როგორ მოვიქცეთ?

    ვითარება  რომ შეიცვალა, ამას ყველა ხვდება, მაგრამ ყველამ როდი იცის, რა შეიცვალა და როგორ შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ბევრმა, რა თქმა უნდა, არც ის იცის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შეცვლილ ვითარებაში.

    ჯერ შევეცადოთ,  გავერკვეთ, რა შეიცვალა.

    აშშ-ში ახალი პრეზიდენტი კი არ მოვიდა, არამედ მოვიდა ახალი თვისებებისა და ახალი ხედვების მქონე პრეზიდენტი, რომელიც არ მალავს და არ ჩქმალავს მის სახელმწიფოში არსებულ პრობლემებს, პირიქით – აშიშვლებს და სააშკარაოზე გამოაქვს ქვეყნისა და ხალხის ყველა სატკივარი.

    * ჩვენი ქვეყანა კორუფციაშია ჩაძირული!  – ეს ტრამპის აღიარებაა.

    * USAID- არაკომპეტენტური და დამნაშავე ორგანიზაციაა!  – ესეც ტრამპის აღიარებაა.

    * ილონ მასკს განათლების სამინისტროსა და თავდაცვის სისტემაში არამიზნობრივი ხარჯების გამოვლენა მოუწევს!  – ეს განცხადებაც ტრამპმა გააკეთა.

    ერთი მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან განათლებისა და თავდაცვის სისტემებამდე;  მეორე მხრივ კი, საშინაო საკითხებიდან საგარეო ურთიერთობებამდე – ეს ის ამპლიტუდაა, რომელიც გარდაქმნამ უნდა მოიცვას, რომელსაც ტრამპი ასე ენერგიულად და აგრესიულად შეუდგა.

    * იდეა, რომ მოსამართლეს უვადოდ მუშაობა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რაც უნდა ცუდი იყოს მისი გადაწყვეტილებები, სასაცილოა! – ეს ტრამპის მარჯვენა ხელის, ილონ მასკის,  დაკვირვება და პოზიციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი სფერო ვერ დარჩება ხელუხლებელი.

    ეს ყველაფერი მხოლოდ მიგვანიშნებს აშშ-ში მოსალოდნელი ცვლილებებისა და რეფორმების მასშტაბებზე.

    რაც შეეხება საგარეო კურსს, აქ უმთავრესი ისაა, რომ ტრამპი, მისი წინამორბედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, მრავალპოლუსიან მსოფლიოს აღიარებს და რუსეთთან ღია კონფრონტაციის ნაცვლად მასთან დიალოგსა და საკითხების განხილვას ამჯობინებს. იგი არ ერიდება იმის აღიარებასაც, რომ უკრაინის კრიზისი, რუსეთის არასწორი ქმედებით კი არა, უკრაინისა და აშშ-ის არასწორი საქციელით არის გამოწვეული: „ყოველთვის, როდესაც ვამბობ, რომ რუსეთი დამნაშავე არ არის, მატყუარა მედიასაშუალებები მე მაკრიტიკებენ. ბაიდენს არ უნდა ჩავეთრიეთ ამ ორომტრიალში, მაგრამ ჩვენ არაკომპეტენტური პრეზიდენტი გვყავდა. ზელენსკიმ ვერ მოუარა ქვეყანას. მილიონები ამაოდ დაიღუპნენ”.

    ეს რევოლუციაა დასავლურ აზროვნებაში, რომელიც, პირველ რიგში, რუსეთთან რადიკალურად შეცვლილ დამოკიდებულებაში გამოიხატება. დასავლური რუსოფობია ტრამპმა რუსეთთან პრაგმატული დამოკიდებულებით ჩაანაცვლა. ბევრმა ამას რუსეთის წინაშე ტრამპის კაპიტულაცია უწოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. რუსოფობია სიგიჟეა და, პირველ რიგში, მათთვის არის დამღუპველი, ვინც ამ უმძიმესი სენითაა დაავადებული. რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება კი, რა გზასაც ტრამპი დაადგა, გასაღებია, წინაპირობაა მრავალპოლუსიან მსოფლიოში ნორმალური თანაარსებობისა.

    აქ, რა თქმა უნდა, ის რეალობაა გასათვალისწინებელი, რომელიც რუსეთის მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმოების სამწლიანმა მონაკვეთმა გვიჩვენა. რუსეთმა, ისე, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა არ გამოუცხადებია, ნატოს და მთელი დასავლეთი დააჩოქა. მთლად როდი ტყუის იგი, ვინც რუსეთის წინაშე დასავლეთის კაპიტულაციაზე  საუბრობს, ოღონდ ტრამპს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვის. პრეზიდენტი ტრამპი საკუთარი გონიერებით ცდილობს საერთო დასავლური უგუნურების შედეგების გამოსწორებას, მაგრამ მასობრივი შიზოფრენიით შეპყრობილი დასავლეთი ამაში მხოლოდ უსაფუძვლო და გაუმართლებელ კაპიტულაციას ხედავს. ტრამპი ურთულეს ომში შევიდა. ეს მხოლოდ უკრაინასთან და ევროპასთან ომი არ არის, ეს აშშ-თან ომიც არის. მეტიც, ეს მსოფლიო ბოროტებასთან ომია, რომელიც მთელ პლანეტაზე არის, მაგრამ ტახტი იქ უდგას – დასავლეთში. ტრამპის მიერ აშშ-ის გადასარჩენად წამოწყებულმა ამ ბრძოლამ ეს სახელმწიფო, შესაძლებელია, დაღუპოს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ამ მძიმე ომმა ტრამპი შეიწიროს. ერთი რამ ფაქტია: ომი უკომპრომისო იქნება.

