Home რუბრიკები საზოგადოება რეზო გაბრიაძის უკანასკნელი ინტერვიუ

რეზო გაბრიაძის უკანასკნელი ინტერვიუ

517
ყურში ჩამჩურჩულე თოჯინა, საიდუმლოს უბადლო მცველი, ანუ უერთგულესი მესაიდუმლე, რომელსაც დანაშაულზე წავასწარი
ყურში ჩამჩურჩულე თოჯინა, საიდუმლოს უბადლო მცველი, ანუ უერთგულესი მესაიდუმლე, რომელსაც დანაშაულზე წავასწარი

“…თოვლი მიწამდე ვერ აღწევდა. მხოლოდ ჭიშკრის ქვის სველი თავი იყო დაპუდრული და მის გვერდით ტყემლის ნერგის წვეტი ჩანდა თეთრ წერტილად”.

ექიმი და ავადმყოფი

საშობაო მოთხრობასავით იყო ბატონ რეზო გაბრიაძესთან ეს შეხვედრა, სავსე სითბოთი და სიკეთით.

დამირეკა:

_ საახალწლოდ მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვისთან ერთადაც კინოში მიმუშავია.

თქვენი გაზეთით. იქნებ, ამოხვიდეო.

ერთი ხანია, გამონაბოლქვით დახუთულ თბილისს გაერიდა და ოქროყანაში ცხოვრობს, პირად საკუთრებაში დარეგისტრირებულ პატარა, ლამაზ სამოთხეში.

ჰაერი _ მოკბეჩა რომ შეიძლება: “სოფლის სუფთა ღრუბელი” (გოგლა ლეონიძე).

ხის ბოძი _ ეიფელის კოშკივით

მამული _ იმერელი გლეხის ეზო-კარზე უმცირესი, თითქმის ისეთი, ზემოურებზე რომ იტყვიან: წელზე თოკს იბამენ დამრეც ფერდობზე ფეხის მოსაკიდებლად ყანის ყოველი გათოხნის დროსო.

ოქროყანა უთხარი შენ!

სოფლის ცენტრალურ პროსპექტს _ თბილისის სახელობის ახლადგარემონტებულ ქუჩას _ ზევიდან დასცქერის მისი მორიდებული, მეორადი საშენი მასალით ნაგები აგარაკი. ერთსართულიანი. ყავლგასული, დაშლილი სახლების ქართული აგური. ბრტყელი. საუკუნის წინანდელი ხის კოჭები, ანუ ძელები. იატაკის გაცვეთილი ფილები, აქაიქ ახლებით შევსებული.

ეზო _ მოვლილ-დავარცხნილი კოინდარი, ხელისგულის დადება: მე მყოფნის, მეტი არ მჭირდებაო.

სამზადის წინ _ ეიფელის კოშკივით _ “გოელროს” დროინდელი ელექტროსადენების ხის ბოძი, პლოსკოგუბციანი მონტიორები “კოქტებს” (მოკაუჭებული რკინის “ბრჭყალებს”) ფეხის ტერფებზე რომ დაიმაგრებდნენ და ისე ადიოდნენ კომუნიზმის ამ მწვერვალებზე სოციალიზმის დადგომის დამაბრკოლებელი დაზიანებების გამოსასწორებლად.

ქვეყნის ელექტრიფიკაციის ისტორიული გეგმის განხორციელების მატერიალური სიმბოლო. გაწყვეტილი მავთულით.

მიმიწვია-მეთქი.

შობა-ახალწლის კვირაძალი იყო.

მანქანა გამომიგზავნა _ მარიონეტების თეატრის საბალანსო საკუთრება. შოფრით. აბა, ჩიტოს “პაბედა”-ავტომობილით ნაღდად ვერ ავიდოდი, რადგან ის სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ რეზო გაბრიაძის შედევრალურ მოთხრობაში “ექიმი და ავადმყოფი” მოძრაობს, თანაც ექსკლუზიურად ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან “საითაც გინდა” მიმართულებით, ოღონდ _ ახლომახლობლობაში.

ოქროყანის გზაზე არ დადის. რომც გავიდეს, პირველივე საპატრულო ეკიპაჟი გააჩერებს და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანს უძველესი “სჩასტლივი” ნომრით სიარულის გამო _ გკ 49-54. თორემ სხვა ყველა პარამეტრი ნორმაშია: პაკრიშკები გაუცვეთელი, ტორმოზები ახლადგამოცვლილი. ყველა ტეხასმოტრი ფრიადზე აქვს ჩაბარებული.

