Home ახალი ამბები საქართველო რისთვის შეხვდა მიტროპოლიტი ილარიონი საქართველოს პატრიარქს

რისთვის შეხვდა მიტროპოლიტი ილარიონი საქართველოს პატრიარქს

1164
პატრიარქი

საპატრიარქომ 4 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად.

“სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა.

უახლოეს პერიოდში, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა”, _ ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციში.

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელს საქართველოში ივნისის შუა რიცხვებში ელოდებიან.

“უკრაინის ადგილობრივი ეკლესია სთხოვს მსოფლიო საპატრიარქოს, როგორც პირველ ეკლესიას, რომ რაიმე ზომები მიიღოს და დაეხმაროს უკრაინას ამ დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ამასთან დაკავშირებით რუსეთის საპატრიარქოს თავისი პოზიციები გააჩნია, ამიტომ ბრძანდებოდა მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). მსგავსი კონსულტაციები გაიმართება მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელთან”, _ განაცხადა მამა მიქაელმა.

კითხვაზე, რა პოზიცია ექნება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის გამოყოფაზე, მამა მიქაელმა განაცხადა, რომ ეს რთული საკითხია და ამას კანონიკური ნორმები განსაზღვრავს, “ჩვენი ეკლესიის პოზიცია ამ შემთხვევაში იქნება მოზომილი”.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა უკრაინის ადგილობრივი ეკლესია და მას შემდეგ ეს საკითხი მეტ-ნაკლები სიმძაფრით პერიოდულად დგას. “ახლა, როგორც ვიცით, უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა მსოფლიო პატრიარქს და მას შემდეგ ახალი სიმწვავით დაისვა ეს საკითხი”, _ განაცხადა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტს საქართველოში თან ჩამოჰყვა რუსი სასულიერო პირი, რომელიც ნეველის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here