Home რუბრიკები საზოგადოება როცა ქვეყანაში ავტორიტეტები არ არიან ან “ავტორიტეტობა ეხლა შემუსვრილია და თაყვანისცემა მისი...

როცა ქვეყანაში ავტორიტეტები არ არიან ან “ავტორიტეტობა ეხლა შემუსვრილია და თაყვანისცემა მისი უგუნურობად ცნობილი”

255
როცა ქვეყანაში ავტორიტეტები არ არიან ან “ავტორიტეტობა ეხლა შემუსვრილია და თაყვანისცემა მისი უგუნურობად ცნობილი”

ნებისმიერ ეპოქაში ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობდნენ ადამიანები _ ავტორიტეტები, რომელთა სიტყვაც ფასობდა, რომელთაც ხალხი ენდობოდა და პატივს სცემდა. საქართველოში ოდითგან თითოეულ ქალაქს, სოფელს, უბანსაც კი ჰყავდა გამორჩეულად პატივსაცემი ადამიანი, რომელსაც უსმენდნენ და რჩევასაც ეკითხებოდნენ. ჩვენს ერს სხვადასხვა დროს ისეთი ავტორიტეტებიც ჰყავდა, რომელთა ნააზრევისა და თვალსაზრისის გათვალისწინება არც დღეს გვაწყენდა და, არათუ არ გვაწყენდა, წაგვადგებოდა კიდეც ქვეყნის წინსვლის საქმეში. მაგრამ, სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, დღესაც კი, “თუ დიდი კაცი გამოგვერია ვინმე, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები” (კონსტანტინე გამსახურდია, “დიდოსტატის მარჯვენა”). სწორედ ამის გამო მოგვიკლეს ილია, რომელმაც შესანიშნავად იცოდა ადამიანთა ამ თვისების შესახებ და წერდა კიდეც ამის თაობაზე.

1887 წლის დასაწყისში ილია აქვეყნებს “პოლემიკურ წერილებს “ცხოვრება და კანონის” გამო”, სადაც ვკითხულობთ: ავტორიტეტები, ესე იგი, ყველასაგან ცნობილნი, სახელმოპოებულნი მეცნიერნი ყოველთვის არიან და იქნებიან, და ამათი თაყვანისცემა არ დაილევა ქვეყნიერებაზედ, ვიდრე ადამიანის ჭეშმარიტს ღვაწლს, ზედმიწევნილ ცოდნას, მეცნიერებას, სიბრძნეს და ამათით მოპოებულს სახელს კაცის თვალში პატივი, ფასი და დიდება ექნება. ხოლო ბრმად დაჯერება ყოველ იმისა, რასაც ავტორიტეტი ამბობს, რის შემოწმებასაც ყურისმგდებელის ჭკუა, გონება მისწვდება და რასაც ეს შემოწმება უარჰყოფს, _ მართლა დიდიხანია უგუნურობად არის მიჩნეული. თვით იკვლიე, თუ შეიძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩხრიკე, შეამოწმე, და, თუ ავტორიტეტის აზრი გამართლდა, დაიჯერე მხოლოდ მაშინ, და ამ სახით შენს საკუთარ რწმენად გარდაჰქმენ სხვისაგან აღმოჩენილი და ნაკვალევი. ხოლო საცა გონება და ჭკუა, რომელისამე მიზეზით, ვერ მიგიწვდეს და არჩევანში ხარ, შენს არგამორკვეულს აზრს, არცოდნას, სხვისი, სახელგანთქმულის მეცნიერის, გარკვეული აზრი და ცოდნა მოაშველეო, _ აი, ეს არის ეხლანდელი მოძღვრება ავტორიტეტების გამო, და ბრმად დანდობა კი და აყოლა სხვისა იქ, საცა შენი საკუთარი გონება საბუთიანად სხვარიგად გიჭრის, _ ეგ უწინდებური ცოდვაა, უგუნურობად მიჩნეული და სამართლიანად განდევნილი, უარყოფილი. აქაო და არისტოტელმა სთქვაო, და რაც უნდა აშკარად დასარღვევი საბუთი გქონოდათ, არისტოტელს სიტყვას ვერ შეუბრუნებდით, ცოდვად ჩაგითვლიდნენ, დიდი ხანია, ესე ბრმად აყოლა, ესე დაძაბუნება ჭკუისა და გონებისა, ჩვენდა საბედნიეროდ, ჩაილულის წყალს გაჰყვა. მაგრამ აქედამ სრულებით ის არ გამოდის, რომ ავტორიტეტობა ეხლა შემუსვრილია და თაყვანისცემა მისი უგუნურობად ცნობილი. აი სწორედ ეგრეთ უმეცრად გაგებულმა გამოლაშქრებამ ავტორიტეტებზედ დოინჯი შემოაყრევინა მტკნარს უვიცობას და აძახებინა: შექსპირი, სპენსერი, ჰეკსლი, ჰეკკელი ვინ გდიაო; ავტორიტეტები რას მიქვიან, და სხვანი და სხვანი. ასეთმა თავგასულობამ უვიცობისამ ბევრს აურია გზა და კვალი იმიტომ, რომ ამისთანად თავგასული კაცი ხომ თითონ არა არისრა, სხვასაც არავის კაცად არ აგდებს. ნუთუ ეს გონიერებაა და ჰეკსლის და ჰეკკელის დიდ მეცნიერად, დიდ ავტორიტეტად ცნობა და თაყვანისცემა კი უგუნურობაა” (“პოლემიკური წერილები “ცხოვრება და კანონის” გამო”. 1887 წ. 3 იანვარი).