თეთრად გადაღებვა არ დასჭირდა, რადგან ოფიციალურად ტაქსი არ არის.

წარმოსახვის ამ გზას დავადექი და ავედი.

_ სად დაიკარგე? _ სიხარულიანი ცნობისმოყვარეობით მომიკითხავს და შემიძღვება იმ სამყაროში, რომელიც კერძოდ მისია და უსასრულო, როგორც გაბრიაძის ნიჭი და ფანტაზია.

მივუსხედით მაგიდას, რომელსაც კედლებიდან გადმოსცქერიან ყურდაცქვეტილი თოჯინები _ რას იტყვის პატრონი _ საიდუმლოს უბადლო მცველები, ანუ უერთგულესი მესაიდუმლენი.

მეც ყურადღებად ვარ ქცეული და ვუსმენ მაესტროს, რომელსაც (ჰოი, საკვირველებავ, და _ როგორც იქნა!) საჯაროდ სიტყვის თქმის სურვილი დაებადა.

ვუსმენ და ვიწერ. ჩემი მისიაც ეგ არის.

კადრი ფილმიდან „ქინ-ძა-ძა“: „ - ქუ!“
კადრი ფილმიდან „ქინ-ძა-ძა“: „ – ქუ!“

მიყვება, რომ კინოში შემთხვევით მოხვდა

_ პროფესიით სახვითი ხელოვნების მსახური ვარ _ მხატვარი და მოქანდაკე. მაგრამ მოხდა ისე, რომ მუშაობა შტატგარეშედ დავიწყე სხვადასხვა გაზეთში. მეოთხე გვერდზე, ბოლოში, ხან რას გამოვაქვეყნებდი, ხან _ რას… უნივერსიტეტის ეზოში ერთი პატარა ხე იდგა. გაზაფხულზე ყველაზე ადრე აყვავდებოდა თბილისში _ ჩემთვის მონიშნული რომ მქონდა, იმ თბილისში.

ფოტოგრაფები იმ ხის კადრებს იღებდნენ. მეც იმას დავხატავდი და მიმქონდა რედაქციაში. ორ-სამ სტრიქონიან ტექსტოვკასაც მივაწერდი. აქვეყნებდნენ. ასეთი იყო სტუდენტობის დროს ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის ბეჭდური სივრცე, შესაბამისი ჰონორარით.

ამგვარი ცხოვრება ცოტა დამღლელი კი იყო.

…კინოში შემთხვევით მოვხვდი.

რუსთაველის პროსპექტზე, კულტურის სამინისტრო და კინემატოგრაფიის კომიტეტი რომ იყო, იქ შემხვდა ერთი ჩემი მეგობარი, ძალით ამათრია მეორე სართულზე და იქიდან გამამწესეს მოსკოვში.

მეც მონატრებული ვიყავი მოსკოვში ჩასვლას, იქაც ვსწავლობდი დიდხანს და კარგად ვიცნობდი ქალაქს. მოვლილი მქონდა საბჭოთა კავშირის ბევრი კუთხე.

ჩავირიცხე კინოს სასცენარო და სარეჟისორო კურსებზე საქართველოს რესპუბლიკის კვოტით. ჩემი ხელმძღვანელი იყო, ნათელი დაადგეს, კინორეჟისორი კაპლერი, მდიდარი ბიოგრაფიის კაცი, ყველა ჭირგამოვლილი. ზუსტად ერთი წელიწადი იმ კურსებზე ვსწავლობდი.

ჩემთან ერთად იყვნენ უკვე ცნობილი მწერლები და ხელოვანები: ანდრეი ბიტოვი, გრანტ მათევოსიანი და სხვები. ასეთ ხალხს შორის ცოტა “განცდებში ვიყავი”.

“განცდები” პირველივე დღიდან არ დაკლებია, როცა მიმღები კომისიის წინაშე წარსდგა.

_ საქვეყნოდ ცნობილი კინომოღვაწეები ნახევარწრედ ისხდნენ ცარიელ აუდიტორიაში. მე _ მათ წინაშე, ცენტრში, როგორც დამნაშავე სასამართლო სკამზე.