    დასავლურმა უგუნურებამ ნატო და ევროკავშირი დაშლამდე მიიყვანა. ნატოში კორუფციის მასშტაბებზე ტრამპს ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მდგომარეობა იქნება ამ თვალსაზრისით კორუფციაში ჩაძირულ სახელმწიფოთა სამხედრო ბლოკში, რომელსაც კოლოსალური ბიუჯეტი აქვს. რა თქმა უნდა, ანალოგიური ვითარება იქნება ევროკავშირშიც, რომელიც საერთოდ აბსურდული და უფუნქციო წარმონაქმნია. მისი უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატი მოჩვენებითი პოლიტიკური საქმიანობის მიღმა უკიდეგანო და კოლოსალური კორუფციით არის დაავადებული. ეს ყველაფერი მალე იქცევა დიდი ევროპული სკანდალის საფუძვლად, რადგან ევროკავშირის უმაქნისი და გაუმაძღარი ბიუროკრატია მისი მავნებლური საქმიანობით მთელ ევროპას ყელში  ამოუვიდა. სხვადასხვა გამოკვლევა და გამოკითხვა  აჩვენებს, რომ 2016 წლიდან ევროსკეპტიციზმი ძალას იკრებს: ყოველი მესამე ამომრჩეველი ხმას სწორედ იმ პარტიებს აძლევს, რომლებიც  უპირისპირდებიან ევროკავშირს. ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორ მატის როუდეინის მტკიცებით, ევროსკეპტიციზმის ზრდის ტენდენცია ახლო მომავალში არ შეიცვლება. ბოლო ათ წელიწადში ევროსკეპტიკურად განწყობილ პარტიათა რაოდენობა 15-დან 35 პროცენტამდე გაიზარდა.

    ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორე მხარე ისაა, რომ მსოფლიოში გადანაწილების ახალი დიდი პროცესი დაიწყო. კაცობრიობის განვითარებას ჯერ არ მიუღწევია ძლიერისა და სუსტის თანასწორუფლებიანობის საფეხურამდე. ჯერ მხოლოდ იმ საფეხურზე ვართ, რომ ძლიერები სუსტებს პირდაპირ არ ყლაპავენ, მაგრამ თავიანთი გავლენის ქვეშ აქცევენ,  ამიტომ ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება გავლენის სფეროების ახალ გადანაწილებას  ნიშნავს. მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების პარალელურად, ეს პროცესიც დაწყებულია და მიმდინარეობს. ამ ვითარებაში სად იქნება საქართველოს ადგილი და ვინ უნდა განსაზღვროს იგი? გადანაწილების პროცესში სუსტი სახელმწიფოების ადგილს სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს:

    1. ზესახელმწიფოთა დაინტერესების დონე;

    2. გადანაწილების ობიექტის გეოპოლიტიკური მდებარეობა და გეოსტრატეგიული მნიშვნელობა;

    3. გადანაწილების ობიექტის გაცხადებული (ოფიციალურად დეკლარირებული) სურვილი.

    აქედან პირველი და მეორე არსებითი ფაქტორია. რაც შეეხება მესამეს (გადანაწილების ობიექტის სურვილი), იგი შესაძლებელია ფაქტორად ჩაითვალოს, მაგრამ არსებითი ხასიათის ვერ იქნება,  ვინაიდან ზესახელმწიფოებს მრავალი ბერკეტი გააჩნიათ მის დასაძლევად.

