მაისის პირველ დეკადაში საზოგადოების ყურადღება გაფიცვების თემამ მიიპყრო. ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის ტრასის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა ხელფასების მომატება და შრომის პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს, ისევე, როგორც თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა. მათ მიერ 3 მაისისთვის დაანონსებული გაფიცვა, მართალია, გადაიდო, მაგრამ მეტროს შესაძლო პარალიზების გამო კონფლიქტმა გარკვეული რეზონანსი შეიძინა. 1 მაისის აქციაზე კი პროფკავშირებმა კვლავ ჩამოთვალეს ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტას ხელისუფლება წლების განმავლობაში ვერ ახერხებს.
ხაშურთან საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები ჩინური კომპანია “სინო ჰიდროსგან” დღეში საშუალოდ 20 ლარს იღებენ: მუშები _ 16-18 ლარს, მძღოლები _ რამდენიმე ლარით მეტს. მათი განცხადებით, სამუშაო კვირა 70 საათს გრძელდება, დასვენების ან ბიულეტენზე ყოფნის დღეები არ უნაზღაურდებათ, სამედიცინო დაზღვევა არ აქვთ, ღამის საათებში მუშაობისთვის დამატებით თანხას არ უხდიან და უხეშადაც ეპყრობიან. ცხადია, ყოველივე ჩამოთვლილი შრომის კოდექსთან გადაულახავ წინააღმდეგობაში მოდის.
სამუშაოები ამ მონაკვეთზე დეკემბერში დაიწყო _ 14-კილომეტრიანი ოთხზოლიანი გზა, რომელიც ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურსა და სურამს და რიკოთის გვირაბამდე გავა, 2020 წლისათვის უნდა აშენდეს. სამუშაოების ნაწილს ჩინური “სინო ჰიდრო” (113,5 მილიონი ლარის კონტრაქტი), ნაწილს კი იტალიური “ასტალდი” (363,7 მილიონი ლარის კონტრაქტი) ასრულებს.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები, უპირველესად, ხელფასების მომატებას ითხოვენ და ამბობენ, რომ, ინფლაციის მიუხედავად, ბოლო 5 წლის განმავლობაში ის არ შეცვლილა. მემანქანეებს სურთ, რომ მათი მუშაობის საათობრივი ანაზღაურება 7-დან 10 ლარამდე გაზარდონ და ხაზს უსვამენ ჯანმრთელობისთვის საშიშ შრომის პირობებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელ პროფკავშირულ ორგანიზაციაში “ერთობა 2013”-ში, რომელიც ამ საკითხს 2016 წლიდან აყენებს, აცხადებენ, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან მემანქანეთა 80%-ზე მეტი, ხოლო დანარჩენები მათ მოთხოვნებს უერთდებიან.
ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხელფასები საერთოდ არ გაზრდილა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია უარყოფს, მან შესაბამისი მონაცემები გამოაქვეყნა. მის განცხადებაში, აგრეთვე, ნათქვამი იყო: “კომპანიაში დაინერგა წელთა ნამსახურეობისა და ღამის სამუშაოების ტარიფების ზრდა, რომელიც დადებითად აისახა თანამშრომლების შემოსავლებზე. სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეების კონკრეტულ ჯგუფს, უფრო მეტად გაითავისოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე”.
დედაქალაქის მერიაში, აგრეთვე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, გაფიცვის საფრთხის მიუხედავად, იმთავითვე განაცხადეს, რომ ხელფასების 40-50%-ით გაზრდის რესურსი არ აქვთ.
თბილისის მეტროპოლიტენს დღეში 400 ათასამდე მგზავრი გადაჰყავს. მემანქანეების გაფიცვის საფრთხემ მედია დედაქალაქის პარალიზებაზე აალაპარაკა. თუმცა 30 აპრილს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეტრო მუშაობას გააგრძელებს და დასძინა, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასი 1300-1400 ლარი აქვთ, მაშინ, როდესაც სხვა დასაქმებულებს _ გაცილებით ნაკლები: “არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს გაჩერება არ მოხდეს. გაფიცვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. უბრალოდ, ადამიანურად, ასეთი მიდგომები გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იმ ადამიანებს აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასი. თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც უკეთესი ეკონომიკური ზრდა და უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება, რა თქმა უნდა, ხელფასის მომატება იქნება ყველა მიმართულებით” (ინტერპრესნიუსი).
