Home რუბრიკები საზოგადოება როცა “ერთის გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით ცალკ-ცალკე და თავ-თავად დავგორავთ”…

როცა “ერთის გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით ცალკ-ცალკე და თავ-თავად დავგორავთ”…

როცა “ერთის გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით ცალკ-ცალკე და თავ-თავად დავგორავთ”...

როგორც იქნა, ავად თუ კარგად, ახალი პარლამენტი შეიკრიბა და პირველი სხდომაც გაიმართა, ოღონდ ოპოზიციის გარეშე. ბევრი ამაში დასაძრახსა და საწყენს ვერაფერს ხედავს, მიაჩნია, რომ ოპოზიცია ამ საქმეში ისე მოიქცა, როგორც ჭკუა, გონება და ნამუსი კარნახობდათუმცა, ილიას სიტყვებით თუ ვიტყვით, “ეგ ჯერ კიდევ იმასა არა ჰნიშნავს, რომ მართალნი არიან გამარჯვებულნი”.

მართალია, “ოცნებამსიხარულის ბუკი და ნაღარა დაჰკრა, რომ ხელისუფლებას მას ვერავინ შეეცილება, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს სიხარული იმით კი არ არის გამოწვეული, რომ საქვეყნო საქმეს ასე არგებს, არამედ იმით, რომგამარჯვება ჩვენია და არა თქვენიო, ესე იგი, მე და არა შენაო. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ამისთანა საქმეში საერთოდ პატივსაცემელიჩვენუნდა ჰლაპარაკობდეს და არა მე თუ შენ”.

ამისთანა ამბავიგასაბიაბრულებელია თვითონ საზოგადოებისათვის”, იმიტომ რომ პოლიტიკოსისთვის, რომელიც სახეზე სირცხვილის ალმურმოუკიდებლადამისთანა გულნადების გამოაშკარავებას არ ერიდება”, საზოგადოება მეტად დაბალ საფეხურზე მდგომი ჰგონია.

ოპოზიცია ქვეყნის საჭიროების თვალით რომ იყურებოდეს დასაზოგადო საქმეთა ავკარგიანობის სასწორი და საწყაოეჭიროს ხელთ, მაშინ საზოგადოებას კიდევ შერჩებოდა იმედის ნაპერწკალი, რომ ამ ქვეყანაში არიან ძალები, რომელთათვისაც საერთო საქმის სამსახურია მთავარი.

მაგრამნუთუ ესენი თვითეულად ცალკე და ყოველნივე ერთად ქართველი ჰგონია ვისმე! ქართველი საყოველთაო სახელია და ამათში რა არის საყოველთაო. ეგ თითოთითოდ, ერთის გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით რომ ცალკცალკე და თავთავად დავგორავთ, ზოგი აქეთ, ზოგი იქით, ნუთუ ეგ თვითეული ქართველი ჰგონია ვისმე! თქვენ მე მიჩვენეთ ის ადგილი, საცა მაგ თვითეულის გზები ერთად იყრება საყოველთაო საქართველოს სიკეთისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არისმეთქი. ის საერთო ნიშანი მიჩვენეთ, საითკენაც თვითეულის ჩვენგანის ჭკვა, გონება, ფიქრი, გრძნობა, სურვილი ერთად, ხალისიანად და შეუპოვრად მიიწევდეს საყოველთაო საქართველოს კეთილდღეობისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არისმეთქი. საერთო ლხინი მიჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის: ჩემი ლხინი შენი ლხინი არ არის, შენი ჭირი ჩემი ჭირი არ არის. ქართველი საყოველთაო სახელია და კიდევ ამას გკითხავ: საყოველთაო რა გვაქვს? ჩვენში არის: “მე თუ შენ, შენ თუ მედა ორივენი ერთად კი არაო”.

