Home რუბრიკები საზოგადოება რომან რურუა: რუსეთი აფხაზეთში შევიდა იმ მიზნით, რომ ექსტრემისტებს გამოაცალა დასაყრდენი და...

რომან რურუა: რუსეთი აფხაზეთში შევიდა იმ მიზნით, რომ ექსტრემისტებს გამოაცალა დასაყრდენი და შავ ზღვაზე გასასვლელი

მუსლიმურ ექსტრემიზმს, ჩრდილოეთ კავკასიის ერთიან სახალიფოში გაერთიანება სურდა, აფხაზეთიც ამ ახალ წარმონაქმნში განიხილებოდა

რომან რურუა

რომან რურუა, სახელგანთქმული ქართველი სპორტსმენი, კლასიკურ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების, საბჭოთა კავშირისა მსოფლიოს მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი მაინცდამაინც სპორტზეჩაციკლულიარ არის.

ბეჭდაუდებელი ფალავანია რომან რურუა და, ამასთანავე, მოღვაწე კაცი, გონებაგახსნილი მეწარმე, ჭკვიანი და ალღოიანი ორგანიზატორი, განათლებული პიროვნება, პრინციპული. გაბედულია დღეს საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე. როგორიც იყო ჭიდაობაში. ბოროტებას გულში არ ჩაიდებს, ბოღმას თავს არ შეაჭმევინებს. კეთილია. მწარე სიმართლეს რომ ამბობს, სიკეთეს უფენს ფიანდაზად. ეს თვისება მისი კუთხის შვილებს ახასიათებთ განსაკუთრებით. მოკლედ, მრავალპლანიანი ქართველია: სამყაროს იტევსო, ასეთებზე იტყვიან. შეთანხმებისამებრ, ინტერვიუ აფხაზეთში ახლახან მისი ჩასვლის თემაზე ავაგეთ.

_ რატომ გადაწყვიტეთ აფხაზეთში ჩასვლა?

_ გადავწყვიტე, უპირველესად, იმიტომ, რომ მაინტერესებდა, რა მდგომარეობა იყო აფხაზეთში. მინდოდა, გამეგო, როგორ აფასებენ აფხაზები ჩვენი ნამოქმედარის შედეგს. რას ფიქრობენ, რისი იმედი აქვთ, რა სურთ? შევხვდი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. ვისაუბრეთ გულახდილად. მათ თავიანთი გულისნადები გამიზიარეს, მე ჩემი ვთქვი. არავითარი დაპირისპირება, არავითარი საყვედური.

_ აფხაზეთში ჩასვლა დღეს ძნელია, როგორ მოახერხეთ?

_ ძნელია მათთვის, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი იმ არეულ დროში, როცა შეგნებულად ჩაგვითრიეს იმ უბედურებაში, რომელიც ჩვენსა და აფხაზებს შორის დატრიალდა. აფხაზეთის ომში მე არ ვმონაწილეობდი, ხელებიც და სინდისიც სუფთა მაქვს, კეთილგანწყობა არ მაკლია, მაშასადამე, მორალური უფლება მქონდა, მომენახულებინა ჩვენი აფხაზი ძმები.

_ დასკვნა, რომელიც აფხაზებთან შეხვედრების შემდეგ გამოიტანეთ, როგორია?

_ მოკლედ გეტყვით. ზიზღის მსგავსი რამ ჩვენ მიმართ არ აქვთ. მენდეთ, მართალს გეუბნებით! მგონი, ისინი ჩვენსავით აფასებენ აფხაზეთში დატრიალებულ ამბებს: ეს იყო ინტერესთა კონფლიქტი და არავითარი დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე. აფხაზებიც მოტყუვდნენ და ჩვენ ხომ მოვტყუვდით და მოვტყუვდით.

ყველამ ვიცით, რომ კონსტანტინე ოზგანის მიერ წარმართულ სეპარატისტულ პროცესებს მხარი დაუჭირეს ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერატებმა ჩეჩნების მეთაურობით. მაშინ ამ ალიანსს ხსნიდნენ იმით, რომ მოსკოვის დავალებით იყო შექმნილი და ჩვენ წინააღმდეგ დაძრული. დღევანდელი გადასახედიდან ამ პრობლემას ცოტა სხვა კუთხით ვხედავ. მუსლიმურ ექსტრემიზმს, ჩრდილოეთ კავკასიის ერთიან სახალიფოში გაერთიანება სურდა. აფხაზეთიც ამ ახალ წარმონაქმნში განიხილებოდა, სოხუმი კი _ ამ ისლამური გაერთიანების დედაქალაქად. რუსეთი აფხაზეთში შევიდა იმ მიზნით, რომ ექსტრემისტებს გამოაცალა დასაყრდენი და შავ ზღვაზე გასასვლელი. იმჟამინდელი საქართველო ამ სტრატეგიულ ამოცანას ვერ შეასრულებდა, რადგან საამისოდ სამხედრო ძალა არ ჰქონდა.

