Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთის წინადადებები აშშ-ისა და ნატოს ორმხრივი უსაფრთხოების თაობაზე

რუსეთის წინადადებები აშშ-ისა და ნატოს ორმხრივი უსაფრთხოების თაობაზე

99

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 დეკემბერს გამოაქვეყნა შეთანხმების პროექტები რუსეთსა და აშშ შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, აგრეთვე, შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ.

მოსკოვმა აშშ-სა და ნატოს შესთავაზა, იურიდიულად განმტკიცდეს უარი ნატოში “იმ სახელმწიფოების მიღების შესახებ, რომლებიც ადრე შედიოდნენ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში. უფრო მეტი _ ვაშინგტონს წინადადება წაუყენეს, უარი თქვას ამ ქვეყნებთან “ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის” განვითარებაზე, ლაპარაკია, უწინარესად, უკრაინასა და საქართველოზე.

რუსეთისა და აშშის შეთანხმების პროექტი 8 მუხლისგან შედგება.

1-ელ მუხლში ნათქვამია, რომ “მხარეების ურთიერთქმედება ეფუძნება განუყოფელ და თანაბარ უსაფრთხოებას, ერთმანეთის უსაფრთხოების დაზიანებაზე უარის თქმას”. ამ მიზნებით “არ მოქმედებენ და არ ახორციელებენ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ეხება მეორე მხარის უსაფრთხოებას, არ მონაწილეობენ მათში და მხარს არ უჭერენ მათ”, “არ განახორციელებენ უსაფრთხოების ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც მიღებულია თითოეული მხარის მიერ ინდივიდუალურად ან საერთაშორისო ორგანიზაციების, სამხედრო კავშირის ან კოალიციის ჩარჩოებში, რომლებიც ძირს უთხრის მეორე მხარის უსაფრთხოების ინტერესებს”.

მესამე მუხლში ნათქვამია, რომ “მხარეები არ გამოიყენებენ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებს მეორე მხარეზე თავდასხმის მოსამზადებლად ან სხვა ქმედებისათვის, რომლებიც შეეხება მეორე მხარის უსაფრთხოების ინტერესებს”.

საკვანძო მნიშვნელობა აქვს მეოთხე მუხლს: “ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, გამორიცხოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამომავლო გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარი თქვას ალიანსში იმ სახელმწიფოების მიღებაზე, რომლებიც ადრე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ”.

აქვე აღნიშნულია, რომ “ამერიკის შეერთებული შტატები აღარ შექმნიან სამხედრო ბაზებს იმ სახელმწიფოების ტერიტორიაზე, რომლებიც ადრე შედიოდნენ საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში და არ არიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები, არ გამოიყენებს მათ ინფრასტრუქტურას ნებისმიერი სამხედრო საქმიანობისთვის, აგრეთვე, არ განავითარებს მათთან ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას”.

მეხუთე მუხლი ლაპარაკობს იმაზე, რომ მხარეები თავს იკავებენ თავიანთი შეიარაღებული ძალების განლაგებისგან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, სამხერო კავშირებისა და კოალიციების ჩარჩოებში იმ რაიონებში, რომლებშიც ასეთი განლაგება მეორე მხარის მიერ აღიქმება თავისი ეროვნული უსაფრთხოებისადმი მუქარად, გარდა ასეთი განლაგებისა მხარეების ნაციონალური ტერიტორიების საზღვრებში”.

მეექვსე მუხლში ნათქვამია, რომ “მხარეები ვალდებულებას იღებენ, მიწისზედა ბაზირების საშუალო და მცირე სიშორის მოქმედების რაკეტები არ განალაგონ ეროვნული ტერიტორიების გარეთ, აგრეთვე, თავიანთი ეროვნული ტერიტორიების იმ რაიონებში, რომლებიდანაც ასეთ შეიარაღებას შეეძლება, დააზიანოს მიზნები მეორე ქვეყნის ეროვნულ ტერიტორიაზე”.

იმის შესახებ, რომ “მხარეები გამორიცხავენ ბირთვული იარაღის განლაგებას ეროვნული ტერიტორიების გარეთ და წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე ეროვნული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ უკვე განლაგებულს ეროვნულ ტერიტორიაზე დააბრუნებენ”, _ ნათქვამია მეშვიდე მუხლში.

ანალოგიური სულისკვეთებითაა განმსჭვალული ნატოსთან შეთანხმებაც, რომელიც 9 მუხლს მოიცავს.

