Home რუბრიკები საზოგადოება “რუსული სკოლა-მეცნიერება” და ქართველი სამოციანელები

“რუსული სკოლა-მეცნიერება” და ქართველი სამოციანელები

1703
ილია ჭავჭავაძე

რუსულმა სკოლამეცნიერებამ გაგვიღო კარი განათლებისა და რუსულმავე ლიტერატურამ მოაწოდა საზრდო ჩვენს გონებასა და გამოკვება ჩვენი აზრი მოძრაობის გზაზედ. თვითეული ჩვენგანი, გინდა თუ არა, უნდა დასწაფებოდა ამ ორს წყაროს თავის სულიერ წყურვილის მოსაკლავად”.

ილია ჭავჭავაძე

როცა პატრიოტი მწერალი ამას ამტკიცებდა, მას, რა თქმა უნდა, კარგად ახსოვდა თავისი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი კულტურის მდიდარი ტრადიციები, მაგრამ იმ პერიოდში საქართველოში არ იყო არც უმაღლესი სასწავლებლები, არც სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტები, ხოლო რუსულსკოლამეცნიერებასადა საზოგადოებრივ აზროვნებას ერთერთი პირველი ადგილი ეკავა მსოფლიოში.

როგორც ცნობილია, XIX საუკუნეში კულტურული ცხოვრებისა და რევოლუციური აზრის ცენტრი გახდა პეტერბურგი, განსაკუთრებული ავტორიტეტი მოიპოვა ქართველთა შორის პეტერბურგის უნივერსიტეტმა, რომელიც 1819 წელს დაარსდა. ახალგახსნილ უნივერსიტეტს ჯერ ხუთი წელიც არ შესრულებოდა, რომ მისი კარი შეაღო ჭაბუკმა სოლომონ დოდაშვილმა, რომელიც აღტაცებით წერდა:

იმპერატორის უნივერსიტეტი, საკუთრად წოდებული, არს ფრიად მაღალი სასიბრძნო ადგილი, რომელთაცა აქა აღრიცხვა შეუძლებელ არს”.

1825 წელს პეტერბურგში სასწავლებლად ჩავიდა მომავალი გამოჩენილი ფილოლოგი დავით ჩუბინაშვილი, რომელიც უნივერსიტეტის ბრწყინვალედ დამთავრების შემდეგ _ 40-იანი წლებიდან იმავე უნივერსიტეტში შეუდგა პედაგოგიურ და მეცნიერულ მუშაობას.

პეტერბურგის უნივერსიტეტში 1845 წელს შეიქმნა აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, არაბული, სპარსული, ქართული, სომხური და სხვა ენების კათედრებით. ქართული ენის კათედრამ დიდად შეუწყო ხელი ქართული მეცნიერების განვითარებას.

გასაკვირი არ არის, ქართველ ჭაბუკებს სანატრელ ოცნებად რატომ გადაექცათ სახელგანთქმულ უნივერსიტეტში სწავლა. ორმოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან ქართველი ახალგაზრდობა მასობრივად დაიძრა “ჩრდილოეთის პალმირისაკენ”. თუ XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუს და ქართველ მოწინავე კულტურულ ძალთა შეხვედრების ცენტრს თბილისი წარმოადგენდა, საუკუნის მეორე ნახევრიდან ასეთ ცენტრად პეტერბურგი გადაიქცა. ქართველ სამოციანელთა მოგონებები ნათელყოფს, თუ რა ძლიერი იყო ამ დროს პეტერბურგისაკენ სასწავლებლად ლტოლვა.

“არა ერთსა და ორს ჩვენს ყმაწვილკაცს გაიტაცებს ხოლმე თავგამომეტებით თავის საყვარელ სამშობლოდან, რომ იქ, სადმე დაეწაფოს ცოდნის ანკარა წყაროს, რადგანაც ახლო იგი წყარო ნეტარებისა ჯერ არ სჩქეფს”, _ წერდა ი. ჭავჭავაძე (ტ. IV, გვ. 336).