მეკითხებოდნენ. ვუპასუხებდი. მართალი გითხრა, ჩემს პასუხებს დიდი აღტაცება არ გამოუწვევია… მაგრამ კურსების ადმინისტრაციამ არ ისურვა, დაეკარგა საქართველოსთვის განკუთვნილი კვოტა და მიმიღეს პირობით.

ჩემამდე იმ კურსებზე სწავლობდა არაჩვეულებრივი მწერალი და სცენარისტი ერლომ ახვლედიანი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა კინოშიც და მხატვრულ ლიტერატურაშიც. უნიჭიერეს და საყვარელ ადამიანად აღვიქვამ მას.

ამ პერიოდში დავწერე სცენარი, რომელიც ელდარ შენგელაიას ხელში შესანიშნავ კინოფილმად გადაიქცა _ “არაჩეულებრივ გამოფენად”.

_ ამბობენ, 900-გვერდიანი იყოო.

_ არა, ამდენს ვერ დავწერდი. 300 კი იქნებოდა, ალბათ… ასე მითხრეს.

ელდარიმდე ერთმა, ძალიან დამსახურებულმა რეჟისორმა წაიკითხა ჩემი სცენარი… მელაპარაკებოდა არა იმდენად სიტყვებით, რამდენადაც მიმიკით. მის სახეზე ისეთი დაძმარება ისახებოდა, რომელსაც სიტყვიერი განმარტება არ სჭირდებოდა. ბოლოს მითხრა, რომ მეტი მუშაობაა საჭირო.

კარგი სცენარის ძებნაში ბევრი ცნობილი რეჟისორი აკითხავდა ჩვენ კურსებს…

ელდარმა, ჩემი სცენარი რომ წაიკითხა, ძალიან ლამაზად მითხრა, რომ მოეწონა და რომ ამისგან კარგი ფილმის გაკეთება შეიძლებოდა… “არაჩვეულებრივი გამოფენა” დიდ ეკრანზე ჩემი პირველი გამოჩენა იყო. გამიმართლა!

საკავშირო სასცენარო კურსები ორწლიანი იყო, მაგრამ მე ერთ წელიწადში დავბრუნდი საქართველოში “არაჩვეულებრივი გამოფენის” წყალობით, რადგან სამუშაო ადგილი ჩემთვის სწორედ მაშინ გამოჩნდა და, გამეორდებოდა თუ არა კვლავაც ასეთი ბედნიერი შემთხვევა, ალაჰმა უწყოდა.

მასთან ერთად ორ ფილმზე ვიმუშავე. ერთ-ერთი “შერეკილები” იყო, რომლის სცენარი დიდი ხნის წინათ მქონდა მოფიქრებული.

თბილისში პირველად შევხვდი ისეთ ღიმილიან კაცს, როგორიც ელდარია. უდიდესი პროფესიონალი, საერთაშორისო კლასის კინორეჟისორია. კინოფილმი “ცისფერი მთები”, რომელიც ჩემს აღტაცებას იწვევს, ჩვენი უახლესი ისტორიის ისეთი მართალი დოკუმენტი და ისეთი მაღალმხატვრული ღირებულების ნაწარმოებია, რომლის მსგავსს იშვიათად შეხვდებით მსოფლიო კინემატოგრაფიაში.

ელდარის ფილმებზე საუბრის დროს არ შეიძლება, არ გავიხსენო რეზო ჭეიშვილი _ შესანიშნავი ქართველი მწერალი და სცენარისტი.

ელდარ შენგელაიას კიდევ ერთი მადლიანი თვისება ჰქონდა: “ქართული ფილმის” სტუდიაში ყველას პატრონობდა, ყველას ბებია და ბაბუა იყო. ფილმის ეპიზოდების გადაღებას რომ დაამთავრებდა, იმავე წუთს გარბოდა აღმასკომებში, სამინისტროებში, ცეკაში ვიღაცისთვის წამლის საშოვნელად, ვიღაცისთვის ბინის მისაცემად, ვიღაცის სამუშაოზე მოსაწყობად… ვინ მოთვლის, რამდენ გაჭირვებულს დახმარებია.

ელდარ შენგელაია ინტელიგენტი პიროვნებაა, ოჯახიშვილი. ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ბრწყინვალე კინორეჟისორის _ ნიკოლოზ შენგელაიას და კინოს ჭეშმარიტი ვარსკვლავის, საქართველოს მშვენების _ ნატო ვაჩნაძის ვაჟი.

