Home ახალი ამბები საქართველო როცა საქმე მუშტი-კრივამდე მიდის, გინებისა და ხელის ქნევის უფლება თურმე მხოლოდ  ოპოზიციის...

როცა საქმე მუშტი-კრივამდე მიდის, გინებისა და ხელის ქნევის უფლება თურმე მხოლოდ  ოპოზიციის მხარდამჭერებს აქვთ და ამის გამო არავინ უნდა დაისაჯოს.

მზია ამაღლობელი რომ არ დაეჭირათ, სამართალდამცველები ხელისუფლებას განუდგებოდნენ და ეს არაერთმა ძალოვანმა პირად საუბარში დაგვიდასტურა. ისინი ამბობენ, რომ ისედაც ბევრი შეურაცხყოფის ატანა უწევთ და, სახეში ხელის გარტყმა უპასუხოდ რომ დარჩენილიყო, შინ წავიდოდნენ. სწორედ ამიტომ ცდილობს ოპოზიცია, საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ ქუჩაში, კამერების წინ პოლიციელის ცემა ჩვეულებრივ ამბად იქცეს

მედიასაშუალებების - „ბათუმელებისა “ და„ ნეტგაზეთის“, დირექტორი მზია ამაღლობელი სახეში ხელს ურტყამს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს

სულ ბოლოს მომხდარი ამბავი: „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ხმაური ატეხა,  რომ ოფისის წინ მოუვარდნენ და ის და პარტიის კიდევ ერთი წევრი წიხლქვეშ გაიგდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ დაბრალდა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ იქვე მდებარე  რესტორნიდან გამოსულმა ბიჭებმა შეიგინეს, ბუაძემ, – მე ხომ არ მაგინებთო და სიტყვებს  წიწაკის სპრეიც მიაყოლა,  სწორედ ამის შემდეგ  გაილახა…

ბოლო ხანს ცემა-ტყეპის გამო ატეხილმა აჟიოტაჟმა საინტერესო სახე მიიღო, იმიტომ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლო ხმაზე გაჰკივიან: გვცემენ, გვჩაგრავენო; და მერე, როცა კადრები გასაჯაროვდება ხოლმე, ირკვევა, რომ ისინი კონკრეტულ ადამიანთან მიდიან, მონას ეძახიან, დედას აგინებენ და სულ არ ანაღვლებთ, ამ მომენტში მას შვილი ჰყავს გვერდით, ცოლი თუ მშობელი. მთავარია,  შურაცხყოფის ვიდეო გადაიღონ, სოციალურ ქსელში ატვირთონ და ბოსების მოწონება დაიმსახურონ. ჰოდა, გამწარებული ადამიანი ხურდას რომ დაუბრუნებს, ჯერ იმას ამბობენ, თმენის ვალდებულება აქვს და ხელს რატომ მირტყამსო; მერე ერთმა კაცმა რომ სცემოს ორი და სამი, ამტკიცებენ: თავს ბანდა დაგვესხა, სულ ცოტა, ათი კაცი მაინც იქნებოდაო. აგერ, გიორგი გახარიას მხარდამჭერებიც ამტკიცებდნენ: ათი კაცი ერთდროულად სცემდა,  ჩხუბი სწორედ „ოცნების“ წარმომადგენლებმა დაიწყესო. არადა,  კადრებში, რომლებიც  გავრცელდა,  ჩანს, რომ ჩხუბი ექსპრემიერმა დაიწყო.

იმ თაობას, რომლის იმედადაც ახლა არიან ოპოზიციის ლიდერები, სავარაუდოდ, არ ახსოვს, რას ნიშნავს ცემა ნაციონალების შესრულებით, მაგრამ  შეუძლიათ, ინტერნეტში მოიძიონ, როგორ გაიმეტეს ვალერი გელაშვილი, კობა დავითაშვილი და სხვები. რაც ყველაზე საინტერესოა, როცა მუშტი-კრივამდე მიდის საქმე, თურმე მხოლოდ  ოპოზიციის მხარდამჭერებს აქვთ გინებისა და ხელის ქნევის უფლება და ამის გამო არავინ უნდა დაისაჯოს. აგერ ჩვენმა კოლეგამ პოლიციელს პირდაპირ ეთერში ხელი გაარტყა და დღემდე აპროტესტებენ, რატომ დააკავეთო. რაც მთავარია, ამას აპროტესტებს ამერიკელი ჯო უილსონი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის,  ანალოგიური  რამ აშშ-ში  რომ მომხდარიყო, ჟურნალისტი და რედაქტორი კი არა, პრეზიდენტიც რომ ყოფილიყო, დააკავებდნენ. უილსონმა იცის, რომ ამერიკაში პოლიციელზე  შეხება შეიძლება სამართალდამცველის მხრიდან სროლით დასრულდეს და ამის გამო არავინ არაფერს ეტყვის. უილსონმა იცის, რომ უბრალო შეხების გამო ამერიკაში  ყოველწლიურად არა ერთ და ორ ადამიანს კლავს პოლიცია და რაღაც არ გვსმენია,  უილსონს ან სხვა ვინმეს  ეს გაეპროტესტებინოს.

