Home ახალი ამბები მსოფლიო საბჭოთა ოქრო დასავლური მინის მძივებისთვის

საბჭოთა ოქრო დასავლური მინის მძივებისთვის

კარტის ხელახლა დარიგება მსოფლიო თამაშში. ახალი შანსი რუსეთისთვის

ანდრია ფურსოვი

გთავაზობთ  მოსკოვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ინსტიტუტის რუსული კვლევების ცენტრის დირექტორ ანდრია ფურსოვის ანალიტიკურ მასალას  კაპიტალისტური სისტემის ელიტებსა და მსოფლიოში მიმდინარე გარდამტეხ პროცესებზე.

„მკაფიოდ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ კაპიტალიზმმა ამოწურა  ეკონომიკური დინამიკა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, შემდეგ კი ამოქმედდა სამხედრო-პოლიტიკური დინამიკა. ამასთანავე, მე-20 საუკუნის დასაწყისში დასრულდა მეორე სამრეწველო რევოლუცია, რომელიც გაგრძელდა 1870-დან 1910 წლამდე. მარქსისტული ენით რომ ვთქვათ, მან გაზარდა ჭარბი პროდუქტი და შეიძლებოდა მუშების მდგომარეობის  გაუმჯობესება ექსპლუატაციის ძალიან  გაზრდის გარეშე.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეორე სამრეწველო  რევოლუციამ მკვეთრად გააძლიერა შრომის ნაყოფიერების ზრდის ტემპი –  თუ პირველმა გააძლიერა 2%-ით,  მეორემ – 2,2%-ით, მესამემ კი უკვე – 1,38%-ით;  მაგრამ მესამე სამრეწველო  რევოლუცია, რომელიც   მე-20 საუკუნის დასასრულს მოხდა,  არის მხოლოდ 3 რამ: კომპიუტერი პლუს მობილური ტელეფონი, ინტერნეტი და რობოტები, მაგრამ  გამოგონებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ სიახლეებს, შეიქმნა 60-70-იან წლებამდე, 40-50-იან წლებში.

ამრიგად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კაპიტალიზმის გვიანდელი სტადია, 1920-იანი წლები და შემდგომი პერიოდი, პრინციპულად  განსხვავდება პირველი ორისგან იმით, რომ ამ მომენტისთვის  კაპიტალიზმმა უკვე ამოწურა თავისი ეკონომიკური დინამიკა. მას ძალიან დაეხმარა 1945-დან 1965 წლამდე ან თუნდაც 1975 წლამდე  ეკონომიკების აღდგენის დაწყება, მაგრამ 1960-1970-იანი წლების მიჯნაზე ეკონომიკები  აღდგა და შემდეგ წარმოიშვა იგივე პრობლემები, რომლებმაც  გამოიწვია ორი მსოფლიო ომი;  მაგრამ  მსოფლიო ომი შეუძლებელი ჩანდა, რადგან საუბარი იყო  არა მსოფლიოში ერთმანეთთან დაპირისპირებულ სახელმწიფოებზე, არამედ ორ სოციალურ სისტემაზე, ორ გლობალურ პროექტზე.  გლობალური პროექტების მფლობელებს კი ჰქონდათ ბირთვული იარაღი.  ამ ვითარებამ სრულიად  შეცვალა ყველაფერი.

კაპიტალისტური სისტემის გაბატონებული  ჯგუფები ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ.  რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭიროა ომი, მაგრამ ომი შეუძლებელია. გარდა ამისა, არის საბჭოთა კავშირიც, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ 60-70-იან წლებში კაპიტალისტურ სისტემაში ინტეგრაცია დაიწყო, მაინც არსებობდა, როგორც პრინციპულად განსხვავებული პროექტი. და აი, აქ მსოფლიო მმართველმა კლასმა ან კაპიტალისტური კლასის მმართველმა ჯგუფმა  გააფთრებით დაიწყო არსებული ვითარებიდან  გამოსავლის ძიება. ისე, იმ ვითარებაში, რომელშიც აღმოჩნდა ეს ჯგუფი,   უმარტივესი… და, ალბათ, ერთადერთი გამოსავალი იყო სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური განვითარების დამუხრუჭება. ასე რომ, ეს ორი ათწლეული  ძალიან, ძალიან საინტერესო იყო ამ პერიოდში.

