ცნობილმა ბიზნესმენმა და საზოგადო მოღვაწე გოგი თოფაძემ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა
_ საქართველოს ეკონომიკა ვერ გაიმართა წელში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობას საწარმოების საზეიმოდ გახსნის ცერემონიების ტელესერიალებით ნაცების ხელისუფლება წლების განმავლობაში გვართობდა და გვახალისებდა. თქვენი კომენტარი.
_ ნაციონალების მიმართ ყველაფერი გასაგებია _ ლენტების საზეიმო გაჭრები ვირტუალური რეალობის შექმნისა და ხალხის გამოთაყვანების ცნობილი მეთოდი იყო. ქვეყნის ეკონომიკის დეგრადაცია, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების აზრით, დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, როცა “საბჭოთა მემკვიდრეობისგან” გათავისუფლების ლოზუნგით ცრუპატრიოტებმა, საქმოსნებმა და ავანტიურისტებმა გაანადგურეს ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც წარმატებით მუშაობდა, როგორც საფუძველი სახელმწიფოს არსებობისა.
საქართველოს სამრეწველო პოტენციალის დანგრევაში დიდი წვლილი მიუძღვით იმ მრჩევლებს, რომლებიც შემოესივნენ საქართველოს “ახალი მეგობარი ქვეყნების” რეკომენდაციით და ქვეყნის მართვის უმაღლეს დონეზე მოიკალათეს. ეს იყო სოროსი, მაკეინი, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელები და სხვები.
არაერთხელ ჰქონდათ მათთან შეხვედრები ჩემს თანაგუნდელებს (“მრეწველები” მაშინ კარგი, შეკრული გუნდი ვიყავით). ახალმოვლენილი ჭკუის დამრიგებლები გვარწმუნებდნენ, რომ ჩვენ, თურმე, ისე ჩამოვრჩით წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიურ დონეს, რომ ქვეყნის ეკონომიკას ვერ აღვადგენთ, მაშასადამე, ვერ შევქმნით კონკურენტუნარიან პროდუქტს. ერთადერთი, რის უფლებასაც გვიტოვებდნენ, იყო ტურიზმი და სატრანზიტო ფუნქცია. ასეთი შეზღუდვებით უნდა დაგვენერგა საბაზრო ეკონომიკის პრინციპები.
არადა, 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველო მრავალდარგოვანი ეკონომიკის ქვეყანა იყო. მხოლოდ კვების მრეწველობაში 100-ზე მეტი გადამმუშავებელი ქარხანა მუშაობდა, ახლა ორი თუ სამია და წლეულს კახეთში ათასობით ტონა ატამი დაულპა ხალხს. ჩარხმშენებელი ქარხანა ჯართად გაიყიდა, რეაქტიულ თვითმფრინავებს, ავტომობილებს ვაკეთებდით, ვამზადებდით ვარდის, რეჰანის, ჟასმინის უნიკალურ ეთერზეთებს, რომლებზეც საზღვარგარეთ უდიდესი მოთხოვნა იყო და არის. ეთერზეთების 15 ქარხანა-მეურნეობა მუშაობდა საქართველოში
1966 წელს ამ დარგში დასაქმებული სპეციალისტების მსოფლიო კონგრესი თბილისში გაიმართა. ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ.
მგონი, ახლა ცოტა გონს მოვეგეთ და ვიწყებთ საწარმოების აღდგენას, მაგრამ დაგვიანებით. ბევრი დრო დავკარგეთ.
კარგია, რომ სოფლის მეურნეობა ფეხზე დადგა _ საქართველოში მოუხნავ მიწას ვერ ნახავ. ამ დარგში ამდენი შეღავათიანი სესხი და ასეთი წარმატებული პროექტები არასოდეს ყოფილა. წლევანდელი რთველი არნახულად ბარაქიანი და გლეხებისთვის განსაკუთრებით შემოსავლიანი იყო.
ჩაის პლანტაციების გაშენებისკენაც თითქოს შემოვბრუნდით.
_ დრო დავკარგეთო, ბრძანეთ, დრო და შესაძლებლობა. სააკაშვილის პერიოდში წართმეული ბიზნესები, რომელთა ამუშავება ვერ შეძლეს ან არ ისურვეს, რა, დანაკარგად არ ითვლება?
_ მერე როგორ დანაკარგად! ფაქტობრივად, ჩაკლეს თავისუფალი მეწარმეობა, ბიზნესმენებს არაოფიციალური ხარკი დაადეს, რომლის უღელი ვეღარ ზიდა მეწარმეობაში ჩართულმა ფენამ.
