როცა საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ!..

    რა სტატუსით მიიწვიეს სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე? თუ მასზე ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტია, არის თუ არა ეს საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა იმაზე ასჯერ მეტად, რასაც თვითონ შოლცი ჩივის?!

    სალომე ზურაბიშვილი

    მიუნხენში  უსაფრთხოების  ყოველწლიურიკონფერენცია მიმდინარეობს. ქვეყნების ლიდერები მსჯელობენ იმაზე, როგორ უნდა დაიცვან  მშვიდობა და ეს ყველაფერი გარედან ცოტა სასაცილოდაც ჩანს. საქმე ის არის, რომ სწორედ იმ ქვეყნის ლიდერები არიან ომის მოთავენიც და ცეცხლზე ნავთის დამსხმელნიც, რომელიც ყველაზე მეტს საუბრობს მშვიდობაზე.

    გერმანიის კანცლერი  ოლაფ  შოლცი, როგორც კონფერენციის მასპინძელი,  თავს ცოტა მეტ უფლებას აძლევს და კრიტიკითაც გამოდის. ის ამერიკას და კონკრეტულად  ილონ მასკს აკრიტიკებს, აქაოდა, ჩვენს საშინაო საქმეებში ერევიანო…

    „ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ ეწინააღმდეგება მათ, ვინც „განადიდებს ან ამართლებს დანაშაულებრივ ნაციონალ-სოციალიზმს“. დღევანდელი დემოკრატია გერმანიასა და საერთოდ ევროპაში ეფუძნება ისტორიულ ცნობიერებას. არ შეიძლება, ბუნდესტაგის არჩევნებში უცხო ძალები ჩაერიონ. ყველა ხვდება, რასაც ვგულისხმობ“, – განაცხადა შოლცმა.

    დავიწყოთ იმით, რომ შოლცი აკრიტიკებს იმას, რასაც თვითონ აკეთებს –  ის და გერმანიის ბუნდესტაგის საგრეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი არათუ  ერეოდნენ და ერევიან საქართველოში გამართულ არჩევნებში, არამედ კატეგორიულად მოითხოვენ,  ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ოპოზიციის მარცხი არ არის სამართლიანიო. შოლცს ამის შესახებ ხმა არ ამოუღია და არც მაშინ უთქვამს რამე, მიუნხენის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი რომ გამოეცხადა. არადა, რეალურად ვინ არის ზურაბიშვილი? –  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც „მაოხრებელი გზირივით“ დადის ევროპაში და ცდილობს, საქართველო დააზიანოს. ჰოდა, მას ხვდებიან, ხელს ართმევენ, ოფიციალურ სადილზე თუ ვახშამზე  ეპატიჟებიან… ბოლოს და ბოლოს, უსაფრთხოების კონფერენციაა თუ კათარზისი? ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრები რომ გამართოს შოლცის ოპოზიციასთან და კანცლერად მისი კონკურენტი გამოაცხადოს, როგორ გუნებაზე დადგება ჰერ ოლაფი? მაგრამ არა, ისინი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ და სხვის თვალში ბეწვს ეძებენ.

    ორი კითხვა გვაქვს შოლცთან: პირველი – რა სტატუსით მიიწვიეს სალომე ზურაბიშვილი? მეორე – თუ მასზე ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტია, არის თუ არა ეს საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა  იმაზე ასჯერ მეტად, რასაც თვითონ შოლცი  ჩივის?! რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ახლა მას ხელს არ აძლევს ამ თემის განვრცობა. ზუსტად ისე არ აძლევს ხელს, როგორც არ განავრცო საქართველოში გერმანიის ელჩის მიერ გავრცელებული ტყუილი, აქაოდა, მოლდოვას 1.8 მილიარდით ეხმარება ევროკავშირი და საქართველო ამ დახმარების მიღმააო. მერე გაირკვა, რომ ამ 1.8 მილიარდიდან 1.5 მილიარდი საკმარისზე მეტად მაღალპროცენტიანი სესხია, ხოლო დარჩენილი 300 მილიონი 5 წელზეა გადანაწილებული, ანუ მოლდოვა რეალურად  წელიწადში 60 მილიონს მიიღებს დახმარების სახით და ეს თანხა  სესხად მიღებული 1.5 მილიარდის პროცენტის დასაფარავად არ ეყოფა. შოლცმა თავის ელჩს ყური არ აუწია, არ უთხრა, ტყუილი რატომ თქვი და საქართველოში ისედაც დაძაბულ ფონს კიდევ უფრო რატომ ძაბავო. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპის დიდი სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად არ აღიქვამენ, არ აინტერესებთ, აქ ვინ რას და როგორ იტყვის, მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად, თორემ საქართველო წყალსაც წაუღია, დიდი რამე, თუ ელჩი იტყუება, 30 წელი გვატყუებდნენ და „გვაბოლებდნენ“, ძნელია, ერთბაშად გადაეჩვიო ამ ყველაფერს.

