Home რუბრიკები საზოგადოება როგორ გაჩნდა გერმანიაში ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესი?

როგორ გაჩნდა გერმანიაში ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესი?

1284
წიგნი

1852 წლიდან დღემდე ქართულ ენაზე, სულ მცირე, 500 გერმანელი ავტორის წიგნია ნათარგმნი; იმ ენაზე, რომელსაც საკუთარი დამწერლობა და ზედმიწევნით რთული გრამატიკა გააჩნია და რომელ ენაზეც დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი საუბრობს. ეს ადამიანები ცხოვრობენ საკმაოდ შორს, სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქვეყანაში. აქ გერმანელ მკითხველთა რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია, მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახლოებით 100 მილიონია. კიდევ უფრო დიდ საოცრებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამავე 1852 წლიდან დღემდე გერმანულ ენაზე ნათარგმნია 420 ქართველი ავტორის, სულ მცირე, 750 პუბლიკაცია. არსებობს თუ არა ორმხრივი დაინტერესების მიზეზი? ან როგორ გაჩნდა გერმანიაში ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესი ათწლეულების განმავლობაში?

ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს, მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო, ქართველი ახალგაზრდები სასწავლებლად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. ბერლინის უნივერსიტეტში შესაძლებელი იყო ქართული ენის შესწავლა და 1915 წელს იქ ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. ამასთანავე, ამ ქალაქში მწერლები და ხელოვანები დამკვიდრდნენ და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ ფაქტმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოსთან როგორც მეცნიერული, ასევე კულტურული კავშირის დამყარება. გარდა ამისა, 200 წლის წინათ საქართველოში მრავალი გერმანული ოჯახი დასახლდა. ასევე, 1918 წლის მაისში მოხდა გერმანიის იმპერიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის დაუყოვნებლივ აღიარება.

ისევე, როგორც საბჭოთა მმართველობის პერიოდში, 1921-1991წლებში, საქართველოში დღესაც ცოცხლობს ინტერესი გერმანიის სახელმწიფოს, გერმანული ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმართ. ამის დასტურია გერმანული ლიტერატურის ნიმუშების უახლესი თარგმანები ქართულ ენაზე.

გერმანულ ინტერესს ქართული ლიტერატურის მიმართ მრავალი წყარო ადასტურებს. მაგალითად, თბილისში მცხოვრებმა გერმანელმა მწერალმა და ჟურნალისტმა არტურ ლაისტმა (1885 წლიდან 1903 წლამდე) ქართული ლიტერატურის შედევრების სხვადასხვა თარგმანი გამოსცა. აღსანიშნავია მისი პირველი თარგმანის, ქართული ეროვნული პოემის _ “ვეფხისტყაოსანის” სრულყოფილი გამოცემა 1889 წელს. არტურ ლაისტი 1922 წლამდე გახლდათ დღემდე არსებული გაზეთ “კავკასიური ფოსტის” მთავარი რედაქტორი. ის, ამასთანავე, უნივერსიტეტში გერმანისტიკის ლექციებს კითხულობდა.

არტურ ლაისტის მოღვაწეობის შემდეგ, მომდევნო 50 წლის განმავლობაში, თარგმანების რაოდენობამ იმატა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს უკვე 50-მდე ნათარგმნი პუბლიკაცია არსებობდა, რომელთაგან თვრამეტი 1918 წლამდე არსებული თარგმანია. 1990 წელს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დასასრულს, პუბლიკაციების რიცხვი გაექვსმაგდა. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ გდრ-ის გამომცემლობებში ხდებოდა საბჭოთა კავშირის ხალხების ლიტერატურის თარგმანების გამოქვეყნება, ხოლო საბჭოთა ლიტერატურული ჟურნალების გერმანულენოვან გამოცემებში, თავის მხრივ, მრავალი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები შეინიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მხოლოდ რამდენიმე ქართველი ავტორი იყო ცნობილი, რომლებიც ავსტრიაში, შვეიცარიასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოსცემდნენ თავიანთ ნაშრომებს.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ, 1991 წლის აპრილიდან, იწყება ქართული ლიტერატურის თარგმანების მთელი რიგი კრებულების გერმანულ ენაზე გამოცემა. ისევე, როგორც გაერთიანებულ გერმანიაში, გერმანულენოვან საზღვარგარეთაც ამ საქმეში უამრავი გამომცემლობა ჩაერთო. 2018 წლის მაისამდე, სულ მცირე, 400 პუბლიკაციას ითვლიდნენ, რომლის გამოცემასაც 2010 წლიდან ეყრება საფუძველი. აღსანიშნავია პუბლიკაციების რაოდენობის გაზრდა ინტერნეტსივრცეშიც.

