Home რუბრიკები პოლიტიკა როდესაც თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლის ბედიც კი სანატრელია…

როდესაც თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლის ბედიც კი სანატრელია…

კახა კალაძე

პოლიტიკური კრიზისი _ ასე შეფასდა სიტუაცია, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეიქმნა. საქართველოში ბორჯომი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომლის მმართველი გუნდი უმცირესობაშია, შესაბამისად, ოპოზიციაში. სწორედ ამიტომ, ბორჯომი არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელშიც დღემდე ვერ მოხერხდა მერიასა და საკრებულოში დასაქმებულებისთვის ხელფასის მომატება, თორემ დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ისეთი ხელფასები დაინიშნეს, მინისტრებსაც შეშურდათ, მაგრამ ეს, პოლიტიკური კრიზისი კი არა, მარაზმია.

მარაზმია, როცა სახელმწიფო პროგრამაში არსებული ხარვეზის გამო (და ეს ხარვეზი 2013 წლიდან არსებობს და დღემდე ვერ გამოასწორეს), სოციალურად დაუცველი ზოგიერთი ოჯახი თვეში ათ ლარს იღებს, რადგან ქულები ისე დაჯამდა, რომ მეტი არ ერგებათ, ანუ საქართველოში არსებობენ 3 და 4-სულიანი ოჯახები, რომლებიც სოციალურ პროგრამაში არიან ჩართულები, სტატუსი აქვთ და სახელმწიფოსგან თვეში 10 ლარს იღებენ. ეს მაშინ, როცა ბორჯომის მერს ხელფასის მომატება თვეში 800 ლარით სურს, რათა მეზობელი მუნიციპალიტეტის მერს გაუთანაბრდეს და თვეში სუფთა ხელფასის სახით ოთხი ათას ლარამდე აიღოს.

ეგ კიდევ არაფერი, ხელისუფლება მოსახლეობის დაცინვას განაგრძობს და დაცინვის ობიექტები მრავალშვილიანი ოჯახები არიან. სახელმწიფო განსაზღვრავს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს, რომლის საშუალებითაც ეს ოჯახები სოციალურ დახმარებას მიიღებენ. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის, თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია. უფრო კონკრეტულად კი, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთი და მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე _ დამატებით 10-10 ლარს. ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე ეს ნამდვილად დიდი შეღავათია. აბა, თავად განსაჯეთ, ოთხი შვილი რომ გყავს, მეხუთეს ელოდები და ბედნიერი ხარ, რომ თვეში 10 ლარი დაგემატება. მერე რა, თუ ჩვილი ბავშვის რჩენა თავის პამპერსებით, კვებითა და ათასი რამით თვეში, სულ ცოტა, 300 ლარი ჯდება?! სახელმწიფო 10 ლარს გიფინანსებს და დანარჩენზე შენც გაანძრიე ხელი.

მაგრამ მთავარი კატასტროფა ეს კი არ არის, არამედ ის, რომ, “საქსტატის” მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ 12 369 ოჯახია ოთხ და მეტშვილიანი. დემოგრაფიულ კატასტროფას ამაზე უკეთ ვერც ერთი მონაცემი ვერ წარმოაჩენს. და ამ ისედაც მცირე რაოდენობის ოჯახებს ისეთი სასაცილო თანხით აფინანსებენ, რომ ერის გამრავლების სურვილს ჩანასახშივე კლავენ. წლების წინათ პატრიარქმა განაცხადა, ოჯახის მესამე და შემდგომ შვილს მე მოვნათლავო და ამ მოწოდებამ მოსახლეობას სტიმული მისცა _ სწორედ ამ მოწოდების გამო არაერთმა ოჯახმა გააჩინა მესამე ბავშვი, თუმცა ჩვენთან მეოთხე შვილის შემდეგ ითვლებიან ოჯახები მრავალშვილიანად და, წესით, სტიმული სახელმწიფომ ფინანსურად უნდა მისცეს, ხოლო არის თუ არა სტიმული ათი ლარი, თვითონ განსაჯეთ.

ისევ ბორჯომს დავუბრუნდეთ. იქ ჩასულ ოპოზიციას ხელითაც შეეხნენ და ძველი ცოდვებიც გაახსენეს, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ბინძური ფულის სუნი უდიოდა და სხვა არაფერი. მერე იყო ელენე ხოშტარიამ რომ თქვა, როგორ გაბედეს და დეპუტატს ხელი როგორ დაარტყეს, ეს უსინდისობააო. ქალბატონო ელენე, უსინდისობა იცით, რა არის? თქვენმა თანაგუნდელმა აკაკი (კაკო, კაკი) ბობოხიძემ პარლამენტის სხდომაზე მიკროფონთან მდგარ პეტრე მამრაძეს რომ გაარტყა ხელი და ყველამ ტაში დაუკარით, ეგ არის უსინდისობა და, თუ ვინმეს დასჯას ითხოვთ, ეგებ, პირველ რიგში, ბობოხიძის დასჯა მოგეთხოვათ, მაგრამ არა, ის ხომ თქვენი თანაგუნდელია და ხელშეუხებელი უნდა იყოს.

