რამდენიმე საათის წინ დაღუპული წვევამდელის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს
19 წლის სამხედრო, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საგუშაგოზე მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელს შემთხვევით გაუვარდა და მეორე სამხედროს მოხვდა.
ექიმის განცხადებით, საავადმყოფოში მიყვანის დროს ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო. მას სახეზე ერთი ჭრილობა აღენიშნებოდა.
“სახის მიდამოში მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა. გვამი იყო როცა შემოიყვანეს, სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ჰქონდა”,- აღნიშნა ექიმმა, მაია ესებუამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.