 ასეთი დამოკიდებულების შედეგია ის, რომ დღესთვითეულმან ჩვენგანმან თავისი ხვედრი, დიდისმამულისნაშთი, თავთავად შემოიღობა; იმ შემოღობილში თვითეულმან ჩვენგანმან თავისი საკუთარი ქვეყანა აიშენა და საზოგადო სახელიმამულითავის კერძო მამულს დაარქვა და თქვა: თუ მე არ ვიქნებიო, ქვაქვაზედაც ნუ იქნებაო. ამ სახით თვითეული ჩვენგანი თავის შემოღობილში შეიკეტა, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აიჩინა; და რომ თვითეულმან ჩვენგანმან საერთო საქმეს თვალი მოაშორა და გონება თავისი საერთო საგანზედ აღარ ავარჯიშა, ის გონებაც ისე დაუბრმავდა, რომ იგი თავის ქონების ღობის იქით ვეღარ გადაუცილებია, რომ თავის მოძმეს გაეხმაუროს მაინცა”.

1891 წელს ილია აქვეყნებს წერილსსაგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ”, რომელიც ქვეყანაში პოზიციისა და ოპოზიციის საქმიანობის საკითხებს შეეხება და საყურადღებოა დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.

საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ

ტფილისი, 30 იანვარი, 1891 წელი.

გათავდა არჩევანები ქალაქის ხმოსანთა, გამგეობა ქალაქის თვითმმართველობისა შესდგა და ყოველ ამით გამოწვეული ფიცხი და ზოგჯერ წრეს-გარეთ ატაცებული ლაპარაკიც მოსწყდა, განელდა და ადგილი დაუთმო ჭკუა-დამჯდარს მსჯელობას იმ კაცებისას, რომელთაც არჩევანების გათავებით არ გაიგრილეს გული საქალაქო საქმეების მიმართ და რომელნიც არჩევანებს უყურებენ და სამართლიანადაც, როგორც ერთადერთს ღონეს ქალაქის საქმეთა განწყობისას, მიმართვისას, ასე თუ ისე კეთებისას და წარმოებისას.

მაშასადამე, საკვირველი არ არის, რომ პირველი და უპირატესი საგანი დღევანდელის მსჯელობისა საზოგადოებაში ის არის, რომ კარგად გამორკვეულ იქმნას, _ რა მოხდა და რის მომასწავებელია ყოველივე, რაც მოხდა და მოგვიტანა ამ არჩევანებმა. საღის და მიუდგომელის თვალით რომ შევხედოთ მას, რაც მოხდა, და მომხდარი რის მომასწავებელია, დავინახავთ, რომ ქალაქის მცხოვრებთა საჭიროდ დაინახეს და თვისდა სასარგებლოდ იცნეს, გაეახლებინათ ქალაქის საბჭო, სხვა ახალის ნაკადულისათვის საბჭოში გზა მიეცათ და მით აქამდე ყოფილი და ყოველ საქმის ერთნაირად წამწყმედი ერთსახობა, ერთგვარობა საბჭოსი მოესპოთ. სხვა აზრი ამ არჩევნებს არ უნდა ჰქონდეს, თუ სახეში ვიქონიებთ, რომ არჩევანებს სხვა მნიშვნელობა არა აქვსრა, თუ არ ამომრჩეველთა სურვილის გამოთქმისა. მართალია, ამ კეთილს და სამართლიანს სურვილს მოქალაქეებისას ზოგიერთებმა თავისებური კვამლი შეუბოლეს, რომ ცხადი და მართალი სურვილი ამომრჩევლებისა კაცს არ დაანახვონ, სახე და მიმზიდველობა შეუშალონ და მოქალაქეთა შორის აბრუ გაუტეხონ. ამისათვის ამ ზოგიერთებმა ხელი ჩაჰკიდეს იმისთანა საგანს, როგორც მაგალითებრ, ეროვნებაა, რომელსაც დიდი გზა და ავალა აქვს ყოველგვარ ქსელის გასაბმელად, და ეს არაფერს შუაში მყოფი ეროვნება ხიდად გაიდეს, რომ სხვადასხვა თესლის მცხოვრებნი ერთმანეთს დააჯახონ სამტროდ, ერთმანეთის წეწვა-გლეჯად და მით მათი თვალი საერთო საქმეს ქალაქისას მოაშორონ. ამ ვაჟბატონებს მით უფრო მოუხერხდათ ამ სამარცხვინო ხიდის გადება, რომ ამ არჩევანებმა დიდი მონაწილეობა მისცა ქართველებს საბჭოში. რიგიანმა სომეხმა ამ ქართველების საბჭოში შესვლა, რასაკვირველია, საამურად მიიღო და არამცთუ იხამუშა, არამედ ჰკვირობდა კიდეც, რატომ აქამდისაც არ იყო ესეო, ხოლო ტერაცუები შესდგნენ ყალხზედ, ვაჰ, ქალაქი ჩვენია და ქართველებს ქალაქში რა ხელი აქვთო. ამათ ისე შეჰხედეს ამ არჩევანებს, რომ ჩვეული ბატონობა ქალაქში გვერთმევა და ქართველები იჩემებენო. შეჰხტა და შემოტრიალდა ტერაცუობა, რომელთანაც ჭკუა დამჯდარს და რიგიანს სომხობას არავითარი ურთიერთობა არა აქვს, _ და სხვა რო ვერა იხერხა-რა, ბოლოს ისა სთქვა, რომ აბა ქალაქის საქმეში რა შესატანია ეროვნება, ეროვნებაზე აქ კრინტიც არ უნდა დაიძრასო. ეს, რასაკვირველია, იმ ანგარიშით უნდა იყოს თქმული, რომ აქამომდე ტფილისში გაბატონებულს ეროვნებას არავინ იერიშის მიტანა არ გაუბედოს და ტერაცუებსაც ხომ სხვა არა უნდათ-რა. ამ სახით, ამისი მთქმელი თუმცა სოროში ჰძვრება, მაგრამ კუდი-კი გარედა ჰრჩება და საქმეც ეს კუდია: ოღონდ-კი ხალისი იყოს, თორემ, როცა გნებავთ, ხელს წაავლებს კაცი და სოროში შემძვრალს ჩხავილით გარედ გამოათრევს. სირცხვილია, რომ კაცი ამისთანა ფეხის ხმას აჰყვეს.