პარლამენტში რომ ვიყავით, ჩვენმა ფრაქციამ სააკაშვილის უმრავლესობასთან დიდი ომის შემდეგ შევძელით, გაგვეტანა კანონი, რომლითაც აიკრძალა საქართველოდან ხეტყის გატანა. იმ პერიოდში გამგებლებისა და გუბერნატორების პირადი გამდიდრების წყარო სწორედ მორებისა და სარწყავი სისტემებიდან ამოღებული მილების გატანა-გაყიდვა იყო _ წარმოუდგენელი პარაზიტობა სახალხო ქონებაზე! 2003 წელს კახეთში, სოფელ ფშაველში, ავაშენეთ ხეტყის პროდუქციის წარმოების თანამედროვე საწარმო: ფიცრის, პარკეტის, ავეჯის და ა.შ. დამამზადებელი ქარხანა. აღვჭურვეთ იტალიური, გერმანული დანადგარებით. სამი მილიონი ევრო ჩავდეთ ამ საქმეში.
სამ ძირითად მიზანს ისახავდა ჩვენი ინიციატივა: პირველი _ ტყის ველური განადგურებისგან დაცვას; მეორე _ ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და მოსახლეობის დასაქმებას; მესამე _ ბიზნესიდან მიღებული შემოსავლით ქვეყნის ბიუჯეტში ჩვენი ხელშესახები წილის შეტანას.
_ ამ ბიზნესის ციფრებით ილუსტრირება მინდა გთხოვოთ.
_ წარმოგიდგენთ, მაგრამ ჯერ ჩვენი საქმიანობის პრინციპზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას. ხეტყის უკანონოდ ჭრა და, მით უფრო, საზღვარგარეთ გატანა, ისჯება, მაგრამ ამ დარგშიც, ისევე, როგორც სხვაგან, მხოლოდ სასჯელის მუქარით დანაშაულის აღკვეთა შეუძლებელია. ჩვენ გვინდოდა, კონკრეტულ მაგალითზე დაგვენახვებინა ფართო საზოგადოებისთვის, რომ ეკონომიკის მომგებიანობის პრინციპის ამოქმედება გაცილებით სარფიანია, ვიდრე ქურდულად მოჭრილი მორებით ვაჭრობა. დამუშავებული მორი დაუმუშავებელზე შვიდჯერ(!) მეტ მოგებას იძლევა. სამშენებლო მასალასა და ავეჯზე აღარაფერს ვამბობ. პატიოსანი გზით ნაშოვნი ფულია. მიიღე და გაიხარე! მონტაჟს რომ ვამთავრებდით, მოვიდა ვიღაც კაცი და გვეუბნება, კარგად გამიგეთ, აქ მუშაობა არ უნდა დაიწყოთ, ქარხანა გადაიტანეთ სხვაგან, კახეთში თქვენი ადგილი არ არისო. პასუხად მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა კახური სპეციფიკის აქცენტით, და გავაგდეთ.
დავიწყეთ მუშაობა და 9 თვის შემდეგ… ჩემი პარტნიორი ლუკა რამაზაშვილი, აფხაზეთში ნაბრძოლი კაცი, კახეთის ბატალიონის მეთაური, დაიჭირეს შეთითხნილი ბრალდებით, რვა წელიწადი მიუსაჯეს. ქარხანა გააჩერეს.
ამ ქარხანამ ამ თვეების განმავლობაში მილიონ ლარზე მეტი შეიტანა ბიუჯეტში. ნაწარმის 90 პროცენტზე მეტი ექსპორტზე გავიდა. 160-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა ოთხი სოფლიდან. საწარმო 11 წელიწადს იყო გაჩერებული. ამ ხნის განმავლობაში რომ ემუშავა, სულ ცოტა, 11-15 მილიონი ლარით გავამდიდრებდით ბიუჯეტს, უფრო მეტადაც. ამ უშუალო დანაკარგზე არანაკლებ მგრძნობიარე იყო ის ზარალი, რომელიც უმუშევრად დარჩენილი ხალხის წასვლით განიცადა ოთხმა სოფელმა. დაცარიელდა იქაურობა.
გარემოს დაცვის ოთხი მინისტრი გამოვიცვალე, როგორ არ ვუმტკიცებდი, რომ მოეცათ უფლება ამ საწარმოს ამუშავების, რა ომი არ გადავიტანე, არაფერმა გაჭრა.
