დაიწყო ზამთარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ვეღარ იქნება დამოკიდებული ბაღჩეულსა და ბოსტნეულზე, რადგან მათ სისხლის ფასი დაედო და ვეღარ შეიძენენ, ამიტომ ამჟამად მთავარი საკვები პროდუქტი ბურღულეული და კარტოფილია (თავზსა და ხორცზე ბევრი, უბრალოდ, ვერც ოცნებობს). წესითა და რიგით, კარტოფილი ქართულ ბაზარზე იაფი უნდა ღირდეს და, ყველაზე ცოტა, დეკემბრის ბოლომდე საკუთარი მოსავალი უნდა გვყოფნიდეს, მაგრამ ასე არ ხდება.
ქართული კარტოფილი (ახალციხესა და სვანეთში მოწეული) მოსავლის აღებიდან ორ კვირაში თურქეთისა და ირანის დახლებზე დევს, არაბეთშიც… ეს იმიტომ, რომ აქაური კარტოფილი (განსაკუთრებით სვანური) ქიმიკატების გარეშე არის მოყვანილი და, მაგალითად, თურქეთში კილოგრამი 3 ევროზე მეტი ღირს, არაბეთში მისი ფასი 7 დოლარიდან იწყება, ადგილზე კი, საუკეთესო შემთხვევაში, 1,50 ლარად იყიდება. როცა საქართველოდან კარტოფილს გაიტანენ, თურქი და ირანელი ბიზნესმენები უკვე თავის ქვეყნიდან ეზიდებიან იმავე პროდუქტს, ოღონდ გაცილებით იაფად და ლოგიკურ კითხვაზე, რატომ არის იქაური კარტოფილი უფრო იაფი, პასუხიც ლოგიკურია _ იქ სპეციალური შხამ–ქიმიკატების გამოყენებით ჰექტარზე სამჯერ და ოთხჯერ მეტ მოსავალს იღებენ, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. იგივე ითქმის ხახვზე, ნიორზე… იმის დასამტკიცებლად, რომ შემოტანილი ნიორი რაღაც ჰიბრიდია და არაფრად ვარგა, მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეთ _ ნივრის კბილი ჩარგეთ მიწაში და ნახავთ, რომ არ ამოვა. ანუ, ჩანასახიც კი მკვდარი აქვს და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის ასეთ ნიორს, როცა სარგებელი საკუთარი თავისთვისაც ვერ მოაქვს, თავად განსაჯეთ.
არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოში სამაცივრე მეურნეობის მოწყობა აუცილებელია. ვიცით, რომ ეს არ არის იაფი სიამოვნება, არ არის მარტივი გასაკეთებელი საქმე, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია. სამაცივრე მეურნეობაში შენახული ის მცირე პროდუქტიც კი, რომელიც საქართველოში მოგვყავს, ზამთრის პერიოდში მოსახლეობას უდიდეს შეღავათს მისცემს. თავად განსაჯეთ _ზაფხულში საქართველოდან ათეულობით ტონა ვაშლი და ვაშლატამა გადის. წელს იყო მხოლოდ, როცა რუსეთმა ვაშლატამაზე მოთხოვნა გაზარდა და კილოგრამში 4 ლარამდე იხდიდა, თორემ მანამდე 50 თეთრადაც კი სახვეწარი იყო. ვაშლის ფასი არ იყო ასეთი მაღალი და ლარად გავიტანეთ. გამოვიდა ისე, რომ, ჯამში, გლეხებმა იხეირეს, მაგრამ ეს პროდუქტი საზღვარგარეთ რომ არ გასულიყო და დარჩენილიყო საქართველოს სამაცივრე მეურნეობებში, ახლა მისი ფასი ოთხჯერ მეტი იქნებოდა, ოთხჯერ მეტ შემოსავალს მიიღებდა ის გლეხი და ადგილზეც იმაზე იაფი იქნებოდა, ვიდრე შემოტანილი პროდუქტი. ნახევარი საქართველო იცინის ხოლმე ზამთარში ალუჩის ფასზე, რომელიც ხშირად ას ლარს სცდება და აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს. იქ ალუჩას სამაცივრე მეურნეობებში ინახავენ, სეზონზე 3-4 ლარად ყიდულობენ და შემდეგ ზამთარში 25-ჯერ ძვირად ყიდიან.