აქ არავითარი მიხვევ-მოხვევა საჭირო არ არის. მოქალაქეების სურვილი ცხადად მეტყველებს ამ არჩევანებში. აქ სომხობა ცალკე და ქართველობა ცალკე-კი არ ირჩევდა კაცებს საბჭოსათვის, არამედ შემძლებელობა და შეუძლებელობა მოქალაქეთა. დღეს-აქამომდე ქალაქის საბჭოს მოედანი ხელთ ეჭირათ მარტო შემძლებელთ მოქალაქეთა, ხოლო შეუძლებელთ საბჭოში წარმომადგენელნი ან სულ არა ჰყავდათ, ან თუ ჰყავდათ, თითო ოროლა, რომელთა ხმა იკარგებოდა მრავალთა შორის. ეს შეუძლებელთა რიცხვი უფრო მომეტებული ნაწილია როგორც ყველგან, ისეც ტფილისშიც, და ვის რად უკვირს, რომ ამ მომეტებულმა ნაწილმა თავის ქალაქში ხმის ამოღება მოიწადინა და საბჭოში ფეხის შედგმა. ამ შეუძლებლობამ და შემძლებლობამ, ქონებითმა ღონემ და უღონობამ წელს ორად გაჰყო ამომრჩეველთა რიცხვი და წლევანდელი არჩევანები ამ ორ ბანაკის ბრძოლის შედეგია. ერთისა და მეორის ბანაკის კაცნი აქ მოქმედებდნენ განურჩეველად იმისა თუ, ვინ სომეხია და ვინ ქართველი. აქ ერთის მხრით მოიყარეს თავი შეძლებულთა მომხრეთა და მეორის მხრით შეუძლებელთა.