ილიას ეს წერილი იმიტომ გავიხსენე, ჩემო მკითხველო, რომ დღეს ქვეყნის მმართველობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსების ავტორიტეტი ხალხის თვალში ნულს გაუტოლდა. განა იმიტომ, რომ ხალხია ტლუ, უგუნური და ბნელი, რა თქმა უნდა, არა. ხალხი ასეთად მხოლოდ იმ პოლიტიკოსებს წარმოუდგენიათ, ხელისუფლებაში მოსასვლელად უკადრებელს რომ კადრულობენ და მერე აქეთ ამუნათებენ ქვეყნის პატიოსან მოქალაქეებს, რომ ვერ დაინახეს მათიგულწრფელობა”, “ერთგულებაერისა და სამშობლოს სამსახურში

ზოგი ვაიპოლიტიკოსი მიხვდა, რომ წყალს ნაყავდა, და პოლიტიკურ მოუსავლეთში საკუთარი ნებით გაეშურა, ზოგს კი საკმაოდ გრძელი ჭია ჰყავს და არ ნებდება.

ჰოდა, ვართ ამ ორომტრიალში, ხალხს შია თუ წყურია, ამაზე ისინი არ ფიქრობენ; არავინ ამბობს, სასურსათო პროდუქტების ფასების კატასტროფულ მატებას რა მოვუხერხოთ, როგორ გადავარჩინოთ ლარი ინფლაციისგან, როგორ განვავითაროთ ეკონომიკა და დავდგეთ ფეხზე… ნაცვლად ამისა მთავარი პრობლემა თურმე ამ ქვეყანაში ისაა, ნიკა მელია რას იზამს _ პარლამენტში დაჯდება თუ სხა რამეს მოიფიქრებს; და კიდევ: ევროპარლამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის (რომელსაც ხელი მოაწერეს პოზიციამაც და ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმაც) პუნქტებს როგორ შეასრულებენ. პოზიციამ და ოპოზიციამ ერთმანეთს შორის ვერ იპოვეს ავტორიტეტები და “საქმის გასარჩევად” უცხოელებს მიმართეს, მაგრამ ფაქტია, რომ არც შარლ მიშელი და მისი ამქარი აღმოჩნდნენ მათთვის ავტორიტეტები. მაშ, სად ვეძებოთ პრობლემა? მივყვეთ ისევ ილიას:

“კაცმა რომ სთქვას, _ ავტორიტეტობა, ავტორიტეტი, დიდი ხანია, გადავარდა და თაყვანისცემა ერთისა და მეორისაც უგუნურობა არისო, _ ან რა უნდა ესმოდეს, რას ჰნიშნავს ავტორიტეტობა და ავტორიტეტი, ან ამისი თქმა არ ჰსურვებია. ეს ცხადად გამოჩნდება, თუ ამ სიტყვების ჭეშმარიტს მნიშვნელობას გონების თვალწინ წარმოვიდგენთ.

მართლა-და რა არის ავტორიტეტობა, ავტორიტეტი”.

ავტორიტეტობა იმ გავლენიან სახელოვანებასა ჰქვიან, რომელსაც ადამიანი მოიპოვებს ხოლმე დიდის სიბრძნით, დიდის გამოცდილებით, დიდის მეცნიერობით. ავტორიტეტი მეცნიერებაში იგი კაცია, რომელსაც მის მიერ შეთვისებულს მეცნიერებაში გაუთქვამს სახელი და მოუპოვებია ნდობა იმოდენად შეურყევლად და უცილობელად, რომ ერთიც და მეორეც საკმაო თავმდებია მისი აზრის შეუცდომელობისა. ამისთანა კაცები, კაცთა საბედნიეროდ, ცოტანი არ არიან ქვეყნიერებაზედ”. (“პოლემიკური წერილები “ცხოვრება და კანონის” გამო”. 1887 წ. 3 იანვარი).