ერთ ათწლეულს შეიძლება ეწოდოს გრძელი 70-იანი წლები, ეს არის 1967-1982 წლები; ხოლო მეორეს – გრძელი 60-იანი, 1958-1973 წლები. 1967-1973 წლების პერიოდში ერთი ფენა  იფარება მეორეთი, ეს არის გრძელი 60-იანი წლების დასასრული და გრძელი 70-იანი წლების დასაწყისი. სახელდობრ ამ პერიოდში – 1967-დან 1973 წლამდე – ამოქმედდა ის მექანიზმი. უფრო მეტიც, იგი მიზეზთა გამო  ერთდროულად აამოქმედეს  დასავლურმა და საბჭოთა ელიტებმა. ეს არის   პერიოდი, როდესაც  კარტი დარიგებული იყო ყველაფერ  დანარჩენზე. ამ 6 წელიწადში მომხდარმა ცვლილებებმა განსაზღვრა მთელი ეპოქა, რომელიც დასრულდა 2020- 2022 წლებში. ახლა ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში და, როგორც ჩანს, 21-ე საუკუნის 20-იანი წლები ისეთივე განმსაზღვრელი იქნება, როგორც  ეს  6 წელი – 1967-დან 1973 წლამდე.

ფრანგმა ისტორიკოსმა ბროდელმა თავის დროზე თქვა: „ისტორიაში კარტი არც ისე ხშირად  რიგდება ხელმეორედ, მაგრამ მაინც რიგდება“.  მე კი დავძენ: „იმარჯვებს ის, ვინც აიღებს კოზირებს”. აი  1967-1973 წლები – ეს არის ისტორიის კარტების  დარიგების პერიოდი. და, როგორც ჩანს, ასეთივე დარიგება გველის ახლაც. უნდა ითქვას, რომ საბჭოთა ელიტამ  1967- დან 1973 წლამდე ხეირი ვერ ნახა კარტის ამ დარიგებით. მან არათუ ვერ შეძლო კოზირების ხელში ჩაგდება, ისიც კი დაკარგა, რაც ჰქონდა… მან, უხეშად რომ ვთქვათ, ოქრო გაცვალა მინის მძივებზე, რომელიც დასავლეთმა მისცა.

ყველაზე განსაცვიფრებელი  არის ის, რომ 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანი წლების დასაწყისში დასავლეთი ცუდ  მდგომარეობაში იყო, რაც აისახა იმაში, რომ 1968 წელს შეიქმნა „რომის კლუბი“, რომელზეც ღირს ცალკე საუბარი. 1973 წელს შეიქმნა სამმხრივი კომისია. რატომ სამმხრივი? – აშშ, დასავლეთი ევროპა, იაპონია. დასავლეთ ევროპასა და იაპონიას, როგორც ორ ყავარჯენს, მხარი უნდა დაეჭირათ  ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მიეცათ მისთვის შესაძლებლობა, გამომძვრალიყო  იმ ისტორიული ხაფანგიდან, რომელშიც გაება.  თვითონ აშშ-მა დიდი ძალისხმევა დახარჯა, კონკრეტულად მისმა მმართველმა კლასმა, მმართველი ფენის გარკვეულმა ნაწილმა, რომელმაც ასეთი „მცოცავი“ გადატრიალება განახორციელა, დაწყებული ჯონ კენედის მკვლელობით და დამთავრებული ნიქსონის იმპიჩმენტით.

