Home რუბრიკები სამართალი სად არის ქალი, რომლის მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი პატიმარი მოკვდა ქართულ ციხეებში?!

სად არის ქალი, რომლის მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი პატიმარი მოკვდა ქართულ ციხეებში?!

1467
სამართალი

პოლიტიკის ექსპერტებისგან ხშირად მოისმენთ ფრაზას, რომ პოლიტიკა ტყუილის ხელოვნებაა და იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე დამაჯერებლად ტყუის. და, რაც მთავარია, ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილს ამ ცრუ დაპირებების ახდენა უნდა სურდეს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნების” მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. ცხრა წლის განმავლობაში ტერორში მცხოვრები მოქალაქეები ამ დაპირებას აჰყვნენ, აჰყვნენ იმის მიუხედავად, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები სხვა დაპირებებსაც გასცემდნენ _ უპროცენტო კრედიტი, გადასახადების შემცირება, სოფლის მეურნეობის უპრეცედენტო განვითარება, უფასო ჯანდაცვა… მაგრამ მთავარი მაინც სამართლიანობის აღდგენა იყო. მოსახლეობას სურდა, ის ადამიანები, რომლებიც კლავდნენ, აუპატიურებდნენ, იჭერდნენ, აკეთებდნენ ყველაფერს, რაც მოესურვებოდათ, კანონის ძალით დასჯილიყვნენ. რეალურად, 2012 წელს “ქართული ოცნების” გამარჯვება იყო ქართველი ხალხის კანონიერი აჯანყება რეჟიმის წინააღმდეგ…

მეხუთე წელი დაიწყო, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა და სამართლიანობის აღდგენის კუთხით პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ უპროცენტო კრედიტი, გადასახადების შემცირება, სოფლის მეურნეობის უპრეცედენტო განვითარება, უფასო ჯანდაცვა და სხვა მრავალი დაპირება არ შესრულდა, ხალხს ყველაზე მეტად უსამართლობის განცდა აწუხებს. აწუხებს ის, რომ ადამიანები, რომლებიც იჭერდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ, დღეს ისევ თანამდებობებზე არიან, ხოლო ადამიანები, რომლებიც მათ ამის უფლებას აძლევდნენ, ან პარლამენტში სხედან, ან ხალხისთვის წართმეულ ბიზნესს განაგებენ და ერთადერთი, რაც დისკომფორტს უქმნით, არის ის, რომ მკვლელობის უფლება დაკანონებული აღარ აქვთ.

ბოლო მაგალითი ავიღოთ _ ბათუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სამართალდამცავებმა 70-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს და ბრალად პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ქალაქის დარბევა წაუყენეს. ხელისუფლება ხელს “ნაციონალური მოძრაობისკენ” იშვერს და ამბობს, რომ ეს პროვოკაცია სწორედ ნაციონალებმა დაგეგმეს, თუმცა… 70 დაკავებულიდან ერთსაც არ უთქვამს, დავალება ნაციონალებისგან მოდიოდაო. აქ ორი ვარიანტია _ ან ნაციონალები არაფერ შუაში არიან, ან უარესი _ არის დაჯგუფება, რომელიც იდეისა თუ პრინციპების გამო, ხელს არავისკენ იშვერს და ელოდება, როდის მიეცემა შანსი, საქართველოში უკრაინული მაიდანი მოეწყოს. არის კიდევ მესამე მოსაზრება, რომელზეც ხალხი საუბრობს: ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, რომელიმე საქმე გამოიძიოს, ბოლომდე მიიყვანოს და დამნაშავეებს შესაბამისი სასჯელი შეუფარდოსო. ხელისუფლების წარმომადგენელთა ეს ერთგვარი შიში მაშინაც გამოჩნდა, როცა ისინი ქვეყნის სათავეში მოვიდნენ _ თითქოს არ ელოდნენ, თითქოს შემთხვევით ჩაუვარდათ გამარჯვება ხელში, თითქოს… თითქოს…