არის კიდევ ერთგვარი ავტორიტეტობა, ავტორიტეტობა უფლებისა, რომლის მნიშვნელობა უფლების მნიშვნელობაზეა დამოკიდებული”. (“პოლემიკური წერილები “ცხოვრება და კანონის” გამო”. 1887 წ. 3 იანვარი).

ნეტა რომელი კაცი იტყვის ქვეყანაზედ, რომ ნურას დაუჯერებთო ამ ჭკუით, ცოდნით, სიბრძნით, მეცნიერებით გამოჩენილს და მთელის ქვეყნისაგან ამ სახით ცნობილს კაცებს, და, თუ დაუჯერებთ, უგუნურობა იქნებაო. მაშ ყველაფერი დავიჯეროთ ამათიო? _ იკითხავთ თქვენ. დიახ, სწორედ ყველაფერი, ვიდრე წინააღმდეგის უეჭველი საბუთი ხელთ არა გაქვთ (“პოლემიკური წერილები “ცხოვრება და კანონის” გამო”. 1887 წ. 3 იანვარი).

თუმცა ბრმად მინდობა და აყოლა სხვისა ძალიან ცუდია, მაგრამ არც კი ბრმად დაჟინებაა კარგი იმისი, რომ დიდსახელოვანის, სახელგანთქმულის მეცნიერის პატივი და თაყვანისცემა უგუნურობა იყოს. არა, ბატონო, სწორედ ამისთანა კაცს უნდა პატივი და თაყვანისცემა, თუნდა იმით, რომ იმისი სიტყვა, თუნდ შეუმოწმებლადაც კი, სხვისაზე წინ დააყენო, თუ გამტყუნებული არ არის უეჭველის საბუთით (“პოლემიკური წერილები “ცხოვრება და კანონის” გამო”. 1887 წ. 3 იანვარი).

დიდკაცობა შთამომავლობითი თუ მეუღლეობითი, შემთხვევის საქმეა. ამაში თითონ ადამიანს არა საკუთარი ღვაწლი არა მიუძღვისრა, ეგ განგების საქმეა, და ამიტომაც ადამიანს, როგორც კაცს, ეგ საკუთარ ღირსებად არ ჩაეთვლება. დიდი ხანია თქმული, რომ _ “თუ კაცი თვითონ არ ვარგა, / ცუდია გვარიშვილობა (“ნიკო ბაგრატიონი”. 1886 წ.).

XXI საუკუნე ხომ პროგრესისა და წინსვლის საუკუნეა კაცობრიობისთვის, მაშ, ყველა საზოგადოებრივი ძალის ერთ კვალში ჩაყენება სანატრელი რატომ არის?! რა გახდა ეს სანუკვარი ერთობა, რომ ვერაფრით მივაღწიეთ?!

“ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღელისა, ცალ-ცალკე ხვნა და მკა, ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავის-თავის ხსოვნა და სხვისი დავიწყება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი კრებულია, რომელსაც ერი ჰქვიან” (“წოდებათა თანასწორობა”. 1888 წ. 2 ნოემბერი).

“თქვენ მე მიჩვენეთ ის ადგილი, საცა მაგ თვითეულის გზები ერთად იყრება საყოველთაო საქართველოს სიკეთისათვის” (“ზოგიერთი რამ”. 1866-1876 წ.).

ის საერთო ნიშანი მიჩვენეთ, საითკენაც თვითეულის ჩვენგანის ჭკვა, გონება, ფიქრი, გრძნობა, სურვილი ერთად, ხალისიანად და შეუპოვრად მიიწევდეს საყოველთაო საქართველოს კეთილდღეობისათვის”.

“საერთო ლხინი მიჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის: ჩემი ლხინი შენი ლხინი არ არის, შენი ჭირი ჩემი ჭირი არ არის”(“ზოგიერთი რამ”. 1866-1876 წ.).

ილიას ამ სიტყვების ჭეშმარიტება და უტყუარობა დრომ დაადასტურა, მაგრამ ჩვენში “ილიას გზით მავალნი” დღემდე ჯიუტად ყურს არ ათხოვებენ ერის მამის რჩევა-დარიგებებს.

ეს არის მწარე სიმართლე!