_ შედეგად, ქართველები აფხაზეთიდან გამოძევებული ვართ, რუსეთი კი იქ დამკვიდრდა.

_ დიახ, დამკვიდრდა, მაგრამ რუსეთმა დაგვიტოვა შესაძლებლობა, დაგვებრუნებინა საქართველოს ეს ძირძველი კუთხე, რაზეც არაერთხელ მიგვანიშნა, მაგრამ ჩვენ არათუ გამოვიყენეთ ეს შემოთავაზებები, არამედ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებიდან მოყოლებული დღემდე მშვიდობიანი მოლაპარაკების ყველა გზა გადავკეტეთ, ყველა ხიდი დავწვით; რუსეთთან კი უკიდურესად გავართულეთ ურთიერთობა ნატოსკენ ჩვენიგანუხრელისწრაფვით. ნატოს რაკეტა დაგვიცავს, აქ რომ დაგვიყენებენ?! ის რაკეტა, სანამ მოწინააღმდეგემდე მიაღწევს, ადგილზე აფეთქდება და ჩვენ დაგვღუპავს.

არ მჭირდება მე აქ არც რუსეთის ჯარი, არც ნატოს და არც თურქეთის!

რუსეთს რომ ვუკიჟინებთ ოკუპირებული ტერიტორიის გამო, სხვა მეზობლებთან, მიტაცებული რომ აქვს ჩვენი მიწაწყალი, რატომ ვართ ენაჩაგდებულები?

ამერიკა რომ კარნახობს, იმიტომ ხომ არა? ჰოდა, ვართ ბრმა იარაღი სხვის ხელში, რომელმაც შეიძლება ჩვენვე გაგვანადგუროს. ასეთ ვითარებაში საქართველოს დამოუკიდებლობა ფიქციაა. რუსეთსაც ბევრი რამ შეეშალა ჩვენთან ურთიერთობის მოგვარების თვალსაზრისით. 2008 წლის ომის მიზეზებს არ შევეხები, რადგან ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, თანაც არ მაქვს პრეტენზია, დავიჩემო, რომ ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებას ვქადაგებ.

_ აფხაზებთან შეხვედრები სად გაიმართა?

_ სოხუმში. საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ყოფილ საუწყებო სანატორიუმში, რომელიც დღეს კვლავ აფხაზეთს დაუბრუნეს, მაგრამ ვერ უვლიან, სახსრები არ აქვთ, ამიტომ ეს ობიექტი არ მუშაობს.

_ ვის ელაპარაკეთ?

_ მათ, ვინც აფხაზეთის პატრიოტებად დარჩნენ. ჩვენი მხრიდან მხოლოდ მე ვიყავი, დანარჩენები აფხაზები გახლდნენ _ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი შეიარაღებული ფორმირებების ყოფილი მებრძოლები. სუფრაც გაიშალა, მაგრამ ქეიფი, ცხადია, არ ყოფილა. გულახდილად ვილაპარაკეთ და, მგონი, გავუგეთ ერთმანეთს.

_ ხომ არ შემოუთავაზებიათ უფუნქციოდ დარჩენილი სანატორიუმების, საწარმოების აღსადგენად ინვესტიციების ჩადება, ამ მიმართულებით თანამშრომლობა?

_ ისეთი საუბარი იყო, სადაც პირდაპირ თქმაზე უფრო მნიშვნელოვანია ქვეტექსტი, მინიშნება. რაც არ ითქვა, იმაზე ლაპარაკს არ დავიწყებ. ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამაც და კერძო მეწარმეებმაც, თავის დროზე რაც არ გააკეთეს, გააკეთონ ახლა! გადადგან ეს ნაბიჯი.

_ როგორია დღეს აფხაზეთი, ერთ დროს შავი ზღვის სანაპიროს მარგალიტი და ყოფილი საბჭოეთისჯანმრთელობის კერა”?

_ ლესელიძემდე ჩამიყვანეს, ყველაფერი დამათვალიერებინეს და, რაც იქ ვნახე, იმას ჩვენი ნამოქმედარი დავარქვი: გადამწვარგადაბუგულია აფხაზეთი, სახლს ვერ იპოვი, ხელუხლებელი რომ იყოს. სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები განადგურებულია. ერთადერთი, რაც გაკეთებულია, სამანქანო გზაა, ისიც რუსებმა აღადგინეს.

სხვა _ არაფერი!

