებოდა ისეთი თემები, როგორიცაა “პროპაგანდის ინსტიტუტი”, სტერეოტიპები, რომლებიც ხშირად ქმნის საზოგადოებრივ აზრს, როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია, ინფორმაციის გაშუქების სპეციფიკა და სხვა საკითხები, რომლებიც ყველას გვაერთიანებს. მთავარი საკითხი იყო ინტერნეტგამოცემები, რომლებიც, ძირითადად, ქმნიან პოლიტიკურ ამინდს მსოფლიოში. ინფორმაციის გავრცელების ყველაზე ეფექტიანი საშუალება დღეს არის ინტერნეტი, რომელმაც დააჩქარა გლობალიზაციის პროცესი.
“დღეს კოლოსალური თანხებია გამოყოფილი ისეთი საინფორმაციო სააგენტოების შესაქმნელად, რომლებიც ამა თუ იმ ორგანიზაციის დაკვეთას შეარულებენ”
ალექსეი შარავსკი: _ დღეს მსოფლიოში მილიონობით ინტერნეტგამოცემაა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ადვილია ამ საზოგადოების მანიპულირებაც, რადგან არ ხდება ინფორმაციის გაფილტვრა. თანამედროვე საინფორმაციო სამყაროში ინტერნეტგამოცემებს ფეხი ისე აქვს მოკიდებული, რომ ბეჭდური მედია ხშირად უკანა პლანზე დგას. ინფორმაციის გავრცელების მრავალი საშუალებიდან ყველაზე ეფექტიანი და მასშტაბური სწორედ ინტერნეტგამოცემებია. შესაბამისად, დღეს კოლოსალური თანხებია გამოყოფილი ისეთი საინფორმაციო სააგენტოების შესაქმნელად, რომლებიც ამა თუ იმ ორგანიზაციის დაკვეთას შეასრულებენ. დამფინანსებლის პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ხდება მოპოვებული მასალების გამოყენება, ეს არის მსოფლიო სპეციფიკა. დღეს პოლიტიკური ინტერნეტგამოცემების მთავარი მიზანი საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებაა და არა ფინანსური სარგებლის მიღება. ვისაც რა ინტერესი აქვს, იმის მიხედვით მოქმედებს.
* * *
მედიაფორუმზე ასევე საინტერესო იყო ტრენინგი _ “გამოცდილება, როგორ ავიღოთ ინტერვიუ მნიშვნელოვანი ფიგურებისგან”, რომელსაც უხელმძღვანელა საერთაშორისო მედიაჯგუფ “როსია სეგოდნიას” (МИА “Россия сегодня”) სპეციალური პროექტების ხელმძღვანელმა ზახარ ვინოგრადოვმა. მან აუდიტორიას მოუწყო ღია ინტერვიუ და თავის ჟურნალისტურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეეცადა, მონაწილეებისთვის ეჩვენებინა, როგორ უნდა აიღონ ინტერვიუ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფიგურისგან. ვინოგრადოვმა ჟურნალისტებს იმ ასპექტებზე სთხოვა ყურადღების გამახვილება, რომლებსაც ხშირად ივიწყებენ ჟურნალისტები მასალების მოპოვებისა და მათი პუბლიკაციისას: ეს არის ტაქტიკა, ფორმა, კითხვების სწორი ფორმულირების მეთოდი, რესპონდენტის ალაპარაკების სპეციფიკა, ინფორმაციული სიზუსტის დადგენა, საინტერესო კითხვების შედგენა, კომუნიკაციის მეთოდიკა და ა.შ. ფორუმის მეორე დღეს მსგავსი ინტერვიუს მასტერკლასით მონაწილეების წინაშე წარდგა რადიოსადგურ “გოვორიტ მოსკვას” (“Говорит Москва”) გენერალური დირექტორი ვლადიმერ მამონტოვი.
