Home ახალი ამბები “სად დაიკარგა ეს სიხარული, სად დაიკარგა ეს მშვიდობა”

“სად დაიკარგა ეს სიხარული, სად დაიკარგა ეს მშვიდობა”

1349

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში, საკვირაო ქადაგებისას თქვა: “წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო. სად დაიკარგა ეს სიხარული, სად დაიკარგა ეს მშვიდობა?! მაგრამ მშვიდობა დაბრუნდება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი”.

მართლაც – სად დაიკარგა?

“საქართველო და მსოფლიომ” კომენტარი სთხოვა ცნობილ ექსპერტს ჰამლეტ ჭიპაშვილს.

– ეს უკვე მეორე ფრიად დასაფიქრებელი განცხადებაა ამ მოკლე დროში პატრიარქის მიერ მართლმადიდებელი მრევლისთვის საჯაროდ თქმული. ცოტა ხნის წინათ მან ურჩია საქართველოდან გადახვეწილ ჩვენს თანამოქალაქეებს არ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.

ერთი მეორის გაგრძელებაა, მე ასე მგონია. ერთი თემაა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარეობს.

ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილის პარპაშის პერიოდს, რომელიც არაერთხელ კრიტიკულად შეუფასებია ჩვენს სულიერ მოძღვარს. არანაკლები კრიტიკა ჩანს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. მართალია, იგი ამ შენიშვნას ოპტიმისტური მოწოდებით ამთავრებს, მაგრამ ეს ოპტიმიზმი დაცილებულია რეალობას.

ასეთი შეფასების საფუძველი არსებობს.

25 წლის წინათ, როცა სულ სხვა სისტემაში ვცხოვრობდით, არ მახსოვს, უწმინდესს რაღაც მსგავსი რამ ეთქვა იმ დროს მშვიდობისა და სიხარულის არქონის გამო.

ეს ჩვენი ხელისუფლება და, განსაკუთრებით, ოპოზიცია გვიმტკიცებს, რომ მაშინ ძალიან ცუდ დღეში ვიყავით, არც სიხარული გვქონდა, არც მშვიდობა და არც არაფერი, გვტანჯავდნენ, გვაწამებდნენ და ა.შ. დღეს კი იდეალურ პირობებში ვცხოვრობთ. ამ სიყალბის გავრცელებაში ჩვენს მედიასაც თავისი წილი მიუძღვის.

არადა, ამ 25 წელიწადს რაღაც მაინც უნდა მიეცა ქართველი ხალხისთვის, გარკვეული წინსვლა უნდა დაგვტყობოდა.

მოგვიტანა კი ტვინის ჩამორჩენილობა, განათლების ჩამორჩენილობა. გადაუსვა ხაზი იმას, ყველაფერს, რაც მანამდე იყო – ცუდს კარგიც მიაყოლა. დღეს ვართ გაურკვეველ მდგომარეობაში და არც ძალა გაგვაჩნია, სიტუაცია რომ შევცვალოთ.

სოციალური მდგომარეობა – მძიმე, პირობები – აუტანელი. ყოველდღიურად ვხედავთ ამას და ძალაც არ შეგვწევს, პროტესტი რომ გამოვხატოთ.

ყოველდღიურადვე ჩაგვძახიან, რომ მივდივართ ევროპისკენ, დასავლეთისკენ საერთოდ. აი, საითაც ვითომ მივდივართ, იქ ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოველდღიურად იმართება საპროტესტო გამოსვლები. არადა, იმათი ცხოვრება, ჩვენთან შედარებით, სამოთხეა.

ჩვენი მოძღვარი შესანიშნავად ხედავს, რა ვითარებაც არის საქართველოში – ქუჩები სავსეა მათხოვრებით, ადამიანები სანაგვე ყუთებში არიან თავჩარგულები – ერთ დროს ამაყი, შეუდრეკელი, განათლებულობის ნიმუშად წარმოდგენილი ადამიანები. ეს ხალხი დღეს აბსოლუტურ არარაობად აქციეს.

ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ბოლო იმედის გაცრუებამ, როცა ხალხს, საზოგადოებას გვითხრეს, დავრაზმულიყავით და დაგვემხო ურჩხული. იყო კასკადი დაპირებებისა, მათ შორის, რომ მეოთხე წელიწადი გვექნება საუკეთესო, რაღაც მსგავსი ხრუშჩოვის დანაპირები კომუნიზმისა.

არცერთი დაპირება არ შესრულებულა, გაჭირვებულ ხალხს უფრო გაუჭირდა ცხოვრება, ერთი მუჭა ბობოლები, რომელთა ერთმა ნაწილმა პარლამენტში, მეორემ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაიმკვიდრა ადგილი, ყვლეფენ საზოგადოებას, ქვეყნის სატკივარი ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, შავი ჰიპებით გადაადგილდნენ თუ ჰიბრიდული ავტომანქანებით, ამ დროს რომელ “საუკეთესო მეოთხე წელიწადზე” შეიძლება ლაპარაკი?!”

როცა 25 წლის წინათ ასე თუ ისე ნორმალურ თანამდებობაზე მომუშავე კაცი დღეს მეუბნება, ჩვენი ოჯახის რაციონიდან ხორცი და რძის ნაწარმი ამოღებულიაო, რომელ პროგრესზე შეიძლება ლაპარაკი?!

აი, ასეთ დროს, შეიძლება ჩვენმა მედიამ თოქშოუები საღლაბუცო და სალაზღანდარო საკრებულოდ აქციოს?!

რომ არ გვეცინება და არ გვეხალისება, ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ხალხის მასას ხასიათი შეეცვალა, დაჩლუნგდა, საკუთარ გაჭირვებაში ჩაიკეტა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ასე დათრგუნული, დაფიქრებული ქუჩაში მოსიარულეები არსად მინახავს.

პატრიარქი ხედავს, ამ ყველაფერს და ღმერთის იმედად გვტოვებს – ჩვენთან არს ღმერთი!

– ღმერთმა – ხელი გაანძრიე და გეშველებაო.

– ჰოდა, უნდა ავდგეთ და გავყაროთ ეს ხელისუფლება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here