მოლაპარაკებები მხარეთა შორის საკმაოდ რთულად და ნერვული დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა. 2 მაისს, როდესაც წინასაგაფიცვო პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გაფიცვის 1 თვით გადავადების შესახებ და ეს მეტროპოლიტენის სასიცოცხლო მნიშვნელობითა და ქალაქის სატრანსპორტო პარალიზების საფრთხით დაასაბუთა.
აშკარაა, რომ ბოლო წლებში გაფიცვები ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მათ არ აქვთ საყოველთაო, არც დარგობრივი ხასიათი; როგორც წესი, ჩერდება მხოლოდ ერთი კონკრეტული საწარმო. გაფიცულები, ჩვეულებრივ, მხოლოდ მცირე წარმატებებს აღწევენ _ ამის თვალსაჩინო მაგალითია ტყიბულელი მეშახტეების 2016 წლის გაფიცვის ფინალი. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის მმართველობის წლებთან შედარებით, სიტუაცია აშკარად შეცვლილია _ გაფიცვა აღარ განიხილება, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქტი.
ამ ცვლილებების საილუსტრაციოდ, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ 2011 წლის გაფიცვა ინდური კომპანიის კუთვნილ ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა “ჰერკულესში”. პროფკავშირები სიტუაციას საწარმოში მაშინ ასე აღწერდნენ: “ქარხანაში არ მოქმედებს ტუალეტი, არ არის სასადილო, არ არის ადგილი გამოყოფილი იმისთვის, რომ მუშებმა სახლიდან მოტანილი საკვებით წაიხემსონ, მედპუნქტი მხოლოდ დღისით ფუნქციონირებს, მაშინ, როდესაც საწარმოო ტრავმების მიღების რისკი ღამით უფრო მაღალია… პრობლემაა შესაბამისი სპეცტანსაცმლისა და აღჭურვილობის მომარაგება; თუმცა ყველაზე დიდ პრობლემას ამ საწარმოში დასაქმებულთა შრომითი კონტრაქტები, სამუშაო დრო, ცვლიანობის გრაფიკი და დატვირთვის შესაბამისი ხელფასის, შვებულებისა და ბიულეტენის თანხის მიღება წარმოადგენს; უკვე სამი წელია, არ მომხდარა დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაცია”.
დასაქმებულთა ნაწილი კვირაში 60 საათს მუშაობდა, ნაწილი კი _ 94 საათს, რაც გაცილებით მეტი იყო შრომის კოდექსით გათვალისწინებულ 41 საათზე, მიუხედავად ამისა, ზეგანაკვეთური საათების შესაბამისი ანაზღაურება არ ხდებოდა. როდესაც მუშები პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია შექმნეს, 6 მათგანი სამსახურიდან გააგდეს და შეუთვალეს, რომ აღდგენა მხოლოდ მაშინ გახდებოდა შესაძლებელი, თუ ისინი “მოინანიებდნენ, რომ ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შექმნეს იატაკქვეშა ორგანიზაცია(!) და ამისთვის ბოდიშს მოიხდიდნენ”. როდესაც “ჰერკულესის” თანამშრომლებმა ხელფასის დაგვიანება გააპროტესტეს და მუშაობა შეწყვიტეს, 7 მათგანი დააკავეს და ხულიგნობისთვის 20-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შემდეგ კი “მთელი თვის განმავლობაში მეტალურგებს საქამრეში იარაღგარჭობილი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციის მუშაკების ზედამხედველობით უწევდათ მუშაობა” (მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაცია).