დღეს საქართველოში არ არსებობს არაფრის მარაგი, გარდა მინერალური წყლებისა. საუბარი არ არის მალფუჭებად პროდუქტებზე, რომლებსაც საწყობში ვერ შევინახავთ. ჩვენ არ (აღარ) გვაქვს ხორბლის მარაგი (სიძვირის გამო), არ გვაქვს ფქვილის მარაგი (მალე ფუჭდება), არ გვაქვს ხილისა და ბაღჩეულის მარაგი (სამაცივრე მეურნეობების არარსებობის გამო) და გვაქვს მხოლოდ ორი კვირის სამყოფი ბურღულეული. ზამთარში ისეთი თოვლი რომ მოვიდეს, ლარსის გამშვებ პუნქტამდე ორი კვირის განმავლობაში მისვლა ვეღარ მოხერხდეს, შიმშილი დაგვემუქრება, რადგან ფქვილს ვერ შემოვიტანთ ან შემოვიტანთ ფრენით, რაც პურის ფასს საგრძნობლად გაზრდის. ერთადერთი, რაც მარაგში გვაქვს და, სავარაუდოდ, კიდევ კარგა ხანს გვექნება, მინერალური წყლებია, რომლებსაც დიდი რაოდენობით ვაწარმოებთ, მაგრამ სამწუხაროდ, წყალს ადამიანის დანაყრება არ შეუძლია.
ორი ვარიანტია _ ან ხელისუფლებამ არ იცის საფრთხის შესახებ, ან იცის და ვერაფერს აკეთებს. ორივე შემთხვევაში მდგომარეობა სავალალოა. ამ ვითარების ფონზე, დიდია იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყოს. საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი სანქციების გათვალისწინებით, ასევე დიდია იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთმა ხორბლის საჭიროზე მეტი მარაგი შექმნას და პურისთვის საჭირო პროდუქტი, უბრალოდ, არ გაყიდოს. ალტერნატივა რომ არ გვაქვს, თავადაც ხვდებით და, თუ ვინმე იმას ფიქრობს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნის ინტერესს საკუთარზე მაღლა დააყენებს, ძალიან შემცდარა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს “რუსული რულეტკის” თამაშს და არავინ იცის, როდის გავარდება საბედისწერო ტყვია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი გვამშვიდებს, ყველაფრის მარაგი არის, თანაც, სულ ცოტა, ორი თვისო და ეს არის ტყუილი. შეუძლებელია, ორი თვის მარაგი იყოს თუნდაც პურის ფქვილის, რადგან ამ ოდენობით და ამდენ ხანს საქართველოში ფქვილს ვერ შევინახავთ. შეუძლებელია, ეს მარაგი გვქონდეს კარტოფილისა და ხახვის და სწორედ ამიტომ ირანიდან და თურქეთიდან ყოველდღიურად შემოდის (ცალკე თემაა, როგორი ხარისხის შემოდის და როგორ მოწმდება). შეთქმულების თეორიების ნაკლებად გვჯერა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათწლეულში მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები გაძვირდა, ფასების რეგულირებასა და მოთხოვნის შემცირებას უკავშირებენ კორონავირუსს და იმ უმართავ პროცესებს, რომლებიც მას სდევს. სწორედ უმართავ პროცესებს, რადგან კვარტალში ერთხელ ახალი შტამის გამოჩენასა და სიკვდილის შემთხვევების მატებას თითქოს ვერაფერს უხერხებენ ვერც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია და ვერც ცალკეული ქვეყნები. საქართველოში ამ მიმართულებით რა მდგომარეობაც არის, კი ვხედავთ და უკეთესი არც სხვაგან ხდება.
