18 მაისს რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ნაცნობმა პირმა საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჭრილობა მუცლის არეში დანით მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.