ყველას, ალბათ, გახსოვთ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსასვლელად გამზადებული „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება, რომელიც საბანკო სექტორის დარეგულირებასა და ე.წ. უფასო ფულს ეხებოდა. მისი თქმით, ბანკის პროცენტები არანორმალურად დიდი იყო, მაგრამ ყველაფერი კალაპოტში ჩადგებოდა და პროცენტი ისე შემცირდებოდა, მოსახლეობა ვერც კი იგრძნობდა, რომ იმაზე მეტს აბრუნებდა, ვიდრე აიღო, და ამიტომ გაჩნდა ტერმინი „უფასო ფული“.
ბიძინა ივანიშვილის დაპირებებიდან ყველაზე ნაკლებად სწორედ ეს დაპირება შესრულდა. მეტიც- ამ მხრივ ვითარება გაუარესდა და, შეიძლება თამამად ითქვას, რომ საბანკო სექტორი მოსახლეობის ძარცვაზე გადავიდა. ამ შემთხვევაში თავის მართლება, რომ რაღაც ვერ თუ არ დათვალეს, არ გამოდგება, რადგან, სხვა თუ არაფერი, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ბატონ ბიძინას თვლა ნამდვილად არ ეშლება და, სავარაუდოდ, ზუსტად იცოდა, რასაც ამბობდა, მაგრამ ვერ შეასრულა. ჰო, უფრო ვერ შეასრულა და ვის და რატომ ვერ თუ არ დაუპირისპირდა, ეს ცალკე თემაა, ჩვენ არავინ გვეტყვის.
საბანკო სექტორის დამცველები არ გამოხტეთ და არ თქვათ, მსოფლიოში ასეა და აბა, როგორ გინდათო. ჯერ ერთი, მთელ მსოფლიოში გაცილებით უკეთესი ვითარებაა და რაღა მსოფლიოს ვედრებით, აგერ, რეგიონშიც კი ყველა გვჯობნის და გვისწრებს. ჰო, არც სომხებს, არც აზერბაიჯანელებს, არც თურქებსა და არც რუსებს საკუთარი ბანკები ისე არ ექცევიან, როგორც საქართველოში ქართველებს, და სუნთქვის შესაძლებლობას აძლევენ.
სიმართლე გითხრათ, როცა ოფიციალური მონაცემები ვნახეთ, ცოტა არ იყოს, შეგვეშინდა იმიტომ, რომ ბანკებს მოსახლეობაზე იმაზე ორჯერ მეტი ფული აქვთ გასესხებული, ვიდრე ქვეყნის ბიუჯეტია. საეჭვოა, უცხოეთში ბანკებს (განვითარებულ ქვეყნებს ვგულისხმობთ) სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტი თანხები ჰქონდეთ მოსახლეობაში გაფანტული, თუმცა ისინი საკუთარ თავს მიხედავენ, ჩვენ კი „ჩვენი მკვდარი“ ვიტიროთ.
მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს, ანუ 52,5%-ს, საფინანსო სექტორის ვალი აქვს და, სამწუხაროდ, მათგან ყოველი მეხუთე ვალის გადახდას ვერ ახერხებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უძრავი ქონების დაკარგვის, გამოსახლების, შავ სიაში მოხვედრის, უსახსროდ დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დგანან და ეს ძალიან, ძალიან დიდი რაოდენობაა. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, მოვალეთა სრული რაოდენობა 1 944 818 ადამიანს შეადგენს, მათგან 365 409 ვალის გადახდას ვერ ახერხებს, ანუ საქართველოს მოსახლეობის 9,86% გადახდის უუნაროა და გაკოტრების, უბინაოდ დარჩენის საფრთხის წინაშეა.