(ბატონ რეზოს თავისი ამ სცენარის წიგნად გამოცემაზე სიტყვა რომ ჩამოვუგდე, გულდაწყვეტით მითხრა, დაკარგულიაო: ამდენ გადასვლაგადმოსვლაში სადაც გაიბნაო. ახლა მე დამწყდა გული. ძალიან).

_ ელდარ შენგელაიასთან რამდენიმე თვე ვიმუშავე და ეს თვეები ერთ გრძელ შაბათ-კვირას ჰგავდა.

_ შაბათკვირას რატომ?

_ შაბათი დღესასწაულივითაა. კვირაც კარგია, მაგრამ ხუთ საათამდე, რადგან სწორედ კვირა საღამოს მომდევნო შრომითი დღეების განწყობილება შეგახსენებს თავს და ხასიათს გაგიფუჭებს.

_ კინოსცენარი თავიდანვე იწერება, როგორც ფილმის ლიტერატურული საფუძველი თუ როგორც დამოუკიდებელი პროზაულნაწარმოები?

_ ასეც ხდება და ისეც, მაგრამ მე, უწინარეს ყოვლისა, ვფიქრობ სიუჟეტზე, რომელიც მთავარია.

(ბატონი რეზო კვლავ შენგელაიების თემას უბრუნდება. მიიჩნევს, რომ უიშვიათესი მოვლენაა, როცა ორი ძმა უმაღლესი დონის კინორეჟისორია).

_ გიორგის შემოქმედებაზე ცალკეა სათქმელი, დღეს მხოლოდ ერთს ვიტყვი: მას გადაღებული აქვს ქართული და მსოფლიო კინოს შედევრი “ფიროსმანი”, ფილმი, რომელიც კინემატოგრაფისტებმა ინტელექტუალური კინოს ნიმუშად აღიარეს. სცენარის ავტორი ერლომ ახვლედიანია, რომელიც ჩვენს საუბარში ერთხელ უკვე ვახსენე. მას უფრო მეტი წარმატება და აღიარება კიდევ ელოდება.

კადრი ფილმიდან „შერეკილები“: „სიყვარული ვერტიკალურია, თანაც - ბრუნვადი...“
კადრი ფილმიდან „შერეკილები“: „სიყვარული ვერტიკალურია, თანაც – ბრუნვადი…“

მოსფილმის პერიოდი

_ ელდარ შენგელაიამ მე და გიორგი დანელია ერთმანეთს გაგვაცნო. იმ დროს ჩვენგან ერთს უკვე აღარ სჭირდებოდა ლუდი, მეორეს პირიქით _ ძალიან სჭირდებოდა. ასეთი მინიშნებიდან ძნელი გასარკვევი არ უნდა იყოს, ჩვენ ორიდან რომელი რომელი ვიყავით.

გიორგი დანელიასთან ერთად ჩემთვის დაიწყო სულ სხვა, “მოსფილმური” ცხოვრება: “არ იდარდო”, “მიმინო”, “ქინ-ძა-ძა”, “პასპორტი”. ოთხივე ფილმის რეჟისორი გიორგი დანელია იყო, სცენარის ავტორი მე გახლდით. იშვიათად მინახავს მისნაირი მრავალმხრივი ნიჭიერებით დაჯილდოებული ადამიანი.

გიას ყოველთვის აინტერესებდა საქართველოს ამბები, ყოველთვის მეკითხებოდა, რა ხდებოდა ჩვენთან. დეტალურად, დაწვრილებით სურდა სიმართლის გაგება. უარყოფითის გაგონებაზე ძალიან წუხდა. ვცდილობდი, ნეგატიური ფაქტებით არ დამეტვირთა. კარგ ამბებს ვუყვებოდი უმეტესად. უხაროდა.

ძალიან ტკბილი ადამიანი იყო. უაღრესად ყურადღებიანი. გულწრფელად ვმეგობრობდით.

_ ფილმის სახელწოდებაზე, მინდა, გკითხოთ: სწორი რომელია _ “არ იდარდოთუარ დაიდარდო”?

_ “არ დაიდარდო” ჭაბუამ დაარქვა, ამირეჯიბმა.