    იქით კიდევ ემანუელ მაკრონი ყვირის, სალომე საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია და ჩემი ქვეყნის მოქალაქეს არავის დავაჩაგვრინებო. გვესმის, რომ მუსიე მაკრონს ზურაბიშვილის ასაკის ქალბატონების მიმართ სენტიმენტები აწუხებს, მაგრამ, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და ყველა გამოკითხვაში 21%-ზე მაღალი რეიტინგი არ გაქვს, სხვა ქვეყნებისთვის ჭკუის სწავლება და  ვიღაცების პრეზიდენტად გამოცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არ შეიძლება, მაგრამ მაკრონი არაფრით განსხვავდება შოლცისგან, ისიც დიდი და ძლიერი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტია და საქართველოს დარი სახელმწიფოებისთვის თითის დაქნევა და ჭკუის სწავლება სისხლში აქვს გამჯდარი. ისე, შოლცმა რომ თქვა, „დღევანდელი დემოკრატია გერმანიასა და ევროპაში ეფუძნება ისტორიულ ცნობიერებას“-ო, საქართველოს ისტორიისთვის თუ გადაუხედავს და ის მაინც თუ იცის, საიდან მოდის ის ერი, ახლა მისი სახელით ვიღაც როთი რომ არიგებს ჭკუას?..  შოლცმა ჩვენი ისტორია ზედმიწევნით რომ იცოდეს, მაინც არ აღიარებს, რადგან ახლა ასე სჭირდება, მისი ქვეყნის ინტერესებს სჭირდება და საქართველო ამ დროს მისთვის და მისი მეგობარ-კოლეგებისთვის მეასეხარისხოვანიც კი არ არის.

    აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დეი ვენსის განცხადებით, ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდის

    ისე, მიუნხენში მყოფმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა  ყოველგვარი რიდის გარეშე განაცხადა, ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდისო და.. ამ დროს მთელი ევროპა ჩვენ მოგვდგომია, სიტყვის თავისუფლებას რატომ ზღუდავთო? რაღაც არ გვახსენდება, ამერიკის მეორე პირს საქართველოზე ასეთი რამ ეთქვას, მაგრამ… ევროპამ ამასაც წაუყრუა და წაუყრუა იმიტომ, რომ ამერიკა არ არის საქართველო, თუ თქვა, დაუმტკიცებს კიდეც და, თუ არ დაუმტკიცებს, თავზე გადაახევს აღებულ ვალდებულებებს. ჰო, ტრამპმა თავისი დღის წესრიგის დამყარება დაიწყო მსოფლიოში და ერთადერთი, ვისაც მშვიდად და საქმიანად ესაუბრება ვლადიმერ პუტინია, დანარჩენებს ან აბუჩად იგდებს, ან თითს უქნევს და ეუბნება, რომ ისინი არასწორად იქცეოდნენ. ჰო, ტრამპმა ჯო ბაიდენს საიდუმლო დოკუმენტაციაზე წვდომა აუკრძალა, არ არის ეგ კაცი ადეკვატურიო, და ხმა არავის გაუღია. ჩვენ რომ ვთქვით იგივე მიშა სააკაშვილზე, მთელი ევროპა მოგვადგა, მაგას როგორ კადრულობთო, და დღემდე გვაკრიტიკებენ. მერე რა, რომ შიმშილობითა და თავის ავადმყოფად მოჩვენებით სააკაშვილი 21-ე საუკუნის ოსტაპ ბენდერად მოევლინა მსოფლიოს. მას მანამდე ბრწყინვალედ ჰქონდა მორგებული ყვარყვარესა და იდი ამინის როლები.

