Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ ქმნიან სახელმწიფო გადატრიალების სქემებს

როგორ ქმნიან სახელმწიფო გადატრიალების სქემებს

როგორ ქმნიან სახელმწიფო გადატრიალების სქემებს

სახელმწიფოების საშინაო საქმეებში გარედან ჩარევის ფორმები იცვლება. როგორც კი ჩარევის ორგანიზების ცენტრები მოძებნიან სახელმწიფო სისტემის ახალ სუსტ ადგილს, ხელისუფლებასთან ბრძოლის ხერხები იცვლება და იწყება გადატრიალების მორიგი მცდელობა. ანტისახელმწიფოებრივი სტრატეგია ერთ ადგილას არ დგას, ის ვითარდება.

ცნობილი აქტივისტი და “ფერადი რევოლუციების” ორგანიზატორი, ცენტრ CANVAS-ის აღმასრულებელი დირექტორი სერჯა პოპოვიჩი თავის წერილში “პროტესტები და პრინციპები” გამოყოფს წარმატებული მასობრივი პროტესტის 4 ფაქტორს (პრინციპს), რომლებიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ ცვლილებებს:

პირველი პრინციპი _ ეს არის მომავლის ნათელი კონცეფცია; მეორე _ ოპოზიციის ერთიანობა; მესამე _ გავლენის მოპოვება ძალოვან სტრუქტურებზე, რომლებსაც შეუძლიათ ოპოზიციის მხარდაჭერა; მეოთხე _ მომხიბვლელობა პროტესტისა, რომლის მონაწილეებიც თავს წარმოადგენენ უსამართლობასთან მებრძოლებად.

პოპოვიჩი ნანობს, რომ ვერ მოახერხეს გადატრიალების ბოლომდე მიყვანა ჰონკონგსა და ვენესუელაში. პირველ შემთხვევაში, _ ამბობს ის,_ ხელი შეგვიშალა ძალადობამ, რომელიც ოპოზიციამ გამოიყენა პოლიციის წინააღმდეგ, მეორე შემთხვევაში ხუან გუაიდომ (ეს პირი აშშმა და მისმა სატელიტმა ქვეყნებმა ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადეს, კანონიერ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ნაცვლად _ ..) ძალისხმევა მიმართა იქით, რომ თავის მხარეს გადაეყვანა სამხედროები და ამაში შეცდა.

სერჯა პოპოვიჩი წერს, რომ “სტრატეგიული უნარების” მქონე პროტესტების ლიდერებს აუცილებლად უნდა შეასწავლონ მოქმედების გეგმის შემუშავება, სხვაგვარად ნებისმიერი პროტესტი, მშვიდობიანი თუ ძალადობრივი, სწრაფად მინავლდება.

სერჯა პოპოვიჩი
სერჯა პოპოვიჩი

ცენტრი CANVAS-ი (The Centre for Applied Nonviolent Action and Strategies) შეიქმნა 2004 წელს ბელგრადში და დაკავებულია “დემოკრატიული აქტივისტების” მომზადებით 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ირანში, უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანში. ცენტრში შეიმუშავებენ მოქმედების გეგმებს, მიმართულს ხელისუფლების დამხობისკენ ამა თუ იმ ქვეყანაში. ცოტა ხნის წინათ ჩატარებული საზაფხულო ონლაინ-სკოლის მიხედვით, CANVAS-ი მონაწილეობდა ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესის დამხობაში, მხარს უჭერდა საპროტესტო აქციებს სუდანში, ზიმბაბვეში, ბრაზილიაში, აქვს მჭიდრო კონტაქტები ოპოზიციურ ჯგუფებთან მალაიზიაში, ფილიპინებზე. გადატრიალებების სტრატეგიულ დაგეგმვაზე თვალსაზრისს იზიარებს Freedom House-ს სამეურნეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ატლანტიკური საბჭოს საკითხების საბჭოს წევრი პიტერ აკერმანი. ის მომხრეა “არაძალადობრივი ტაქტიკისა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მოსახლეობის ფსიქოლოგია და რეჟიმის ქცევა”. აკერმანის აზრით, რამდენიმე არც ისე დიდი ორგანიზაციის ერთობლივ მუშაობას შეუძლია წარმოაჩინოს ოპოზიციის ერთიანობა. გადატრიალებების ორგანიზატორთა აზრით, ხელისუფლების შეცვლისას მიზანშეწონილია, ერთად იმოქმედონ და ერთმანეთს მხარი დაუჭირონ რადიკალურად განწყობილმა ნაციონალისტებმა და ლიბერალებმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ პრინციპულად განსხვავებული იდეოლოგია აქვთ. მსგავსი რამ შეინიშნება ამჟამად ბელარუსში (საქართველოშიც ასეა _ ე.წ. შალიკოს ფანჩატურში გაერთიანებულ პარტიებს ხომ სრულიად განსხვავებული იდეოლოგია აქვთ, მაგრამ სურვილი ერთი _ ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რადაც უნდა დაუჯდეთ და იმის გაუთვალისწინებლად, სურს თუ არა მათი ხილვა ქართველ ხალხს ხელისუფლებაში _ ნ.კ.). იქ პროტესტის მთავარ ძალას წარმოადგენს ალექსანდრე ლუკაშენკოთი უკმაყოფილო ჭრელი მასა, რომელსაც დაემატა ისეთი “ეგზოტიკა”, როგორიც არის ლგბტ.