სწორედ ამ შიშისა და უნიათობის ბრალი უნდა იყოს ის, რომ სამეგრელოს ერთ-ერთი მაოხრებელი გზირი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამგეგმავი, ორგანიზატორი და მონაწილე დათა ახალაია ისევ თავისუფალია და, იმის მიუხედავად, რომ საბერძნეთის ხელისუფლებამ ქართული მხარის მოთხოვნით ახალაია დააკავა, ჩვენმა პროკურატურამ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ ან არ დადო. “ვერ” იმიტომ, რომ უნიათოა და “არ” იმიტომ, რომ ძალოვან სტრუქტურებში ისევ ახალაიების, მერაბიშვილის, უგულავას, კეზერაშვილისა და ნაციონალების სხვა ლიდერების მიერ დანიშნული ერთგული ხალხი მუშაობს. დიახ, ის ხალხი, რომელიც ნაციონალების ერთგულია, რომელიც ყველა იმ უმსგავსობაში მონაწილეობდა, რომელიც მონურ მორჩილებას მიაჩვიეს და ახლაც მონურ მორჩილებაშია. სწორედ ამიტომ ამბობენ ხოლმე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ირონიულად, თუ ფაქტები გვაქვთ, შექმენით კომისია, გამოიძიეთ, თუ რამე დავაშავეთ, დაგვიჭირეთ, თუ არა და გაჩუმდითო. სწორედ ეს უთხრა დებატებისას თინათინ ბოკუჩავამ ზაზა გაბუნიასაც და… სამწუხაროდ, ეს ის მწარე სიმართლეა, რომელსაც ნაციონალები “ქართულ ოცნებას” ყოველთვის გააწნავენ სახეში და, სანამ სამართლიანობა არ აღსდგება, მანამ ამის ატანა მოუწევთ. სხვათა შორის, ვერ გეტყვით, რომ ამით საპარლამენტო უმრავლესობა ან ხელისუფლება ძალიან შეწუხებულია. ისინი მშვიდად მიჰყვებიან დინებას, მშვიდად იღებენ სოლიდურ ხელფასებს და ასევე მშვიდად იმართლებენ ხოლმე თავს, როცა რამე სისულელეს გააკეთებენ, შემდეგ კი ამბობენ, წინა ხელისუფლება ცხრა წელი რომ გტანჯავდათ, კარგი იყოო?

სისულელეები კი იცოცხლეთ, იმდენი ვნახეთ, ძალიან რომ მოინდომო, ვერ გააკეთებ. ვნახეთ ეროვნული ბანკისთვის წართმეული და შემდეგ ისევ დაბრუნებული ზედამხედველობის უფლება, ვნახეთ საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც უკვე აღარ არის საყოველთაო, ვნახეთ თოვლში დაკარგული ტრაქტორი (უფრო სწორად, ეგ ვერ ვნახეთ, გავიგეთ და იმედია, ამ გაზაფხულზე, რომ დათბება და თოვლი დადნება, ვნახავთ), ვნახეთ მუნიციპალიტეტების დონეზე სამსახურიდან გაშვებული რიგითი ადამიანები, რომლებიც თურმე იმიტომ გაუშვეს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მუშაობდნენ დამუშაობა დანაშაულად ჩაეთვალათ. ვნახეთ ცაგერის მუნიციპალიტეტში შექმნილი 36 ()იპ, სადაც იმაზე რვაჯერ (!) მეტი ადამიანი დასაქმდა, ვიდრე უშუალოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში და საკრებულოში ერთად

სხვათა შორის, მარნეულში არჩევნების მიმდინარეობისას, როცა ნაციონალების კანდიდატმა აკმამედ იმამყულიევმა ანტისახელმწიფოებრივი მოწოდება გააკეთა, როცა მისი გამოსვლის შემდეგ შეკრებილმა მოსახლეობამბორჩალო, ბორჩალოიძახა, ხელისუფლება დაიმუქრა, არჩევნების შემდეგ ამ ჩანაწერს ამოვიღებთ, იმამყულიევს ბრალს წავუყენებთო, მაგრამ არც ჩანაწერი ამოუღიათ, არც ბრალი წაუყენებიათ და იმამყულიევიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უმრავლესობის მოპოვებას აპირებს და გვერწმუნეთ, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული მისი მხარდამჭერები ამის გაკეთებას მოახერხებენ. და ასე იქცევა მარნეული ერთერთ მუნიციპალიტეტად, რომელიც ხელისუფლების კონტროლიდან გავა

