Home რუბრიკები პოლიტიკა როცა გშია, ზაქარია, 4 ლარიც შაქარია!

როცა გშია, ზაქარია, 4 ლარიც შაქარია!

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის ბიუროს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი

1149
როცა გშია, ზაქარია, 4 ლარიც შაქარია!

საქსტატისმიერ დაწესებულ საარსებო მინიმუმზე წინა ნომერში ვწერდით. “საქსტატმაორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმად თვეში 256 ლარი დაადგინა, სამსულიანს 288 ლარი ეყოფაო, ოთხსულიანი ოჯახი თურმე 321 ლარს იკმარებს, ხუთსულიანი _ 361 ლარსა და 20 თეთრს. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ამ სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ პარლამენტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა: უხეშად რომ ვიანგარიშოთ, დღეში ოთხი ლარი გამოდის, რაც რეალობასთან ახლოსაა, ადამიანს დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, დღეში ოთხი ლარი უნდა ეყოს საკვებადო (როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიცთუ 4 ლარიც შაქარია!). ასეც რომ იყოს და ბატონ ზაქარიას დავუჯეროთ, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 480 ლარი ხომ უნდა იყოს?! მაგრამ ძაღლის თავი თურმე ისევსაქსტატშიყოფილა დამარხული.

“საარსებო მინიმუმი არ ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა ადამიანის არსებობისთვის საკმარისია. მე თუ მკითხავთ, ეს თანხა არის თუ არა არსებობისთვის საკმარისი, გიპასუხებთ, რომ ჩემთვის შეიძლება არ იყოს და სხვისთვის იყოს. ეს არის თანხა, რომელიც ადამიანს უნდა ეყოს, ან უნდა იარსებოს”, _ განაცხადა “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საარსებო მინიმუმი სწორედ თოდრაძის უწყებამ გამოთვალა.

ლოგიკას რომ მივყვეთ, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს კაცი (გნებავთ ქუცნაშვილი და გნებავთ თოდრაძე), მისი შემოსავალი დღიური 4-ლარიანი ნორმის ფარგლებს დიდად არ უნდა სცდებოდეს, ანუ წლიური შემოსავალი, თვეში 120 ლარი რომ ვუანგარიშოთ, 1440 ლარის ფარგლებში უნდა იყოს. რადგანაც ორივე ბატონი თანამდებობის პირია და მათი ქონებრივი დეკლარაცია ხელმისაწვდომია, შევედით და ვნახეთ, რომ ქუცნაშვილის წლიური შემოსავალი 70 ათას ლარამდეა, ხოლო თოდრაძისა _ 70 ათას ლარს ზემოთ, ანუ მათი დღიური ნორმა 190 ლარზე მეტია. ცოტა არ იყოს დავიბენით, რადგან ქუცნაშვილი ამბობს, დღეში 4 ლარი, შესაბამისად თვეში 120 ლარი უნდა გეყოთო და თვითონ დღეში 190 ლარი არ ჰყოფნის, კრედიტი აქვს აღებული და რომ ჰყოფნიდეს, ბანკს ხომ არ მიადგებოდა. აი, თოდრაძემ თავი დაიზღვია და შემოგვითვალა: მე საარსებო მინიმუმი კი დაგიდგინეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გეყოთ, აგერ, მე დღეში 190 ლარით ვერ ვკმაყოფილდები, რადგან… თოდრაძესაც კრედიტი აქვს და ეს იმის მიუხედავად, ორმ ორი ბინა აქვს გაქირავებული და შემოსავალი იქიდანაც ემატება…

თავმოყვარე ხელისუფლება ასეთ პარლამენტარს იმუნიტეტს მოუხსნიდა, მერე მანდატის დატოვებას მოსთხოვდა, ხოლო “საქსტატს” ახალ დირექტორს დაუნიშნავდა. ამ ყველაფერს კი იმიტომ გააკეთებდა, რომ ერთმაც და მეორემაც ადამიანები შეურაცხყვეს საჯაროდ, თოდრაძემ კი საერთოდ, პირდაპირ თქვა, შეიძლება მოკვდეთ, მაგრამ მე რა ვქნა, საარსებო მინიმუმი დაგიწესეთ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საკმარისი არ არისო. ანუ, რეალურად, ყველამ იცის, რომ სახელმწიფოს მიერ არსებობისთვის (ცხოვრებისთვის კი არა, არსებობისთვის) დაწესებული მინიმუმი საკმარისი არ არის, რომ ამ 4 ლარით ადამიანს შეიძლება სული გაძვრეს, მაგრამ არა უშავს, თითქოს არაფერი ხდება და სახელისუფლებო კულუარებში იმასაც ამბობენ, შევარდნაძის პერიოდში თვეში შვიდ ლარად რომ ცხოვრობდნენ, ახლა 120 ლარად რატომ ვერ უნდა იცხოვრონო

როცა გშია, ზაქარია, 4 ლარიც შაქარია!