არჩევანების კენჭმა დაგვანახვა ყველას, რამოდენა ადგილი დაიჭირა განახლებულ საბჭოში შეუძლებელთა წარმომადგენელ ხმოსნობამა, და აი სად უნდა ეძიოს კაცმა მიზეზი იმ სიამოვნებისა, რომლითაც ყოველი გონიერი ქართველი თუ სომეხი მიეგება ამ არჩევანებს, როცა მისი შედეგი გამოცხადდა. დღეს, ჩვენდა სასიქადულოდ, ვხედავთ, რომ შეუძლებელთა მცხოვრებთა, ესე იგი, ტფილისის უმრავლესთა მკვიდრთა იმედად იგი ხმოსნები შეიქმნენ, რომელთა შორის ქართველობა დიდს უმრავლესობას შეადგენს. დღეის ამას იქით ტფილისის საბჭოს თავისი კუთვნილი ღირსება და თვისება მიენიჭა, დღეის ამას იქით ორი დიდი დენა აზრთა იწყებს აქ ერთმანეთთან გამკლავებას. ერთის მხრით ინტერესები შეძლებულთა და მეორის მხრით შეუძლებელთა არ მისცემს არავის ნებას ყური მოუყრუოს ქალაქის საბჭოს საქმეთა და ყოველს განაჩენს გამგეობისას, თუ ვისმეს განუსჯელად და განურჩევლად “ბალი, აღა”, უძახოს. ამ ინტერესების ერთმანეთთან შეწონება, შეფერება და მოთავსება, ერთმანეთთან სამართლიანი მორიგება მწვადისა და შამფურის _ საცა შესაძლოა _ დაუწველად, შეადგენს ერთადერთს სიბრძნეს ქალაქის თვითმართველობის მოხელეობისას და გამგებლობისას. აწ განახლებულს საბჭოს ამ სიბრძნემდე მისაღწევად დღეს გზა გახსნილი აქვს, რადგანაც ისეა შემდგარი, რომ ყოველმა საქმემ ჯერ ბევრი დამი უნდა იხადოს ორ ცეცხლ შუა ტარებითა, ვიდრე თავს გაიტანს ბოლომდე ქალაქის საერთო სასარგებლოდ. აი რა მოახდინა აწინდელმა ხმოსანთა არჩევანებმა და მომხდარი რის მომასწავებელია. აი, ჩვენის ფიქრით, რა მნიშვნელობა აქვს წლევანდელს არჩევანებს. აი რა მოიგო თვით საბჭომ, რომელიც, ვითარცა წარმომადგენელობა ქალაქისა, დღეს უფრო სავსეს და სრულს სახეს, გულს და ვითარებას მთელის ქალაქისას წარმოადგენს, ვიდრე აქამომდე, და მით, რასაკვირველია, მეტი სიცოცხლე, მეტი ხალისი მიეცემა თვით საბჭოს და მეტი სიმართლე, მეტი წინდახედულობა, მეტი სიბრძნე მის განაჩენთა და მის საქმეთა.

ქალაქისათვისაც საერთო სანატრელი ეს არის. და რად უკვირთ, რომ ყველა გონიერ მოქალაქეს უხარიან, რომ ქალაქმა, განაახლა რა უწინდელი საბჭო, კარგა მოზრდილი ბიჯი გადასდგა თავის სამართლიან სანატრელის მისაღწევად და სამაგისოდ ახალნი კაცნი, ახალნი მოღვაწენიც მოიპოვა და შეიყვანა საბჭოში.

* * *

ტფილისი, 6 მარტი, 1891 .

ჩვენის ქალაქის თვითმმართველობისათვის ორი ძალიან მოულოდნელი და ძალიან საყურადღებო ამბავი მოხდა ამ უკანასკნელს დროს. ქალაქის თავმა ბ-ნმა მატინოვმა თავი დაანება თავის თანამდებობას, თუმცა ხელახლად ამორჩეული იყო, და ბ-ნი იზმაილოვი-კი, რომელსაც ჰსურდა ქალაქის თავობა, არ იქმნა ამორჩეული. მთელი საზოგადოება ქალაქისა, და ნამეტნავად ისინი, ვისაც გული ასე თუ ისე სტკივა ქალაქის საქმეებისათვის, სცდილობენ თავი და ბოლო გაუგონ ამ ორს მართლა-და მოულოდნელს ამბავსა. საითაც-კი მიიხედავთ მარტო ეს ისმის: ან ბ-ნმა მატინოვმა რად დაანება თავი თავობას და ან ბ-ნი იზმაილოვი რად იქმნა უარყოფილი. ყველას უნდა მიზეზის შეტყობა, გამორკვევა, და ამ საგანზე იმდენი აზრია, რამდენიც თითქმის მსჯელი და მოლაპარაკე. რაკი ესეა, ჩვენ მიერ არ იქმნება მეტი, რომ ამ ორს ამბავს გულღვიძლი გავუსინჯოთ და მრავალთა შორის ჩვენი აზრიც წარმოვსთქვათ მასზედ თუ, რას უნდა მოეხდინა, ან ერთი ამბავი, ან მეორე. პირველ ყოვლისა ვიკითხოთ: რას უნდა აეძულებინა ნი მატინოვი, რომ ჯერ მოიწადინა ამორჩევა, და რაკი შეისრულა წადილი, სამსახურიდამ გადასდგა?