გასხლული ხე, აკრული ვაზი, მოხნული მიწა ვერსად ვნახე. არავინ იფიქროს, რომ თავზე ფერფლს ვიყრი _ ომში ორივე მხარეა დამნაშავე: ჩვენნაირი “მხედრიონელები” იმათაც ჰყავდათ. ვთქვათ ეს ყველამ! მარტო მე რატომ მათქმევინებთ, ჩემთან ერთად სხვებმაც თქვით!

_ სპორტსმენებს თუ შეხვდით?

_ რა თქმა უნდა. ჭიდაობის დარბაზები გვაქვსო. ავარჯიშებენ ახალგაზრდებს. უმაღლეს სპორტულ დაოსტატებაზე როგორ ზრუნავენ? ვწვალობთო რაღაცას. ზოგს ჩრდილოეთ კავკასიაში ვგზავნით, ზოგს _ რუსეთში და გვეკარგება ნიჭიერი ბავშვებიო.

_ საქართველოში?

_ გლდანის სკოლა-ინტერნატში გამოუგზავნიათ. ორი ბავშვის მეტი არ მიიღესო. რატომ არ მიიღეს-მეთქი, რომ შევეკითხე, კონკურსში ვერ გავიდნენო(!). წესისა და დებულების დაცვის კუთხით, ყველაფერი სწორია, მაგრამ მორალს რას უშვები, მოვალეობას, ქვეყნის ინტერესებს, ბოლოს და ბოლოს?! რა კონკურსი აგიტყდათ, ბატონებო, აფხაზი ბიჭების მიმართ, რომელ პოდიუმზე გასასვლელად ამზადებთ? ერთი და ორი ბავშვი კი არა, რამდენსაც სურს, თუნდაც ჭიდაობის ნიჭის ნასახიც არ გააჩნდეს, უნდა მიიღო და გაზარდო! მხოლოდ სპორტსმენად კი არა, კაცად უნდა გაზარდო!

_ ხომ არ დაჰპირებიხართ, რომ ჩაერეოდით და მოაგვარებდით ამ საკითხს?

_ ვისთან უნდა ჩავერიო, ვის აინტერესებს ეს საკითხი?!

_ უნდა აინტერესებდეს. ამხელა სამინისტრო გვაქვს.

_ არ აინტერესებთ და რა ვქნა?

_ უნდა მიხვიდეთ და უთხრათ.

_ მე კი არ უნდა მივიდე, ის უნდა მოვიდეს აქეთ. მე საქმის საინტერესო მიმართულებით წარმართვის პერსპექტივა ჩამოვუტანე. დაინტერესდნენ. ვეტყვი ყველაფერს.

_ აფხაზებთან მომავალ შეხვედრებზე ხომ არ შეთანხმებულხართ?

_ ორჯერ დამირეკეს: სხვებსაც უნდათ თქვენთან შეხვედრაო. ხელცარიელი ხომ არ ჩავალ?! თუნდაც ეს თემა _ აფხაზი ახალგაზრდა სპორტსმენების აღზრდადაოსტატებით არის ვინმე დაინტერესებული თბილისში?!

ერთი თუ ორი მივიღეთო. კარგი, რა!

ალბათ, შემეკითხებით, რა არის გასაკეთებელი, აფხაზეთი რომ დავიბრუნოთო.

თქვენ არა, მათ ვუპასუხებ, ვისი მოვალეობაცაა ამ პრობლემის მოგვარება:

თქვენ, ბატონო პოლიტიკოსებო, ჩემზე კარგად იცით, რა არის გასაკეთებელი აფხაზეთის დასაბრუნებლად. რა გინდა ამ პოლიტიკაში, ჩემო ძმაო, თუ სიმართლეს არ იტყვი? გეშინია? _ კი, გეშინია, ამიტომ არ ამბობ!

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. მივმართავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა რეფორმირებული სამინისტროების ხელმძღვანელებს: იკადრეთ რომან რურუასთან მოსვლა, ბევრ საინტერესოს შეიტყობთ, ამოუდექით მხარში. მე თქვენ გეტყვით, ყოველდღე ხელს ართმევთ საბჭოთა კავშირის, მსოფლიოს, ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონს.

დავიჯერო, რომ, მიხეილ სააკაშვილისა არ იყოს, თქვენც არ კითხულობთ გაზეთებს?!

3 COMMENTS

  1. იმედია ჩვენი მთავრობის შედარებით განათლებული ნაწილი კითხულობს გაზეთებს და წაიკითხავს ამ ინტერვიუს. ასევე იმედია ბევრი მიბაძავს და მხარში ამოუდგება ბატონ რომან რურუას. სახალხო დიპლომატიას დიდი ძალა აქვს. ბრიუსელში და ვაშინგტონში სირბილს სჯობს აფხაზეთში ჩავიდეთ და დაველაპარაკოთ იქაურებს – როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე მოსახლეობას. დიდი მადლობა ბატონ რომანს!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here