კერძოდ, მის პირველ მუხლში ნათქვამია, რომ “შეთანხმების მონაწილეები ერთმანეთთან ურთიერთობაში ხელმძღვანელობენ თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების თანამშრომლობის პრინციპებით. “ისინი არ განამტკიცებენ თავიანთ უსაფრთხოებას ინდივიდუალურად, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამხედრო კავშირებისა და კოალიციების ჩარჩოებში სხვების უსაფრთხოების ხარჯზე.

დოკუმენტში არის თეზისი, რომლის თანახმადაცმონაწილეები ერთმანეთს არ განიხილავენ მოწინააღმდეგის რანგში”, საკვანძო მუხლებია მე-6 და მე-7, ისინიც ეხება ალიანსის გაფართოების საკითხებს: “მონაწილეები, რომლებიც არიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეთანხმების ორგანიზაციის წევრები, იღებენ ვალდებულებებს, რომლებიც გამორიცხავს ნატოს სამომავლოდ გაფართოებას, მათ შორის უკრაინის მიერთებას, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოებისაც”, _ ნათქვამია დოკუმენტში და აღნიშნულია: მონაწილეები, ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციის წევრისახელმწიფოები უარს ამბობენ ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინის ტერიტორიაზე, აგრეთვე, აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ტერიტორიებზე”.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აგრეთვე, გამოაქვეყნა რუსეთის სტრატეგიული წინადადებები აშშსა და ნატოს მიმართ ურთიერთუსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ეს მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

1. რუსეთი სთავაზობს ნატოს, ივალდებულოს, რომ გამორიცხავს სამომავლო გაფართოებას და ალიანსისთვის უკრაინის მიერთებას;

2. რუსეთი და ნატო იღებენ ვალდებულებას, არ განალაგონ საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედების რაკეტები რაიონებში, საიდანაც ისინი შეძლებენ ერთმანეთის ტერიტორიების დაზიანებას;

3. რუსეთი ნატოს სთავაზობს, განამტკიცოს შეთანხმება, რომ მშვიდობიანად გადაიჭრას ყველა საკამათო საკითხი და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან;

4. რუსეთი და აშშ არ გამოიყენებენ სხვა ქვეყნების ტერიტორიებს ერთმანეთზე თავდასხმის მოსამზადებლად ან განსახორციელებლად;

5. რუსეთმა და ნატომ უნდა ივალდებულონ, არ შექმნან პირობები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს, როგორც მუქარა;

6. რუსეთი და აშშ იღებენ ვალდებულებას, არ ჩაატარონ სამხედრო სწავლებები ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარის დამუშავებით;

7. რუსეთი და აშშ იღებენ ვალდებულებას, არ მოემზადონ არაბირთვული ქვეყნები ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად;

8. რუსეთი სთავაზობს ნატოს, დაადასტუროს, რომ ისინი ერთმანეთს არ განიხილავენ მოწინააღმდეგის რანგში;

9. რუსეთი და აშშ იღებენ ვალდებულებას, არ განალაგონ ატომური იარაღი საზღვარგარეთ და უკვე განლაგებული დააბრუნონ უკან, აგრეთვე, მოხდეს ბირთვული იარაღის განლაგებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ლიკვიდაცია თავიანთი ტერიტორიების გარეთ.

10. რუსეთი სთავაზობს ნატოს, უარი თქვას ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიაში;

11. რუსეთი და აშშ იღებენ ვალდებულებას, არ განალაგონ საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედების რაკეტები საზღვარგარეთ და რაიონებში, საიდანაც შეიძლება სხვა ქვეყნის სამიზნეების დაზიანება;

12. რუსეთი სთავაზობს ნატოს, არ განალაგოს დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფები და შეიარაღება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რომლებშიც ისინი იყვნენ 1997 წლის მაისის (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსთან მიერთებამდე) მდგომარეობით _ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, თანაც რუსეთისა და ნატოს წევრების თანხმობით.

რუსეთის ეს წინადადებები უკვე მიიღეს აშშ-ისა და ნატოს ხელმძღვანელებმა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენიფერ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ჩვენ განვიხილავთ მათ (რუსეთის) წინადადებებს ჩვენს ეროვნულ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან”. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ დადებითი შედეგების მიღწევა, როცა ისინი მოლაპარაკებებს მართავენ სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე.

მსგავსი განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მან თქვა, რომ ალიანსი მზად არის, იმუშაოს რუსეთთან ნდობის გაღრმავებაზე.

ამასთანავე, რუსეთის მიერ შემუშავებული უსაფრთხოების პროექტის კომენტირებისას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნებისმიერ დიალოგში გათვალისწინებული უნდა იყოს ალიანსის შეშფოთება და ნატოს ევროპელი პარტნიორების თვალსაზრისი.

kommersant.ruსა და strana.todayზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here