Home რუბრიკები პოლიტიკა როცა სხვა გკარნახობს საგარეო თუ საშინაო კურსს, დამოუკიდებელი ქვეყანა კი არა, კოლონია...

როცა სხვა გკარნახობს საგარეო თუ საშინაო კურსს, დამოუკიდებელი ქვეყანა კი არა, კოლონია ხარ

754
როცა სხვა გკარნახობს საგარეო თუ საშინაო კურსს, დამოუკიდებელი ქვეყანა კი არა, კოლონია ხარ

იმ პროპაგანდის მიუხედავად, რომელსაც ევროპა და ამერიკა ეწევიან საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ, ექსპორტის მიმართულებით მაინც რუსეთი ლიდერობს, ხოლო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის მეორე ადგილზეა თითქმის მილიარდდოლარიანი ბრუნვით

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტი: 30-წლიანი მოლოდინი, რომ საქართველო რამეს შექმნიდა, საკუთარი პროდუქციით ვირჩენდით თავს და მსოფლიოს გავაოცებდით, მოლოდინად რჩება. ოპოზიციაში მყოფი პარტიები გაიძახიან, რომ აქვთ განვითარების გეგმა, რომ ქვეყნის გადარჩენის სტრატეგია ზუსტად იციან, მაგრამ, როცა ხელისუფლების სათავეში ხვდებიან, გამოდის, რომ არც სტრატეგია აქვთ, არც გეგმა და, საზოგადოდ, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობენ. არის მეორე ვარიანტიც _ დავუშვათ, ასეთი გეგმა მართლაც არსებობს, რისთვის სჭირდება ძლიერი საქართველო, მაგალითად, ევროპას ან ამერიკას?

რისთვის სჭირდებათ ქვეყანა, რომლის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება და ექნება დრო, დაფიქრდეს, გააანალიზოს, საით მიდის და ქვეყნის კურსზე საკუთარი აზრი გამოხატოს? დამშეული ადამიანების მართვა ხომ უფრო მარტივია, რომელთაც ძვალს გადაუგდებ და იმის შიშით, ეს ძვალიც არ დაკარგონ, სხვა ვერაფერზე ფიქრობენ და სხვა არაფერი ადარდებთ?..

საქართველოს “უპირველესი მტერი”, რუსეთი, ვერაფრით ვერ მოგვაშორეს ევროპამ და ამერიკამ _ რამდენჯერაც ეცადნენ, რომ ჩრდილოელი მეზობელი ჩვენთვის თამაშგარე მდგომარეობაში დაეტოვებინათ, იმდენჯერ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. აგერ, იანვარ-აგვისტოს მონაცემებს შემოგთავაზებთ და შემდეგ ვიმსჯელოთ.

2019 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66,5 პროცენტი შეადგინა. საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 137.9 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (903.9 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (682.5 მლნ აშშ დოლარი). ამასთანავე, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72,7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია: რუსეთი (338.7 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (315.0 მლნ აშშ დოლარი) და სომხეთი (217.4 მლნ აშშ დოლარი). ეს არის ოფიციალური მონაცემი და შეხსენება, ალბათ, არ გჭირდებათ, რომ ციფრები არასოდეს ტყუიან.

რა გამოდის? იმ პროპაგანდის მიუხედავად, რომელსაც ევროპა და ამერიკა ეწევიან საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ, ექსპორტის მიმართულებით მაინც რუსეთი ლიდერობს, ხოლო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის მეორე ადგილზეა თითქმის მილიარდდოლარიანი ბრუნვით. ამ კომპონენტში თურქეთი რუსეთს მარტივი მიზეზის გამო უსწრებს _ კარტოფილი და ხახვი ორი ძირითადი პროდუქტია, რომლებიც თურქეთიდან შემოგვაქვს და ვაღიაროთ, რომ არაფრად ვარგა. ის, რომ თურქული კარტოფილი არ ვარგა, იქიდანაც ჩანს, რომ თვითონ თურქებს საქართველოდან გააქვთ კარტოფილი, ანუ ყიდიან ცუდს და მიაქვთ კარგი. რატომ არ შემოგვაქვს იგივე პროდუქტები რუსეთიდან? იმიტომ, რომ მოვახერხეთ და საჰაერო მიმოსვლა გავაუქმეთ, ხმელეთით ტრანსპორტირება კი ძვირი ჯდება. საქართველოს ღარიბი მოსახლეობა იაფ პროდუქტს ეძალება და ჯანმრთელობაზე ვერ ფიქრობს, სანამ ამ პროდუქტით მიღებული შედეგი კარზე არ მიუკაკუნებს.

რუსეთსაქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც, სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. მან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო. ეს იყო საფუძველი, რუსეთს ჩაეთვალა: ოკ, ახლა ისინი ჩვენ წინააღმდეგ ლაპარაკობენ, მაგრამ სამი თვის შემდეგ ეს შეწყდება. და ნამდვილად შეწყდა. საქართველოსთან ომიდან სამი თვის შემდეგ რუსეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებას აწარმოებდა უვიზო რეჟიმზე. ჩვენ ევროპაში მივხვდით ჩვენს შეცდომას და ეს ჩვენთვის გაკვეთილი იყო. ამჟამად ვეღარ ვიტყვით: “ოკ, 2014 წელს რაღაც ცუდი მოხდა, მაგრამ მოდი წინ წავიდეთ”. თუ ჩვენ გადავყლაპეთ საქართველო, თუ გადავყლაპავთ ყირიმს, იქნება მორიგი წითელი ხაზი, რომელსაც რუსეთი გადაკვეთს”, _ ეს განცხადება ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს ეკუთვნის.

კარგად თუ გავაანალიზებთ ქალბატონ კალიულაიდის განცხადებას, მივხვდებით, რომ ის ევროპას რუსეთთან აგრესიისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ ჩვენ გვიბიძგებს _ აქაოდა, თქვენ დაუპირისპირდით რუსეთს და ევროპა მხარს დაგიჭერთ, ადრინდელივით არ მიგაგდებთო. ოღონდ, ესტონეთის პრეზიდენტი რაიმე გარანტიას კი არ იძლევა, არამედ ევროპულად გვპირდება, რაც შემდეგ, წესისამებრ, აღშფოთებაში ან შეშფოთებაში გადაიზრდება და ამით დასრულდება. მერე ახალი “კალიულაიდი” გამოჩნდება, რომელიც იმავეს გვეტყვის და იმავე წრეზე გაგვიშვებს.

ფაქტია, რომ, დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რაც დღეს საქართველოში ხდება, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, ექსპორტიმპორტი არ წყდება და საკმარისია, ეს ურთიერთობა ცივილიზებულად გაღრმავდეს, რომ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ვიდრე დღეს ვართ. დავიწყოთ იმით, რომ რუსული პროდუქცია ხარისხითა და ფასით აღემატება თურქულსაც, სომხურსაც და აზერბაიჯანულსაც. ამ სამ ქვეყანაზე (ერთად აღებული) დიდი ბაზარია რუსეთი და მის დაკარგვას არც ამერიკა და არც ევროპა არაფრის ფასად არ აპირებენ. უფრო ზუსტად, მათ ეს ბაზარიც უნდათ და რუსეთის დასუსტებაც, რათა თვითონ გააკონტროლონ და დაახლოებით ისეთ კოლონიად ჰყავდეთ, როგორც ჩვენ. ახლა თუ ვინმე იტყვის, რომ საქართველო ევროპა-ამერიკის კოლონია არ არისო, მწარედ შეცდება. ვინმეს სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ან ოპოზიცია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ამერიკელ თუ ევროპელ მაღალჩინოსნებთან კონსულტაციის გარეშე იღებს? _ რა თქმა უნდა, არა. როცა სხვას უთანხმებ საგარეო თუ საშინაო კურსს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებასა და სამოქმედო გეგმას, კოლონია ხარ და… როგორც ბოლო ხანს ამბობენ, წერტილი!