ყველაზე საინტერესო მაინც ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის, პოზიციაა. ფოფხაძე ამბობს, რომ ეს საკრებლო უნდა დაიშალოს, ახალი არჩევნები ჩატარდეს და მერე, როცა უმრავლესობით მოვა “ოცნება”, ყველაფერი დალაგდება, ანუ ხელფასებიც მოემატებათ, ბიუჯეტის ფულს უფრო მარტივად შეჭამენ და…

ბატონო გედი, თავმოყვარეობა რომ გქონდეთ, იმ საკრებულოს დაშლაზე კი არა, დეპუტატის მანდატის დატოვებაზე განაცხადებდით და ახლავე გეტყვით რატომ: ბორჯომში საკრებულოს არჩევნებში კენჭს მაჟორიტარად თქვენი ღვიძლი ძმაც იყრიდა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატადაც გყავდათ გამზადებულ-”გაპრავებული”, მაგრამ თქვენი ძმა დამარცხდა და საკრებულოს გარეთ დარჩა. ჰოდა, როცა მაჟორიტარი დეპუტატის ძმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავის სოფელში, თავის უბანში ვერ იმარჯვებს, დეპუტატმა, სულ ცოტა, ბოდიში უნდა მოიხადოს და ჩუმად იყოს. მაგრამ არა, რა დროს ბოდიში და ნამუსია, როცა ბიუჯეტის ფულთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა?! ჰოდა, წავიდა ვაჭრობა ბაღის პედაგოგების, დამლაგებლების, სპეციალისტების ხელფასებით ვაჭრობა. არადა, ახალი დებულებით, ამ ქვედა რგოლს ხელფასი 40-50 ლარით ემატება, მაშინ, როცა ზედა რგოლი, სულ ცოტა, 500 ლარს იმატებს. სამაგიეროდ, ფოფხაძეს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ბაღების აღსაზრდელებისთვის მენიუ შეიზღუდა და თითო ბავშვის კვებაზე დღიურად იმდენი იხარჯება, რამდენსაც ნორმალური ბავშვი ერთ საათში შეჭამს, მაგრამ როგორც კი ამას იტყვი, კალორიებით დაგიწყებენ საუბარს. ბატონებო, ოფიციალურად დადასტურებულია, რომ საქონლის ძვლის ტვინი ისე ნოყიერია, რომ 50 გრამის მიღება მთელი დღის სამყოფ კალორიებს იძლევა. ჰოდა, იყიდეთ საქონლის ძვლები, ტვინი ბავშვებს აჭამეთ, ძვლები კი მშობლებს მიუგდეთ სახრავად, იაფადაც გამოხვალთ და კალორიულობასაც საერთაშორისო დონეზეგააპრავებთ”!

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ჰესები სამცხეში _ მტკვარზე, რაჭაში _ რიონზე და სვანეთში ცხენისწყალზე უნდა აშენდეს. ენერგოიმპერიის მშენებლობა ივანიშვილსა და თანაინვესტირების ფონდს მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდებათ, თუმცა ყველა პროექტში რისკები ისე საიმედოდაა დაზღვეულ-გადაზღვეული, რომ ხელშეკრულებას კაბალური შეიძლება ეწოდოს, გარანტორი კი ამ შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფოა. სახელმწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ირკვევა, რომ, რაიმე მიზეზით პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, სახელმწიფომ ყოფილ პრემიერმინისტრს დახარჯული ფულიც სრულად უნდა დაუბრუნოს და ზევიდან 18%-იანი მოგებაც ჩაუთვალოს. და ეს ყველაფერი არ არის _ იმავე მემორანდუმით, მტკვარჰესის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, მომდევნო 15 წლის განმავლობაში აქ გამომუშავებული ენერგიის 100% იყიდოს…

ამის შემდეგ ძნელია, პარლამენტარებს ან მუნიციპალურ დონეზე მომუშავე ხელმძღვანელებს მოსთხოვო, თავი შეიკავონ და ბიუჯეტი ისეთივე კანონიერი გზითა და ხელშეკრულებებით არ ყვლიფონ, როგორც ამას მათი გუნდის უპირობო ლიდერი აკეთებს. ეს არ არის კატასტროფა, ეს არის მარაზმი და ამ მარაზმში გვიწევს ცხოვრება. ძნელია ამის შემდეგ ზაზა გაბუნიას უთხრა: კომიტეტის სხდომაზე ნიკა მელია უნამუსოს რომ გეძახის, გააპროტესტე მაინცო, რადგან უნამუსო უკვე ისეთი დაბალი რანგის შეფასებაა იმ ყველაფრისთვის, რაც ხდება, რომ გვერწმუნეთ, მმართველი გუნდის წევრები ამას კიდევ ბევრჯერ ჩაყლაპავენ.

და კიდევ _ მაშინ, როცა დედაქალაქის მერმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა და მისი მოვლაპატრონობისთვის დღეში 10 ლარზე მეტს ხარჯავს, თბილისის სოციალურად დაუცველი ოჯახების დიდი ნაწილიც თვეში ათ ლარს იღებს. მათ სოციალურ პროგრამაში ჩართული ოჯახების სტატუსი აქვთ და ითვლება, რომ სახელმწიფო ეხმარება. არადა, ისინი თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლის ბედს ნატრობენ

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here