შედეგად, ჩამოყალიბდა ის ღრმა ხელისუფლება, რომელმაც დაიწყო სულ უფრო მეტი გავლენის მოპოვება შეერთებული შტატების განვითარებაზე. რაც მთავარია, 1970-იანი წლების შუაში კაპიტალისტური კლასის სათავეში მოწინავე პოზიციები დაიკავეს კორპორატოკრატიამ და ფინანსისტებმა,  სამრეწველო კაპიტალი კი განზე იყო გაწეული. და, მაგალითად, თვითონ შეერთებული შტატები 70-იანი წლების შუა პერიოდისთვის გადაიქცა ტრანსნაციონალური კორპორაციების  კლასტერად.  ამ კლასტერმა წამოიწყო შეტევა საბჭოთა კავშირზე.  ეს, თითქოსდა,  იყო ცივი ომის მეორე თუ ახალი ეტაპი. გორბაჩოვის ელიტამ კაპიტულაცია გამოუცხადა არა ძველ აშშ-ს,საბჭოთა კავშირმა მოუგო ცივი ომი ძველ აშშ-ს,   მაგრამ აშშ გარდაიქმნა სხვა სტრუქტურად და სწორედ ამ სტრუქტურამ დაამარცხა საბჭოთა კავშირი იმ გაგებით, რომ აიძულა გორბაჩოვის ხელისუფლება, კაპიტულაცია გამოეცხადებინა. სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა სერიოზული კვლევა, რომლებიც აჩვენებს ამ პერიოდის სრულ ტრაგიკულობას, დრამატულობასა  და საბედისწერო ხასიათს.  აქ ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ  თეორიული მიდგომა, არამედ   სტერეოსკოპული მაკროისტორიული მიდგომა – ყურადღებით დაკვირვება ამ პერიოდის, 67-73-ის,  ზოგიერთ გადამწყვეტ წელზე, განსაკუთრებით 1968 წელზე.  საჭიროა  ყურადღებით განხილვა,  რა მოხდა, და  ფაქტების გაანალიზება ისე, რომ ამჯერად, ისტორიის კარტის  ხელახლა დარიგებისას,  საკუთარი კოზირები არავის მივცეთ.

პირველი მოვლენა – ეს არის ე.წ. სტუდენტური რევოლუცია. რა თქმა უნდა, ეს რევოლუცია სულაც არ არის სტუდენტური; საიდუმლო სამსახურები იყენებდნენ სტუდენტებს. და ეს საერთოდ არ არის რევოლუცია, ეს არის ბუნტი, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც წამოსწია ე. წ. სტუდენტურმა რევოლუციამ  – სამოსნები კორპორაციების სამსახურში – ათწლეულების განმავლობაში ჰქონდათ სოციალური და ინტელექტუალური გავლენა  დასავლეთში;  დასავლეთში კი პოლიტიკისა და მეცნიერების დეგრადაცია, რომელიც ახლა მიმდინარეობს, დიდწილად 1968 წლის მოვლენების შედეგია. პლუს გრძელვადიან პერსპექტივაში, განათლების იმ რეფორმამ, რომლის გატარებაც  სტუდენტებმა აიძულეს ხელისუფლებას  საფრანგეთში სტუდენტური არეულობისას, გამოიწვია  უმაღლესი განათლების დეგრადაცია ევროპაში. გარდა ამისა, განათლების ყალბი დემოკრატიზაციის საფარქვეშ დაიწყო ფსიქოლოგიური საზღვრის წაშლა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით მოხდა დასავლური განათლების დესაკრალიზაცია და მისი პრესტიჟის დაცემა.

სამოსანი სტუდენტი აღარ არის მესამე დონის ფიგურა. პირიქით, ამაყად გამოვიდა წინა პლანზე. პრინციპში, ყველა ქვეყანაში, რომლებშიც მოხდა სტუდენტური რევოლუცია, შედეგი იყო როგორც განათლების, ისე მთლიანად საზოგადოების დეგრადაცია.  დღევანდელი დასავლელი პროფესორები, ისევე როგორც პოლიტიკური ელიტა, დიდწილად 1968 წლის სოციალურ-კულტურული აბორტის მსხვერპლნი არიან.

1968 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ცალკეული სახელმწიფოების, ცალკეული ქვეყნების ისტორიის, არამედ მმართველობის ზეეროვნული, ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურების განვითარების თვალსაზრისითაც.