ყოველი მოწოდებისა და რუსეთის ყოველი ლანძღვის შემდეგ,მოდის კვარტლის ბოლო, როცა ხელისუფლება იძულებულია, გამოაქვეყნოს სტატისტიკური მონაცემები და, ამ მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ რუსეთზე სრულად ვართ დამოკიდებულჩამოკიდებულნი. რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკური მონაცემები დასავლელ პარტნიორებსაც აქვთ, კარგად ხვდებიან, რომ საქართველოს ეკონომიკის დიდი წილი სწორედ რუსეთზეა დამოკიდებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ამ ქვეყანასთან ურთიერთობა არ გვქონდეს, ანუ, ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას უფრო რომ გაუჭირდეს, უფრო რომ გაღარიბდეს და, ძვალს კი არა, ევროპის მიერ გამოწვდილ ცარიელ ხელსაც მადლიერებით შეხედოს. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და, სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. არ შეგვიძლია იმიტომ, რომ სხვა რამეზე ვართ გადართულნი და ის სხვა რამ გადარჩენისთვის ბრძოლაა. სამწუხაროდ, ზევით კარგად იციან, რომ, თუ ადამიანს საჭმლის პრობლემა აქვს, პურის ფულის პრობლემა აქვს, სხვაზე ვერაფერზე ფიქრობს და ვერაფერს აკეთებს, მისი მთავარი საზრუნავი ოჯახის გამოკვებაა და ამიტომ პოლიტიკური ნიჰილიზმით შეპყრობილი მოსახლეობა მხოლოდ საკვებზე ფიქრობს და საგარეო თუ საშიანო კურსი, უბრალოდ, არ ადარდებს ან ადარდებს და დრო არ აქვს, გააპროტესტოს, ქუჩაში გამოვიდეს, რადგან ყოველდღიური ცხოვრების რიტმიდან ამოვარდნა იმ დღეს ულუკმაპუროდ დარჩენას ნიშნავს. შინ მისული კი პატარა ბავშვებს ვერ აუხსნის, რატომ არ მიიტანა იმ დღის სარჩო.

დიახ, ასეთ მწარე რეალობაში ვცხოვრობთ და გამოსავალი რეფერენდუმია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ NDI-ის კვლევები სიმართლესთან ახლოსაა, ნებისმიერი კვვლევა აიღეთ, შეადარეთ შემდეგ დამდგარ რეალობას და მიხვდებით, რომ ცდომილება ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ არის გამოსავალი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა მივა და თავის პოზიციას გამოხატავს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო კურსზე. ხომ ამბობს ხელისუფლება, ხალხის მსახურები და მათ მიერ დაქირავებულები ვართო? ჰოდა, კეთილი ინებეთ, ჩაატარეთ რეფერენდუმი და შემდეგ პატივი ეცით იმ ხალხის ნებას, რომლის გადასახადებიდანაც იღებთ ხშირ შემთხვევაში უზარმაზარ ხელფასს.

სანამ ეს არ მოხდება, გვექნება ფურცელზე დაწერილი ილუზია, თავსმოხვეული სურვილები, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში იწერება და ჩვენ სწორედ დასავლელი პარტნიორების დასანახავად “გიჟობანას” ვითამაშებთ. მერე ისევ მოვა კვარტლის თუ წლის ბოლო და ისევ გამოქვეყნდება ციფრები, რომ ევროპული ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი არც არაფერი შემოდის და არც გადის; რომ ისევ რუსეთზე ვართ დამოკიდებულნი და ეკონომიკაც სწორედ იქიდან იკვებება. მერე ისევ დავივიწყებთ ამ ციფრებს, ისევ შევუტევთ ჩრდილოელ მეზობელს, ისევ გამოჩნდება ახალი “კალიულაიდი”, რომელიც ევროპის სახელით ისევ შეგვაგულიანებს და მშვიდად წავა თავის დაწყობილ ქვეყანაში, ჩვენ კი ისევ გამოწვდილი ხელის იმედად ვიქნებით და მერე რა, რომ ეს ხელი ხშირად ცარიელია…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here