ყოფილი ხელისუფლების მავნებლობა ამით არ დამთავრებულა. ქარხნის დახურვის შემდეგ უზარმაზარი ტყის ფართობი, რომელშიც ვმუშაობდით, მიყიდეს ჩინელებს. ადვილი წარმოსადგენია, როგორ გაკაფეს ის ტყე ახალმა პატრონებმა.
ესეც მათი ეროვნული ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე განვითარების პოლიტიკა. მე ერთი კონკრეტული მაგალითი დაგისახელეთ. ასეულობით მსგავსი ფაქტია ქვეყანაში. მოძალადეების მიერ დახურული, გაუქმებული საწარმოების დაკარგულ ჯამურ შემოსავალზე თუ ვილაპარაკებთ, მილიონობით ლარის ზარალი გამოვა. ის მილიონ-ნახევარი ჩვენი მოქალაქეც იძულებული არ იქნებოდა, სამუშაოს საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილიყო.
ოთხი თვეა, რაც ავამუშავეთ ჩვენი საწარმო.
ამ ერთ შემთხვევაში აღდგა სამართლიანობა. სწორედ ეკონომიკური სამართლიანობის აღდგენაზე უნდა იზრუნოს ქვეყნის მასშტაბით დღევანდელმა ხელმძღვანელობამ. თორემ, რაც და როგორც კეთდება დღეს, საკმარისი არ არის. მოვერევით ამ საქმეს, ეკონომიკასაც გავაძლიერებთ, ბიუჯეტიც გამყარდება, პენსიაც მოიმატებს და ხალხი წელში გაიმართება.
_ თქვენი პარტია დღიდან დაარსებისა ღაღადებდა, რომ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”. დღეს თვით მრეწველობაა გადასარჩენი. რისი ბრალია ეს?
_ უპირველესად, იმის, რომ მორჩილად ვიღებდით დასავლეთის რეკომენდაციებს; იმისაც, რომ ყოფილი ხელისუფლების თუნდაც ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებს, მაგალითად, გარემოს დაცვის იმ ოთხ მინისტრს, რომლებზეც გელაპარაკეთ, ანტიეკონომიკის განხორციელებისთვის პასუხი არავინ მოსთხოვა. “იყიდე-გაყიდეს” მაშინ აღიარებული მეთოდი დღესაც ბატონობს. არადა, ქართველები არასოდეს ვყოფილვართ ვაჭარი ერი. ჩვენ მეწარმენი ვიყავით ოდითგან. “ნორჩი დემოკრატების” პრიმიტიულმა პოლიტიკამ ეს სული ჩაგვიკლა; მეტიც, განათლების სისტემაში ვაჭრულ პრინციპებზე ახალგაზრდობის აღზრდას დაუდო სათავე.
იმის ბრალიცაა, რომ ბევრმა წარმატებულმა ბიზნესმენმა ვერ გაუძლო “ნაციონალური” ხელისუფლების კაბალას და დატოვა საქართველო. ისინი ამჟამად უცხოეთში წარმატებულად საქმიანობენ და მათი უკან დაბრუნების პერსპექტივა არ ჩანს. იმისაც, რომ საქართველოდან ოფშორებში დიდი ფულია გატანილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა მოხმარებოდა.
ჩვენს ხელისუფლებას დღესაც არ აქვს შემუშავებული მაკროეკონომიკული სტრატეგია, და ხშირად ეკონომიკის განვითარების მიმართულებას განსაზღვრავს არა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელიც კანონით მთავრობის მრჩევლად არის დადგენილი, არამედ ამერიკის ელჩის მითითებები.
_ კრიტიკა ჩვენს ხელისუფლებას არ აკლია, ნაკლს ყველა ხედავს, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს ნეგატიური მოვლენების გამოსასწორებლად, იშვიათად თუ ვინმე იტყვის.
_ უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დავკარგოთ ობიექტურობა. ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ეფუძნება იმ რეალობას, რომელიც არსებობს და რომელშიც აშკარად არის გამოკვეთილი პოზიტიური ტენდენციები. ყველაფერს რომ არ მოვედო, ენერგეტიკის სფერო ავიღოთ. 2012 წლის შემდეგ არაერთი ჰიდროელექტროსადგური ამოქმედდა, 70-მდე სოფელში გაიყვანეს ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია. ამ დარგს, მოგეხსენებათ, კახა კალაძე ედგა სათავეში. ვიმედოვნებ, რომ თბილისის მერის თანამდებობაზე ხალხის ნებით არჩეული ეს ახალგაზრდა კაცი დედაქალაქის პრობლემებსაც მოაგვარებს.
