Home ახალი ამბები მსოფლიო როგორ ანადგურებს აშშ და დიდი ბრიტანეთი მორიგ ქვეყანას

როგორ ანადგურებს აშშ და დიდი ბრიტანეთი მორიგ ქვეყანას

1168
იემენი

ბოლო 6 წელიწადში მიმდინარე კატასტროფების პარალელურად დიდი უბედურება ტრიალებს იემენში, რომელიც მსოფლიოს რატომღაც აბსოლუტურად არ აღელვებს. ის, რაც იემენის რესპუბლიკაში ხდება, ჩვეულებრივი სამხედრო კონფლიქტი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა კი არა, შეგნებული აბუჩად აგდებაა მილიონობით უდანაშაულო ადამიანისა.

შვიდი მილიონი იემენელი შიმშილობს, მათგან ორ მესამედს აუცილებლად სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, საუდის არაბეთმა და ჰუსიტებმა გადაკეტეს ქვეყანაში შესასვლელი გზები, რომლებითაც შესაძლებელი იყო საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შეტანა. “ასოშიაიტედ პრესი” იუწყება, რომ იემენის სამხრეთში მოქმედებს 18 არალეგალური საპყრობილე, რომლებიც იმართება გაერთიანებული არაბული საამიროების მიერ. იქაურ პატიმრებზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ და აქცევენ ცხოველებად, რომლებიც მზად არიან, ჩაიდინონ მკვლელობა თვალის დაუხამხამებლად.

ჰუმანური დასავლეთი კი აშშის მეთაურობით აცხადებს, რომ ვერ ხედავს იემენის რესპუბლიკაში ძალის ბოროტად გამოყენების ნიშნებს. როგორც დოსტოევსკი წერდა: “ზოგჯერ იტყვიან ადამიანის “მხეცური” ბუნების შესახებ, ეს საშინელი სიცრუეა, მხეცების მიმართ: მხეცი არასოდეს იქცევა ისე სასტიკად, როგორც ადამიანი”.

უფრო მეტიც _ ბლოკადა საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის იმპორტისა, რომლებზეც იემენი მთლიანად არის დამოკიდებული, სიტუაციას სრულიად უმართავს ხდის. ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ თუ არ მიაწოდეს, მილიონობით ბავშვი შიმშილით დაიხოცება, რაც ბრალი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის, რომელმაც შესანიშნავად იცის, რა უბედურებაც ტრიალებს იემენში.

კონფლიქტი 2015 წლის მარტში გამწვავდა, როცა არაბული ქვეყნების კოალიციამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია საერთაშორისოდ აღიარებული მანსურ ხადის მთავრობის რეჟიმის აღსადგენად. საუდელთა მოწინააღმდეგენი არიან მუჰამედ ჰუსის მხარეს მდგარი ძალები _ შიიტი-ზეიდიტები, იემენის დე ფაქტო მმართველი ორგანიზაცია. ისინი თანამშრომლობენ ალი აბდულა სალეჰთან, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, რომელიც “არაბული გაზაფხულის” დროს დაამხეს.

საუდელები აცხადებენ, რომ ჰუსიტების აჯანყების უკან დგას ირანის ისლამური რესპუბლიკა, მაგრამ ყველამ შესანიშნავად იცის, რომ “ანსარ ალაჰი” და თეოკრატული ისლამური რესპუბლიკა ცნობს და აღიარებს შიიზმის სხვადასხვა მიმდინარეობას, თუმცა ჭეშმარიტების მარცვალი აქაც არის: იემენის უმაღლეს საბჭოს რომ ეხმარება, ირანი საუდის არაბეთს იწვევს რეგიონული პირველობისთვის საბრძოლველად. საუდიტებისთვის იემენის დედაქალაქ სანას დაკარგვა ნიშნავს საძულველი ირანისთვის არაბეთის ნახევარკუნძულის დათმობას იმ ალიანსთან ერთად, რომელიც მას (ირანს) ერაყთან, სირიასა და ლიბიასთან აქვს.

მრავალი წელიწადია, აშშ, დიდ ბრიტანეთთან ერთად, საუდის არაბეთზე შემტევ იარაღს ჰყიდის, რომელსაც ამჟამად ის ჰუსიტების კონტროლს დაქვემდებარებულ რაიონებზე თავდასასხმელად იყენებს. გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა, ქუვეითმა და იორდანიამ ახლახან მიიღეს საუდის არაბეთის კუთვნილი ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენების გაყიდვისა და შეკეთების ლიცენზია. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულ კოალიციას უფლება ეძლევა, დახოცოს უდანაშაულო ადამიანები.

კონფლიქტი იემენში ჯოჯოხეთად იქცა და არავითარი წინაპირობა არ არსებობს მის მოსაწესრიგებლად, რადგან საერთაშორისო ძალისხმევა, რომელიც დაპირისპირებული მხარეების შესარიგებლად არის მოწოდებული, ან უკიდურესად არაადეკვატურია, ან, საერთოდ, არ ხორციელდება, მასმედიას კი ეს ყველაფერი არ აინტერესებს. ნუთუ გაეროს მართლაც კარგ იდეად მიაჩნია იემენის საკითხებში სპეცწარმომადგენლად სუნიტი შეიხის, ისმაილ ახმედის, დანიშვნა?! შიიტი-ჰუსიტები ამ საკადრო გადაწყვეტილების არაობიექტურობაზე ლაპარაკობენ და მოითხოვენ, რომ ბოლოს და ბოლოს გაიმართოს პირდაპირი მოლაპარაკება დაპირისპირებული ქვეყნების მთავრობათა შორის, რაზეც მათ რეგულარულად უარს ეუბნებიან.

საომარი მოქმედებები, რომლებიც გრძელდება, სულ უფრო ამწვავებს მტრობას საუდის არაბეთსა და ირანს შორის და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის მაქსიმალურად გამძაფრებას. მეტიც, მშვიდობიანი მოწესრიგების პერსპექტივა სულ უფრო ხელმიუწვდომელი ხდება, რადგან სანავთობე მონარქიის კურატორი, ტრამპის ადმინისტრაცია, დაინტერესებულია, სრული კონტროლი დააწესოს ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე და 4,7 მილიონ ტონა ნავთობზე, რომელიც ამ სრუტით ყოველწლიურად გააქვთ. შტატები ირანს ასევე განიხილავს, როგორც ყველა უბედურების სათავეს, ჰუსიტებს კი საზიზღარ ტერორისტებად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ, ისინი კი არა, ამერიკელების მეგობარი საუდიტები ბომბავენ ქორწილებს, დაკრძალვის პროცესიებს და შიმშილით კლავენ ბავშვებს.

ამ კონფლიქტის მოწესრიგება მასმედიის საყოველთაო მხარდაჭერის პირობებში მხოლოდ პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი. მართალია, პოლიტიკაში, დიდი ხანია, მორალის ნასახიც აღარ ჩანს, მაგრამ ვერც ერთი მოხელე ვერ დაგვარწმუნებს, რომ “მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის” რომელიმე პოლიტიკოსი საჯაროდ განაცხადებს, რომ პასუხისმგებელია აღნიშნული გენოციდის გაღვივებაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here