რა მოხდა იმისთანა იმ მოკლე ხანში, რომელიც არჩევანიდამ გადადგომამდე გავიდა, რომ ნმა მატინოვმა ვეღარ იტვირთა მის მიერვე მოწადინებული და უკვე მიღწეული თანამდებობა? აქ ორში ერთი მიზეზია: ან ისა, რომ შინაურმა გარემოებამ ნება აღარ მისცა ქალაქის თავობა დანიშნულ ვადამდე ეკისრნა, ან გარეშე ვითარებას რასმე გაუფრთხა და გაეცალა. პირველს მიზეზს, ჩვენის ფიქრით, აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს. იმიტომ რომ, თუ შინაურმა გარემოებამ ორის თვის წინად არ დაუშალა კენჭისყრის სათუო განსაცდელს მისცემოდა, თუ ორის თვის წინად კენჭისყრის ბეწვის ხიდზედ გასვლას არ შეუშინდა, _ და რომ საშიში იყო ეგ ყველამ იცის, _ ძნელად საფიქრებელია ამ მოკლე ხანში, სულ ორის თვის მანძილზე, მის შინაურ ცხოვრებაში ისეთი ძირეული რამ ცვლილება მომხდარიყო, რომ დიდის ვაითა და ვაგლახით მოგებულს საქმეს გასცლოდა. რასაკვირველია, ყველაფერი შესაძლებელია, ხოლო ისეთი უეცარი და მოულოდნელი ცვლილება ადამიანის შინაურ ცხოვრებაში ორის თვის განმავლობაში მეტისმეტად იშვიათია, იმოდენად იშვიათი, რომ თუ თვალით არა ჰნახავთ, დაუჯერებელია. მაინცდამაინც არავითარი ხელმოსაკიდებელი გამომჟღავნებული საბუთი არა გვაქვს, რომ ბ-ნ მატინოვის სამსახურიდამ გადადგომა მის შინაურს გარემოებას მივაწეროთ. მაშასადამე, მიზეზი ბ-ნ მატინოვის გადადგომისა გარეშე ვითარებაში უნდა ვეძიოთ. რა მოხდა აქ ისეთი? რაშია ეს “გარეშე ვითარება”? გარეშე ვითარება, ჩვენის ფიქრით, ამ შემთხვევაში ახლად შემდგარი საბჭოა ქალაქისა და სხვა არა-რა. რა შეემჩნია ამ ახლად შემდგარს საბჭოს იმისთანა, რომ ბ-ნ მატინოვს მიზეზი მისცემოდა გაცლისა და სამსახურიდამ გადადგომისა? თუ აქამომდე ნი მატინოვი უძლებდა საბჭოს, ეხლა რა მოხდა იმისთანა ახალი, რა შეიტანა ქალაქის თვითმართველობაში ახალმა საბჭომ იმისთანა, რომ ნმა მატინოვმა გაცლა ამჯობინა დარჩენასა? ყოველს ამას რომ სამართლიანი პასუხი გავცეთ, საჭიროა უწინდელი და ეხლანდელი საბჭო ერთმანეთს შევადაროთ. რა იყო უწინდელი საბჭო? ყურმოჭრილი ყმა გამგეობისა. უწინდელი საბჭო ქვევრსა ჰგვანდა: რასაც გამგეობა ჩასძახებდა, იმას ამოიძახებდა. ყველაფერზედ “ბალი აღა” მზად იყო, გამგეობა სჭრიდა და ჰკერავდა კიდეც და საბჭო ჭრაზედაც და კერვაზედაც ჰოს ნიშნად თავს აკანტურებდა. ახალმა საბჭომ-კი სულ სხვა უნარი გამოიჩინა, სულ სხვა გზა-კვალი აირჩია და პირდაპირ გამოაცხადა: არც ერთს სარჩიელს გამგეობისას, თუ ცალკე ხმოსნისას, არც ერთს განაჩენს, აქ ჩვენში ვერავინ გაიყვანს უიმისოდ, რომ კრიტიკის ქარცეცხლში არ გავატაროთ, ყოველ მხრივ არ ავწონდავწონოთ და ქალაქის მკვიდრთა სარგებლობის და სახეირო თვალით არ გავსინჯოთ და არ განვიკითხოთო.