აკერმანის მიერ შექმნილი არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრი (შტაბ-ბინით ვაშინგტონში) რუტგერსის უნივერსიტეტთან (ნიუ-ჯერსის შტატი) თანამშრომლობს. აკერმანის ცენტრი 2012 წლიდან ატარებს ონლაინკურსებს აქტივისტთა მოსამზადებლად. აქტივისტებმა უნდა იმოქმედონ ხელისუფლების დასამხობად იქ, სადაც მიუთითებენ.

კიდევ არის მშვიდობის ამერიკის ინსტიტუტი, რომლის მოღვაწეობაც 52 სახელმწიფოზე ვრცელდება. ამ ინსტიტუტის ცოტა ხნისწინანდელ მოხსენებაში ნათქვამია, რომ “რუსეთის ქმედებები, ჩვეულებრივ, პირდაპირ ან ირიბად მიმართულია დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ”, თუმცა ყველაფერი პირიქითაა _ დასავლეთის ქმედებები მსოფლიოს ბევრ წერტილში, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ.

სოციალური ინჟინერიისა და მანიპულაციის სფეროში სერიოზულ სამუშაოებს აწარმოებს ტავისტოკის ინსტიტუტი ლონდონში. ეს ინსტიტუტი 1946 წელს შეიქმნა როკფელერების ფორდის სახსრებით და დაკავებულია ჯგუფური საქციელის ფსიქოანალიტიკური კვლევით. ტავისტოკის ინსტიტუტი 1950 წლიდან მუშაობს სოციოტექნიკური სისტემების თეორიაზე, რომელსაც 1980-იანი წლებიდან იყენებენ პრაქტიკაში. ამ ცენტრებში ქმნიან ლოზუნგებსაც, რომლებსაც შემდეგ ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებზე. მაგალითად, ლოზუნგი ბელარუსი ოპოზიციონერების პლაკატებზე “ყვავილები ტყვიებზე უკეთესია” გადაკეთებული სლოგანია ომის საწინააღმდეგო კამპანიისა “საკვები ბომბების ნაცვლად” (Food not bombs), რომელიც 1980-იან წლებში ტარდებოდა აშშ-ში, შემდეგ კი _ ევროპაში. ამ მოძრაობის პირველი უჯრედი ბელარუსში 2005 წელს გაჩნდა, მასში ჩართული იყვნენ ადგილობრივი ანარქისტები. ამ მოძრაობის ყველაზე წარმატებულ რეკლამად ითვლება უსახლკაროებისა და გაჭირვებული ადამიანებისთვის საკვების უფასოდ დარიგება.

ბერნანდ-ალი ლევი და სვეტლანა ტიხანოვსკაია
ბერნანდ-ალი ლევი და სვეტლანა ტიხანოვსკაია

საპროტესტო მოძრაობის ორგანიზებაში ფართოდ რთავენ ახალგაზრდების “შემოქმედებას”. მაგალითად, 2020 წლის 14 აპრილს პოლონელმა ფემინისტებმა მოძრაობა გადაკეტეს ვარშავის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე. პოლიციამ 100-მდე აქტივისტს საკმაოდ დიდი ჯარიმა (6600 ევრო) გამოუწერა, მაგრამ თანხა არავის გადაუხდია. აქტივისტებმა თავი იმით გაიმართლეს, რომ მთავრობის მითითებით იცავდნენ სოციალურ დისტანციას და ქუჩაც ამიტომ გადაიკეტა.

ანტისახელმწიფო პროტესტების ორგანიზებით დაკავებული საერთაშორისო სტრუქტურების გარდა ამ მიმართულებით მოღვაწეობენ “გამოჩენილი” ფიგურებიც.

მაგალითად, 72 წლის ფრანგი ბერნარ ანრი ლევი, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო გადატრიალებებს იუგოსლავიაში, უკრაინაში, ლიბიასა და სირიაში, ამჟამად სვეტლანა ტიხანოვსკაიას ეხმარება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჯორჯ სოროსის ვაჟი ალექსანდრე სოროსი, რომელიც სოროსის ფონდის ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებს, გულმოდგინედ განაგრძობს მამის საქმეს _ ის ხშირად სტუმრობს ბალკანეთს, სადაც ხედავენ ბევრი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსის კამპანიაში, თუმცა მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება, ჩადის მიანმასა და აფრიკის ქვეყნებშიც.

აი ეს არის სისტემა, რომელიც იგებოდა ათწლეულების განმავლობაში. ასეთი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ძნელია.

vpoanalytics.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here