როდესაც ქარხანა გაიფიცა, პოლიცია გაფიცულებს აკავებდა და, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, აწერინებდა ე. წ. ხელწერილებს, რომ ისინი ქარხანაში არსებულ პირობებს აღარ გააპროტესტებდნენ და მუშაობას განაგრძობდნენ. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მაშინ ასეთ ინფორმაციას ავრცელებდა: “პოლიცია და “ჰერკულესის” ხელმძღვანელობა მუშებს სახლში აკითხავს და ქარხანაში მისვლას აიძულებს… და ისინი მუშობას პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ აგრძელებენ”. მნიშვნელოვანი რეპრესიული როლი სასამართლომაც შეასრულა _ მათ, ვინც პროტესტს გამოთქვამდა, დამნაშავედ სცნობდნენ ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ასეთი წნეხის მიუხედავად, ადმინისტრაციამ პროტესტი სრულად ვერ ჩაახშო და იძულებული გახდა, ცალკეულ დათმობებზე წასულიყო.
გაფიცული მშრომელები და მათი უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ძალოვანები დღესაც ცდილობენ, მათზე გავლენა მოახდინონ, თუმცა ამას გაცილებით ფრთხილად აკეთებენ და, ძირითადად, თვალთვალით ან ფსიქოლოგიური ზეწოლით შემოიფარგლებიან.
გაჩნდა კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო სიტუაციის ნაწილობრივ დარეგულირებას _ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ ამა წლის მარტში მიიღო კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”. ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ ის არასრულყოფილია, თუმცა სიტუაციას შედარებით გააუმჯობესებს, განსაკუთრებით ტყიბულის შახტებსა და სხვა საწარმოებში, სადაც დასაქმებულებს სახიფათო, მძიმე და მავნეპირობებიანი სამუშაოს შესრულება უწევთ.
მიუხედავად ამისა, მთავარი პრობლემები _ სამარცხვინოდ დაბალი ანაზღაურება და შრომის სათანადო პირობების არარსებობა ქართული საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კვლავინდებურად აქტუალურია. სწორედ ამაზე საუბრობდნენ 1 მაისს გამართულ აქციაზე, რომელიც პროფკავშირების ორგანიზებით ჩატარდა. ისინი არც ისე ბევრნი იყვნენ და ამას ხელი, სავარაუდოდ, ორმა გარემოებამ შეუწყო. ჯერ ერთი, სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბრძოლა მშრომელთა უფლებებისთვის რადიკალურ მემარცხენეობასთან და კომუნისტურ წარსულთან დაეკავშირებინა. ამასთანავე, სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის სერიოზული კონკურენცია გამოიხატა. მიმართვაში, რომელიც პროფკავშირების გაერთიანებამ 1 მაისის აქციის წინ გაავრცელა, ნათქვამი იყო: “ჩვენი, როგორც მშრომელთა ლეგიტიმური წარმომადგენლების, მიერ ორგანიზებული პროტესტი, არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ პარტიის ვიწრო მერკანტილური ინტერესებისთვის გამოყენების ობიექტი გრანტების მოზიდვის მიზნით კამერების წინ პოზირება, მუშათა მოძრაობების დეზორგანიზება და დასუსტება უმეცრებით ან დაკვეთით, პროფესიული კავშირების მიერ ჩამოყალიბებული და მრავალგზის გაჟღერებული ინიციატივების პლაგიატური გამოყენება ჩვენი ორგანიზაციის სახელის სრული იგნორირებით… მოვუწოდებთ იმ ჯგუფებს, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს სულისკვეთებას, ღირებულებებსა და მოთხოვნებს, ნუ შემოუერთდებიან პროფკავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ მსვლელობას”.
სავარაუდოდ, საუბარია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ბრალს სდებენ პროფკავშირების გაერთიანებას კონფორმიზმსა და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ: მსგავსი დაპირისპირება საზოგადოებაში სოლიდარობის გაღრმავებასა და მასშტაბური აქციების გამართვას ნამდვილად არ უწყობს ხელს. ასეთ ვითარებაში საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს, დიდი ალბათობით, მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობა ექნება, შესაბამისად, ბიზნესსა და ხელისუფლებას შეეძლება, მოთხოვნები უგულებელყოს ან მინიმალური დათმობებით შემოიფარგლოს.
ლუკა ნემსაძე