Home რუბრიკები საზოგადოება როდის დაუდგამს ძეგლს საქართველოს ხელისუფლება ჩე გევარასა და მაჰათმა განდის?

როდის დაუდგამს ძეგლს საქართველოს ხელისუფლება ჩე გევარასა და მაჰათმა განდის?

2633
ვაცლავ ჰაველის ძეგლის გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ თბილისში, ვაკის გამგეობის ეზოში მდებარე განახლებულ სკვერში, ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დრამატურგისა და დისიდენტის _ ვაცლავ ჰაველის ძეგლი გახსნეს. ძეგლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრები, აგრეთვე, ჩეხეთის ელჩი საქართველოში _ ტომაშ პერნიცკი და ჩეხეთის დიასპორის წარმომადგენლები.

ვაცლავ ჰაველის, როგორც დისიდენტის, ჩეხოსლოვაკიის “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერისა და სამართლიანობისთვის მებრძოლის როლი განუზომელია ჩეხეთის ისტორიაში, მისი შემოქმედება და მოღვაწეობა სათანადოდ არის დაფასებული არა მხოლოდ ჩეხი, არამედ ევროპის ხალხების მიერ, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა, უწინარესად, ჩვენი გმირი და სახელოვანი თანამემამულეების საქმეების წარმოჩენაზე უნდა ვიზრუნოთ.

რონალდ რეიგანის ძეგლი

თბილისში არ არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და დისიდენტის _ ზვიად გამსახურდიას ძეგლი (ალექსანდრე ჭაჭიას ძალისხმევით მისი ერთადერთი ბიუსტი დგას ზუგდიდის ცენტრში); არ დგას, აგრეთვე, მისი თანამებრძოლის, დისიდენტისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელის _ მერაბ კოსტავას ძეგლი; არ არის ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტისა და “დედა ენის” შემქმნელის _ იაკობ გოგებაშვილის ძეგლი (მხოლოდ ბიუსტი დგას მის საფლავთან, მთაწმინდის პანთეონში); არ დგას “თბილისოსა” და სხვა უამრავი პოპულარული სიმღერის ავტორის, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ძეგლი… დედაქალაქის ცენტრიდან კი გაძევებულია დავით აღმაშენებლის სკულპტურა. სამაგიეროდ, გვაქვს რონალდ რეიგანის, ჰეიდარ ალიევის, ალისა და ნინოს, ველოსიპედის, ფლოსტებისა და კვერცხების ძეგლები, ჯორჯ ბუშის ქუჩა, არყის შადრევანი… რეიგანის, ალიევისა და ახლა ვაცლავ ჰაველის ძეგლის დადგმა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება (გამონაკლისია ზვიად გამსახურდია) გამსჭვალულია ქსენოფილიით _ ყოველივე უცხოურისადმი სიყვარულით _ და პატივს არ სცემს ქართულს, ქართველი ერის სასიქადულო ადამიანებს, ქართულ ფასეულობებს, რადგან არ აქვს ეროვნული ცნობიერება… აკი განაცხადა კიდეც ორიოდე დღის წინათ საქართველოს პარლამენტის ჩიჩილაკიანმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ: “მე არც ეროვნული ცნობიერების შინაარსი არ მესმის და არც ცნობიერების. ეროვნული ცნობიერება, საერთოდ, ცოტა ისეთი, სახიფათო რაღაცაა კონსტიტუციაში, და ცნობიერების განვითარებაზე ზრუნავს _ ეს არ ვიცი, რას ნიშნავს. ეს ნიშნავს იდიოლოგიზაციას ადამიანების, ჰო?! და ეროვნული რომ უწერია დამატებით, ეს ნიშნავს ნაციონალისტურ იდეოლოგიას”.

ერნესტო ჩე გევარა

მაჰათმა განდი

აი ასე _ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არ იცის, რა არის ეროვნული ცნობიერება, სამაგიეროდ, იცის, რა არის ლიბერასტული ცნობიერება და… ამიტომაც დგამენ საქართველოში რეიგანის, ბუშის, ალიევის, ჰაველის, ველოსიპედისა და ფლოსტების ძეგლებს, ხოლო იაკობ გოგებაშვილისა და რევაზ ლაღიძის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, არათუ ძეგლის დადგმა, ხსენებაც არ უნდათ.

ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა

ისე, ჰაველზე არანაკლები, თუ მეტი არა, დისიდენტები და სამართლიანობისთვის მებრძოლები იყვნენ არგენტინელი ერნესტო ჩე გევარა და ინდოელი მაჰათმა განდი, მაშინ მათაც დავუდგათ ძეგლები თბილისში, რეიგანსა და ბუშზე მეტი მაინც გაუკეთებიათ კაცობრიობისთვის…

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here