გია სულითა და ხორცით ქართველი იყო. დისშვილი გახლდათ ვერიკო ანჯაფარიძის. ბევრ ქართველ შემოქმედთან მეგობრობდა. მათ შორის იყვნენ: რეზო თაბუკაშვილი, ვახტანგ აბრამაშვილი _ არქიტექტორი, გია ბადრიძე და სხვები.

კინოში ვიმუშავე 12 წელიწადი. არ ვიცი, ბევრია ეს თუ ცოტა…

ყოველთვის მინდოდა იმ ჩემს სამყაროში გადასვლა, რომელშიც შესაძლებლობა მექნებოდა, მეხატა, ქანდაკებები გამეკეთებინა… ასეთი აღმოჩნდა მარიონეტების თეატრი. მართალია, ამ პერიოდში ერთხელ კიდევ მომიწია კინოში დაბრუნება, კვლავ გიორგი დანელიასთან მუშაობა, ამჯერად _ “ქინ-ძა-ძაზე”. შვიდი თვის განმავლობაში ვთანამშრომლობდით. რთული სამუშაო იყო, ძნელი…

_ ფილმი თავიდან ბოლომდე ალეგორიაა იმდროინდელ საბჭოთა სინამდვილეზე

_ ამიტომ იყო განსაკუთრებულად რთული განსახორციელებლად.

_ თქვენი მონაყოლი მახსენდება, “ქინძაძაზეროგორ მუშაობდით სცენარისტი და რეჟისორი. მთელი დღე თავაუღებლად შრომობდით, წერდით, ასწორებდით. საბოლოო ვარიანტს დღის ბოლოს იწონებდით, აქებდით და ერთმანეთს ულოცავდით, მაგრამ მეორე დილით აცხადებდით, რომ ოფლი ამაოდ ღვარეთ, რადგან, რაც დაწერეთ, არაფრად ვარგოდა

_ წვრილ-წვრილად ვხევდით, ვაქუცმაცებდით, ურნაში ვყრიდით და სამუდამოდ ვივიწყებდით.

_ მსახიობებს როგორ არჩევდით, ბატონო რეზო?

_ ვცდილობდი, მონაწილეობა არ მიმეღო “ქასთინგში”, თუმცა ისიც იყო, რომ გარკვეულ ეპიზოდებს კონკრეტული მსახიობებისთვის ვწერდით. მაგალითად, ევგენი ლეონოვისთვის, რომელიც გიორგის საყვარელი მსახიობი იყო.

ამ თემას არ ჩავუღრმავდები.

მაგრამ განსაკუთრებით აღვნიშნავ იმ ადამიანებს, რომლებიც კინოზე არიან შეყვარებული, თავდადებით შრომობენ, თუმცა ეკრანზე წამიერადაც არ გაიელვებენ. მათ სახელებსა და გვარებს ისე აჩქარებულად გარეკავენ ფილმის დასრულების შემდეგ ეკრანზე, რომ, დახსომება კი არა, წაკითხვაც შეუძლებელია. ძალიან კარგი ხალხია და დიდ მადლობასაც იმსახურებენ მძღოლები, მეჯინიბეები, ოპერატორების, მხატვრების, რეჟისორების ასისტენტები. ბევრი კარგი გააკეთეს მათ კინოსთვის… მათთან უფრო ვმეგობრობდი. ერთ-ერთი მათგანი მახსენდება ამ წუთში _ თამაზ ქიქავა, რომელიც ერთ დროს ჟოკეი იყო, მაგრამ ცხენიდან გადმოვარდა და დაინვალიდდა. ეს ახალგაზრდა კაცი შესანიშნავად ერკვეოდა საცხენოსნო სპორტში, უყვარდა წიგნების კითხვა და საქმესაც ერთგულად ასრულებდა.

მთელი ეს არმია კინოფილმების ავტორების უდიდეს მადლობას იმსახურებს.

კინოში მუშაობა ძალიან რთული პროფესიაა და ძალიან ადრე გაბერებს კაცს.

„რამონა“ - რეზო გაბრიაძის ნახატი
„რამონა“ – რეზო გაბრიაძის ნახატი

_ ყველაზე რთული რომელ ფილმზე მუშაობა იყო?

_ “ქინ-ძა-ძამ” ყველაზე მეტი დრო წაიღო _ შვიდი თვე ვწერდით.

_ ყველაზე მხიარული?