როცა “ერთის გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით ცალკ-ცალკე და თავ-თავად დავგორავთ”...

ჩვენ აქ ამისათვისა ვართ გამოგზავნილი ქალაქის მკვიდრთაგანა და არა იმისათვის, რომ თავები ვაკანტუროთ ყოველს იმაზე, რასაც თქვენ მოიწადინებთო. ეგრეთწოდებულს ოპოზიციას ჯერ ხანად სხვა არა დაუწერია რა თავის დროშაზე, და ნუთუ ვისმე იმოდენა კადნიერება ექნება, რომ ეს დაუწუნოს? დღევანდელ “გარეშე ვითარებაში” სხვა ახალი არა მომხდარა რა ამის მეტი, და რადგანაც ბ-ნ მატინოვის სამსახურიდამ გასვლა მარტო “გარეშე ვითარებაში” უნდა მოიძებნოს, სჩანს, რომ იგი გაეცალა საბჭოს თვითმოქმედებას, საბჭოს კრიტიკას, საბჭოს განკითხვას, ამ ერთადერთს სახსარს, ერთადერთს გზას ყოველის საქმის კეთილად, ფრთხილად, წინდახედულად და გონიერად წარმართვისას. ტყუილად ჰნუგეშობენ, ტყუილად ჰცდილობენ ოპოზიციის მოპირდაპირენი, რომ ოპოზიციას სახელი და აბრუ გაუტეხონ, ვითომ საბჭოში ავყიაობის მეტს არას აკეთებდეს. ჩვენის ფიქრით, ისიც დიდი სამსახური იქმნება ქალაქის წინაშე ოპოზიციის მხრით, თუ იგი, თავის სასახელოდ, საბჭოში კუთვნილს ადგილს დააჭერინებს კრიტიკასა და განკითხვას აწ და სამარადისოდ. თორემ ოპოზიციას წინ კიდევ ბევრი სხვა საქმე უდევს და, ჩვენის ფიქრით, დიდად გონივრულად იქცევა, რომ მოუწადინებია ჯერ ყოველი გარემოება და ვითარება ქალაქის თვითმმართველობისა, ყოველი საქმე ქალაქისა ზედმიწევნით შეისწავლოს და მერე თავის მთელის და ვრცელის პროგრამით გამოვიდეს სამოქმედოდ. იმ დრომდე-კი ერთს ბიჯსაც არავის არ გადაადგმევინებს უიმისოდ, რომ არ განიკითხოს, არ განსაჯოს, არ აიღოს და დაიღოს კრიტიკის სასწორითა. ეს ახალი ბევრს ეხამუშება, მაგრამ დრო მოვა და გაიგებენ, რომ ხსნა სწორედ ამ გზით სვლაშია ყველგან, და ნამეტნავად იმისთანა მძიმე და რთულ საზოგადო საქმეში, როგორიც ქალაქის მოვლა და პატრონობაა.

