Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მსოფლიოს საპატრიარქოს სინოდის სხდომის შემდეგ

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მსოფლიოს საპატრიარქოს სინოდის სხდომის შემდეგ

752
სინოდი

ექსპერტთა აზრით, მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსს, დიდი სურვილის მიუხედავად, ამჟამად არ შეუძლია ტომოსის მიცემა უკრაინის რელიგიური სტრუქტურებისთვის, რადგან არავინ არის, ვისაც ამ ტომოსს გადასცემდა.

ტომოსი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ კანონიკურ რელიგიურ სტრუქტურებს, რომლებიც უკრაინაში ჯერ კიდევ არ არის შექმნილი. უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას დამოუკიდებლობა არ მოუთხოვია, კიევის საპატრიარქოსა და ე.წ. უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტანტინოპოლი არ აღიარებს. ასეთი სტრუქტურა უნდა შეიქმნას მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელ კრებაზე, რომლის ჩატარებაც, კარგა ხანია, ვერ ხერხდება. თეორიულად ბართოლომეოსს შეუძლია ტომოსი მისცეს თავის ეპისკოპოსებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ისინი მრევლის გარეშე დარჩებიან. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, “პირობითი იობი (გეჩა) მარტო დაჯდება ანდრიას ეკლესიაში (ეს ტაძარი ახლახან გადასცა მსოფლიოს პატრიარქს უკრაინის ხელისუფლებამ), ისეთები კი, როგორიც არის კიევის პატრიარქი ფილარეტი, ახლომახლო ივლის დაბოღმილი”. ამ სიტუაციაში მათ შეუძლიათ კიდევ ერთხელ მოუწოდონ გამაერთიანებელი ყრილობის ჩატარებისკენ და ამას დაურთონ პირფერული განცხადებები, რომ ახალ ეკლესიაში გადასვლას არავის აიძულებენ. გამაერთიანებელი კრების ჩატარების გადადების მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს:

პირველი _ უკრაინის არაკანონიკური ეკლესიების შეუთანხმებლობა ისეთ საკითხზე, როგორიც არის მომავალი ეკლესიის წესდება. ამ საკითხზე უთანხმოების შესახებ არაღიარებულ კიევის საპატრიარქოს ლიდერ ფილარეტთან (დენისენკოსთან) არაერთხელ უსაუბრია უკრაინის არაკანონიკური ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელ მაკარი მალეტიჩს. უთანხმოების მიზეზი თავიდანვე იყო ლიდერობის საკითხი, მაგრამ ახალი საეკლესიო სტრუქტურის შექმნის გზაზე ყველაზე სერიოზულ წინაღობად იქცა ის, რომ უკრაინის კანონიკურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომლის მრევლიც არის უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნეების ძირითადი ნაწილი, უარი თქვა ახალი ეკლესიის შექმნაში მონაწილეობაზე, მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების დიდი წნეხისა. 13 ნოემბერს გაიმართა უკრაინის მართლმადიდებელი კანონიკური ეკლესიის ეპისკოპოსთა კრება, რომელზეც დადგინდა, რომ ერთიანი ეკლესიის შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ამას გარდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, შეწყდა ევქარისტული ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. ვინიცისა და ბარსკის მიტროპოლიტი სიემონი იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთი იერარქი, რომელმაც ხელი არ მოაწერა სინოდის დადგენილებას ავტოკეფალიის წინააღმდეგ. მან თავისი გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლთან ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით ახსნა. მალევე ვინიცაში გაიმართა სასულიერო პირების საგანგებო შეკრება, რომლის მონაწილეებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრების გადაწყვეტილებებს. თვით სიმეონმა სამწყსოს განუცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაზე პირადი თვალსაზრისი გამოხატა და “არსად არავისთან არ გადასულა, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ზოგიერთი”.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკვე გამოაცხადა უკრაინა თავის კანონიკურ ტერიტორიად და ახლა შეუძლია, ფაქტიურად წლობით ელოდოს ადგილობრივი ეკლესიის შექმნას. პოროშენკოს კი ავტოკეფალური ეკლესია დღესვე სჭირდება _ არჩევნებზე რაღაც კოზირი ხომ უნდა ჰქონდეს თავისი ელექტორატისთვის? ამიტომ უკრაინის ხელისუფლება პროექტ “ტომოსს” კვლავ განაგრძობს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს უკრაინის უშიშროების სამსახურში იბარებენ… გასაუბრებაზე, მაგრამ ეფექტი, ასე ვთქვათ, რამდენადმე წინააღმდეგობრივია. ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტმა ლუკამ უკრაინის უშიშროების სამსახურში მისვლის შემდეგ, გასაუბრების შედეგების მიხედვით, ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც პოროშენკოს “ეკლესიის თანამედროვე მდევნელი” უწოდა. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ამ დაწესებულებაში (უკრაინის უშიშროების სამსახურში) იბარებენ სხვა სასულიერო პირებსაც _ “თავდაპირველად გასაუბრებისთვის”… “რა მოხდება შემდეგ? ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კაცობრიობის მტერს გაჩერება არ შეუძლია და ადამიანს, რომელიც დაადგა სატანის გზას, ძალიან უძნელდება სატანის კლანჭებიდან თავის დახსნა, ამიტომ არის მხოლოდ ბოროტება და ზიზღი”, _ თქვა მღვდელმსახურმა. მან მოუწოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ეშმაკის გზას დაადგნენ, გამოფხიზლდნენ და მოინანიონ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებს არა მხოლოდ უკრაინის უშიშროების სამსახური. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ნეჟინსკის ეპარქიაში განაცხადეს, რომ 19 ნოემბერს ეპარქიის სამმართველოში შეიჭრა 10-კაციანი ჯგუფი, მათ შორის იყვნენ ნეჟინსკის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე, ქალაქის თავის მოადგილე და პარლამენტის დეპუტატის თანაშემწე. დაუპატიჟებელმა სტუმრებმა პატრიოტიზმის უქონლობაში დაადანაშაულეს მღვდელმსახურები, მრევლი და მოითხოვეს, მხარი დაეჭირათ ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის შექმნისთვის.

17 ნოემბერს კრივოი როგში ავტოკეფალიის მომხრეებმა იერიში მიიტანეს კრივოი როგისა და ნიკოპოლის მიტროპოლიტ ეფრემის რეზიდენციაზე იმის გამო, რომ ის მხარს არ უჭერს ტამოსის მიღების იდეას. არის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზემოქმედების სხვა ფაქტებიც უკრაინის ხელისუფლებისა და უშიშროების სამსახურის, აგრეთვე, მათი “აქტივისტების” მხრიდან.

პოჩაევის ლავრა ნელ-ნელა გამოჰყავთ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებიდან. რამდენიმე დღის წინათ კი დაიწყო კიევ-პეჩორის მონასტრის ქონების აღწერა _ სამარხებისაც კი. ასე რომ, იმისგან დამოუკიდებლად, როგორ ჩაივლის ე.წ. გამაერთიანებელი კრება და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ იქ, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ქონებას უკვე ამზადებენ “გადასაცემად” _ როგორც ჩანს, ეს არ არის მხოლოდ “დაუმორჩილებლებზე” ზემოქმედების მცდელობა, არამედ ყურადღების მიპყრობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსი, რომელიც ახლახან დაეუფლა პირველ საკუთრებას უკრაინაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here