Home რუბრიკები ისტორია როგორ შეიძლება ქვეყნისთვის მეტი სარგებლის მოტანა?

როგორ შეიძლება ქვეყნისთვის მეტი სარგებლის მოტანა?

1544
ნიკო ნიკოლაძე

ქართული სახელმწიფოს გონივრულად მოწყობისა და საზოგადოებრივპოლიტიკური გარდაქმნების თაობაზე ნიკო ნიკოლაძის მოსაზრებები საუკეთესო რჩევებია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად. მის შეგონებებს ნიკოლაძის პოლიტიკური ანდერძი შეიძლება ვუწოდოთ, რომლიდანაც ქართველმა ერმა არასოდეს არ უნდა გადაუხვიოს.

მცირერიცხოვანი ერებისთვის რა არის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის იარაღი?

ნიკო ნიკოლაძის აზრით, მცირერიცხოვანი ერებისთვის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის იარაღია სიმრავლე, ნაკლისა და ჭირის არ დამალვა და თვითმკურნალობა: ჩვენ რიცხვით, ძალით, ოინობით ვერაფერს ვერასოდეს ვერ გავიტანთერთი იარაღი გვაქვს ჩვენ, მარტო ერთი: აზრის სისწორე, სინდისის სიმრავლე, გონიერება, საქმის სიწმინდე. მარტო ამით შეგვიძლია ჩვენ გავიმარჯვოთ, შემდეგში, მომავალში, როდესმე. მაშ, ჩვენ უმანკოდ და გაუსვრელად უნდა შევინახოთ ეს ჩვენი მხოლოდი იარაღი, თორემ იმ დღეს, როცა ჩვენი მტერნი, რიცხვით და ძალით ძლიერნი, ჩვენ წინააღმდეგ სიმართლესაც მოიპოვებენ, ჩვენი საქმე ფიზიკურად და ზნეობრივადაც დაღუპული იქნება”.

ნიკოლაძეს კარგად ესმის, რომ ჩვენი ნაკლოვანებანი ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ: “ქვეყანა იმდენად ბრმა და ყრუ როდია, რომ ჩვენი შეცდომები ან უხეირობა ვერ დაინახოს თვითონ, ჩვენ რომ ამაებზე მუნჯებსავით გავჩუმდეთ. სირაქლემასავით თავი ბუჩქებში რომ დავმალოთ, მტერი მაინც დაგვინახავს და მაინც დაგვამარცხებს. ათასჯერ და ათიათასჯერ ჯობია, რომ ჩვენ ჩვენი თავი გავიცნოთ, ჩვენი სიმრუდე თვითონვე გავისწოროთ და მაშინ უფრო ძლიერნი ვიქნებით მტრის წინააღმდეგ, ვინემ დღესა ვართ”.

ყოვლად შეუძლებელია საზოგადოებრივი წარმოება და საზოგადო აზრის გაუკეთესება, თუ ჩვენ დისციპლინად იმას მივიღებთ, რომ გავჩუმდეთ, ხმას ნუ ამოვიღებთ, მტერი გვიცქერის და გაიხარებსო. ჩვენ სხვანაირი გახარების უნდა გვეშინოდეს მტერის, იმ გახარების, რომელიც წარმოებს ჩვენი აზრის სისუსტისაგან და ჩვენი რაზმის უხეირო წაყვანწამოყვანისაგანყოველ გონიერ კაცს ჩვენში მოვალეობა აქვს, არ დაუფაროს თავის საზოგადოებას აზრი და შეხედულება საზოგადო საჭიროებაზე და საქმეებზე”.

რა შეიძლება იყოს წარმატებისა და განვითარების გარანტი?

ნიკო ნიკოლაძე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ეროვნული ენერგიის სწორ და რაციონალურ გამოყენებას, ძალების უგუნური ხარჯვის თავიდან აცილებას, საერთო საქმისადმი გონივრულ დამოკიდებულებასა და თავდადებას. ეს მას მიაჩნდა წარმატების გარანტად, განვითარებისა და დაწინაურების, გამარჯვების პირობად. მაგრამ არის კიდევ უფრო არსებითი _ “ზარალი საერთო ინტერესებისა, რომელსაც ქვეყნად არასდროს არ ეხება არავითარი კონტროლი. ეს არის უგუნური ხარჯვა ძალებისა, რომელნიც უკეთეს ვითარებაში უფრო შესამჩნევი სარგებლობის მოტანას შეძლებდნენ. კონტროლს არ შეუძლია შეამოწმოს ის, რაც შეიძლება გაკეთებულიყო, მაგრამ არ გაკეთებულა სულიერი სიღატაკისა და ისეთ ადამიანთა ნაკლებობის გამო, რომელთა მთელი თავმოყვარეობა მდგომარეობს საყვარელი სამშობლოსთვის რაც შეიძლება მეტი სარგებლობის მოტანაში”.

რომელი საქმეებია პრიორიტეტული ერისთვის _ საშინაო თუ საგარეო?