_ “შერეკილები”.

ნიაღვარივით მოვარდნილები

_ ოთარ იოსელიანი! აბსოლუტურად გამორჩეული თავისი ახალი, რაღაც უცნაური, ზუსტი და სწორი ხელწერით. უაღრესად ნიჭიერი შემოქმედია.

_ ოთართან გიმუშავიათ?

_ არა, არ მიმუშავია. სხვა “სექტორშია” სხვანაირი ხედვა აქვს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, ვთქვა, რომ აღტაცებული ვარ მისი ფილმებით. სწორად წერენ, რომ იგი ქართველი-ფრანგი რეჟისორია. ეს სინთეზი ქმნის ოთარ იოსელიანის ფენომენს.

წიგნიერებაზე გამახსენდა (ხანდაზმული ვარ და თხრობის ლოგიკის დარღვევა მეპატიება), ობიექტურმა შემფასებელმა არ შეიძლება გვერდი აუაროს ირაკლი კვირიკაძეს. მას ვიცნობ, როგორც ნიჭიერად გაკეთებული ლამაზი ფილმების ავტორს. მოხდა ისე, რომ დღეს მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც კარგმა მწერალმა, რომელიც ძალიან სერიოზულ და სიმპათიურ ჟურნალებში აქვეყნებს თავის შესანიშნავ პროზაულ ნაწარმოებებს. ამერიკაშიც, ევროპაშიც მას იცნობენ და დიდად აფასებენ. საქართველოში კი ჩვენი მკითხველი ამ სიამოვნებას მოკლებულია.

საერთოდ ეგ თაობა ნიჭიერების ნიაღვარივით მოვარდა ქართულ სივრცეში და თავისი წარუშლელი კვალიც დატოვა.

სიამოვნებით ვიხსენებ თითოეულ მათგანთან შეხვედრას, საუბარს, ურთიერთობას.

განცდების ადამიანებს ვუწოდებ მათ…

“ქართულ ფილმში” მაშინ ორ ათასამდე კაცი მუშაობდა. ურთულესია ასეთი შემოქმედებითი ორგანიზმის მართვა, არცთუ უამბიციო პიროვნებების გაძღოლა მათივე კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ სწორედ ეს შეძლო ბატონმა რეზო ჩხეიძემ, დიდმა რეჟისორმა. განუმეორებელ დირექტორად დარჩა იგი კინოსტუდიის ისტორიაში. ბევრი აუცილებლად საჭირო და კეთილი საქმე გააკეთა მან ჩვენი კინოხელოვნების განსავითარებლად. ძნელი იყო, მაგრამ შეძლო, რადგან თვითონ იყო ნაწვალები კაცი და გამოცდილი ჰქონდა ყველა პრობლემა, რომლებიც კინოშემოქმედების სივრცეში არსებობს. რეზო ჩხეიძე, როგორც კინორეჟისორი, ცალკე თემაა და ასე სახელდახელოდ გახსენებას ვერ ვაკადრებ.

მის პერიოდში კინოსტუდიაში მუშაობდნენ ისეთი თვალსაჩინო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: თენგიზ აბულაძე, ძმები შენგელაიები, ძმები ხოტივარები (ძალიან თავისებურები), მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ჭეიშვილი, სულიკო ჟღენტი, რეზო ინანიშვილი, რეზო თაბუკაშვილი, ერლომ ახვლედიანი, ლომერ ახვლედიანი და სხვები და სხვები. ბევრი, რა თქმა უნდა, გამომრჩა, მაგრამ პატიებას ვითხოვ, მით უფრო, რომ სტუდიის ისტორიას კი არ ვწერ, ვსაუბრობ და სხვა პრეტენზია არ გამაჩნია.

პრობლემა სხვა რამეა:

აბორიგენი ბორია
აბორიგენი ბორია

დიღომში, სადაც ახლა ბევრი კლინიკა ფუნქციონირებს, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად მიხდება მისვლა.

კინოსტუდიაც აქ იყო. მისი ახალი კორპუსები თავის დროზე აქ აშენდა.

ჩავუვლი კინოსტუდიას და გული მწყდება, რომ ამ ტერიტორიაზე არსად არავითარი დაფა, სტელა ან სხვა რამ მსგავსი ამისა არ არსებობს, რომელიც მიგვანიშნებდა, რომ ამა და ამ წლებში აქ განლაგებული იყო სახელგანთქმული ქართული კინოფილმების სტუდია _ ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი კერა.