მზია ამაღლობელი

ცალკე სათქმელია, მოსამართლეების კორპორაციულ წვეულებაზე  რომ მივარდნენ, აქაოდა, როგორ  ბედავთ და საკვებს იღებთო. ამ მივარდნის კულმინაცია ხატია დეკანოიძის განცხადება იყო, როცა  იკივლა: „ხედავთ, ხალხო, გირგვლიანის საქმის მოსამართლეს იცავენ“–ო, აი მაშინ მის გვერდით მყოფი აქციის მონაწილეები გადაირივნენ: როგორ, კაცო, გირგვლიანის საქმის მოსამართლეს როგორ იცავენო?!  და… არავის უთქვამს ხატიასთვის, შენ და შენი ხელისუფლება არ იყავით, გირგვლიანი რომ მოკალითო?! სტრასბურგის სასამართლომაც ხომ დაადასტურა, რომ სანდრო  გირგვლიანი სისტემამ მოკლა, იმ სისტემამ, რომლის მსახურიც სწორედ ხატია დეკანოიძე და ქუჩაში ამჟამად მყოფი არაერთი პოლიტიკოსი იყო. ე.წ. ოპოზიციონერებს  საქმე ისე მიჰყავთ, მალე გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვების მკვლელობას „ოცნებას“ შეტენიან და დასავლეთი კვერს დაუკრავს, კი, ეგენი იყვნენ, კარგად გვახსოვსო. ნელ-ნელა დაიწყეს გადაბრალება და უკვე ისეთ რამეებს ამბობენ, გაოცებასაც ვერ ასწრებ. რატომღაც  ჰგონიათ, რომ ადამიანებს  მოკლე მეხსიერება აქვთ, მაგრამ… კი არ ჰგონიათ, ბევრს მართლა აქვს და, ხატიას თუ გირგვლიანი აპატიეს, ვანო მერაბიშვილს ორი გვამის მოთხოვნაზე დაუხუჭავენ თვალს (დასავლეთმა დაუხუჭა უკვე), მეგის ქარდავას – კასრების ჩანაწერებს, ბაჩო და დათა ახალაიებს – ციხეში დახოცილ ხალხს და… ამ ლოგიკით, არც ვერა ქობალიასთან უნდა გვქონდეს პრეტენზია, რადგან მისი ერთადერთი „დანაშაული“იყო ის, რომ ლამაზი გახლდათ და მერე რა, 24 წლის სილამაზეს საქართველოს ეკონომიკა რომ ჩააბარეს და ბიუჯეტის ფულით ნაყიდი საჩუქრის „გასაპრავებლად“ 2008 წლის ომში დაზარალებულად მოიხსენიეს.

ისე, ვინც არ იცის, ახლა გავაგებინებთ: მზია ამაღლობელი რომ არ დაეჭირათ, სამართალდამცველები ხელისუფლებას გადაუდგებოდნენ და ეს არაერთმა ძალოვანმა პირად საუბარში დაგვიდასტურა. ისინი ამბობენ, რომ ისედაც ბევრი შეურაცხყოფის ატანა უწევთ და, ახლა ხელის სახეში გარტყმა უპასუხოდ რომ დარჩენილიყო, უბრალოდ , შინ წავიდოდნენ. ეს იციან ოპოზიციაში, სწორედ ამიტომ ცდილობენ, მიიყვანონ საქმე იქამდე, რომ ქუჩაში, კამერების წინ პოლიციელის ცემა ჩვეულებრივ ამბად იქცეს,  და მერე მართლა ბევრ ძალოვანს აუცრუვდება გული. როცა სამართალდამცველი  სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავს, სახელმწიფოც ვალდებულია, ეს ადამიანები ძალადობისგან კანონის ფარგლებში დაიცვას. სხვაგვარად  ის ბალაგანი იქნება, რომლის მოწყობასაც ცდილობს ოპოზიცია.

