Home რუბრიკები პოლიტიკა რის გამო აგებს პასუხს ყატარი?

რის გამო აგებს პასუხს ყატარი?

3484
ყატარი

მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში არნახული კრიზისი განვითარდა სპარსეთის ყურის ორ მონარქიას _ საუდის არაბეთსა და ყატარს შორის.

კადაფის აჩრდილი სპარსეთის ყურეში

საუდიტებმა შეძლეს ანტიყატარულ კამპანიაში რიგი არაბული ქვეყნების ჩართვა. 5 ივნისს ოთხმა არაბულმა სახელმწიფომ: ეგვიპტემ, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, საუდის არაბეთმა და ბაჰრეინმა ერთდროულად დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს ყატართან და ემირატს ბრალდებად წარუდგინეს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა, კერძოდ, “ალ ქაიდასი” და “ისლამური სახელმწიფოსი”. ელრიადმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სამეფომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ყატართან, ამასთან ერთად, _ სახმელეთო, საზღვაო და ავია კავშირი ტერორისგან თავდაცვის მიზნით. ანალოგიური განცხადებები გამოაქვეყნეს ეგვიპტემ, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა და ბაჰრეინმა.

ღია დაპირისპირებას წინ უსწრებდა ინფორმაციული ომი, რომელიც ტელეკომპანიებმა: “ალ-არაბიამ” და “სკაი ნიუს არაბიამ” გააჩაღეს ყატარის მმართველი ოჯახის წინააღმდეგ. ეთერში გადაიცემოდა ყოფილი ემირის _ ჰამად ბინ ხალიფის (გადადგა 2013 წელს) საუბრები მუამარ კადაფისთან და იემენის ყოფილ პრეზიდენტ ალი აბდალ სალეჰთან (საუბრების უტყუარობა ჯერჯერობით დაუდგენელია). ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ემირ ჰამადიმ კადაფის უთხრა, რომ აპირებს, საუდიტებს წაართვას ნავთობით მდიდარი შაქრიას პროვინცია. პრეზიდენტ სალეხთან საუბარში კი კადაფი არწმუნებდა მას, რომ აუცილებელია დივერსიების განხორციელება საუდიტების ზურგში ნეჯანისა და ჯიზანის პროვინციების დასაბრუნებლად.

ამავე დროს ზემოთ ნახსენები ორი ტელეარხი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ბინ აბდელ რაჰმანი ერაყში ვიზიტისას საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ისლამის რევოლუციის დამცველთა კორპუსის სპეცრაზმ “კუდსის” სარდალთან, გენერალ კასემ სულეიმანთან. ამის შემდეგ საუდის სამთავრობო გაზეთმა “ოქაზმა” ყატარის ემირებს “საუდელი ერის მტრები” უწოდა.

ის, რაც ამ დღეებში მოხდა, თავისი არსით პატარა, მაგრამ მდიდარი და ძალიან ამბიციური ნავთობგაზის ემირატისთვის ომის გამოცხადებაა. ჯერჯერობით ეს ცივი ომია, მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება ხვალ ან ზეგ.

რით ვერ მოიგო ძლიერი მეზობლის გული ყატარმა?

ჩვენი აზრით, კრიზისი ორმა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა:

პირველი ფაქტორი ლიდერობისთვის ბრძოლაა ახლოაღმოსავლეთის რეგიონში, სადაც ყატარი “ძმები მუსლიმების” მოძრაობას ემყარება. დოხა მიესალმა 2012 წელს ეგვიპტის ხელისუფლების სათავეში “ძმები მუსლიმების” მისვლას და მათ ფინანსური დახმარების ხელი გაუწოდა, რამაც ფრიად შეაშფოთა ერ-რიადი.

საპასუხოდ საუდის არაბეთმა მხარი დაუჭირა სამხედრო გადატრიალებას, რომელიც 2013 წლის ივლისში ფელდმარშალმა აბდელფათაჰ ასსისიმ მოაწყო. მოგვიანებით ერ-რიადმა ეგვიპტის ეკონომიკის განსამტკიცებლად კაიროს 15 მილიარდი დოლარის შეღავათიანი კრედიტი მისცა. ამასთანავე, “ძმები მუსლიმების” დამარცხება ეგვიპტეში ემირ ჰამად ბენ ჰალიფის გადადგომისა და დოხაში ხელისუფლების სათავეში უფრო კომპრომისული ფიგურის, მისი ვაჟის _ თამიმ ბენ ჰამადის მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ყატარისა და საუდის არაბეთის დაპირისპირების კიდევ ერთ ასპარესად წარმოგვიდგა სირია.

