Home რუბრიკები საზოგადოება როგორ წარმოიშვა სუმო და როგორ ხდებიან სუმოისტები

როგორ წარმოიშვა სუმო და როგორ ხდებიან სუმოისტები

1269
სუმო

წონა და წონასწორობა

სუმოს მთავარი პრინციპი წონასწორობის შენარჩუნებაა. როგორი ეფექტური და ლამაზიც უნდა იყოს გდება, წონასწორობის წამიერი დაკარგვაც კი მარცხს გამოიწვევს. სიმძიმის ცენტრის დაბლა გადასატანად და ფეხზე მყარად დასადგომად რიკისი წონას იმატებს. პროფესიონალი სუმოისტის წონა 120 კგ უნდა აღემატებოდეს. ჩემპიონების იდეალური წონა 130-დან 160 კგმდეა. თუ სუმოისტი უფრო მჩატეა ან მძიმე, მას ბრწყინვალე კარიერის შექმნის შანსი თითქმის არ აქვს.

ოპტიმალური წონის მიღწევა თითოეული სპორტსმენისთვის მხოლოდ გამოცდილების საფუძველზე დგინდება. ამისათვის მწვრთნელები სპორტსმენის გამოსვლების შედეგსა და ტრავმების სიხშირეს (დაჟეჟილობებითა და ჩალურჯებებით დაწყებული, სახსრების დაზიანებით დამთავრებული) ითვალისწინებენ. მძიმეწონოსანთა საჭმელს ტიანკოს უწოდებენ და მას ასე ამზადებენ: ქვაბში იხარშება ბულიონი, რომელსაც უმატებენ პროდუქტების ვინეგრეტს _ ხორცს, ბოსტნეულს, სოკოს, ზღვის პროდუქტებს, სოიოს სოუსსა და სანელებლებს. ერთი დღის განმავლობაში სუმოისტს შეუძლია შეჭამოს 3 კგ ტიანკო და 0,5 კგ ბრინჯი.

მავასი

პროფესიონალი და მოყვარული სუმოისტების ორთაბრძოლები თითქმის ერთი და იმავე წესებით მიმდინარეობს, თუმცა არის 3 ძირითადი განსხვავება. მოყვარულთა შეჯიბრებებში მონაწილეობა შეუძლიათ ქალებსაც, სპორტსმენებს ყოფენ კატეგორიებად, რიტუალები კი თითქმის არ არსებობს. იყო შემთხვევები, როდესაც პერსპექტიული მოყვარული სპორტსმენები, განსაკუთრებით _ წამოშობით იაპონელები, გადავიდნენ უფრო პრესტიჟულ ოძუმოში.

გამარჯვების მოპოვება შეიძლება სამი გზით: მოწინააღმდეგის გაგდებით არენიდან; მეტოქის იძულებით, მიწას ხელით შეეხოს ან დალოდებით, სანამ ოპონენტს გაეხსნება მავასი _ აბრეშუმის ან ბამბის სარტყელი, რომლითაც სუმოისტები გამოდიან არენაზე (რიკისის სხვა ტანსაცმელი არ აცვია).

რანგები

პროფესიონალურ სუმოში უმაღლესი წოდება არის იოკოძუნა. უმაღლესი დივიზიონის დანარჩენ მებრძოლებს, რომლებსაც მაკუნოუტის ეძახიან, აქვთ შემდეგი წოდებები: მაეგასირა, კომუსუბი, სეკივაკე, ოძეკი. იოკოძუნას ტიტული რომ მოიპოვოს, ოძეკის ტიტულის მქონე სუმოისტმა ზედიზედ უნდა მოიგოს 2 ჩემპიონატი, ჰქონდეს უმწიკვლო რეპუტაცია და ფლობდეს ჰინკაკუს. ამ ტიტულის მინიჭების გადაწყვეტილებას იღებს სუმოს ასოციაცია. მეორე, უფრო დაბალ პროფესიონალურ დივიზიონს ეწოდება ძიურე და 28 სუმოისტისგან შედგება.

ყველა დანარჩენი დივიზიონი (სულ ოთხია) სამოსწავლეოა. სპორტსმენის გადასვლა დივიზიონიდან დივიზიონში (როგორც ზევით, ისე ქვევით) ხდება ტურნირებში მოპოვებული შედეგების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალური სუმო დახურული სპორტია, ზოგჯერ უცხოებიც აღწევენ დიდ წარმატებას.

მაგალითად, მოქმედი იოკოძუნა ჰაკუჰო მონღოლეთში დაიბადა და 17 წლის იყო, ამომავალი მზის ქვეყანაში როცა ჩავიდა (იმხანად, სულ რაღაც, 72 კგ-ს იწონიდა). რამდენიმე სკოლაში სცადა სწავლის დაწყება, მაგრამ ყველგან უარი უთხრეს. როდესაც სასოწარკვეთილმა ჭაბუკმა, რომელიც ოცნებობდა სუმოისტობაზე, ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო მონღოლეთში დასაბრუნებლად, ერთ ოიაკატას შეებრალა და სკოლაში მიიღო. 2 წლის შემდეგ მსოფლიომ ახალი დიდი ჩემპიონის შესახებ შეიტყო (ის უკვე 160 კგ-ს იწონიდა).

ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე)
ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე)

ვინ შეიძლება გახდეს სუმოისტი

პროფესიონალურ სუმოში მოსახვედრად აუცილებელია, მებრძოლს ჰქონდეს საშუალო განათლება, კარგი ჯანმრთელობა, არანაკლებ 167 სმ სიმაღლე, იწონიდეს 67 კგ-ს და მეტს და მოეწონოს ოიაკატას (მასწავლებელს).

კარიერის სტარტისთვის ოპტიმალური წლოვანება 10 წელიწადია. საერთოდ კი, სუმოში 23 წლამდე პირებს იღებენ, მაგრამ, რაც უფრო ადრეულ წლებში დაიწყებს ვარჯიშს, მით მეტი შანსი აქვს, მოიპოვოს დიდი ჩემპიონის ტიტული.

შემოსავლები

სუმოისტები, რომელებმაც გამარჯვებები მოიპოვეს, იღებენ არა მხოლოდ ხალხის უსაზღვრო სიყვარულსა და ავტოგრაფის დარიგების უფლებას ხელისგულის ანაბეჭდის სახით, არამედ დიდძალ თანხებს საბანკო ანგარიშებზე. ოძუმოსა და სასწავლო დივიზიონებში დამწყები სუმოისტი ბევრ დამცირებას განიცდის, ტურნირებიდან შემოსული თანხა კი მხოლოდ ჯიბის ფულად თუ ჰყოფნით. ვითარება იცვლება, თუ სპორტსმენი შეუპოვრად ვარჯიშობს და იმარჯვებს. თავდაპირველად სუმოს ასოციაცია უნიშნავს მცირე ოდენობის ხელფასს, მაგრამ სუმოისტს შეუძლია, გაცილებით მეტს მიაღწიოს. ძიურეს კატეგორიის რიკისი ყოველთვიურად 8 ათას დოლარს გამოიმუშავებს, იოკოძუნა _ 20 ათას დოლარზე მეტს. თუმცა ხელფასი სულაც არ არის სახელოვანი სუმოისტების ძირითადი შემოსავლის წყარო. სპონსორების მიერ გაღებული თანხები და მხარდამჭერთა საჩუქრები შეიძლება ასიათასობით დოლარი იყოს. ზოგჯერ სპონსორები პრიზებს პირდაპირ ნატურით არიგებენ, მაგალითად, ერთი წლის სამყოფ ბრინჯს, რამდენიმე კასრ საკეს და რამდენიმე ტონა ბენზინს.

სუმოისტებისთვის დაწესებულია შემდეგი ხელფასები (იენებში):

* იოკოძუნა _ 28 200000 იენი

* ოძეკი _ 23 500000 იენი

* სეკივაკე _ 1 640 000 იენი

* კომოსუბი _ 1 290 000 იენი

* ძიურე _ 1 100 000 იენი

ძიურეზე დაბალი რანგის სუმოისტებს ყოველთვიური ხელფასი არ აქვთ, სამაგიეროდ თითოეული ტურნირიდან იღებენ თანხას.

* მაკუსიტა _ 200 000 იენი

* სანდამა _ 150 000 იენი

* ძიონიდანი _ 100 000 იენი

* ძიანოკუტი _ 80 000 იენი

დაწესებულია, აგრეთვე, სხვადასხვა ფულადი პრიზი თითოეული ტურნირის შემდეგ.

განმარტებები

ბანზუკე _ სარეიტინგო სია, რომელსაც იყენებენ ტურნირის წინ.

დოჰიო-მატური _ ცერემონია, რომელსაც აწყობენ ბრძოლის დაწყების წინ.

კიმარიტე _ სუმოისტის ილეთების ნაკრები, რომლებიც ახასიათებს ბრძოლის ამა თუ იმ ტექნიკას.

ტაიკო _ ორმხრივი დოლი, რომელსაც ცერემონიებისას იყენებენ.

სუმოტორი – ის, ვინც სუმოთია დაკავებული.

ცუპორი _ დარტყმა ხელისგულით.

იუმიტორი-შიკი _ ცეკვა, რომელსაც ასრულებენ შეჯიბრების დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის: ერთერთი ვერსიით, სპორტის ამ სახეობის სახელწოდება წამოიშვა სიტყვიდანსუმაუ” _ იბრძოლო, იცეკვო შიშველმა”; მეორე ვერსიით _ ძველი ჩინური ორთაბრძოლა სიანპუსგან. ამ ორთაბრძოლის აღმნიშვნელი იეროგლიფი იაპონურად ჟღერს, როგორცსუმო”.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here