თოდრაძეს მერე მივხედავთ… ბატონო ზაქარია, ხომ ხართ ხალხის რჩეული (უკვე მეორედ) და ჩაატარეთ ექსპერიმენტი საკუთარ თავზე. ერთი თვის განმავლობაში იარეთ სამსახურის მანქანით, მიიღეთ ყველა პრივილეგია, მაგრამ კვებისთვის ოთხ ლარზე მეტი არ დახარჯოთ. არ გაინტერესებთ, თვის ბოლოს, საერთოდ, სიარულის თავი თუ გექნებათ? არ გაინტერესებთ, შრომისუნარიანი ადამიანიდან უუნარო გახდებით თუ არა? არ გაინტერესებთ, გამოფიტული და ნაშიმშილარი ორგანიზმი რას განიცდის? არ გაინტერესებთ, რას გეტყვიან ახლობლები, როცა ერთი თვის თავზე გნახავენ და შიშით მოგაკივლებენ, რა გჭირს, რას დაემსგავსეო? ბონია მეწისქვილის ძაბუნიასავით ძუკნა ძაღლს რომ დაგამსგავსებთ დარდი და შიმშილი, მაშინ ეგებ მიხვდეთ, რომ, რაც გაქვთ, ხალხისგან გაქვთ და ისე მაინც ჭამეთ, საზოგადოება არ გაღიზიანდეს. ისე მაინც გამოიტენეთ ყბები, სელფები არ გადაგიღონ ძვირად ღირებული საკვების მირთმევისას და სოციალურ ქსელში არ გაავრცელონ. გასულ წელს ბინაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი რომ გადაიხადეთ, საკვებიდან მორჩენილი თანხით შეძენილი არ უნდა იყოს. არა მგონია, 4 ლარი და გეხარჯათ დღეში და მაგით შეგეგროვებინათ ეგ თანხა. ხალხის გადასახადებიდან მიღებული ფულია ეგ და, თუ ბანკი დიდ სესხს გაძლევთ, ეგეც ხალხის დამსახურებაა, იცოდეთ. “ხარება და გოგიაშია”, ძმა რომ ეუბნება ხარებას, კარგ ბაგაზე ხარ დაბმული და ჭამე, რაც მაგ ბაგაში ყრიაო… ჰოდა, ჭამე, ზაქარია, რაც მაგ ბაგაში ყრია და, როცა ანალოგიური განცხადებების გაკეთებას დააპირებ, 4-ლარიანი ლუკმა მიაყოლე, გამოტენილი პირით ძნელია საუბარი და ნაკლებ სისულელეს იტყვი.