“ისტორიაო, _ ამბობს ერთი მწერალი, _ ბრძოლაა ბუნებასთან, სიღარიბესთან, გონების სიბნელესთან, ღონემიხდილობასთან, მაშასადამე ყოველგვარ შევიწროებასთან, რომელსაც ადამიანი პირისპირ შეემთხვევა ხოლმე, როცა ისტორიის ასპარეზზედ გამოდისო. ერთს ბიჯსაც წინ ვერ წავდგამთ ამ ბრძოლაში, თუ ყველამ ცალკე გავიწიეთო, ყველამ ცალკე ვიბრძოლეთო”. თუ ესეა, ნუთუ ყველა საზოგადოებრივ ძალთა ერთს კვალში ჩაყენება სანატრელი არ უნდა იყოს ყველასათვის? ნუთუ ყოველი ჩვენგანი არ უნდა ცდილობდეს სრულიად აღმოიფხვრას, ჩვენთა წოდებათა შორის განხეთქილების მიზეზნი, რომ ჩვენი ცხოვრება წარმოადგენდეს ერთის დიდებულს დენას შეერთებულის ძალისას?” (“ცხოვრება და კანონი”. 1877-1881 წ.)

“კაცთა საზოგადოება თავისის სიმკვიდრისა, შეურყევლობისა და არსებობისათვის ყოველ ცალკე ადამიანისაგან ითხოვს იმოდენა სათნოებას, რომ ნაკლები შეუძლებელითღაა კაცთა კრებულად ცხოვრებისათვის. იგი გვეუბნება, თუ ერთმანეთობა გინდა, თუ კრებულად ყოფნა გსურს, ამა-და-ამაზედ ნაკლები სიმართლე არ იქონიო. ამა-და-ამაზედ ნაკლებ გულმოდგინედ და ერთგულად არ მოეკიდო შენს მოვალეობას, ამაზედ ნაკლები თანაგრძნობა, თანაზიარობა ერთმანეთობაში არ დაიზარო, ამა-და-ამაზედ ნაკლები საყოველთაო ტვირთი არა ჰზიდო და სხვა. ამ სახით კაცთა საზოგადოება, მოქალაქური ურთიერთობა და ყოფა-ცხოვრება ჰკმარობს მარტო minimum-ს სათნოებისას” (“დიმიტრი ყიფიანი”, 1887 წ. 30 ოქტომბერი).

ამ minimumზედ, ამ ხაზზედ დგომა ყველასათვის სავალდებულოა. ხოლო შესაძლოა ადამიანი ამ ხაზს ძირსაც დასცილდეს და ზე ასცილდეს კიდეც. დამცილებელი სცოდავს საზოგადოებას და ისჯება საზოგადოებისაგანვე, რადგანაც ამ შემთხვევაში დაცილება დანაშაულობაა. ამიტომაც არდაცილებას ითხოვს კაცისაგან საზოგადოება, ვითარცა მოვალეობას, და ზეაცილებას კი თვითოეულის ნებაზედ სტოვებს. იმიტომ, რომ ყოველს კაცს სრული ნება აქვს, და შეუბღალველი ნებაც, ეს minimum სათნოებისა იქონიოს და არა მეტი. ამ ხაზზედ ზეაცილება, ესე იგი ამ ნაკლების სათნოების წარმატება, განდიდება, გაძლიერება, მოვალეობა აღარ არის კაცისა: იგი ღვაწლია, გადამეტებული სამსახურია, მსხვერპლია, გმირობაა (“დიმიტრი ყიფიანი”. 1887 წ. 30 ოქტომბერი).

ქართველი ხალხი გმირობას არ ითხოვს არც ხელისუფლებისგან და არც ოპოზიციისგან, იგი მხოლოდ იმ მცირეოდენ სათნოებას მოელის, რომლის წყალობითაც შესაძლებელი იქნება ამ ქვეყანაში წყნარად, მშვიდად ცხოვრება _ როცა ყველა გულმოდგინედ შეასრულებს თავის მოვალეობას, გამოხატავს ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობასა და თანადგომას. ამისთვის, თურმე “კაცთა საზოგადოება, მოქალაქური ურთიერთობა და ყოფა-ცხოვრება ჰკმარობს მარტო  minimum-ს სათნოებისას”. დღეს კი “ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე, ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს” (ქვათა ღაღადი”, 1899წ.).

ცოცხალ კაცს თავის სულში, თავის გულში და სისხლში აქვს სიცოცხლე საზოგადოებისა: ის ავად გახდება საზოგადოების ავადმყოფობით, იტანჯება იმისი ტანჯვით, ნეტარებს მისი ბედნიერებით (“სფირიდონის და თადეოზის ბაასი”. 1861 წ.). გამოდის, რომ ცოცხლებშიც აღარ ვწერივართ?!

ვაი, სირცხვილო!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here