ფორუმის შემდგომი ბლოკი დაეთმო კრეატიულ პროდიუსერს, რადიოსადგურ “ვესტი FM”-ის წამყვან გიორგი სარალიძეს, რომლის სადისკუსიო თემას წარმოადგენდა “სპორტი და მედია _ ახალი ფორმატები, როგორ უნდა მოხდეს კულტურულ–სპორტული ღონისძიებების განახლება”. გიორგი სარალიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის დაახლოების მნიშვნელოვან ასპექტს განსაზღვრავს არა მხოლოდ პოლიტიკურ ღონისძიებებში, პროექტებსა და ფორუმებში მონაწილეობა, არამედ კულტურულ-სპორტული ღონისძიებებიც, რომლებიც ეფექტიან საკომუნიკაციო ხიდს ქმნის ერებს შორის დაახლოების საკითხში. მან აღინიშნა, რომ კულტურაზე, ხელოვნებასა და სპორტზე არ უნდა აისახებოდეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის სპეციფიკა, თუმცა არ უარყო, რომ ის დადებით როლს თამაშობს კულტურათა დაახლოების საკითხში. გიორგი სარალიძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც რუსეთში გაიმართება, ამ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის.
მედიაფორუმის პირველი დღის საფინალო ბლოკი იყო ლექცია “მასმედიის იდეოლოგიური სტრატეგიები _ აზრების შექმნის ტექნოლოგიები”, რომელსაც უხელმძღვანელა სოციალური საკითხების დაპროექტების ცენტრ “პლატფორმას” ხელმძღვანელმა ალექსეი ფირსოვმა. ლექციაზე განიხილეს საზოგადოებრივი აზრის სტერეოტიპების სპეციფიკა, მათი შეცვლისა და ახალი აზრის გაჩენის ტექნოლოგიები, რომელსაც კურატორობს ესა თუ ის მასმედია.
“საზოგადოებრივ აზრს ქმნიან არა პოლიტიკური მოვლენები ან პოლიტიკური ფიგურები, არამედ მედიასაშუალებები”
ალექსეი ფირსოვი: _ თითოეულ გამოცემას, იქნება ეს ბეჭდური, ვებგვერდი თუ სამაუწყებლო, აქვს თავისი იდეური წარმოდგენები და სტრატეგიები, რომელთა მიხედვით მოქმედებს. უფრო მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ მათი მოქმედების სპეციფიკაზე, რადგან ყველა იდეოლოგია ვერ ვრცელდება, რაც თავისთავად მისი “შეფუთვის” არასწორ მეთოდიკაზე მიუთითებს. რა ახდენს საზოგადოებაზე ყველაზე დიდ გავლენას? _ რა თქმა უნდა, სიტყვა, რომელიც ყველაზე ეფექტიანი ძალაა. თუმცა ამ შემთხვევაში მედიამ უნდა იცოდეს, როგორ მიაწოდოს მკითხველს, მაყურებელსა და მსმენელს კონკრეტული ინფორმაცია ისე, რომ იგი უტყუარი იყოს ან ჩათვალოს მაინც ასეთად. საზოგადოებრივ აზრს ქმნიან არა პოლიტიკური მოვლენები ან პოლიტიკური ფიგურები, არამედ მედიასაშუალებები, რომლებსაც “მესამე ხელისუფლებას” უწოდებენ. ისინი, ვინც იცის, ეს როგორ გამოიყენონ, ახერხებენ, გავლენა იქონიონ საზოგადოებრივ აზრზე.
* * *
მედიაფორუმის მეორე დღეს ლექცია თემაზე “სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება: პოლიტკულტურულ საზოგადოებაში ჰარმონიის ძებნა” წაიკითხა მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყიფშიძემ. საინტერესო აღმოჩნდა მრგვალი მაგიდისთვის შერჩეული თემა “რუსული მედია და სამხრეთი კავკასია: თარგმნის პრობლემები?”, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მოდერატორები: გაზეთი “საქართველო და მსოფლიოს” მთავარი რედაქტორი ირაკლი თოდუა და რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტი, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ალექსანდრე გუშჩინი. მონაწილეებისთვის, აგრეთვე, საინტერესო იყო რუსეთის ნაციონალური უნივერსიტეტის _ “ეკონომიკის უმაღლესი სკოლის” _ მედიაფაკულტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ილია ქირიას მასტერკლასი თემაზე “რატომ ხდება მედიაკომპანიების დეგრადაცია: როგორ ვმართოთ შემოქმედება ახალ პირობებში”. ილია ქირიამ გამოყო ასპექტები, რომლებიც პროვოცირებას უწევს მედიაკომპანიების დეგრადაციას, ისაუბრა მასმედიის ისტორიაზე, მეოცე საუკუნის მასმედიასა და მის ფუნქციონირებაზე და ა.შ.