რა უნდა გავაკეთოთ? ყველამ თავისი ადგილი, გზა უნდა მონახოს იმ სფეროში, რომელშიც კომპეტენტურია, და ამის მიხედვით იმოქმედოს, ისე, როგორც სინდისი უკარნახებს, თორემ ყველაფრის მცოდნე ექსპერტებმა თუ ე.წ. პოლიტიკოსებმა, თავიანთი დილეტანტური კრიტიკითა და რჩევებით, დიდი ხანია, თავი მოაბეზრეს საზოგადოებრიობას.
_ ერთმა ჭკვიანმა ებრაელმა ახლახან ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ფულის ერთადერთი დანიშნულება არის მოგების მიღება. სხვა მიზანი მას არ აქვს. თუ გვინდა, რომ ამ მოგებამ ქვეყნის, ხალხის მსახურების ფუნქცია შეიძინოს, ბიზნესმენმა უნდა განახორციელოს საქველმოქმედო საქმიანობა, მეცენატობა, საქვეყნო, სახელმწიფო საქმეში ჩადოს ფული.
_ მართალი უთქვამს. ჩვენი უმწვავესი პრობლემის მაგალითის მოშველიებით შევეცდები, გიპასუხოთ: რამდენიმე წლის წინათ აფხაზ დედებს შვილები სამკურნალოდ ჩამოჰყავდათ თბილისში. მე და ჩემი კოლეგები ვეხმარებოდით. ბავშვებს კარგად უმკურნალეს, დედები კმაყოფილი დარჩნენ, შინ რომ ბრუნდებოდნენ, ცრემლს არ მალავდნენ.
აფხაზეთის თემას, ისევე, როგორც ცხინვალის პრობლემას, სწორედ ამ კუთხით, ადამიანური კავშირებით უნდა მივუდგეთ, და ასე გავანეიტრალოთ ის გაუცხოება, რომელიც ბოლო 9-15 წლის განმავლობაში ვერ დაძლია ვერც ყოფილმა, ვერც დღევანდელმა ხელისუფლებამ.
ეს ერთხელ კიდევ დაამტკიცა ჩემმა მეგობარმა, ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონმა რომან რურუამ, რომელიც ახლახან ჩავიდა აფხაზეთში, მთელი აფხაზეთი მოიარა, ელაპარაკა იქაურებს _ ყოფილ მეომრებსაც, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, სპორტსმენებსაც, რომლებიც საოცარი სიყვარულითა და პატივისცემით ხვდებოდნენ.
იქნებ, სწორედ ამ მიმართულებით გავააქტიუროთ ბიზნესმენებმა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა. ჩემი გამოცდილებაც ამას ადასტურებს. “განდგომილ” ცხინვალში თავის დროზე აღვადგინეთ საწარმო, გავხსენით სასტუმრო, რესტორანი, რაც “ყაზბეგს” ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. უნდა გენახათ, როგორი პატივისცემით მხვდებოდა დე ფაქტო პრეზიდენტი ჩიბიროვი. ოსი კოლეგები ჩამოდიოდნენ თბილისში, კონკრეტულ საკითხებს ერთობლივად ვწყვეტდით. ვეხმარებოდით.
ყოფილ ხელისუფლებას შევთავაზე, თანაც არაერთხელ, ჩაგვედო ინვესტიციები კონფლიქტური რეგიონების იმ ქარხნების აღდგენა-ამუშავებაში, რომლებიც განადგურებული იყო. კინაღამ სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადეს.
_ ახლა რა გვიშლის ხელს?
_ რომან რურუას მაგალითი გვიჩვენებს, რომ ნიადაგი მომწიფებულია, ახლა ყველაფერი ჩვენს მხარეზე იქნება დამოკიდებული. ბიზნესმენები უნდა შევიკრათ, ჩავიდეთ, მოველაპარაკოთ ოსებსა და აფხაზებს და ის მოგება, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენს მოურჩენელ ტკივილს მალამოდ დავადოთ.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
თქვენი “სიმართლე” ისევ იმ წისქვილზე ასხამს წყალს რომლის მოშლასაც ვითომ აპირებდოთ და რომლის წილით დღესაც მშვენივრად გრძნობთ თავს.