რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიოს საზოგადოებრიობის ყურადღებას იქცევს. დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის მით უფრო საინტერესოს ხდის ამ არჩევნებს. დასავლეთი, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას აწარმოებს და ამ პროპაგანდის ქვეშ საქართველოც მოექცა თავისი ფსევდოჟურნალისტიკითა და არარაობა პოლიტიკოსებით, შანსს არ უშვებს ხელიდან, რათა გააკრიტიკოს პრეზიდენტი პუტინი და მას “ავტორიტარიზმში” დასდოს ბრალი, მაგრამ რეალურად რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულობისა და ლეგიტიმურობის ხარისხს წუნი ვერ უპოვეს. პუტინის ავტორიტარიზმის შესახებ საუბარი ცარიელი ლაყბობაა და სინამდვილეს არ ასახავს. ამის დასტურად წინასაარჩევნო კამპანიის ცალკეული პარამეტრები გამოდგება.
საპრეზიდენტო კანდიდატების მრავალფეროვნება
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობენ სხვადასხვა პოლიტიკური თვალსაზრისის, ფასეულობების, იდეოლოგიის მქონე ადამიანები. რუსეთში მმართველი პარტია “ედინაია როსიას” შემდეგ ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანია პარტია კომუნისტებისა, რომლებმაც პოლიტიკის ვეტერანის, გენადი ზიუგანოვის, ნაცვლად, წარმოადგინეს უფრო ახალგაზრდა და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი კანდიდატი _ პავლე გრუდინინი. ის წარმატებული საბჭოთა მეურნეობის დირექტორია, მისი ძლიერი მხარეა ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხების საფუძვლიანი ცოდნა. “ლიბერალ-დემოკრატების” უცვლელი ლიდერი, 71 წლის ლიბერალ-დერჟავნიკი ვლადიმერ ჟირინოვსკი უკანასკნელად გამოვა ამ არჩევნებზე კანდიდატად. რადიკალი კომუნისტების ლიდერია მაქსიმ სურაიკინი, ხოლო ლიბერალურ ფრთას ქსენია სობჩაკი და გრიგორი იავლინსკი წარმოადგენენ. საპრეზიდენტო კანდიდატად ასევე რეგისტრირებული არიან ბიზნესომბუდსმენი ბორის ტიტოვი და “დერჟავნიკი” სერგეი ბაბურინი. თავის ბოლო საპრეზიდენტო მმართველობის ვადაზე პრეტენზია განაცხადა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც. საინტერესოა, რომ პუტინმა თავისი კანდიდატურა წამოაყენა არა მმართველი პარტიის, არამედ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის სახელით. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები (სულ 8 პიროვნება) თითქმის სრულად ასახავენ რუსეთის ამომრჩევლების სპექტრს. აქ არიან მემარცხენე კონსერვატორები, “ხალხოსნები” და მემარჯვენე ლიბერალები, ასევე, ცენტრისტი პრეზიდენტი. წარმოდგენილი არ არიან რადიკალები და ექსტრემისტები. ამ მხრივ, რუსეთის არჩევნები დემოკრატიულობის სტანდარტებს პასუხობს.
კანდიდატების დაცულობა კანონით
პრეზიდენტის არჩევნებს განსაზღვრავს კანონი “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ”. ამ კანონის ძალით, ისევე, როგორც კონსტიტუციითა და სხვა კანონებით, გარანტირებულია სიტყვის თავისუფლება და აზრის გამოხატვა. ნებისმიერი კანდიდატი და მისი მხარდამჭერები დაცულნი არიან აზრის გამოხატვასა და არსებული ხელისუფლების მიმართ კრიტიკაში. გავიხსენოთ, რა ხდებოდა საქართველოში ცოტა ხნის წინათ: როგორ ესროდნენ ქვებს ოპოზიციას, დაქირავებული “ზონდერბრიგადები” სცემდნენ ოპოზიციის აქტივისტებს, ლანძღავდნენ მათ ლიდერებს, ჟურნალისტები კი კომპრომატებს თითხნიდნენ მათზე. დღევანდელ საქართველოში ეს ასე აღარ არის, მაგრამ რუსეთში არც ხუთიოდე წლის წინათ იყო, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში კანონმდებლობა დაიხვეწა და მასში მეტი დემოკრატიული ელემენტი შევიდა.