აკაკი წერეთლის მოგონებებში ვკითხულობთ: “დამდეგ მაისს გამოვეთხოვე დედ-მამას, იმერეთს და დავადექი გზას. სრულიად გამოუცდელს ცხოვრებაში, ბევრის არა მცოდნეს და სრულიად არაფრის მნახველს უნდა ზღვა გამევლო, ხმელეთი გადამელახა და ერთი ბიჭის ამარა ჩავსულიყავ პეტერბურგში” (თხუთმეტტომეული, ტ. VII, გვ. 77).

ასევე დიდი სიყვარულით იგონებდა 1861 წლის გაზაფხულს ნიკო ნიკოლაძე, როცა გაემგზავრა “პეტერბურგისკენ, უნივერსიტეტში შესასვლელად”.

პეტერბურგის უნივერსიტეტში გატარებული “ოთხი ოქროს წელი” (1857-1861) ილია ჭავჭავაძეს მიაჩნდა “ცხოვრების საძირკვლად, ცხოვრების წყაროს სათავედ”.

“იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! _ მგზნებარედ მიმართავდა იგი თანამემამულეებს რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, _ პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული, მაგრამ ყველასათვის კი არა, მარტო იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინსა და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა”.

ისინი იქ ისმენდნენ გამოჩენილი რუსი პროფესორების ლექციებს, გატაცებით კითხულობდნენ ჟურნალ “სოვრემენნიკს”, ხარბად ეწაფებოდნენ რევოლუციურ-დემოკრატიულ იდეებს, პირადად ხვდებოდნენ ჩერნიშევსკისა და მის თანამებრძოლებს, მათთან ერთად მონაწილეობდნენ 1861 წლის ცნობილ “სტუდენტთა მღელვარებაში”.

ყოველივე ამაზე მგზნებარედ და დაწვრილებით მოგვითხრობს ნიკო ნიკოლაძე თავის შესანიშნავ მემუარებში “სტუდენტობის პირველი დრო”, “მოგონებანი სამოციან წლებზე” და “სხვათა შორის”.

“…კალმით ვერ ავწერ იმ აღტაცებას, რომელიც ჩვენ გამოვცადეთ მაშინ, როცა უნივერსიტეტში მიგვიღეს. …პეტერბურგი ის ქალაქია, სადაც მე პირველი ახალგაზრდული აღტაცება და ყმაწვილური ოცნების ეშხი გამიცვნია, სადაც პირველათ აყვავებულა ჩემი გრძნობა და იმედი, სადაც პირველი ნათელი და მძლავრი შთაბეჭდილება ღირსებია ჩემს ტვინსა და გულს”, _ ნიკო ნიკოლაძის ეს სიტყვები კარგად გამოხატავს პეტერბურგში განათლებამიღებულ ქართველ სამოციანელთა აზრსა და გრძნობას.

თავისი რუსი მასწავლებლების მსგავსად, პეტერბურგში მოსწავლე ქართველი სტუდენტები დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით განიმსჭვალნენ საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე, სტუდენტობის დროიდანვე ჩაებნენ საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კულტურის პროგრესისთვის ბრძოლაში. პეტერბურგმა, რევოლუციური იდეების ამ აკვანმა და კულტურის უდიდესმა კერამ, პუშკინისა და ჩერნიშევსკის შესანიშნავმა ქალაქმა სამუდამოდ წარუშლელი კვალი დატოვა თერგდალეულთა გულსა და სულში. ისინი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულითა და აღფრთოვანებით, ამაღლებული და მგზნებარე სიტყვებით იგონებდნენ იქ გატარებულ დროს.

ბუნებრივია, ჩვენი სამოციანელებისა და ხალხოსნების მრავალმხრივი შემოქმედების დაუშრეტელი წყარო საქართველოს რეალური სინამდვილე და მდიდარი კულტურული ტრადიციები იყო, მაგრამ არც ერთი ლიტერატურა არ ვითარდება სხვა ქვეყნების ლიტერატურისგან იზოლირებულად. ქართველ სამოციანელებსა და მოწინავე რუსულ ლიტერატურაზე შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here