მეორე მოვლენა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, იყო რომის კლუბის შექმნა. კაპიტალიზმი პოლიტეკონომიკურად მჭიდროდ არის დაკავშირებული ზენაციონალურ სტრუქტურებთან. ისინი გამოხატავენ კაპიტალისტური სისტემის მმართველი კლასის ერთიან და გრძელვადიან ინტერესებს.  ამ ინტერესების რეალიზაციისას ისინი ხშირად უპირისპირდებიან  კაპიტალისტური სისტემის გაბატონებული კლასის კონკრეტულ ფრაქციებს, კონკრეტულ სახელმწიფოებს, ხოლო  კაპიტალისტური სისტემის განვითარების ყოველი ახალი ეტაპი წარმოშობდა პრინციპულად ახალ  დახურულ სტრუქტურებს.

თავდაპირველად ეს იყო მასონური სტრუქტურები.  მათ თავი  ამოწურეს მე-19 საუკუნის ბოლოს  და მათი აღმავალი განვითარება დასრულდა. შემდეგ გაჩნდა ისეთი სტრუქტურები, როგორიცაა Geheimes Deutschland-ი გერმანიაში და როდს-მილერის საზოგადოება. შემდეგ, ახალ ეტაპზე, წარმოიქმნა სერკლი და სიეკლი, ომისშემდგომი პერიოდი კი მოითხოვდა ახალ სტრუქტურებს, როგორც დახურულს, ასევე  ნახევრად დახურულს – ისეთებს, რომლებსაც ფასადი ჰქონდათ, მაგრამ სამუშაოების დიდი ნაწილი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. კერძოდ, 1968 წელს კანადის ქალაქ მონ-ტრემბლანტში გაიმართა ბილდერბერგის კლუბის მორიგი  შეხვედრა. ამ შეხვედრაზე  გადაწყდა, დაეწყოთ კამპანია კორპორაციული კარტელების შესაქმნელად, რომლებსაც უნდა ჩაენაცვლებინათ  ეროვნული სახელმწიფოები,  ანუ სახელმწიფოს გაუქმება  უკვე  60-იანი წლების მეორე ნახევარში იგეგმებოდა. ამიტომ, რაზეც ახლა შვაბი  და ჰარარის ( კლაუს შვაბი – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი; იუვალ ჰარარი –  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის  ექსპერტი – გ.გ.) მსგავსი ადამიანები საუბრობენ,  ამისკენ პირველი ნაბიჯები  60-იანი წლების შუა ხანებში გადაიდგა. იმავე 1968 წელს ლონდონში ბანკებმა – Brown Brothers Harriman-მა, რობერტ ფლემინგმა და კომპანიამ (ფლემინგებიდან ერთ-ერთი იყო  ჯეიმს ბონდის ავტორი იან ფლემინგი) ჩამოაყალიბეს  Brown Brothers Harriman-ის  საერთაშორისო ბანკების კონსორციუმი, რომელიც ასევე მუშაობდა  გლობალური ფინანსური სისტემის შექმნაზე. მაგრამ გლობალიზაციამდე ზენაციონალური, ზესახელმწიფოებრივი გლობალური სტრუქტურების   ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო „რომის კლუბის” შექმნა, რომელმაც არა მხოლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სსრკ-ის განადგურებაში, არამედ დათესა მრავალი თესლი, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინათ გაღვივდა  ჩვენ თვალწინ. ახლა ეს პროექტი უკვე მკვდარია, ანგარიში რომის კლუბის გამამხნევებელი სათაურით  «Come on!» უფრო ეპიტაფიად  შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ პროექტის რამდენიმე იდეა – ნულოვანი ზრდა, მოსახლეობის შემცირება, მწვანე დღის წესრიგი – დღეს ულტრაგლობალისტებმა აიტაცეს და განავითარეს.

1968 წლის ეს ორი მოვლენა ცალკე განხილვას იმსახურებს. პირველმა გააფორმა სოციო-კულტურული გარდაქმნა მასების ცნობიერებაში, დასავლელი ადამიანის ცნობიერებასა და შემდგომ  იმ სამ რეგიონში, რომლებზეც დასავლეთს  ჰქონდა გავლენა; ხოლო მეორე მოვლენა აღნიშნავდა მსოფლიო პროცესების მართვის მთელი სისტემის გადაყვანას გლობალისტურ რელსებზე.  შედეგად, აქტიურად დაიწყო შექმნა იმ მსოფლიომ, რომელსაც დღეს  ვხედავთ.

ანდრია ფურსოვი

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

                                                                                                         

                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here