    ახლა ვნახოთ, როგორია გადანაწილების სუბიექტთა (რუსეთი და აშშ) საქართველოთი დაინტერესების დონე. ამ დონეს მეორე ფაქტორი (ობიექტის გეოპოლიტიკური მდებარეობა და გეოსტრატეგიული მნიშვნელობა) განსაზღვრავს. საქართველოს რუსეთისთვის თავდაცვითი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, აშშ-ისთვის კი ასეთი მნიშვნელობა ვერ ექნება, ვინაიდან იგი რუსეთის მეზობელი სახელმწიფოა და არა – აშშ-ის. აშშ-ისთვის საქართველოს მხოლოდ რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოსაყენებელი პლაცდარმის მნიშვნელობა ენიჭება. იმ შემთხვევაში, თუ აშშ ეგუება მრავალპოლუსიან მსოფლიოს, მისთვის რუსეთზე თავდასხმა უკვე აღარ არის აქტუალური თემა, ვინაიდან ეს საკითხი თავისთავად იხსნება დღის წესრიგიდან. რუსეთისთვის კი თავდაცვა მნიშვნელობას არც მრავალპოლუსიანი მსოფლიოს პირობებში (და არც არანაირ პირობებში) არ კარგავს. აქედან გამომდინარე, მისთვის ე.წ. ბუფერული ზონები აქტუალური რჩება, ამიტომ რუსეთი უფრო იბრძოლებს (ივაჭრებს) საქართველოსთვის, ვიდრე – აშშ. რჩება მესამე ფაქტორი – გადანაწილების ობიექტის დეკლარირებული სურვილი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, არსებითი ხასიათის არ არის. აქაც ერთ გარემოებას უნდა დავაკვირდეთ: როდესაც ვლაპარაკობ ოფიციალურად (მთავრობის დონეზე) დეკლარირებულ სურვილზე, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის არსებობს ლატენტური საზოგადოებრივი აზრი, რომელიც, წესისამებრ, განსხვავდება ოფიციალურად დეკლარირებულისგან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, ჩემი დაკვირვებით, მოცემულ ეტაპზე საქართველოში პრორუსული მიდრეკილებები პროდასავლურ მიდრეკილებებზე ძლიერია. თუმცა ოფიციალურად დეკლარირებული სურვილი დასავლეთის სასარგებლოდ მეტყველებს, ბოლოს და ბოლოს, კონსტიტუციაშია ჩაწერილი, რომ ჩვენი მიზანი ნატოსა და ევროკავშირის წევრობაა.

    ეს ის თემა და ის საკითხია, რის შესახებაც საჯარო დისკუსია ჩვენს მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ წრეებში ტაბუდადებულია სწორედ იმ ოფიციალური (კონსტიტუციის დონეზე) დეკლარირებული მოცემულობის გამო.

    ეს ორი მოცემულობა (რეალური და დეკლარირებული) ერთმანეთს როცა არ ემთხვევა და, მეტიც, მათ შორის სრული ანტაგონიზმია, იგი შესაცვლელი და გასასწორებელია.

    თუ  საქართველოს მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ტრამპზე სწორებით პროდასავლურ ვექტორს შეინარჩუნებს და რუსეთის ფაქტორის იგნორირებით ცხოვრების გაგრძელებას მოახერხებს, ძალიან ეშლება. ამით მხოლოდ იმას მიაღწევს, რომ საქართველო ისევე ვერ მიიღებს მონაწილეობას საკუთარი ბედის გადაწყვეტაში, როგორც უკრაინა ვერ მონაწილეობს პროცესებში, რომლებიც მის ირგვლივ ვითარდება. ამ გადანაწილებაში საქართველო ვერაფრის მიღებას ვერ შეძლებს, რადგან მისი ბედი მისი მონაწილეობის გარეშე გადაწყდება და მისი აზრი იმ მინიმუმის დონეზეც ვერ იქნება გათვალისწინებული, რა დონეზეც გონივრული მიდგომის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

    ახლა უკვე დროა, რომ საქართველოს მთავრობამ მეტი სიმტკიცე გამოიჩინოს და რამდენიმე ისტორიული განცხადება გააკეთოს. კერძოდ:

    * დასავლეთმა მოტყუებული დაგვტოვა, რის გამოც საქართველო აღარ განაგრძობს რუსეთთან კონფრონტაციის გზით სიარულს. ამიერიდან რუსეთთან პირდაპირი დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმში გადავდივართ;

    * მზად ვართ საქართველოს კონსტიტუციიდან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ჩანაწერის ამოსაღებად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, ამის შესახებ ზეპირ განცხადებას ვჯერდებით;

    * საქართველო იწყებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის პროცედურას;

    * საქართველო უერთდება „3 + 3“ (რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) ფორმატს;

    * საქართველო იწყებს აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს რკინიგზის გასახსნელად მუშაობას, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ ჩაკეტილია;

    * საქართველო დასავლეთზე უარს ამბობს და რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად ჩამოყალიბებას იწყებს ან ნეიტრალიტეტის გზას ირჩევს და სამხედრო მიუმხრობლობას აცხადებს.

    აი, ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენ!

    ამაში გამოვლინდება საქართველოს მთავრობის გონიერებაც, სიმტკიცეც და სამართლიანი სულისკვეთებაც, თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობს. რუსეთთან შორი-ახლოს დგომა იმ პოზაში, რომ საქართველო არ არის მტრულად განწყობილი,  რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს,  რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი და ა.შ., საკმარისი არ არის. კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის!

    არ ვიცი, შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა ამ ისტორიული ნაბიჯის გადადგმას. არც ის ვიცი, აქვს თუ არა მას ეს აუცილებლობა გაცნობიერებული. უახლოეს მომავალში ყველაფერი გამოჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პოლიტიკა წესების გარეშე ბრძოლას დაემსგავსა – ყველა ყველას ატყუებს და ყველა ყველაზე ძალადობს, რა თქმა უნდა, იმის შესაბამისად, ვის რისი ძალა შესწევს.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                         

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here