ლიტერატურული ჟანრის დაახლოებით 40% მიეკუთვნება ლირიკას. სწორედ ამაზეა დაფუძნებული სახელწოდება “გეორგიენ (საქართველო) _ პოეზიის ქვეყანა”.

უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 200 მთარგმნელი მუშაობდა მინიმუმ 750 ნაშრომზე, სადაც, ცალკეულ შემთხვევებში, ღიად არის დარჩენილი ის ფაქტი, თარგმანი ქართული ენიდან ხდებოდა თუ რუსულიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ცნობილი ქართველი ავტორი გერმანულ ენაზე წერდა (მაგ., რობაქიძე, მარგველაშვილი, ხარატიშვილი) და, ალბათ, შემდეგ ითარგმნებოდა ქართულ ენაზე.

რით შეიძლება აიხსნას ქართული ლიტერატურის გერმანულ ენაზე არსებული თარგმანების სიხშირე, რომელსაც დაახლოებით 2000 წლიდან ეყრება საფუძველი?

ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ცნობილი პოლიტიკური ფაქტორი: ქრისტიანული ქვეყანა საქართველო მდებარეობს ისლამურ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელსაც ჩრდილოეთით დიდი მეზობელი ქვეყანა _ რუსეთი ესაზღვრება. სწორედ ამის გამო ჩნდება გერმანიასა და ევროპაში ინტერესი საქართველოს მიმართ. მეორე მხრივ, არსებობს სამი კონკრეტული მოვლენა, რომლებიც ამ ქვეყნის ლიტერატურის მიმართ ინტერესს უფრო აღვივებს:

1996 წელს დაფუძნდა “საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაცია”, 1998 წლიდან მას ეწოდა “საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია”, რომლის მოღვაწეობის მიზანსაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (დღევანდელი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო) მიერ, 2014 წელს, დაარსებულ იქნა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი “Georgian National Book Center (GNBC)”, რომლის ძირითად მისიას ქართული ლიტერატურის თარგმანის პოპულარიზაცია და ინტერკულტურული ლიტერატურული დიალოგის მეშვეობით გამომცემლობათა საერთაშორისო წრეებში საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური საგანძურის გავრცელება წარმოადგენს. წიგნის ეროვნულ ცენტრს ამჟამად თორმეტ ენაზე მთარგმნელთა წრე ჰყავს. გერმანულ ენაზე მთარგმნელთა რაოდენობა (33 პირი) გაცილებით დიდია.

2018 წლის 10-14 ოქტომბერს ქ. ფრანკფურტში გამართულ წიგნის ბაზრობაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც სტუმარი ქვეყანა და უდავოა, რომ ამაში ორივე ზემოხსენებულ ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის. ბაზრობაზე 2017 და 2018 წლებში გამოქვეყნებული ასზე მეტი ნაშრომი იქნება წარმოდგენილი. წიგნის ბაზრობა დაინტერესებულ საზოგადოებას ქართულ ლიტერატურასა და საგამომცემლო საქმიანობაზე ყოვლისმომცველ წარმოდგენას შეუქმნის და უფრო მეტ მკითხველს მოიზიდავს.

ჰანს გიუნტერი და პატრიცია გრიგოლეიტი, “საქართველო _ პოეზიის ქვეყანა”, თარგმნა

ლელა გაბროშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here