ახლა თოდრაძე, კაცი, რომელმაც ხმამაღლა თქვა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცით _ სახელმწიფო ვერ ახერხებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ასი ათასობით ადამიანის უზრუნველყოფას და ისინი ბედის ანაბარა ჰყავს მიტოვებული. ჰო, ბედის ანაბარა, საძოვარზე მიშვებული ნახირივით და სულ არ აინტერესებს, რას შეჭამს ან რას დალევს ადამიანთა ის ჯგუფი, რომელსაც იმავე სახელმწიფოს მიერ დაწესებული დღიური ოთხი ლარიც კი სანატრელი აქვს. და იმის მიუხედავად, რომ ამ ადამიანმა სიმართლე გააშიშვლა და მწარე რეალობა დაგვანახვა, მაინც მიუღებელია მისი განცხადება. მიუღებელია იმიტომ, რომ სწორედ ის არის პასუხისმგებელი საარსებო მინიმუმის დაწესებაზე. გამოდის, მან იცის, მის მიერ დაწესებული თანხა საკმარისი არ არის საკვებად, რომ ადამიანი შეიძლება შიმშილით მოკვდეს, მაგრამ მაინც აწესებს, ანუ მისი სამსახური გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის ბიურო უფროა, ვიდრე “საქსტატი”. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არაერთხელ გვსმენია: სხვის ჯიბეში ფულს ნუ ითვლითო. კეთილი, არ დავითვლით, მაგრამ სახელმწიფო ხომ გვითვლის თითოეულ ჩვენგანს ფულს? ხომ ანგარიშობს, რა და როგორ გვჭირდება და აგერ, თანხაც დაგვიანგარიშა _ დღეში 4 ლარი. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ, როცა ოჯახის წევრთა რაოდენობა იზრდება, თანხა მცირდება, ანუ თუ ერთ კაცს კვებისთვის 120 ლარი სჭირდება, ხუთსულიან ოჯახს, 600 ლარის ნაცვლად, 361 ლარი აკმარეს. თოდრაძის გათვლა, ალბათ, ასეთია _ ხუთსულიან ოჯახში ორი მშობელი იქნება და სამი ბავშვი. შესაბამისად, მშობლები მშიერ შვილებს ხომ არ დაუწყებენ ყურებას, სადმე რამეს მოძებნიან, სამი ბავშვისთვის კი, თითოზე დღიური 4 ლარი, თვის ბოლოს… ზუსტად 360 ლარია. ჩვენ სხვა ახსნას ვერ ვპოულობთ და, თუ არსებობს, მაშინ იქნებ თოდრაძემ აგვიხსნას, არ ეშლება მაგას, როგორც ჩანს, ასეთები. კვების გარდა, ჩაცმაც რომ უნდა ადამიანს, გადასახადების გადახდაც და მგზავრობაც, ეგ კიდევ სხვა თემაა. ფეხით ივლის, ზაფხულში გვიან ღამდება, ცოტა ტანისამოსია საჭირო და…

იცით, რა მაინტერესებს? თქვენი განცხადებები სოციალურ ქსელში რომ ვრცელდება, მერე თუ კითხულობთ კომენტარებსა და ხალხის რეაქციას?! ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ათასობით კომენტარის შემდეგ, რაც თქვენს განცხადებებს მოჰყვება ხოლმე, თავმოყვარე კაცი ან თანამდებობიდან წავიდოდა, ან ისე დაიმალებოდა, ჟურნალისტები კი არა, 4 ლარით დანაყრებული ოჯახის წევრებიც ვერ იპოვიდნენ. მაგრამ ამას ნამუსი სჭირდება, თქვენი განცხადება კი არ ჰგავს ნამუსიანი კაცის განცხადებას. უფრო მარტივად რომ გითხრათ, უნამუსოები ხართ, ბატონებო, და არ მითხრათ ახლა, რატომ ილანძღებიო. არ ვილანძღები, არა. ეს არის ყველაზე რბილად ნათქვამი იმ კომენტარებიდან, რომლებიც თქვენ ხალხმა მოგიძღვნათ. ყველა კომენტარი რომ აქ დავწეროთ, გვერწმუნეთ, ბევრ ისეთ გინებას გაიგებთ, აქამდე რომ ვერ წარმოგედგინათ და იმ ოთხ ლარზე იმდენ ინტერპრეტაციას მოისმენთ, თქვენი ფანტაზია ვერასდროს რომ გასწვდება.

სხვა, აბა, რა გითხრათ?! აგერ, თოდრაძემ ადამიანები ოფიციალურად დაყო _ მე შეიძლება არ მეყოს, თქვენ უნდა იმყოფინოთო. საზოგადოდ, დამტკიცებულია, რომ ნებისმიერ საზოგადოებას ჰყავს ის ხელისუფლება, რომელსაც იმსახურებს. შესაბამისად, ამათ ვიმსახურებთ, ალბათ, და ამიტომ მშვიდად შევირგოთ ის გადმოგდებული ოთხი ლარი, თორემ ხომ შეიძლება, ნახევარმილიონიანი ბინების შესაძენად მომავალში ფული არ ეყოთ და როგორ გგონიათ, ვისი ჯიბიდან ამოიღებენ? ჩვენს ჯიბეში ფულს ნუ ითვლითო, შემოგვითვალეს, სამაგიეროდ, რიგითი მოქალაქეების ჯიბეებში აქვთ დათვლილი და, სადაც 4 ლარად ვახერხებთ ცხოვრებას, იქ სამ ლარადაც შეძლებენო, _ იტყვიან და საარსებო მინიმუმს შეამცირებენ. ახლა არ მითხრათ, ნამუსი შეაწუხებთო… ხომ გითხარით, _ ამათ ნამუსი არ აქვთ, არა!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here