ყატარის ხელმძღვანელობამ ამ ქვეყანაში კონფლიქტის დაწყებისთანავე მხარი დაუჭირა “ძმებ მუსლიმებს”, ამ მოძრაობასთან დაკავშირებულ “ლივა ათ-თავჰიდის” და “აჰრარ აშ-შამის” შეიარაღებულ ფორმირებებს. საუდის არაბეთი კი სირიის თავისუფალი არმიის “ბოევიკებსა” და 2013 წელს შექმნილ სალაფიტების შეიარაღებულ ფორმირება “ჯეიშ ალ-ისლამს” დაეხმარა, რომელსაც სათავეში ედგა ერ-რიადის კაცი _ ზაჰრან ალიუში. გარკვეული დროის შემდეგ დოხამ “ისლამური სახელმწიფოს” დაფინანსება დაიწყო, საუდის არაბეთმა კი “ჯაბჰათ ან-ნუსრას” ხელშეწყობა იკისრა.

ყატარისა და საუდის არაბეთის მეტოქეობის მეორე ფაქტორი შეიხ მუჰამედ აბდელ ვაჰაბის იდეოლოგიური მემკვიდრეობის მოპოვებისთვის მიმდინარე ბრძოლაა. აღნიშნული შეიხი ისლამში ვაჰაბიტური მიმართულების დამფუძნებელია. ყატარის მმართველი ოჯახი თავისი გენეოლოგიის ათვლას აბდელ ვაჰაბიდან იწყებს და მიიჩნევს, რომ სწორედ ყატარში აღიქვეს ადეკვატურად მისი მოძღვრება, ხოლო საუდიტებმა მას რელიგიური შეუმწყნარებლობის ნიშნები მიანიჭეს, რითაც მისი დისკრედიტაცია მოახდინეს.

რელიგიური მემკვიდრეობისთვის ბრძოლის კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს ვაჰაბიტი სამღვდელოების 200 წარმომადგენლის ღია წერილი, რომელსაც მუჰამედის უშუალო შთამომავლად მიჩნეული აბდელ აზიზ აალ აშშეიხიც აწერდა ხელს. წერილში საეჭვოდ იყო მიჩნეული ყატარის მმართველი ოჯახის მუჰამედ აბდელ ვაჰაბთან ნათესაური კავშირი. აქედან გამომდინარე, სამღვდელოების წარმომადგენლები მოითხოვდნენ, დოხას ცენტრალური მეჩეთისთვის მოეშორებინათ მისი სახელი.

მესამე, ალ-საუდისა და ატ-ტანის ოჯახების “ტრადიციული” მეტოქეობაა, რომელიც XIX საუკუნეში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

იმ დროს ტამიმის ტომის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ყატარის მმართველი ოჯახი მიეკუთვნება, საუდიტებმა ნეჯადიდან ყატარის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე გააძევეს. მიუხედავად ამისა, ყატარელი ემირები არ წყვეტენ აქტიურ ურთიერთობას საუდელ თანატომელებთან, აფინანსებენ მეჩეთების მშენებლობას ტამიმის წარმომადგენლებით დასახლებულ რაიონებში, ეხმარებიან ადგილობრივ შეიხებს და თანატომელებს ყატარის მოქალაქეობასაც ანიჭებენ.

მეოთხე, შეიძლება ითქვას, ორი სახელმწიფოს დაპირისპირების განმსაზღვრელი ფაქტორი, ირანის მიმართ მათი განსხვავებული დამოკიდებულებაა. საუდის არაბეთის ანტიირანული პოლიტიკის შესახებ საკმარისად ბევრი დაიწერა. ერ-რიადის განსაკუთრებული კრიტიკის საგანია ემირ ტამიმ ბინ ჰამიდის თეირანთან დაახლოების მცდელობა. მან პირველმა მიულოცა ჰასან როუჰანის ახლახან გამართულ არჩევნებში გამარჯვება. წერილში აღნიშნულია, რომ ემირი ყატარ-ირანის ურთიერთობას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს სპარსეთის ყურის რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ძალას არ დაიშურებს ამ ურთიერთობის განსამტკიცებლად.