იმდენი რა დაუჯდება დედაქალაქის მერიას აქ ასეთი სტელას დადგმა! არა მგონია, ეს იმდენად ძვირადღირებული სიამოვნებაა, რომელიც სერიოზულად დააზარალებს თბილისის ბიუჯეტს(!).

ნება დაგვრთონ და ჩვენ თვითონ თავს დავადგამთ ამ საქმეს.

ბოლოთქმის ნაცვლად

_ მინდა, შობა-ახალი წელიწადი მივულოცო ყველა ქართველ კინომოღვაწეს, ყველას, ვისთანაც მითანამშრომლია, ვისაც ვიცნობ, ვისზეც კარგის თქმა არასოდეს დამეზარება, სიკეთე და ბედნიერება ვუსურვო.

ვულოცავ რობიკო სტურუასაც!

_ რობიკოს კინოსთან საქმე რომ არ ჰქონია?!

_ მაგრამ დიდი რეჟისორია და უაღრესად დიდი გავლენა ჰქონდა ქართულ კინოზე!

ასე თქვა რეზო გაბრიაძემ.

ოქროყანა, 2020 წლის 20 დეკემბერი

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ამასობაში დაღამებულიყო. გამომაცილა თეატრის ბალანსზე მყოფ ავტომანქანამდე.

დავეშვი თბილისისკენ.

“მთვარის ნათება თოვლის სითეთრისგან გასამებული იყო. ქარიც ჩაწყნარდა, აგერ-აგერ ანაწილებდა თოვლს ღობეებში, ისე, ტყვილა, თავისთვის.

ქუჩები გასუფთავდა, აღარ ჩანდნენ ჩამპალი კიბეები, დაგრეხილი აივნები, ორმოები, წუმპეები, დაღრეცილი ბორდიურები, ჟესტები, ფანერკები, სვარკა. ყველაფერი გალამაზდა და განაზდა. ძველებურ შობის ატკრიტკას დაემსგავსა ქუთაისი” (“ექიმი და ავადმყოფი”).

ძალიან მინდოდა ზამთრის პეიზაჟის რაღაც ამგვარი შტრიხით დამემთავრებინა რეზო გაბრიაძესთან საუბრის ჩანაწერის ფრაგმენტები.

შობისწინა ღამეს.

ვერ შევძელი, რადგან თბილისის შემოგარენი ამ ზამთარშიც ისეთივე უთოვლო და გამომშრალი იყო, როგორც გრძნობადაცლილი ჩვენი ყოველდღიურობა _ გვალვისგან ღარებად დამსკდარი და სიცოცხლეგამოცლილი მიწა…

ქართლში, ატენთან, ორიოდ დღის წინათ ძლივს ჩააქრეს ბუნებრივად გაჩენილი ხანძრის კერები.

მწვანე კონტინენტს კი, თუ ასე გაგრძელდება, გლობალური ცეცხლი მალე უდაბნოდ აქცევს, მიუხედავად იმისა, რომ წყალშიც დგას…

..

დააკვირდით რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის ამ შებერტყილი ყვავის ეშმაკურ გამოხედვას:
იქაური აბორიგენია, ბორისი ჰქვია.
ამან იმდენი რამე იცის
300 წელიწადს ცოცხლობს.
ვერ ავალაპარაკე.
მხოლოდ თავის პატრონს უმხელს ყველა ჭორსა და მართალს.
და გტოვებთ ბორისთან ერთად.
მე ხელი ამიღიარეზოსთან ხომ არ დავასმენდი?!

 


მინდა, სამძიმარი გამოვთქვა რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო. წავიდა დიდებული ადამიანი. ეს დიდი დანაკარგია არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამად ყველასთვის, ვინც იცნობდა მის შემოქმედებას. ყველაფერს, რაც რეზოს სახელთან არის დაკავშირებული, სამუდამოდ შევინახავ კეთილი ხსოვნის კუთხეში _ ჩემს გულში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

ვალერი შეხოვცოვი,
დოკუმენტური კინოფესტივალის _
“Евразия, DOC”-ის დირექტორი,
პროდიუსერულ ცენტრ
“სტუდია მესამე რომის” პრეზიდენტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here