ახლა ფულზე ვთქვათ – მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, 1 944 818 მსესხებელს საფინანსო სექტორის 67,16 მილიარდის ვალი აქვს და, აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტი 27,9 მილიარდი ლარია. სწორედ ამ რიცხვმა შეგვაფიქრიანა და დაგვაფრთხო. არ გვგონია ეს ყველაფერი ნორმალური და არც არის – მოსახლეობის ლამის 10% გადახდის უუნარო რომ არის, საფინანსო ორგანიზაციებს საქართველოს ბიუჯეტზე ორჯერ მეტი თანხა რომ აქვთ გაცემული და, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი მარაგში აქვთ, არ უნდა იყოს კარგი და, ალბათ, ამიტომაცაა ეროვნული ვალუტა „თავისუფალ ვარდნაში“ რომ მიდის ხოლმე, რომელსაც ბუნებრივ პროცესს უწოდებენ. სავარაუდოდ, არავინ იცის მიზეზი და გარე ფაქტორები, სამეზობლოში მიმდინარე ინფლაცია კი, ცოტა არ იყოს, ყურით მოთრეული მიზეზი გვგონია. არც ის გვჯერა, ცუდი მოლოდინების გამო რომ უფასურდება ხოლმე ეროვნული ვალუტა და როგორ დავიჯეროთ, ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ იყო „კარგი მოლოდინი“ და ვალუტის გამყარება ამ კარგ მოლოდინს არ დაბრალდა? ამიტომაც არის გაქცეულ ლარს 40-50 მილიონი დოლარის გაყიდვით რომ აჩერებს ხოლმე საქართველოს ეროვნული ბანკი. როცა სახელმწიფო ხარ, როცა თითქოს ყველაფერი აწყობილია, ვალუტის კურსის ცვლილება ვიღაცების ჯიბის ფულზე (40 და 50 მილიონი, საქართველოში არა ერთ და ორ ადამიანს აქვს) რომ არის დამოკიდებული, ძალიან სახიფათოა.
სავარაუდოდ, არის რაღაც ისეთი, რაც რიგითმა მოკვდავებმა არ ვიცით და ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობთ: ადრე ყველა პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ბანკებისთვის ლაგმის ამოდება იყო, მაგრამ, რაც დრო გადის, ამაზე აღარავინ საუბრობს, თითქოს ასეც უნდა იყოს, თითქოს ეს ყველაფერი სწორი და კარგია და მარტივად არის მიშვებული ნებაზე. აღარავინ ამბობს, რომ „ეფექტური 25%“, რომელიც კრედიტის აღების შემდეგ რაღაცების დამატებითა და კრედიტ-ოფიცრის მეცადინეობით არაეფექტურ 49%-ად იქცევა ხოლმე, დანაშაულია. არც იმას ამბობენ, რომ საბანკო ხელშეკრულება ისეთი წვრილი შრიფტით არის დაბეჭდილი, წაკითხვის სურვილი და ნერვები არავის აქვს. ჰო, ამაზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ თავის დროზე სახელმწიფომ მოითხოვა, ხელშეკრულება დიდი შრიფტით ყოფილიყო დაწერილი, განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც საპროცენტო განაკვეთსა და გადახდის პირობებზე იყო საუბარი, მაგრამ, ნურას უკაცრავად – დიდმა შრიფტმა მხოლოდ ერთ თვეს „იცოცხლა“, შემდეგ ისევ დააწვრილეს, რადგან მომხმარებელს კითხვები გაუჩნდა. ჩვენთან თუ არა, საკუთარ თავთან მაინც აღიარეთ, რამდენს არ გაქვთ წაკითხული საბანკო ხელშეკრულება და მხოლოდ მომღიმარი კრედიტ-ოფიცრის სიტყვას ენდეთ და მერე ნახეთ, რომ არც პროცენტი იყო ის, რასაც დაგპირდნენ, და არც გადასახდელი თანხა.