დონალდ ტრამპის ერრიადიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც მან ცნობილი სიტყვა წარმოთქვა 20 მაისს, ყატარის ერთერთ საიტზე გამოქვეყნდა ემირ ტამიმის გამოსვლა (შემდეგ წაშალეს), რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ფარულ კრიტიკას შეიცავდა. ემირმა თქვა, რომირანი მნიშვნელოვანი ისლამური და რეგიონული სახელმწიფოა და უაზრობაა მასთან კონფრონტაცია”. მისი აზრით, “ირანი რეგიონში დიდი მასტაბილიზებელი ძალაა”.

გაყიდიანთუ არა ამერიკელები ძველ მოკავშირეს?

საუდის არაბეთსა და ყატარს შორის დღევანდელი დაძაბულობა პირველი არ არის. ისტორია რამდენიმე ურთულეს შემთხვევას იცნობს. შევჩერდეთ მხოლოდ ერთზე.

1995 წელს ყატარში უმაღლეს დონეზე განხორციელდა გადატრიალება, რომლის შედეგად სახელმწიფოს მართვის სადავეები ემირ ჰამად ბინ ხალიფმა ხელთ იგდო. 1996 წელს ერ-რიადი შეეცადა ხალიფის დამხობას და, ზოგიერთი მონაცემით, ყატარში საუდელი კომანდოსები შეაგზავნა. მაგრამ ამერიკელებმა, რომლებსაც ემირატებში ახლო აღმოსავლეთში უმსხვილესი ბაზა ერ-უდეიდი აქვთ, ვეტო დაადეს ამ განზრახვას და არ დაუშვეს ხელისუფლების შეცვლა ყატარში.

10-15 წლის შემდეგ ყატარი აშშ-ის მთავარი პარტნიორი გახდა “არაბული გაზაფხულის” პროცესში. საპროტესტო გამოსვლები ახლო აღმოსავლეთში მომზადებული იყო ამერიკული ცენტრების მიერ, რომლებიც ყატარში არის განლაგებული. მაგალითად, დოხაში მოქმედებს RAND Corporation-ის, Brooking-ის ინსტიტუტის, ჯორჯთაუნისა და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტების ფილიალები, რომლებიც “არაბული გაზაფხულის” დაგეგმვით იყვნენ დაკავებულნი.

მაგრამ არაბულმა რევოლუციებმა ასიათასობით დახოცილი ადამიანებით, ტერორიზმის გალაღებით, ევროპის ქვეყნებში ლტოლვილების მოზღვავებით ვერ ჩამოაყალიბა ამერიკისთვის სასურველი რეჟიმები მსოფლიოს ამ რეგიონის ქვეყნებში. აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის კვალზე ვაშინგტონმა გადაწყვიტა “ტრენდის შეცვლა” და “არაბული რევოლუციიდან” “არაბულ კონტრრევოლუციაზე” გადავიდა, რომლის ლიდერობა, როგორც დონალდ ტრამპის ამასწინანდელმა ვოიაჟმა დაგვანახვა, უნდა ითავოს საუდის არაბეთმა. გამორიცხული არ არის, ყატარი გახდეს განტევების ვაცი და შეეწიროს ამ პოლიტიკურ თამაშს.

ყატარის ხელმძღვანელობას მოქმედების სამი ვარიანტი რჩება:

პირველი ვარიანტი ერ-რიადის წინაშე სრული კაპიტულაციაა, რომელიც ითვალისწინებს ირანთან ურთიერთობის გაწყვეტას და “არაბულ ნატოში” გაერთიანებას. ასეთი კაპიტულაცია ნიშნავს “ძმები მუსლიმების” მხარდაჭერაზე ხელის აღებას, რაც ნულამდე დაიყვანს დოხას ამბიციურ გეგმებს;

მეორე ვარიანტი ითვალისწინებს ემირ ტამიმის ვაშინგტონში დონალდ ტრამპისთვის თაყვანის საცემად გამგზავრებას. ამ შემთხვევაში, ვაშინგტონის პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, საჭირო იქნება ამერიკის პრეზიდენტის სოლიდური “ბაქშიშით” მოთაფვლა;

მესამე ვარიანტი ერ-რიადთან ურთიერთობის სრული გაწყვეტა და ამა თუ იმ ფორმით ირანთან, სირიასა და ერაყთან დაახლოებაა, რაც ნაკლებ სავარაუდოა მანამ, სანამ ემირატის ტერიტორიაზე ამერიკელების უმსხვიპლესი სამხედრო ბაზა ელ-უდეიდია განლაგებული.

ალექსანდრ კუზნეცოვი

Fondsk.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here