ეხლა ვიკითხოთ: რას უნდა მიეწეროს, რომ ერთადერთი კანდიდატი ბ-ნი იზმაილოვი არ ინდომა საბჭომ ქალაქის თავად ამოერჩია და ეს არ-ამორჩევა რას ჰნიშნავს? არამცთუ ეს არამორჩევა, თვით ბ-ნ მატინოვის და ბ-ნ ხოსროევის ამორჩევაც რომ ავიღოთ, აშკარად დავინახავთ, რომ ქალაქი ყოფილის გამგეობის მომდურავია. ჩვენ ვამბობთ ქალაქი, იმიტომ რომ დღეს ქალაქი საბჭოს პირით ჰლაპარაკობს, რადგანაც საბჭოში, ვინც არიან, ქალაქის წარმომადგენელნი არიან. სად უწინდელი არჩევანები, სად ეხლანდელი. წინანდელ არჩევანებში თეთრს კენჭებს მუჭითა ჰხვეტდნენ ამორჩეულნი და შავს-კი ძლივს ჰპოულობდნენ საარჩევნო ყუთში, და ეხლა-კი არც ბ-ნ მატინოვს და არც ბ-ნ ხოსროევს იმოდენა თეთრი არ მოსვლიათ, რომ იმავ მუჭით თითქმის იმოდენავე შავი კენჭი არ ეხვეტნათ. აქ ეჭვი არ არის, რომ დედაბუდე შავ კენჭების ესე ძლიერ ბღარტობისა უკმაყოფილობა და სამდურავია.

არ ვიცით, ეს სამდურავი და უკმაყოფილება რამდენად საბუთიანია. მინამდე თავისას არ იტყვიან ის მრავალგვარი კომისიები, რომელიც ახალმა საბჭომ მიუსია ქალაქის ყოფილთა საქმეთა, საბუთიანობაზე ლაპარაკი ძნელია, ხოლო ეს-კი ყველასათვის აშკარაა, რომ ყოფილს გამგეობას დიდი და პატარა ემდურება და უკმაყოფილო თვალით უყურებს. ეს თითქმის საერთო სამდურავი და უკმაყოფილება ახალმა ხმოსნებმა თან შეიტანეს საბჭოში, და პირველ არჩევანებში თუმცა გამარჯვებით არა, კარგა ღონივრად იჩინეს თავი, ასე რომ საბჭო ორ ერთი-მეორეზედ ორიოდე კენჭით მეტ-ნაკლებ ბანაკად გაჰყვეს. მას აქეთ თითქმის ორი თვე გავიდა და, როგორც სჩანს, ამ ორ თვეში ამ სამდურავმა და უკმაყოფილებამ საბჭოში ფეხი გაიდგა და ხმოსანთა შორის უფრო მეტი მომხრეობა მოიპოვა. ამ მატულობამ ბ-ნ იზმაილოვის არჩევანზე იმოდენად თავი იჩინა, რომ მომდურავთა ხმოსანთა კენჭმა, თუმცა ერთით, მაგრამ მაინც გადააჭარბა სხვებსა. ამბობენ, რომ ამ სამდურავს და უკმაყოფილებას არ უნდა აჰყოლოდნენ ხმოსნებიო, რადგანაც ჯერ გამორკვეული და გამოძიებული არ არის ამ სამდურავის და უკმაყოფილების საბუთიო და, რაკი აჰყვნენ, უსამართლოდ მოიქცნენო. ხმოსანთა გასამართლებლად ამ შემთხვევაში ჩვენ იმას ვიტყვით, რომ აქ ისე მოიქცნენ, როგორც რიგი იყო და გარემოება ითხოვდა. თითო-ოროლა ხმოსანმა აკი სარჩიელი წარმოსთქვა საბჭოში, არჩევანები ქალაქის თავისა ერთი ორის თვით გადავდოთო.

ამ ხნის განმავლობაში კომისიები თავისას იტყოდნენ გამგეობის ყოფილ საქმეთა შესახებ და ყოველს ხმოსანს ღონისძიება ექნებოდა ამ სამდურავს და უკმაყოფილებას საბუთი თუ უსაბუთობა რამ აღმოუჩინოს, და რატომ ყური არ ათხოვეს ხსენებულს სარჩიელს? ჰაიჰარად დანიშნეს ქალაქის თავის არჩევანი და კეთილსინიდისიერი ხმოსანი ამ ჰაიჰარაობაში ერის ხმას უნდა აჰყოლოდა და ყოველ მხრიდამ მღაღადებელს სამდურავს და უკმაყოფილებას ყურს ვერ მოუყრუებდა. აქ ბრალი იმისია, ვინც ამისთანა არასაჩქარო საქმეში ასჩქარდა, და არა იმისი, ვინც ერის ხმას აჰყვა და, მაშასადამე, თავის მოვალეობას არ უღალატა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here