“რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალოს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა უწყებების კონტროლს დაქვემდებარებული ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა”, _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აშშ–ის მტრული მოქმედებების საპასუხო ზომების შესახებ.
“ბაიდენის ადმინისტრაციის მორიგი გამოხდომა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩებოდა. ვაშინგტონს, როგორც ჩანს, არ სურს, შეურიგდეს იმას, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალიებში ადგილი არ ექნება დიქტატს, ხოლო “მოსკოვის შეკავების” გაკოტრებული სცენარი, რომელზეც აშშ არაშორსმჭვრეტელურად დებს ფსონს, მხოლოდ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის დეგრადაციას გამოიწვევს”, _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ “ამ ფონზე ფარისევლურად ისმის ოკეანისგაღმიდან მოწოდება ესკალაციაზე უარის თქმის შესახებ, არსობრივად კი რუსეთს სთავაზობენ, დაეთანხმოს იმას, რომ ძალის პოზიციიდან ელაპარაკებიან. მოსკოვმა ადრე უკვე განაცხადა, რომ მასზე სანქციებისა და სხვა სახის წნეხი არა მხოლოდ უპერსპექტივოა, არამედ დამღუპველ შედეგებს გამოიღებს მათთვის, ვინც მსგავსი პროვოკაციების მოწყობას გადაწყვეტს, ამიტომ ანტირუსული სანქციების საპასუხოდ უახლოეს ხანში მიღებული იქნება კონტრზომები:
* აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები გაძევებული იქნებიან იმ რაოდენობით, რომელიც აშშ-ის ხელისუფლების მიერ რუსი დიპლომატების წინააღმდეგ განხორციელებული აქციის თანაზომიერი იქნება.
“სიტყვამ მოიტანა და ყურადღება მივაქციეთ, რა სწრაფად მისცეს ბანი ვარშავაში ბაიდენის ადმინისტრაციას, როდესაც სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. თავის მხრივ, რუსეთიდან გაძევებული იქნება 5 პოლონელი დიპლომატი”, _ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
* რუსეთს, აგრეთვე, განზრახული აქვს, ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალოს იმ ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, რომლებსაც აკონტროლებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა სტრუქტურები.
“ეს სამუშაო, რომელიც დიდი ხანი მიმდინარეობს, ბოლომდე მივა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ აშშ არ აპირებს თავისი ძირგამომთხრელი ძალისხმევის შემცირებას”, _ ნათქვამია დოკუმენტში.
* “აშკარაა, რომ შექმნილი უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე აუცილებელია, ორივე ქვეყნის ელჩები იმყოფებოდნენ თავიანთ დედაქალაქებში ვითარების გასაანალიზებლად და კონსულტაციების გასამართავად”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯები არსებული შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია.
“ახლა დროა, აშშ–მა გამოიჩინოს გონიერება და უარი თქვას კონფრონტაციულ კურსზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალიზებული იქნება ამერიკული მხარისთვის ისეთი მტკივნეული გადაწყვეტილებები, როგორიცაა აშშ–ის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირება 300 კაცამდე”, _ ხაზგასმულია დოკუმენტში.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ ჩვენი შესაძლებლობების შეზღუდულობას, “სარკისებურად” დავაზარალოთ ამერიკელები ეკონომიკურად. მაგრამ ამ მხრივ გარკვეული რესურსი არსებობს და მას, აგრეთვე, ავამოქმედებთ, თუ ვაშინგტონი განაგრძობს სანქციების სპირალზე მოძრაობას”, _ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ამასთანავე, ხაზგასმულია, რომ რუსეთს სურს, თავიდან აიცილოს დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია აშშ-თან და მზად არის მშვიდი და პროფესიონალური დიალოგის გასამართავად ამერიკულ მხარესთან ორმხრივი კავშირების ნორმალიზაციის გზების მოსაძებნად.
“მაგრამ ვაშინგტონიდან გვესმის მხოლოდ ერთი, პრაქტიკაში კი ვხედავთ სრულიად სხვას. ეჭვგარეშეა სანქციების არც ერთი “ტალღა” უპასუხოდ არ დარჩება. რა თქმა უნდა, მოვისმინეთ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება რუსეთთან “სტაბილურ და კონსტრუქციულ ურთიერთობაზე” დაინტერესების შესახებ, მათ შორის რუსულ-ამერიკული სამიტის ჩატარებაზე. როცა ეს წინადადება გაისმა, პოზიტიურად აღვიქვით და ახლა მიმდინარეობს მისი შესწავლა რეალურად შექმნილი ვითარების კონტექსტში”, _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
vz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