სამწუხაროდ, ეს არ არის ყველაფერი. თითქოს მივეჩვიეთ, რომ კონკრეტული პრობლემა არასდროს გვარდება და ასე მკვიდრდება ტერმინები – „საბანკო მაფია“, „სააფთიაქო მაფია“… ეს უკანასკნელი ტყუილად არ გვიხსენებია. გახსოვთ, რა ამბავი ატყდა, როცა წამლები გაიაფდა და აღმოჩნდა, რომ რაღაც პრეპარატებს 200 და 400-პროცენტიანი ნამატით ვყიდულობდით? თითქოს ეს ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ… ბოლო ორი თვეა, წამლების ფასები, პრაქტიკულად, ყოველდღიურად მატულობს და ბევრი მათგანი ძველ ნიშნულს კი არ დაუბრუნდა, გასცდა კიდეც. დიახ, სააფთიაქო ქსელებში სცადეს ძველ რელსებზე დაბრუნება, ნელ-ნელა „შეიყვანეს“ და ბოლოშიც გავიდნენ. მოსახლეობა უკვე აპროტესტებს, მაგრამ კონტროლის მექანიზმია თითქოს მოშლილი – არავინ არაფერს კითხულობს, არავის არაფერი აინტერესებს და, როცა ბიზნესს ასეთი თავისუფლება აქვს, რა თქმა უნდა, სარგებლობს. იგივე ითქმის პროდუქტებზეც და, პრაქტიკულად, ყველა სფეროში. და პასუხი, რომ არავინ ერევა თავისუფალ ბაზარში, უკვე აბსურდულია. სწორედ ამიტომ ჩნდება ხოლმე მოსახლეობაში ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან და, თუ არ დგახართ, ბატონებო, გამოდით, დაგმეთ, გამოასწორეთ, ბერკეტები თქვენს ხელშია. თქვენც ხომ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ და, წამალი და სესხი თუ არ გჭირდებათ, საკვები ხომ გჭირდებათ? ყოველდღიურად რომ ძვირდება, ხარისხი რომ იკლებს, გემოს რომ კარგავს პრაქტიკულად ყველაფერი, ამას მაინც ვერ ხედავთ? ვერც იმას ხედავთ, აქაოდა, ჩაქაფულის სეზონიაო, და ბატკნის ხორცი 35 ლარი რომ ღირს? ბიზნესი ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ბოლომდე წიხლს აჭერს და ყველაფერს ართმევს, აბსოლუტურად ყველაფერს. ამ პირამიდის სათავეში კი სწორედ საფინანსო ორგანიზაციები დგანან და სასაცილოა, ვითომ რეგულაციები რომ გაამკაცრეთ, ვითომ გადასახადი რომ გაუზარდეთ, რადგან ეგეც მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღეს. შეეგუეთ იმ აზრს, რომ საქართველოში ბიზნესი არასდროს არაფერს იკლებს, ყველა ნამატ გადასახადს მოსახლეობას ადებს კისერზე და ეს მაინც ხომ იცით? აგერ, აქციზის გადასახადი რომ მოემატა სიგარეტს, ხომ უნდა შემცირებულიყო თითქოს მომხმარებელი, მაგრამ არ გამართლდა პროგნოზი და ახლა სიგარეტის ერთი კოლოფი, რომელიც რეალურად 3 ლარიც არ ჯდება, 7-8 ლარი სწორედ აქციზის გადასახადის გამო ღირს.
სამწუხაროდ, ის ადამიანები, რომლებმაც პრობლემები უნდა მოგვიგვარონ, ბანკებთან მხოლოდ ხელფასის აღების დროს ურთიერთობენ, სესხი მაგათ არ აწუხებთ და ვალი, ამიტომაც ვერ თუ არ ხვდებიან, რა დღეშია მოსახლეობა; ვერ თუ არ ხვდებიან, რომ ასე გაგრძელება კატასტროფამდე მიგვიყვანს. იმის მაინც შეგეშინდეთ, რომ საფინანსო ორგანიზაციებს სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტი ფული ხალხზე აქვთ გაცემული და ორი იმდენი კიდევ საცავებში ექნებათ.
ლევან გაბაშვილი