Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთი დოლარის გამოყენებაზე უარს ამბობს

რუსეთი დოლარის გამოყენებაზე უარს ამბობს

როგორ აისახება ეს საქართველოზე?

6197
დოლარი

8 მაისს სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს ეკონომიკური სუვერენიტეტის გამყარებისა და დედოლარიზაციის პროცესს, რომელსაც რეგიონის ეკონომიკაში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვება და ის საქართველოს მდგომარეობაზეც აისახება.

“უნდა ავამაღლოთ ჩვენი ეკონომიკური სუვერენიტეტის დონე, _ განაცხადა პუტინმა: ნავთობი ბირჟაზე დოლარებზე იყიდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ამ ტვირთისგან გავთავისუფლდეთ. მეტიც, ჩვენი პარტნიორები “გვეხმარებიან”, როდესაც ეს უკანონო შეზღუდვები შემოაქვთ და საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპებს არღვევენ, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს, რომ დოლარის მონოპოლია საიმედო არ არის, რომ ის საშიშია ბევრისთვის და არა მარტო ჩვენთვის”.

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ “ეს არ არის, უბრალოდ, დოლარისგან მოწყვეტა _ საუბარია ჩვენი ეკონომიკური სუვერენიტეტის ამაღლებაზე. ეს აბსოლუტურად სწორია. ჩვენ გასულ ათწლეულებში ერთობ გულუბრყვილოდ ვიქცეოდით, იმის იმედით, რომ მსოფლიო ვაჭრობის, მსოფლიო ეკონომიკის სფეროში გაცხადებული პრინციპები დაცული იქნებოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპები დღენიადაგ ირღვევა. ხდება შეზღუდვა პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელსაც სანქციებს უწოდებენ”. პუტინის აზრით, დასავლურ ქვეყნებს ახალი შეზღუდვები მხოლოდ იმისთვის შემოაქვთ, “რომ საკუთარ თავს კონკურენციაში უპირატესობა მიანიჭონ”. “ოქროსა და ვალუტის რეზერვის დივერსიფიკაციას ვახდენთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს რუსეთის ეკონომიკური სუვერენიტეტის გამყარების დახვეწილი, მშვიდი რეგულირებაა”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვინაიდან დოლარი, ათწლეულებია, საერთაშორისო ვაჭრობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, მყისიერი უარი მის გამოყენებაზე ნებისმერი ქვეყნის ეკონომიკას დიდად დააზიანებს და, ფაქტობრივად, იზოლაციაში მოაქცევს, ამიტომ ის ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურ სუვერენიტეტს ამყარებენ და მრავალპოლუსიან სამყაროში გლობალური გავლენის ალტერნატიულ ცენტრებად ყალიბდებიან, დედოლარიზაციის პოლიტიკის იმპლემენტაციას თანდათან, ეტაპობრივად ახდენენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის ის ნაბიჯებია, რომლებსაც რუსეთი, ჩინეთი და ირანი დგამენ, თუმცა ამ კონტექსტში საინტერესოა, ინდოეთის, ბრაზილიისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის გამოცდილებაც. მას შემდეგ, რაც 2014-ში “ახალი ცივი ომი” დაიწყო, კრემლმა მიიღო რამდენიმე პრინციპული გადაწყვეტილება, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკური სუვერენიტეტი უნდა გაეძლიერებინა.

2014 წლის აპრილში რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა: “რუბლი სარეზერვო ვალუტად უნდა ვაქციოთ. ამისთვის აუცილებელია ვაჭრობა რუბლზე გადავიყვანოთ, მათ შორის წიაღისეულით”. მომდევნო თვეში ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩინეთთან, რომელიც ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორების მოცულობის ზრდას ითვალისწინებდა, ხოლო კომპანია “ტრანსნეფტმა” ჩინელ პარტნიორებთან ვაჭრობა რუბლებზე გადაიყვანა (იმ პერიოდში ყოველწლიურად 6 მილიონ ტონა ნავთობს აწვდიდა, ამჟამად 10 მილიონს აწვდის). მაისშივე რუსეთმა, ჩინეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის ხელშეკრულებას.

