“მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა”.
აკაკი წერეთელი
განათლების სისტემას, ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს ნებისმიერი ერისთვის, უკვე წლებია, საქართველოში ნორმალური ხელმძღვანელი არ ჰყოლია. შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე სხვადასხვა პერიოდში იყვნენ: ალექსანდრე ლომაია, გია ნოდია, ნიკა გვარამია, დიმიტრი შაშკინი, ხატია დეკანოიძე, გიორგი მარგველაშვილი, თამარ სანიკიძე, ამჟამად კი განათლების სისტემას ქართულ ზღაპრებსა და საზეპიროებთან მებრძოლი, “დაგუგვლის” მოყვარული და “ფრთიანი ფრაზებით” განთქმული ალექსანდრე ჯეჯელავა ხელმძღვანელობს. აი ამ ადამიანების მიერ “რეფორმირებული” განათლების სისტემის ნაყოფია ის, რაც ახლახან შეიქნა ცნობილი: XII კლასის საატესტატო გამოცდებზე საჭირო ზღვარი 11 ათასმა მოსწავლემ, თითქმის მესამედმა, ვერ გადალახა…
“დაახლოებით 11 ათასი მოსწავლეა, რომლებმაც ვერ გადალახეს გამოცდების ზღვარი. ტექნიკური საგანი უფრო უჭირთ, ვიდრე სხვა საგნები. ისმის ჩივილები, რომ პროგრამას არ ემთხვეოდა გამოცდის შინაარსი, მაგრამ ეს ასე არ არის. კომპიუტერებით ადაპტირებული ტესტირება იმას გულისხმობს, ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ მოწმდება, ცოდნის გამოყენება რამდენად შეუძლია მოსწავლეს”, _ განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც ამ კატასტროფულ შედეგში, საატესტატო გამოცდებში 11 ათასი მოსწავლის ჩაჭრაში, ყველას ადანაშაულებს, საკუთარი თავისა და იმ სისტემის გარდა, რომელიც მან და მისმა წინამორბედმა მინისტრებმა შექმნეს.
საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი ბავშვის ჩაჭრა ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველი ერია, კატასტროფის ტოლფასია, რადგან განათლებული თაობის გარეშე ერი, ქვეყანა განწირულია დასაღუპავად. ამიტომ სასწრაფოდ არის შესაცვლელი განათლების სისტემა, თანაც საფუძვლიანად _ მინისტრ–პედაგოგებიანად, თუმცა აქაც, ისევე, როგორც ყველა სფეროში, კადრების დეფიციტია. ჯეჯელავა კი გამოსავალს პროფესიული განათლების პოპულარობის მომატებაში ხედავს (ტექსტს უცვლელად გთავაზობთ _ ნ.კ.):
“ჩვენთან უმაღლესი განათლების გადაჭარბებული პოპულარობაა. მიუხედავად იმისა, ახალგაზრდა კარგად სწავლობს, ცუდად სწავლობს, ავლენს აკადემიურ უნარებს, არ ავლენს, მაინც ცდილობს, რომ სრული 12 კლასის ატესტატი მიიღოს და უმაღლესში გააგრძელოს სწავლა. ამ შემთხვევაში გერმანიასთან განსხვავება ის არის, რომ ბავშვები, რომლებიც იქ ვერ ჩააბარებენ გამოცდას, აღარ გადიან მასზე და ირჩევენ ალტერნატივას. გრძელვადიან პერსპექტივაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან პროფესიული განათლების პოპულარობა იზრდება, ყოველ წელს მეტი ახალგაზრდა გადაწყვეტს, რომ მეტი ენერგია დაახარჯონ პრაქტიკულ უნარებს, რაც შრომით ბაზარზე გამოადგებათ. რაც უფრო მეტი მოსწავლე შეეცდება, რომ წავიდეს პრაქტიკული უნარების განვითარების მიმართულებით, მით ნაკლები იქნება ეს პრობლემა. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც უმუშევრობას თავიდანვე აგენერირებს”, _ განაცხადა ჯეჯელავამ, რომელიც უმუშევრობის “დაგენერირების” თავიდან ასაცილებლად, “დაგუგვლით” იოლი სწავლისკენ, უფრო ზუსტად, უსწავლელობისკენ მოუწოდებს (პროფესიული განათლების მიღებისკენ მოწოდება მეტი არაფერია) ქართველ ახალგაზრდებს და არაფერს ამბობს პედაგოგების დაბალ კვალიფიკაციაზე, უვარგის სახელმძღვანელოებზე, ე.წ. საგანმანათლებლო რესურსცენტრების უეფექტობაზე, უმაღლესი განათლების ხარისხზე და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ზემოჩამოთვლილმა მინისტრებმა განათლება სწორედ იმ განათლების საბჭოურ სისტემაში მიიღეს, რომლის “რეფორმირებასაც” ასე გამწარებით ცდილობენ დღეს.