    ჰო, სალომემდე მიშა ჰყავდათ  წმინდანად შერაცხილი ევროპაში და თავისუფლად გადაადგილდებოდა, მასაც ეძახდნენ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, უკრაინაში თანამდებობებზე ნიშნავდნენ და თუ გგონიათ, დღეს ეს პრაქტიკა დაივიწყეს, ძალიან ცდებით. სალომეს რომ თავი დავანებოთ, აგერ ზურაბ ადეიშვილი დაბრძანდება ევროპარლამენტში, ნაბავს თვალებს და მერე რა, რომ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე  დაუსწრებლად აქვს განაჩენი გამოტანილი და, წესით, ციხეში უნდა იჯდეს, ქართულ ციხეში, თუმცა ამის შესაძლებლობას „სტრატეგიული პარტნიორები“ არ გვაძლევენ და ადეიშვილს ფიანდაზებს უგებენ. რა, ზელენსკიმ არ იცის, რომ კრიმინალი ჰყავს გენპროკურორის მრჩევლად? იცის, მაგრამ, რასაც დასავლეთი ეუბნება, იმას აკეთებს. ისე, ამ მასხარამ, იცით, რა თქვა? უკრაინაში მომავალი არჩევნების არ მეშინია, მაგრამ ხალხია არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი, ჯერ ქვეყანა უნდა ავაშენოთო. ჰო, ომით ხომ იშოვა მილიარდები და ახლა მშენებლობიდან უნდა „ატკატების“ დათრევა.

    ამ გადმოსახედიდან, ძნელია იმის თქმა, როდემდე გაერთობა ევროპა სალომეს ვიზიტებით და როდემდე დააჯერებს, რომ ის მართლა რაღაცას წარმოადგენს…  ნელ-ნელა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის და ოპოზიცია არ მალავს, რომ, თუ მანამდე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება (და არ დაინიშნება), შემდეგ რაიმეს იმედად ყოფნა ძნელია და ამიტომ  ადგილობრივ არჩევნებზე ერთიანი ძალით უნდა გავიდნენ და შეეცადონ, მხოლოდ ერთი კანდიდატი დაუპირისპირონ სახელისუფლო გუნდის წარმომადგენელს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. ამას რომ ვწერთ, ზუსტად ვიცით, რომ ამ თემაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს და ოპოზიციონერები უკვე ვერ თანხმდებიან თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე… მიზეზი კი ის არის, რომ  ჰგონიათ,  მოსახლეობა მხარს დაუჭერს…

    დასასრულ, ერთი ძალიან საინტერესო ამბავი: „მთავარმა არხმა“ პირდაპირი ეთერები შეაჩერა, აქაოდა, არხის ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ოქუაშვილი შეგნებულად გვბლოკავს და გვაჩერებსო. არც ერთ ელჩს ამის შესახებ ხმა არ ამოუღია, რადგან ზუსტად იციან, რომ ეს არის შიგა ამბები  და,  სადმე რომ ჩანდეს მმართველი გუნდის რომელიმე წარმომადგენელი (ცდილობენ მიბმას, მაგრამ არ გამოდის), მაშინვე თავისუფალ მედიაზე ზეწოლად მონათლავენ; იმ მედიაზე, რომელმაც ამაყად გააშუქა  გერმანელი ელჩის განცხადება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავზე გადაახია, გააქრეს, ვითომც არ მომხდარა. ისევე გააქრეს, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ აუქციონზე ნაყიდი და საქართველოსთვის ნაჩუქარი იოანე ზოსიმეს ხელნაწერი… და ამას დასავლეთი თავისუფალ მედიას უწოდებს.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                 

                                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here