ყირიმის კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა აშშ-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე ჯერ კიდევ სანქციების ამოქმედებამდე მოახდინა. 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთის კომპანიებმა და კერძო პირებმა ამერიკული ბანკებიდან 13,5 მილიარდი დოლარი გაიტანეს, რის გამოც დეპოზიტების საერთო მოცულობა 21,9 –დან 8,4 მილიარდამდე შემცირდა.

იმავე წელს რუსეთმა ირანთან გააფორმა გრანდიოზული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ირანული ნავთობის ბარტერს (დაახლოებით 500 ათასი ბარელი დღეში), რუსული მანქანა-დანადგარებისა და ხორბლის სანაცვლოდ. ამან სანქციებისგან დაზარალებულ ირანს შესაძლებლობა მისცა, თანდათან გაეზარდა ნავთობის ექსპორტი და მომპოვებელი ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა. ამ შეთანხმებამ ვაშინგტონის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ მისი ჩაშლა ვერ მოახერხა.

დაძაბული 2014 წლის მიწურულს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან კაპიტალის გადინება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის სამჯერ შემცირდა _ 23-დან 8 მილიარდამდე. სხვა სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ამავე წელს ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტებში რუსეთსა და ჩინეთს შორის 9-ჯერ (18%-მდე) გაიზარდა. ამ პერიოდში ყაზახეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ შანჰაის სავაჭრო ორგანიზაციის ქვეყნებმა ანგარიშსწორება მხოლოდ ეროვნულ ვალუტებში მოახდინონ. 2015 წლის მარტში კი ამ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკის დედოლარიზაციის ორწლიანი გეგმა გამოაქვეყნა.

რუსეთისა და ჩინეთის მიერ მიღწეული შეთანხმებების შედეგი მალევე გამოჩნდა _ იუანით ვაჭრობის მოცულობამ მოსკოვის ბირჟაზე წლის განმავლობაში რვაჯერ გაიზარდა. 2015 წელს “გაზპრომ-ნავთობმა” ჩინეთთან ვაჭრობა 100%-ით იუანზე გადაიყვანა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ევროპის მომხმარებლებისთვის მიწოდებული ნავთობის საფასურის 100% რუბლებში მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ ჩინეთმა და რუსეთმა უარი თქვეს დოლარის და ევროს გამოყენებაზე ბუნებრივი აირის მოწოდების შესახებ კონტრაქტებში.

2015 წლის აგვისტოში აშშის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომრუსეთი და ჩინეთი ერთობლივად მუშაობენ იმაზე, რომ მსოფლიო სარეზერვო ვალუტა არ იყოს ერთადერთი და მხოლოდ აშშის მიერ არ კონტროლდებოდეს”. ამავე წლის ნოემბერში რუსეთის ხელისუფლებამ პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო _ შეიტანა ჩინური იუანი იმ ვალუტების ჩამონათვალში, რომელსაც სავალუტო რეზერვის შესავსებად იყენებს.

ამ გლობალური მასშტაბის პროცესებს თან სდევდა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ცვლილებები, რომლებსაც ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ამჩნევდნენ. მაგალითად, ცნობილ სავაჭრო სისტემა “ალი ექსპრესში” დაიწყო რუბლების პირდაპირი გადაცვლა იუანებზე, ადრე ეს დოლარის “გავლით” ხდებოდა. რუსეთში აიკრძალა ხელფასების გაცემა დოლარსა და ევროში და ა.შ.

თავის გამოსვლაში ვლადიმერ პუტინმა ყურადღება ნავთობით ვაჭრობაზე გაამახვილა. ამა წლის 26 მარტს სანავთობო ბაზარზე რევოლუციური ცვლილება მოხდა _ ჩინეთმა სანავთობო ფიუჩერსების გაყიდვა იუანებზე დაიწყო. ამ პროექტის რეალიზაციაზე პეკინი 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია (დაახლოებით 8,43 მილიონი ბარელი დღეში), ეს, ალბათ, ერთერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მსოფლიოში ბოლო პერიოდში დედოლარიზაციის მიმართულებით გადაიდგა და რუსეთი, სავარაუდოდ, ერთერთი პირველი იქნება, ვინც ამით ისარგებლებს, მით უმეტეს, რომ დაძაბულობა ირანის გარშემო ხელს უწყობს ნავთობის ფასის მატებას.