აი არასრული ჩამონათვალი საბჭოთა განათლების სისტემაში განათლებამიღებული მეცნიერებისა, რომლებიც დღეს უცხოეთში წარმატებით მოღვაწეობენ:
ლეო ბოკერია _ კარდიოქირურგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
სოსო ნანობაშვილი _ სისხლძარღვთა ქირურგი, ვენის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტისა და ვენის კერძო კლინიკების ქირურგი, პროფესორი;
გია დვალი _ ნიუ-იორკის უნივერსიტეტისა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით და მონაწილეობს ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში (CERN);
ირაკლი მინაშვილი _ ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის _ CERN -ის ასოცირებული წევრი და ატლას ექსპერიმენტის კალორიმეტრის მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ანდრო კაჭარავა _ იულიხის კვლევითი ცენტრის (გერმანია) ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში კოლაბორაციის სპიკერი;
მერაბ კოკაია _ პროფესორი ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) ნევროლოგიურ განყოფილებაში;
თეა კეკელიძე _ ნოვარტისის ბიოსამედიცინო კვლევების ტრანსნაციონალური ფარმაცევტული კომპანიის ინსტიტუტების სამეცნიერო ურთიერთობებისა და სამეცნიერო განხილვების უფროსი;
ვასილ ჯორჯაძე _ ბრუქჰავენის (აშშ) ეროვნულ ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომელი და ერთ-ერთი კონტრაქტორი;
გაბრიელ ჯინჯიხაშვილი _ The Israel electrics Corporation-ის უფროსი ექსპერტ-ინჟინერი, მისი საქმიანობა გათანაბრებულია დეპარტამენტის უფროსთან;
დავით ყოლბაია _ ვარშავის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი;
ირაკლი გარიშვილი _ Lawrence Livemore National Laboratory-ის (აშშ) ფიზიკოსი და დოქტორის ხარისხის მფლობელი;
ალექსი ღონღაძე _ ATLAS-ის ექსპერიმენტის CERN) ინჟინერ ფიზიკოსი;
სოფიო პატარაია _ ARLAS-ის ექსპერიმენტის მკვლევარი CERN-ში.
ალექსი მესტვირიშვილი _ აიოვას უნივერსიტეტის (აშშ) უფროსი მეცნიერი.
თეიმურაზ ფირაშვილი _ მათემატიკოსი, ლესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი. ჰუმბოლტდის საზოგადოების პრემიის ლაურეატი. საფრანგეთის რიგი უნივერსიტეტების (სტრასბურგი, ნიცა, ნანტი, მონპელიე, პარიზი-13) სადოქტორო დისერტაციების ჟიურის წევრი;
ალექსანდრე შარმაზანაშვილი _ ATLAS-ის მონტაჟში (CERN) მონაწილე ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელი;
ზურაბ გუგუჩია _ Paul Scherrer-ის ინსტიტუტის (შვეიცარია) დოქტორი ფიზიკის დარგში.
აი, ამ ადამიანებმა მიიღეს განათლება საბჭოთა პერიოდში, “დამოუკიდებელი” საქართველოს განათლების მინისტრების “მოღვაწეობის” შედეგად კი დღეს 11 ათასი მოსწავლე (!) საატესტატო გამოცდებზე ჩაიჭრა…
ნიკა კორინთელი
P.S. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ლაპარაკობენ ილია ჭავჭავაძის გზით სვლაზე, თუმცა საეჭვოა, იცოდნენ, რომელი გზით სიარულისკენ მოუწოდებდა დიდი ილია ქართველ ერს. ამიტომ ამ პოლიტიკოსებს შევახსენებთ ილია ჭავჭავაძის ფრაზას: “ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონება–გახსნილი, გულ–ანთებული კაცები არა ჰყავს!”
დაშტერებული ახალგაზრდობა დიდი ტრაგედიაა.
მიკვირს, მაგრამ ჯეჯელავას ბევრ რამეში დავეთანხმები. ზედმეტია ამდენი სტუდენტი უნივერსიტეტებში, ეს უმღლესი განათლების ხარისხს და პრესტიჟს დაბლა სწევს. დაგუგვლასაც ვეთანხმები ოღონდ ნაწილობრივ: გუგლით უნდა მოძებნო საუკეთესო და თანაემდროვე ლიტერატურა იმ თემაზე რაშიც გინდა ცოდნა მიიღო გაიღრმავო. უცხო ენის ცოდნა განსაკუთრებით მაგიტომაა საჭირო.
რაღაცეები უნდა იღონონ, ჩემი აზრით:
1. არასრულწლოვნებს სოციალური ქსელებში პროფილის ქონა უნდა აეკრძალოთ.
2. ტელეფონები დილიდან დაწყებული გაკვეთილების დასრულებამდე გამორთული უნდა ჰქონდეთ
3. “წიგნის თაროს” მსგავსი პროექტები უნდა მომრავლდეს.
4. კარგ მოსწავლეებს უნდა დაენიშნოთ სტიპენდიები.
5. ოლიმპიადების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს.
6. ძვირი იქნება მაგრამ საბოლოოდ ისევ ჩვენს ეკონომიკას წაადგება: უფასო ბუფეტი ყველა სკოლაში, მხოლოდ ადგილობრივი ნაწარმით