Home რუბრიკები პოლიტიკა “როცა ჩაქრება ჭადრებში ლამპიონების ნათება”

“როცა ჩაქრება ჭადრებში ლამპიონების ნათება”

ვისთვის საცივისა და შებრაწული გოჭების სეზონი დგება და ვისთვის ნაგვის ურნებში ქექვა გრძელდება

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი, რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი! წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: “მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!” რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

ეს არის პირველი აბზაცი დიდი ილიას მიერ 1887 წლის 31 დეკემბრს შექმნილი ბრწყინვალე წერილიდან “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”, რომელიც ამ საახალწლოდ კიდევ ერთხელ გადავიკითხე და თითქოს დღევანდელობაზე ლაპარაკობსო ქართველთა ფიქრთამპყრობელი _ მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა და დღესაც, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც “ეროვნულმა” ურა-პატრიოტულმა ძალებმა უბრალო მშრომელი კაცისთვის მიწიერი სამოთხე _ სსრკ დაანგრიეს, უკან მივიხედავთ და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: “ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!” (რაც ყველაზე სამწუხაროა _ დ. მ). “წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს”. ანუ, ქოც-ნაცების ხელისუფლების ხელში იმედიც აღარა გვაქვს, რომ ხვალ მაინც უკეთესი დღე გაუთენდება ქართველ კაცს. ეეეჰ, მართლაც, “რა გითხრათ? რით გაგახაროთ”…

სანამ ვლადიმერ პუტინის წლევანდელ წინასაახალწლო გრანდიოზულ პრესკონფერენციაზე (23 დეკემბერს გაიმართა) ვისაუბრებ, რომლისკენაც მიმართული იყო რუსეთის ყველა მტერ-მოყვარე ქვეყნის მედიასაშუალებების ყურადღება და რომელიც დღესაც მსოფლიო მასმედიისა და, შესაბამისად, წინამდებარე წერილის მთავარი თემაა, მანამდე ახლო წარსულში მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ, რომელიც დღევანდელ განსახილველ თემასთან კავშირშია.

2015 წლის 17 დეკემბერს, ბარბარობას, ვლადიმერ პუტინმა ზემოხსენებული პრესკონფერენციის მსგავსი ღონისძიება გამართა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან 1500-მდე ჟურნალისტი დაესწრო. პრესკონფერენციაზე, რომელიც თითქმის 4 საათს მიმდინარეობდა, რუსეთის პრეზიდენტს 45 კითხვა დაუსვეს… ასეთ ღონისძიებებზე შემთხვევით არაფერი ხდება, ყოველი წვრილმან-მსხვილმანი მესიჯების უკან დაკვირვებული კაცი რაღაც ისეთს დაინახავს და გაიგებს, რისი პირდაპირ თქმა, რომ იტყვიან, “არ მოსულა”… ჩვენდამი რუსეთის კეთილგანწყობად აღიქვა ყველამ, ვისაც კი საქართველოში თვალი და ყური აქვს, ის, რომ დამსწრეთა გასამასპინძლებელი ე.წ. ალა-ფურშეტი მაინ?დამაინც იმერულ-მეგრული ხაჭაპურებით იყო გაწყობილი; ხოლო იმას, რომ მილეთის მედიაწარმომადგენლებიდან ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტსაც ერგო პატივი იქ აკრედიტაციისა და მით უმტეს კითხვის დასმისა, წვრილმანს ნამდვილად ვერ უწოდებ. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ იმ პრესკონფერენციაზე კითხვების დასმის უფლება მსოფლიოში ბევრი ცნობილი მედიაბრენდის ჟურნალისტებს არ მიეცათ… ზემოხსენებულ “არ მოსულას” უკან ნაგულისხმების მოკლე შინაარსი ცნობილი საბჭოთა მულტფილმის გმირის, კატა ლეოპოლდის, ენით თუ ვიტყვით, იქნება: “რებიატა, დავაიტე ჟიტ დრუჟნო!”. ხოლო უფრო ვრცლად, რუსეთის პრეზიდენტმა ყოველგვარი “არ მოსულას” გარეშე ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას უვიზო რეჟიმისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ ასე უპასუხა: “უვიზო რეჟიმის აღსადგენად მზად ვართ, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის შესახებ აფხაზებსა და ოსებს თვითონ დაელაპარაკეთ, მათთან იმუშავეთ, რუსეთისთვის ამ მოლაპარაკებების ნებისმიერი შედეგი მისაღები იქნება”. საქართველოსთვის ამაზე მეტად იმედისმომცემი რა უნდა ეთქვა ვლადიმერ პუტინს?! როგორც იტყვიან, ბურთი ჩვენ მხარეს იყო, ანუ საქართველოს ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადაედგა, მაგრამ არა, პასუხად იმავე დღეს აღნავლდნენ სულგაყიდული ქართველი პოლიტიკოსები თუ ამერიკიდან დაფინანსებული ასოები (არასამთავრობოები) _ ხვალ ევროპა ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებს საქართველოს, ზეგ ევროკავშირში მიგვიღებენ და ამით შეშინებული პუტინი ამიტომ ალაპარაკდა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეო(?!). ამაზე მეტი უგუნურება გაგონილა? მკითხველს შევახსენებ, რომ ეს ყველაფერი 2015 წლის ამბებია და, ალბათ, დროა, ისტორიული ექსკურსის დასრულებისა… მას შემდეგ, კი ბატონო, როგორც იქნა, გვაღირსეს ევროპაში უვიზო მისვლა-მოსვლა, რაც ღარიბი ქართველებისთვის, ბებერი ევროპელების უკანალების საწმენდად ფართოდ გაღებულ კარს ნიშნავდა, თორემ მდიდრები ვიზალიბერალიზაციის გარეშეც უპრობლემოდ დაბრძანდებოდნენ ევროპასა თუ ამერიკაში. რაც შეეხება ევროკავშირსა და მით უმეტეს ნატოში მიღებას, ნურას უკაცრავად, კრილოვის ერთ იგავ-არაკს თუ მოვიშველიებთ, “Да толъко воз и ныне там!”