კიდევ ერთი საგულისხმო, მაგრამ ნაკლებად გახმაურებული ცვლილება აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის შექმნა იყო. მისი ყველაზე მსხვილი დამფუძნებლები ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთია, წევრი კი _ 57 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც. როდესაც მათ დიდი ბრიტანეთი შეუერთდა, აშშ-ის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა (1999-2001), 2013 წელს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა ლოურენს სამერსმა განაცხადა: “მე ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთ მაგალითს იმისა, რაც 2015 წლის მარტში მოხდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩინეთმა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი შექმნა, ხოლო აშშ-მა ვერ მოახერხა, დაერწმუნებინა დიდი ბრიტანეთი და სხვა ტრადიციული მოკავშირეები, რომ მას არ შეერთებოდნენ. აშშ-ის სტრატეგიისა და ტაქტიკის მსგავსი ჩავარდნა დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა და მან უნდა მიგვიყვანოს გლობალური ეკონომიკის მიმართ აშშ-ის ხელისუფლების მიდგომის გადახედვამდე. ჩინეთის ეკონომიკა თავისი მოცულობით, ფაქტობრივად, ამერიკულს გაუთანაბრდა. განვითარებად ბაზრებზე, სულ ცოტა, მსოფლიო წარმოების ნახევარი მოდის. ამ ფაქტორების გათვალისწინებით აშკარაა, რომ გლობალური ეკონომიკის აქამდე ჩამოყალიბებული არქიტექტურა ცვლილებებს საჭიროებს”.

რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკის დედოლარიზაციას, დეტონატორის როლი ამ პროცესისთვის იმ სანქციებმა შეასრულეს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა, პირველ რიგში, აშშ-მა დაუწესეს. ჯერ კიდევ 2014-ში, კრიზისის დასაწყისში, “ვალდაის” სადისკუსიო კლუბის სხდომაზე ვლადიმერ პუტინმა თავისი თვალსაზრისი ასე ჩამოაყალიბა: სულ უფრო მეტი სახელმწიფო ცდილობს, დოლარზე დამოკიდებულებას დაშორდეს, ალტერნატიული საფინანსო ცენტრები და სარეზერვო ვალუტები შექმნას. ვფიქრობ, ჩვენი ამერიკელი მეგობრები, უბრალოდ, ჭრიან ტოტს, რომელზეც სხედან. არ შეიძლება პოლიტიკისა და ეკონომიკის არევა, მაგრამ სწორედ ეს ხდება”.

2016 წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინს მოუწოდა ანგარიშსწორების ეროვნულ ვალუტებზე გადაყვანა. იგივე მან ჩინეთს, ირანსა და “ისლამური რვიანის” ქვეყნებსაც შესთავაზა. აპრილში კი ცნობილი შეიქნა, რომ თურქეთმა ჯერ კიდევ 2017-ში სრულად გაიტანა აშშდან ოქროს მარაგის ის ნაწილი, რომელიც იქ წლების განმავლობაში ინახებოდა. ამასთანავე, აზერბაიჯანის ხელისუფლება ბოლო წლებში პერიოდულად აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქეთთან, ირანთან, რუსეთთან, ჩინეთსა და ინდოეთთან ეროვნულ ვალუტებზე გადასვლის თაობაზე, თუმცა ოფიციალური ბაქო, სანავთობო იმპორტის ფაქტორიდან გამომდინარე, გარკვეულ სიფრთხილეს ავლენს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში გამოკვეთილი ტენდენციები გაძლიერდება, გამორიცხული არ არის, საქართველომ თავი “დოლარის კუნძულზე” მარტოდმარტო დარჩენილ რობინზონად იგრძნოს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here