Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბართოლომეოსს კუთვნილი სახელი დაარქვა

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბართოლომეოსს კუთვნილი სახელი დაარქვა

1098
ბართოლომეოსი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსს განხეთქილების შემომტანად, “რასკოლნიკადმიიჩნევს”, _ განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 15 ოქტომბერს განაცხადა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაწყვეტის თაობაზე. ეს მოხდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის არაკანონიკურად მინიჭების მცდელობის ფონზე.

მიტროპოლიტ ილარიონის თქმით, უკრაინაში არაკანონიკური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მცდელობით ბართოლომეოსმა აღიარა განხეთქილების შემომტანები და თვითონაც შეუერთდა განხეთქილებას”.

“შესაბამისად, ახლა ჩვენთვის კონსტანტინოპოლის პატრიარქი განხეთქილების მოთავეა”, _ განმარტა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს ბართოლომეოსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ არ ძალგვიძს ვაღიაროთ ის უფლება, რომელიც მან არაკანონიერად მიითვისა _ ერთპიროვნულად მიიღოს აპელაციები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, შეიჭრას მართლმადიდებელი ეკლესიების კანონიკურ ტერიტორიაზე, იყაჩაღოს, შექმნას რაღაც სტრუქტურები ადგილობრივი ეკლესიების დაუკითხავად”, _ თქვა მიტროპოლიტმა ილარიონმა და ხაზი გაუსვა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს უფლება არ აქვს, გააუქმოს დოკუმენტები, რომლებიც 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოწმობდა გარკვეულ საეკლესიო რეალობას, რომელიც შენარჩუნებულია დღესაც” (ვინ და რა დაუშლის ბართოლომეოსს, გააუქმოს ან უარყოს, ან შეცვალოს მსოფლიო საპატრიარქოს სულ ცოტახნის წინანდელი გადაწყვეტილებები, მაგალითად, ჩვენი ეკლესიის მიმართ? _ ავტ.).

ავტოკეფალიის საკითხი

ოქტომბრის დასაწყისში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი უკრაინაში არაკანონიკური ეკლესიისთვის, აგრეთვე, აღადგინოს სტავროპიგია _ კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი მისი უშუალო დაქვემდებარება. ამას გარდა, კონსტანტინოპოლმა გააუქმა ყველა ანათემა და აკრძალვა, რომლებიც გამოიტანა მოსკოვის საპატრიარქომ თვითგამოცხადებული “კიევის საპატრიარქოს” ხელმძღვანელის _ ფილარეტის _ წინააღმდეგ.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა განაცხადა, რომ აღუდგინა უფლებები და რანგი ფილარეტს, აგრეთვე, უკრაინის არაკანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერ მაკარსა და მათ მიმდევრებს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავისი გადაწყვეტილებით პირველად ცნო ლეგიტიმურად “რასკოლნიკების” საეკლესიო სტრუქტურები უკრაინაში.

ამას გარდა, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უგულებელყო სამართლებრივი ვალდებულებები 1686 წლის ისტორიული წერილისა მოსკოვის პატრიარქისთვის კიევის მიტროპოლიტის დანიშვნის უფლების გადაცემის შესახებ. ამრიგად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, ფაქტობრივად, განაცხადა თავისი უფლებების შესახებ უკრაინაში.

უკრაინის არაკანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა, აგრეთვე, შეცვალა თავისი წინამძღოლის ტიტულირება, როდესაც სრულ ტიტულს დაუმატა კიევ-პეჩორისა და პოჩაევსკის ლავრები. არადა, ორივე მონასტერი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებებს განხეთქილების ლეგალიზაციად მიიჩნევენ. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები კატასტროფულ შედეგს გამოიღებს და მილიონობით ადამიანის ბედს შეეხება არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სრულიად მართლმადიდებელ სამყაროში.

როგორც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოში აღნიშნეს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ურთიერთობა განხეთქილების შემომტანებთან ანგრევს კანონიკურ მართლმადიდებლობას.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here