დიახ, “მით უმეტეს ნატოში მიღებას”, რადგან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვამ (ულტიმატიმმა) ე.წ. კოლექტიური დასავლეთისადმი, რომ რუსეთი უკან დახევას აღარ დაუშვებს, საკუთარი უსაფრთხოების წერილობით გარანტიებს ითხოვს და არა არაფრისმომცემ “ბლა-ბლა-ბლა” მოლაპარაკებებს, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, მსოფლიოში ვითარება მკვეთრად შეცვალა. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიღება ნატოში რუსეთის მიერ გავლებული ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში აშშ რუსეთისგან მკაცრ პასუხს მიიღებს, ამიტომ აშშ რუსეთს არნახული ეკონომიკურ-პოლიტიკური სანქციებით დაემუქრა. რაც, უკაცრავად პასუხია და, რუსეთს ფეხებზე ჰკიდია. მეტიც, ამერიკელთა ეფემერულ მუქარას რუსეთმა ახალი ჰიპერბგერითი რაკეტაცირკონისგამოცდითა (პრესკონფერენციიდან მეორე დღეს, 24 დეკემბერს) და ორი ახალი სუპერსუბმარინისწყალში ჩაშვებით უპასუხა. წყალქვეშა ნავების, რომლებიც ჰიპერბგერითი რაკეტებით არის შეიარაღებული, რომლებსაც ბირთვული ქობინების გადატანაც შეუძლიათ და მათი საცდელი გაშვებაც წარმატებით განახორციელეს გაოგნებული პენტაგონის დასანახავად _ რუსული ჰიპერბგერითი რაკეტები ბირთვული ქობინების გარეშეც ე.წ. შემაკავებელი ფაქტორია, რადგან მათი ჩამოგდება ამერიკელებს ჯერჯერობით არ ძალუძთ. პუტინის თქმით, რუსული ჰიპერბგერითი რაკეტების ანალოგის შესაქმნელად ამერიკელებს, სულ ცოტა, 4-5 წელიწადი დასჭირდებათ. ამ ხნის განმავლობაში კი რუსები გულხელდაკრეფილი არ დაჯდებიან და რამე ახალს გამოიგონებენ (გახსოვთ, ალბათ, როგორ ქირქილებდნენ დასავლეთში, სანამ კასპიის ზღვიდან სირიაში ფრთოსანი რაკეტა “კალიბრის” დარტყმა არ იგემეს ამერიკელების ამფსონებმა)…

ბრიუსელიდან დაბრუნებულმა საქართველოს პრემიერმა, რომ იტყვიან, თავი წაგვჭამა ტრაბახით, რომ საქართველო ისე ახლოს არასოდეს ყოფილა ნატოსთან, როგორც დღეს; საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ევროკავშირში ხომ “ულაპარაკოდ შევა” 2024 წელსო… ეეჰ, მართლაც “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

ამას წინათ ღამის თბილისში გავლამ მომიწია. ერთი შეხედვით, მართლაც “საამო იყო საცქერლად” გაჩახჩახებული პეკინი, პავლოვი, პლეხანოვი, რუსთაველი თავის გრანდიოზული ნაძვის ხით, ერთი სიტყვით, დედაქალაქის მთავარი ქუჩები, მაგრამ… იქნებ შარზე ვარ, იქნებ ასაკის ბრალია, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ნოსტალგია მომეძალა იმ თბილისზე _ “როცა ჩაქრება ჭადრებში ლამპიონების ნათება”… დიახ, ლამპიონების ნათება და არა პროჟექტორების თვალის მომჭრელი ჩახჩახი. რომელიც გარეთ მტერს სჭრის თვალს და შიგნით მოყვარეს უბნელებს გონებას. ვისთვის საცივისა და შებრაწული გოჭების სეზონი დგება და ვისთვის ნაგვის ურნებში ქექვა გრძელდება… “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”, მაგრამ მაინც ახალ წელს გილოცავ, “ჩემო კარგო ქვეყანავ”!

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here