ქვეყნის ცხოვრებაში ხშირად წამოიჭრება ხოლმე საკითხი: რომელი საქმეებია პრიორიტეტული ერისთვის _ საშინაო თუ საგარეო? ნიკო ნიკოლაძის აზრით, ერისთვის (განსაკუთრებით მცირერიცხოვანი ერებისთვის) უფრო პრიორიტეტული საშინაო პრობლემების მოგვარებაა, რადგან უმნიშვნელოვანეს საგარეო და ეკონომიკურ საკითხებს მსოფლიოში სულ 5-6 ქვეყანა წყვეტს, დანარჩენებს კი სტატისტების როლი აქვთ განკუთვნილი, მათ შორის _ ჩვენც. სწორედ აქედან გამომდინარეობს ნიკოლაძის დასკვნა, რომმხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებანი, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენს შინაგან წესებს არ ავიყვანთ საგარეო დიდების სიმაღლეზე, თუკი ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენს თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდავოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს”.

ცხოვრებამ დაადასტურა ნიკოლაძის ეს დებულება _ ვერც ერთმა ხელისუფლებამ (გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის) საშინაო პრობლემები ვერ გადაწყვიტა _ ერის ინტერესების უგულებელყოფით ჩვენს თავს მრავალი სიძნელე შევუქმენით.

ის, რომ დიდი ქვეყნები არად აგდებენ მცირერიცხოვან ერებს, ძარცვავენ მათ და ართმევენ ტერიტორიებსა და სიმდიდრეებს, საარსებო რესურსებს, ნიკოლაძემ შესანიშნავად იცოდა და ამაზე ჯერ კიდევ მაშინ აფრთხილებდა ქართველობას: იმავე მიზეზის ძალით, რომლითაც მე და შენ, ჩემო კარგო მკითხველო, ვერ ვგრძნობთ საკუთარ უსამართლობას, დანაშაულობას და სისაძაგლეს, როცა უმანკო კრავს ან ხბოს ვკლავთ ან ვაკვლევინებთ ჩვენის კუჭის გასაძღომად, ევროპელი ხალხი _ ჩვენთვის ერთობ საჭიროა, გავიგოთ, გონებაში ჩავიბეჭდოთ და ნიადაგ გვახსოვდეს ეს გარემოება _ ევროპელი ხალხიმეთქი, სწორედ იმ თვალით უყურებს ყოველს სხვა უკანჩამორჩენილს, უძლურს და უმეცარ ხალხს, როგორითაც ჩვენ თვითონ ცხვრის ფარას დავცქერით”. სხვაგან კიდევ უფრო მოურიდებლად აღნიშნავდა, რომ, თუ სხვის იმედსა და დახმარებაზე დავამყარებთ ქვეყნის მომავალს და ხელს და ჭკუას არ გავანძრევთ, “ევროპის სახელმწიფოები საქართველოს ან ალჟირივით დაიმონებენ, ანდა ინდოჩინეთივით ძარცვას დაიწყებენ”.

იმისათვის, რომ აიცილო მესამეხარისხოვანი ქვეყნის ბედი, ყოველმხრივ გაძლიერებაა საჭირო _ ეკონომიკურად, სოციალურად, კულტურულად და სამხედრო თვალსაზრისითაც კი. მხარში რომ ამოუდგე ევროპულ ქვეყნებს, იგივე გზა უნდა გაიარო, რაც გაიარეს სხვებმა _ ევროპული განათლებისა და მეცნიერების დანერგვა, თავაუღებელი შრომა. “ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდეს”, _ წერდა ნიკოლაძე. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, აზრიანი შრომა _ მცირერიცხოვანი ქვეყნებისთვის ამ ყველაფრის გაკეთება გადარჩენის ერთადერთი შანსია: კერძო პირსაც, საზოგადოებასაც, ერსაც თავის ცხოვრება, ბედი და იმედი მარტო საკუთარ შრომასა და ღონეზე უნდა ჰქონდეს დაფუძნებული. მარტო ეს საძირკველია შეურყეველი, მარტო მასზე შენდება მტკიცედ საკუთარი შენაძენიც და სხვისი დანახმარიც”.

ამ მიდგომის წყალობით ეძლევა მცირერიცხოვან ქვეყანას არათუ გადარჩენის, არამედ გაძლიერების შანსიც. ამის მაგალითად ნიკოლაძეს მოჰყავდა შვეიცარია და ჰოლანდია… ჰოლანდიელები დაჭაობებული ზღვის ნაპირას მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, მიწა არ ჰყოფნიდათ. შრომაც ძნელი იყო და არსებობაც, მაგრამ მათ მოახერხეს ამ მდგომარეობისაგან თავის დაღწევა, არა იმით, რომ ბუნების კანონი შეცვალეს, არამედ იმით, რომ ის კანონები შეისწავლეს, გარემო-პირობების საიდუმლო ამოხსნეს და მერე ცოდნით შეიარაღებულნი ისე მოიქცნენ, როგორც ამას ბუნების კანონზომიერება ითხოვდა. იმას მიაღწიეს, რაც დღეს აქვთ, _ წერდა ნიკო ნიკოლაძე.

ცოდნით შეიარაღებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა იაკობ გოგებაშვილიც. ამაზე მომდევნო წერილში ვისაუბრებთ.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here