მასმედიაში აზრის გამოხატვისა და კრიტიკის თავისუფლება
კანონმდებლობით, საპრეზიდენტო კანდიდატებს გამოყოფილი აქვთ სატელევიზიო საეთერო დრო ამომრჩევლებთან თავისუფალი ურთიერთობისთვის. უზარმაზარ რუსეთში ტელევიზიას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აკისრია ამ მხრივ, ვიდრე, დავუშვათ, პატარა საქართველოში, სადაც, ტელევიზიების მიერ ინფორმაციების დაბლოკვის შემთხვევაში (და ასეთი არაერთი შემთხვევაა, სამწუხაროდ), კანდიდატებს შეუძლიათ, შედარებით სწრაფად მოიარონ საქართველო და უშუალოდ შეხვდნენ ამომრჩევლებს. ასეთი რამ რუსეთში, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, გაცილებით რთულია, ამიტომ კანდიდატები აქტიურად იყენებენ საეთერო დროს ტელევიზიასა და რადიოში. ამას ემატება კონკურენცია ინტერნეტსივრცეში. კანონი საშუალებას აძლევს ტელევიზიებს, თვითონ განსაზღვრონ დებატების ფორმატი პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეთანხმებით. პრეზიდენტმა პუტინმა ნებაყოფლობით თქვა უარი სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე. სამაგიეროდ, მისი ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთა შორის რამდენიმე ცნობილი ქართველიცაა, სხვადასხვა რეგიონში მართავენ ხალხთან შეხვედრებს.
ტელედებატები ემოციების მაღალი გრადუსით გამოირჩევა. მრავალრიცხოვანი აუდიტორიის ყურადღება ყველა კანდიდატმა მეტ-ნაკლები წარმატებით მიიპყრო. ყოველ მათგანს ჰქონდა და არჩევნებამდე კიდევ აქვს თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობა. სრულიად უცნობმა პოლიტიკოსმა, პავლე გრუდინინმა, რეიტინგის მნიშვნელოვნად მომატება შეძლო და იგი რეალურად იბრძოლებს, პრეზიდენტობისთვის თუ არა, მეორე ადგილისთვის მაინც, თანაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით (10 პროცენტზე მეტი). მას ხელს უშლის მასმედიის მიერ აქცენტის გადატანა საზღვარგარეთულ საბანკო ანგარიშებსა და შვილების ბიზნესებზე ასევე საზღვარგარეთ, მაგრამ გრუდინინს ყველა საშუალება აქვს, უპასუხოს ამ კრიტიკას და პასუხობს კიდეც. ხოლო მასზე მიტანილი საინფორმაციო იერიში ირიბად ადასტურებს, რომ გრუდინინში რეალური კანდიდატი დაინახეს.
სატელევიზიო დებატები ხანდახან მძაფრ ფორმას იღებს. მაგალითად, გრუდინინმა მიატოვა ცენტრალური ტელევიზიის პირდაპირი ეთერი, რადგან არ მოეწონა სტუდიაში ატეხილი აყალ-მაყალი, ხოლო მეორე სატელევიზიო ეთერში ჟირინოვსკიმ გალანძღა ქსენია სობჩაკი, რომელმაც მას პასუხად წყალი შეასხა. ერთი მხრივ, ეს ცუდია, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი დასამახსოვრებელი, თუნდაც უარყოფითი, ეპიზოდები, ამომრჩევლის უფრო მეტ ყურადღებას აჩენს არჩევნების მიმართ. ასეთი ფაქტები ცხადყოფს, რომ რუსეთში მიმდინარეობს დაძაბული საარჩევნო პროცესი წინასწარი “ჩაწყობის” გარეშე.
“დიდი ფულის” დახარჯვის აუცილებლობის არარსებობა
განსხვავებით “ყველაზე დამოკრატიული” ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნებისგან, რომლის ფარგლებშიც ათეულობით მილიარდი დოლარი იხარჯება, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ფრიად მცირებიუჯეტიანია. წარსულს ჩაბარდა ანტიდემოკრატიული, ფულსა და ძალადობაზე დამყარებული არჩევნები, როგორიც რუსეთში 1996 წელს ჩატარდა.
დღეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანონით არის გათვალისწინებული კანდიდატის მიერ დასახარჯი ფულის ლიმიტი. თანხა არ უნდა აღემატებოდეს 400 მილიონ რუსულ რუბლს, რაც 10 მილიონ დოლარზე ნაკლებია. საერთაშორისო მასშტაბით, ეს არის ძალიან მცირე თანხა (მაგალითად, საფრანგეთში ერთ კანდიდატს 22.5 მილიონ ევრომდე შეუძლია დახარჯოს). წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა მილიარდერმა მიხეილ პროხოროვმაც წამოაყენა, მაგრამ, მიუხედავად დიდი ფინანსური შესაძლებლობებისა, მისი შედეგი არჩევნებზე მოკრძალებული აღმოჩნდა. დღევანდელი რუსული სახელმწიფოს დამსახურებაა, რომ ოლიგარქებს არ აქვთ საშუალება, ფულადი სახსრებით გადაწყვიტონ არჩევნების ბედი. ესეც, ალბათ, საკამათო არ უნდა იყოს, დემოკრატიული მიღწევაა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია
კანონმდებლობით, რუსული ცესკო მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ხელისუფლების არც ერთ შტოს არ განეკუთვნება, თუმცა მისი 15 წევრი კომპლექტდება პრეზიდენტისა და პარლამენტის ორივე პალატის მიერ. ცესკოს აქვს დიდი უფლება-მოსილებები, რათა აკონტროლოს წინასაარჩევნო პროცესი მისი დემოკრატიულობის თვალსაზრისით. ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა ელა პამფილოვა _ ცნობილი უფლებადამცველი, რომელიც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2010 წელს მან პროტესტი გამოთქვა სპეცსამსახურების უფლება-მოსილების გაზრდაზე და პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. 2014 წელს იგი ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებრივი პალატის წარდგინებით დანიშნა უფლებამოსილ პირად ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, 2016 წლიდან კი _ ცესკოს თავმჯდომარედ.
ცესკოს ინიციატივით, ბოლო პერიოდში დაიხვეწა და უფრო დემოკრატიულია ბევრი საარჩევნო პროცედურა, ასევე, არჩევნების ტექნიკური მხარე.
ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებლები
არჩევნების გამჭვირვალობასა და დემოკრატიულობას არჩევნების დღეს დაიცავს მრავალრიცხოვანი ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი. წავიდა დრო, როდესაც რუსეთის საშინაო საქმეებში ერეოდნენ უცხოელები, მაგრამ ახლა უცხოურ სადამკვირვებლო მისიებს აქვთ საშუალება, რუსეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვით, დააკვირდნენ არჩევნებს. რუსეთის სახელისუფლო შტოები თვითონ იწვევენ დამკვირვებლებს უცხოეთიდან, მაგრამ უცხო სახელმწიფოების მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აღიარებულ პიროვნებებს შეუძლიათ, მიმართონ რუსეთს არჩევნების დაკვირვებაში მონაწილეობის მისაღებად.
კანონის მიხედვით, “უცხოელი (საერთაშორისო) დამკვირვებელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნისას სარგებლობს რუსეთის ფედერაციის მფარველობით. საარჩევნო კომისიები, ფედერალური სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, უცხოელ (საერთაშორისო) დამკვირვებელს აღმოუჩინონ საჭირო დახმარება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში”.
წელს, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს წარმომადგენლებიც არიან მიწვეულნი, რომელთა შორის ამ სტრიქონების ავტორიცაა.
რუსეთში 18 მარტს გაიმართება ლეგიტიმური და დემოკრატიული არჩევნები. ვლადიმერ პუტინი თავისი რეიტინგით გაცილებით აღემატება კონკურენტებს, მაგრამ ამას არანაირი კავშირი “ავტორიტარიზმთან” არ აქვს. პუტინიც ისევე ცდილობს, დაარწმუნოს ამომრჩეველი თავისი კანდიდატურის უპირატესობაში, როგორც სხვა კანდიდატები. სხვა საკითხია, რომ ამომრჩევლები პუტინის სიტყვას უფრო ენდობიან, ვიდრე მისი კონკურენტებისას. საქართველოს ხელისუფლებას, სურვილის შემთხვევაში, ექნება საშუალება, აწარმოოს საქართველოსთვის აგრერიგად საჭირო დიალოგი რუსეთის დემოკრატიულად არჩეულ, ლეგიტიმურ ხელისუფალთან.
გულბაათ რცხილაძე