გიორგი გახარია ინციდენტის შემდეგ

იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი ქვეყნის მთავარ გამზირს ყოველ საღამოს კეტავს, ყველა ხვდება, რომ ასე ვერ „გაფრინდებიან“, ამიტომ რაღაც ახალია საჭირო, ისეთი, რაც აქამდე არ ყოფილა და რაც მუხტს ასწევს. სხვადასხვა დასახელების მარშებმა თავისი დრო  მოჭამა, არც „საყოველთაო გაფიცვა“ გამოვიდა ისეთი ეფექტიანი, როგორსაც ვარაუდობდნენ და ვერც „ჭიჭე“ ვაშაძის მიერ ნაყიდი ბილეთი და ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება გახდება მუხტის გაზრდის საფუძველი. ჰოდა, მუხტი სწორედ ცემა-ტყეპით უნდა შექმნან და მერე იმის ყვირილით, რომ ჩაგრავენ. ქართველი კაცის ბუნება კი ასეთია, დაჩაგრულის მხარესაა. აგერ,  გავრცელდა ნაცემი გახარიას ფოტოები,  რომლებზეც  ჩანს, რომ ტირის და ატირებულმა გახარიამ ბევრი მისი მომხრე აცრემლა, აქაოდა, როგორ გაუმწარებიათ კაციო. ისე, ეგ კაცი „ოცნების“ პრემიერი იყო და თანამდებობიდან იმიტომ წავიდა, რომ ნაციონალების იმჟამინდელი  თავმჯდომარე ნიკა მელია არ დააკავა და არ დააკავა იმის მიუხედავად, რომ მელია დაუფარავად  არღვევდა კანონს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდა. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ არავის სიამოვნებს ძალადობა, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა, რომ კონკრეტულ ადამიანებს თმენის ვალდებულება აქვთ და ამიტომ მათ შეგიძლია ნებისმიერი რამ უთხრა და დაუსჯელი დარჩები, მართებული არ არის. სხვა თუ არაფერი, როცა ცოლსა და შვილთან ერთად კაცს ლანძღავ, აგინებ, მერე გინდა, ხელითაც შეეხო, უნდა იცოდე, რომ, თმენის ვალდებულება კი არა, შესაძლოა, აფექტის ქვეშ შემოაკვდე კიდეც და ამისთვის პასუხიც არავინ მოსთხოვოს, ამიტომ ოპოზიციის ლიდერებს კი არ უნდა მოუსმინოთ, რომლებიც გიმტკიცებენ, ყველაფერი გეპატიებათ, ყველა ჯარიმა ჩამოგეწერებათო, არამედ თავი უნდა გაანძრიოთ და მიხვდეთ, რომ ოპოზიციას ნარ-ეკლის კრეფა თქვენი ხელით სურს. აგერ, რამდენიმე ათეული ადამიანი დააჯარიმეს,  ოპოზიციამ კი თანხა ჯერჯერობით  არც ერთს არ გადაუხადა და ყველა თავისი ჯარიმის ფულს თვითონ „ჩალიჩობს“. ჰო, ამასობაში  დასავლეთმა უკვე მოიკითხა აქ დახარჯული მილიონების ბედი, მაგრამ ზუსტად ისე მიაგნო, როგორც ზელენსკისთვის მიცემულ თანხებს მიაგნეს, ანუ ფული გაქრა და… უბრალოდ, დასავლეთის რადიკალურ ფრთას უკან დასახევი გზა აღარ აქვს, ამიტომ კიდევ და კიდევ გაიმეტებს თანხებს, ოღონდაც  ეს ხელისუფლება შეიცვალოს და მერე დანახარჯს ერთი ასად ამოიღებს, როგორც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში  ამოიღო.

მანამდე კი… 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. პირველი, რასაც ის გააკეთებს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაცია დაიწყება. უკრაინაში ომის დასრულების თარიღი ტრამპმა 6 თვით გადასწია, 6 თვეში 180 დღეზე მეტია. ოფიციალური მონაცემებით, ამ ომში ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ახალგაზრდა კვდება და ახლა თავად გამოიანგარიშეთ, 6 თვეში  როგორი  ციფრები იქნება. თუმცა, ეს ზუსტად ისეთივე სტატისტიკაა, როგორიც ყველა სხვა შემთხვევაში, როცა მიზნის მისაღწევად  დასავლეთმა ომი გააჩაღა და მერე  ციფრები დაიწერა, გარდაცვლილები კი ტრაგედიად  და ტკივილად მხოლოდ მათი ოჯახებისთვის დარჩნენ.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here