ასეთ პირობებში ხელისუფლებას, დიდი ხანია, რამე გეგმა უნდა ჰქონდეს, კონკრეტული სტრატეგია, რას ვაკეთებთ და როგორ ვიქცევით, მაგრამ ეჭვი გვაქვს, ის მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ევროპა და ამერიკა არ მიგვატოვებს. არადა, თუ მოვლენები იმ სცენარით განვითარდება, როგორსაც ვამბობთ, ევროპასა და ამერიკას საქართველოსთვის ნაკლებად ეცლება. ეს არაერთხელ გვინახავს და, რაც მთავარია, საქართველო კი არა, როცა დასჭირდათ, იტალია შეატოვეს მარტო პრობლემებს და შემდეგ ბოდიში მოუხადეს, _ არასწორად მოვიქეცითო, თუმცა იტალიაში ვირუსით გარდაცვლილ 130 ათასზე მეტ ადამიანს ბოდიში ვერაფერში წაადგებოდა.
ხელისუფლება, სავარაუდოდ, ვერც იმას ხვდება, რომ, პოლიტიკური კი არა, სოციალური აფეთქება თუ მოადგება კარს, ვერაფერს შეცვლის. დამშეული ხალხის შეჩერება შეუძლებელია და სწორედ დამშეულმა ხალხმა მოახდინა სახელმწიფო გადატრიალებები, რომლებიც ისტორიაში სასტიკ რევოლუციებად შევიდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში პირველად ვართ ისეთ მდგომარეობაში, როცა მართლა შიმშილი აკაკუნებს უმრავლესობის კარზე. ასეთი რამ შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც არ ყოფილა, როცა პენსია 7 ლარი იყო, ხელფასი კი 30 და 40 ლარს იშვიათად სცდებოდა. საახალწლოდ დაანონსებული და გაზრდილი პენსიები ზღვაში წვეთიც არ არის მკვეთრად მომატებულ ფასებთან შედარებით. სახელმწიფოს უჭირს, ძალიან უჭირს და ამ პირობებში ახალი კანონების შემოღება ისევ ხელისუფლების რეიტინგს ურტყამს. 2022 წლიდან ავტომობილებში ცეცხლმაქრი, წითელი სამკუთხედი და პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევი მედიკამენტები რომ უნდა იყოს, კარგია, მაგრამ ცუდია ის, რომ იგივე ცეცხლმაქრი და წითელი სამკუთხედი ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა შემოიტანეს და მათგან უნდა შევიძინოთ. ამ პირობებშიც კი კლანურ-მონოპოლისტურ ხაზს ვერაფერს ვუხერხებთ და ესეც დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორია რიგითი ადამიანებისთვის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მოგვიწოდა, კარგი იქნება, თუ ახალ წელს მოკრძალებულად აღვნიშნავთო. მან, სავარაუდოდ, ხალხმრავალი შეკრებები იგულისხმა და რეალურად ეს იქნება, ალბათ, ყველაზე მოკრძალებული ახალი წელი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს სუფრაზე დასადები არაფერი ექნება. შესაძლოა, ხელისუფლებამ ისიც არ იცის, ადამიანთა გარკვეული კატეგორია მარხვას მხოლოდ იმისთვის რომ იწყებს, ახალ წელს მეზობლის არ შერცხვეს, სუფრაზე ხორცის ნასახი რომ არ ექნება. ეს არის ზღვარი, რომელიც სწორედ ხელისუფლებამ გაავლო ნდობასა და კუჭს შორის და ახლა იმის მტკიცება, რომ თურმე რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, უბრალოდ, დაცინვაა. მაცივარი გამოაღეთ რიგითი ადამიანების საცხოვრებლებში და ეკონომიკურ ზრდაზე იქ არსებული პროდუქტების მიხედვით იმსჯელეთ, ბატონებო!
ბესო ბარბაქაძე