სამეგრელოში ახალაიების, ქარდავების, გოროზიებისა და გუნავების კლანი წლების განმავლობაში ატერორებდა ადგილობრივ მოსახლეობას. პროცენტულად ქართულ ციხეებში ყველაზე მეტი პატიმარი სწორედ სამეგრელოს რეგიონიდან გახლდათ და, როცა სამეგრელომ 2012 წელს საკუთარი სიცოცხლის (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ფასად წინა ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა, იმის სჯეროდა, რომ ეს რისკი დაუფასდებოდა და დაუფასდებოდა არა სამსახურებით ან მატერიალური სიკეთით, არამედ სამართლიანობის აღდგენით, მაგრამ ნურას უკაცრავად _ ბაჩანა ახალაია სასჯელს იხდის და მალე გამოვა, დათა ახალაია ევროპაში ცხოვრობს, ქარდავები გაქცეულები არიან, გოროზია ბიზნესს ეწევა, გუნავა ისევ პოლიტიკოსია და ამ ყველაფრის მხედართმთავარი როლანდ ახალაია ზუგდიდში დაცვით დადის, იმიტომ კი არა, რომ უნიათო ხელისუფლებისგან ემუქრება რამე, არამედ იმიტომ, რომ ეშინია, მის (ან მისი შვილების) მიერ გამწარებულმა რომელიმე ადამიანმა თავი არ გაუტეხოს ან ისე არ მოექცეს, როგორც ბატონი როლანდი ექცეოდა ყმაწვილკაცობაში უწყინარ თხებს.

ციხეები ვახსენეთ და ვინმემ იცის, სად არის ხათუნა კალმახელიძე _ ქალი, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრი იყო და მისი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი პატიმარი მოკვდა ქართულ ციხეებში? არ იცის ხელისუფლებამ, ხათუნა კალმახელიძეს რესტორნის წინ მდგარი მანქანა “ბე-ემ-ვე X6” რომ მოეწონა და პატრონს სთხოვა, მაჩუქეო და უარის შემდეგ ის პიროვნება საბურთალოზე დააკავეს, მანქანაში სუბოტექსი ჩაუდეს და ავტომობილი, როგორც “პადელნიკი”, საქმეში ისე გაიყვანეს, შემდეგ კი დაკავებულს 4 წელი მიუსაჯეს, ჩამორთმეული ავტომანქანა კი საზეიმო ვითარებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს საჩუქრად გადასცეს? ეს დაზარალებული ციხიდან რომ გამოვიდა, თავისი ავტომობილი მოიკითხა, მაგრამ აუხსნეს, ის უკვე სამინისტროს კუთვნილებაა და მერე რა, რომ ამ ავტოთი ხათუნა კალმახელიძე დადიოდა, მერე რა, რომ დაზარალებულს ავტომობილის ჩამორთმევაზე ხელი ღამის სამ საათზე მოაწერინეს ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში, არადა, ის ლოგიკურად გლდანის ციხის ჯურღმულებში უნდა მჯდარიყო.

ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია, ძალიან ბევრია ისეთიც, წინა ხელისუფლებამ თავისი კაპრიზების გამო ცხოვრება რომ დაუნგრია და… ერთ დღეს ხალხმა სამართლიანობის აღდგენა თვითონ თუ გადაწყვიტა, გვერწმუნეთ, წინა ხელისუფლებას მოქმედიც გაჰყვება. ამიტომ შეეცადეთ, ბატონებო, დაპირებების შესრულებას, თორემ…

კომბლე და კომბალი თქვენს მინისტრს სძულს, ხალხს _ არა!

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. სისხლის სამართლის კოდექსში აუცილებლად უნდა შეიტანონ მუხლი ტყუილზე და აფერისტობაზე სასჯელი 10–15 წლით და ქონების კონფისკაციითდა რამდენი აღმოჩნდება საბრალდებო სკამებზე,ალბად ოცნების ყველა ლიდერები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here