“დეზინფორმაციაც მოქმედებს და ხშირად სიმართლეზე უფრო ეფექტიანად”
ილია ქირია: _ დღეს არა მხოლოდ საინფორმაციო ომზე ვსაუბრობთ, არამედ იმაზეც, რომ ინტერნეტეპოქა კომერციული სარბიელია მედიაკომპანიებისთვის. ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ არსებული პოლიტიკური საინფორმაციო სააგენტოების უმრავლესობა მხოლოდ იდეური სარგებლისთვის იბრძვის. მათ ამოძრავებთ კომერციული მიზნებიც და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან მათაც სურთ არსებობა. ისეთი სააგენტოების შემთხვევაში კი, რომლებსაც იდეოლოგიური მოტივით აფინანსებენ, კომერციულ სარგებელზე ზრუნვა მეათეხარისხოვანია. მაგალითისთვის დავასახელებ ჯორჯ სოროსსა და მის ორგანიზაციებს, რომლებიც ეფექტიანად აკეთებენ თავიანთ საქმეს. სოროსის მთავარი ბერკეტი არის ფინანსები, რომელსაც არ იშურებს მასშტაბური მიზნების მისაღწევად. რაც შეეხება შავ პიარს, ესეც ძალიან აქტუალური საკითხი და პრობლემაა. დღეს ამბობენ, რომ შავი პიარიც პიარია, რომ “ომში ყველა ხერხი მისაღებია”. ფაქტია, რომ მსგავსი მეთოდი მოქმედებს. მაგალითად, “სი-ენ-ენს”, ყველაზე ცნობილ ტელეარხს მსოფლიოს მასშტაბით, ხშირად ადანაშაულებენ და ამხელენ დეზინფორმაციის გავრცელებაში, მაგრამ მის საიმიჯო მხარეს ამ ფაქტმა ბევრი ვერაფერი დააკლო, ანუ რას ნიშნავს ეს? _ დიახ, დეზინფორმაციაც მოქმედებს და ხშირად სიმართლეზე უფრო ეფექტიანად. შემდეგ საკმარისია, მოუბოდიშო საზოგადოებას და, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვის თვალით შემოგხედავს, მაინც განაგრძობს შენს მოსმენას.
მედიაფორუმის მონაწილეთა განცხადებით, ერთ-ერთი საინტერესო სპიკერი იყო ვლადიმერ მამონტოვი.
“სხვაგან სად მოვუყვებოდით ერთმანეთს ჩვენს ქვეყნებში არსებულ პრობლემებზე?”
ვლადიმერ მამონტოვი: _ ძალიან სასარგებლო ფორუმში ვმონაწილეობდი. ამ ფორუმის მსვლელობისას სადისკუსიო შეხვედრის ინტელექტუალური დონე საკმაოდ მაღალი იყო და ამიტომ ეს შეხვედრა ძალიან პროდუქტიულ გამოძახილს ჰპოვებს ჩვენს სამომავლო თანამშრომლობაში. ვისაუბრეთ საკმაოდ მწვავე საკითხებზე, რა თქმა უნდა, მათი მოგვარების პრეროგატივა ჩვენს ხელთ არ არის, რადგან კომპეტენცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი აქ ყოფნით გავლენას ვახდენთ მოვლენების განვითარებაზე. ეს ძალიან კარგია, რადგან გვინდა, მეტი შევიტყოთ ერთმანეთზე. სხვაგან სად მოვუყვებოდით ერთმანეთს ჩვენს ქვეყნებში არსებულ პრობლემებზე? ყველაზე მეტად კი მომეწონა ინიციატივა საერთო საინფორმაციო სივრცის შექმნასა და შეხვედრების მოწყობაზე, რომლებზეც განვიხილავთ ახალი საინფორმაციო პორტალის ან პროგრამის შექმნის იდეას, და რომლებზეც მოხდება იდეების გენერირება, უტყუარი ავთენტური ინფორმაციის გაცვლა და განხილვა. ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული კვალიფიციური ექსპერტები და ჟურნალისტები. დღეს არ არსებობს ტაბუდადებული თემები. მაგალითად, თქვენი კოლეგა მოვიდა ჩემთან პროვოკაციული მიმართვით: “რა თქმა უნდა, თქვენ გინდათ საბჭოთა კავშირის დაბრუნება!” საიდან მოიტანა? ისე მომმართა, აპრიორი რომ დავთანხმებოდი მის პროვოკაციულად ფორმულირებულ კითხვას და თავი მემართლებინა. ის ჟურნალისტია და მესმის მისიც, თავის საქმეს აკეთებს. მეც ჟურნალისტი ვარ და ვიცი, რომ არის მეთოდი, რესპონდენტი ისე ალაპარაკო, ისეთი რამ ათქმევინო, რასაც შემდეგ შენი მიზნისთვის გამოიყენებ მასალაში. მე არ მინდა საბჭოთა კავშირის დაბრუნება. მე ყველაფერს რეალისტურად აღვიქვამ და ვაფასებ… არსებობს ბევრი ანგაჟირებული მედიასაშუალება _ ეს რეალობაა. ჩვენ კი აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი მსგავსი ფორუმების ჩატარებას. მეც ბევრი რამ შევიტყვე ამა თუ იმ პოლიტიკურ ფაქტზე და ა.შ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით.
მედიაფორუმის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საზეიმოდ გადაეცათ სერთიფიკატები. პოლიტიკურ ცენტრ “ჩრდილოეთი–სამხრეთის” (Север–Юг) აღმასრულებელმა დირექტორმა ანჟელიკა ტრაპეზნიკოვამ აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილია წლევანდელი ფორუმით და იმედოვნებს, რომ ფორუმი კიდევ უფრო მასშტაბური და პროდუქტიული იქნება სამომავლოდ.
“მსგავსი ფორუმებითა და პროექტებით შევძლებთ ახალგაზრდა თაობების დამეგობრებას, რაც აისახება შემდგომში ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ–საზოგადოებრივ–კულტურულ ურთიერთობებზე”
ანჟელიკა ტრაპეზნიკოვა: _ მედიაფორუმი უმაღლეს დონეზე ჩატარდა, ამის შესახებ მონაწილეებმაც განაცხადეს. ორგანიზატორებიც კმაყოფილი ვართ შედეგით. ფორუმში მონაწილეობდნენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ფიგურები და ძალიან ძლიერი ჟურნალისტები, რომლებმაც მონაწილეებს გააცნეს საკუთარი თვალსაზრისი და კონცეფციები, საინტერესოდ ისაუბრეს იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს ქვეყნებს. ფორუმის მთავარი თემიდან გამომდინარე, თითოეული საკითხი განიხილებოდა მასმედიის განვითარების ჭრილში. ვგეგმავთ სამომავლო თანამშრომლობას და ჩვენი პროექტებით ვეცდებით, კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას; მიგვაჩნია, რომ ეს, ძირითადად, ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა გააკეთონ. სწორედ ამიტომ შემოდგომაზე იგეგმება დიდი საერთაშორისო ფორუმის ჩატარება მოსკოვში, სადაც თავს მოიყრიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები, რომლებიც ერთმანეთს გააცნობენ და გაუზიარებენ თავიანთ თვალსაზრისს. ფორუმის მთავარი თემა იქნება “ტრადიციული ოჯახის ღირებულებები”. ამა წლის აგვისტოში, აგრეთვე, ჩავატარებთ ცენტრალური აზიის ყოველწლიურ ფორუმს ბიშკეკში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ფორუმის ფორმატი ანალოგიური იქნება, უბრალოდ, განსხვავებულ თემატიკას შევარჩევთ. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი და დადებითი შეფასება აქვს ჩვენს პროექტებს. ეს გვაძლევს სტიმულს და ვრწმუნდებით, რომ მსგავსი ფორუმებითა და პროექტებით შევძლებთ ახალგაზრდა თაობების დამეგობრებას, რაც აისახება შემდგომში ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ-საზოგადოებრივ-კულტურულ ურთიერთობებზე.
მოამზადა ნათია თათარიშვილმა
ნათია, კარგი იქნება თუ მიგვანიშნებთ სად შეიძლება თქვენი ფორუმის მასალების გაცნობა