Home რუბრიკები საზოგადოება რეზო გაბრიაძე _ 85

რეზო გაბრიაძე _ 85

გუშინ რეზო გაბრიაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა.

იუბილის აღსანიშნავად მისი მეგობრები და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსრედაქცია რომ ვემზადებოდით, გადავწყვიტეთ პატარა წიგნი გამოგვეცა და მოკრძალებულ საჩუქრად მიგვერთმია ბატონ რეზოსთვის.

ვერ მოვასწარით

სამწუხაროდ.

მაგრამ წიგნი მაინც გამოვიდა. გამოიცა ზუსტად იმ სახით, როგორითაც ჩაფიქრებული გვქონდა.

უცვლელად.

სანამ მიგვატოვებდა და ზეცად ამაღლდებოდა მისი უკვდავი სული.

ვაქვეყნებთ ფრაგმენტებს ამ წიგნიდან.

რეზო გაბრიაძე _ 85

მელახოლია სენი…”

კილე შერები”: _ აბა, სხვანაირად როგორ უნდა წაეწერა მხატვარს იმ წიგნის ყდაზე, რომელიც ფანტაზიორი შერეკილების თავგადასავალზე მოგვითხრობს, ჩვენებური კულიბინების _ “ვიღაც სუხარებით მეხრამუნე ნასტუდენტარი ფიზიკოსის” _ ქრისტეფორე მგალობლიშვილისა და “სიბნელიდან სინათლისკენ” დაძრულ ოკრიბელ ერთაოზ ბრეგვაძის, მიზანას შვილის მიერ საგიჟეში აგებულ ცათმფრენზე, მათ გაცუდებულ სიყვარულზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე, სადაც მარგალიტა, ნოშრევან კუჭუხიძე და ხუტა ოდიშარია მთავარ როლებს თამაშობენ. ყველა თავ-თავის სასიყვარულო სამკუთხედში ტრიალებს, რომელთა მიზიდულობის ცენტრი მარგალიტაა:

“_ ქალბატონო მარგალიტა! _ ჩურჩულით დაუძახა ციხის უფროსმა.

_ რომელი ხარ? _ მოისმა ოთახიდან.

_ ოდიშარია.

_ რომელი ოდიშარია, ხუსკივაძე?”

ობერკონდუქტორი ტრიფონია ეპიზოდურ როლზეა მიწვეული.

თამუნია ყიფიანი კი მოგონებად დარჩება…

ღიმილიანი განწყობილება, მკითხველს თავიდან რომ დაეუფლება, ბოლომდე გაჰყვება _ 99-ე გვერდამდე და იმის იქითაც, როცა რეზო გაბრიაძის “ნავსაყუდელში _ სახვით ხელოვნებაში” აღმოჩნდება შემოქმედების ტალღების მიერ ნაფოტივით ატაცებული: “საბჭოთა ჩემოდნის ნაზი ძირიდან” გადმოვარდნილი უნიკალური ნახატების საგამოფენო დარბაზში.

მთავარი ნავსაყუდელი ცაშია, მეცხრე ცის ზემოთ, “ზემოთ და მაღლა”, სადაც მკითხველი მოხვდება, როგორც ცათმფრენის უბილეთო მგზავრი.

იმოგზაურებს კოსმოსური უსასრულობის შავეთში ვარსკვლავებად გარდასახული თეთრი ჩხიკვების გუნდის საპატიო ექსკორტის თანხლებით, აჩაჩა ურემზე დაბრძანებული, რომელსაც აქვს ორი ბორბალი, რვაფრთიანი პროპელერი და არყის სახდელი ქვაბის გასაიდუმლებული რაოდენობის ცხენისძალიანი ძრავა:

ხანდახან ვიღაცვიღაცებს დაუნახავთ ვარსკვლავებში აჩაჩა ურემი.

ურემზე თითებით ნაძერწი მოღუნული სანთელი ანათებდა, უსასრულობაში რაღაცას ეძებდა”…

ვეძებდი სიტყვებს A-4-ის ფორმატის თაბახის ქაღალდის სიცარიელეზე იმ შთაბეჭდილების გადმოსატანად, მაინცდამაინც რეზო გაბრიაძის შედევრები რომ ახდენს მკითხველზე.

ამაოდ.

თუნდაც იმიტომ, რომ თავს ვერ აღწევ ასოცირების მორევს, რომელშიც გითრევს გაბრიაძის ფანტაზიით შექმნილი რეალობის იდენტურობა ჩვენი უახლესი ისტორიის მწარე სინამდვილესთან, “ფსიქიატრიულ ახალშენში” მდგარ აგურის შენობას რომ ჰგავს:

რეზო გაბრიაძე _ 85

ამ შენობას ორი კარი ჰქონდა და ერთი წარწერა _ “საოყნე”.

მარჯვენა კარი განკუთვნილი იყო თავადაზნაურთათვის, მარცხენა _ უბრალო ხალხისთვის”.

მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკურ ძალებზე მიგვანიშნა, მგონი, ავტორმა, ორპარტიულ, ანტაგონისტურ სიყალბეზე, რომელსაც ხალხისთვის არც არასდროს მოუტანია რამ სარგებელი, რადგან:

“…ორივე კარს ერთსა და იმავე ოთახში შევყავდით, ერთსა და იმავე ოყნასთან”.

უპოვართა და ამა ქვეყნის ძლიერთა გამაერთიანებელი მუდმივა _ ოყნა!

ეს ორი კარი უსამართლოდ ეჩვენებოდა მდაბიოებს”.

გავიზიაროთ მათი პროტესტანტული განწყობილება.

გაბრიაძე არაფერზე მიგვანიშნებს. არავითარი პოლიტიკა! ეს კი, დღევანდელი გაგებით, არაპროდუქტიულია. მაგრამ კონიუნქტურისგან ამგვარი გარიდებით მაღლდება ეს წიგნი ნებისმიერ პოლიტიკაზე მაღლა, დროზეც მაღლა და ამით უზრუნველყოფს გაუცვეთელ ღირებულებათა სიმყარეს _ დღესაც და პერსპექტივაშიც.

კლასიკის ბუნებაა ასეთი.

ხოლო ის პარალელი ნაცნობ სიტუაციასთან ჩემით გავავლე. სხვა არაფერი. თორემ “შერეკილების” ქვეტექსტებში იმდენ პარალელს იპოვით, თქვენ რომ გაგიხარდებათ.

ორმაგი სიმდიდრეა: ის, რაც არის, პლიუს ის, რაც იგულისხმება.

წაიკითხავთ, მაგალითად, რომ გვალვიან ზაფხულს მოყოლილ შემოდგომაზე ნეო-ნერვო-კლინიკის პაციენტებმა გნოლიძემ, ლორიამ, ჩილაჩავამ, სიმონგულოვმა და ტყეშელაშვილმა ჩალის კარავში შეთქმულება მოაწყვეს, _ “ტყვილა ვყავართ აქანეო, მეფემ თუ გოუგო ნოშრევანს, დედის ცრემლი არ ეყოფაო”.

წაიკითხავთ და არ შეიძლება არ გაგახსენდეთ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მომზადების პერიოდში ოხრანკის თვალყურს გარიდებული ლენინის ჩალის კარავი რაზლივში.

“რევოლუციური კარვებისადმი” ავტორის დამოკიდებულება ორიოდ წინადადებით არის გადმოცემული _ მსუბუქი იუმორით მიწასთან გასწორებული “რევოლუციონერობა”:

ორი რაზმი ერთმანეთს ეკვეთა
ორი რაზმი ერთმანეთს ეკვეთა

კარპეზა დენიაგმა (ნოშრევანის კაცმა) დროზე უცვალა გეზი შეთქმულებას, სხვა მსვლელობა მისცა და ოყნებს დაუკავშირა _ ამ საქმეში თავადაზნაურობასთან გათანაბრება მოითხოვა.

ამასობაში ალმასას და მაისას კარავი შემოეჭამათ.

თავსხმა წვიმაში კი შეთქმულება ჩვენში ინტერესს კარგავს”.

კარგად მეყოლეთ!

შეტევა როიალით

შეთქმულება უინტერესო ხდება, ცხოვრება _ მოსაწყენი და უძრაობის ღრუბლების გასაფანტად, გასართობად ხალხი თავის თავთან ჯიგრიან დაპირისპირებას იწყებს ნებისმიერი მიზეზით. თუმცა პროვინციულ ქალაქში საჩხუბრად, ერთმანეთისთვის თავის გასატეხად და ხუტას ცხენისთვის კბილებით ნალის ასაგლეჯად მიზეზი სულაც არ არის აუცილებელი.

მაგრამ მიზეზი მაინც არის იქ, სადაც არის თუნდაც ნემეცების ქუჩის “მის მარგალიტა” _ “შესანიშნავი გულმკერდით! ოდნავ მოელამო! ზომიერად პამადიანი!”

კიდევ ერთი პარალელი, უფრო ზუსტად, პარალელი შედარებისთვის, სადაც ერთ მხარეს პირველი საბჭოთა მუსიკალური კინოკომედიის შედევრი, ალექსანდროვის “ვესიოლიე რებიატა” იქნება _ რეპეტიციის დროს ორკესტრანტებს შორის ატეხილი ჩხუბი, ექსპრესია და ენერგეტიკა, მიკროკადრებიდან ამოფრქვეული ცეცხლოვანი იუმორი, მუსიკალური და გამოსახვითი რიგების ზუსტი შეთანხმება, მოკლედ, სინთეზური ხელოვნების ზეიმი; და მეორე მხარეს _ მხოლოდ სიტყვა, მაგრამ სიტყვა რეზო გაბრიაძისა.

ხუთ გვერდზე გრძელდება ჩხუბის აღწერა, ტრიფონიას “ეზოში მეხი რომ გასკდება”, იქიდან მოყოლებული, ვიდრე საკვამურიდან იმავე ტრიფონის თავის ამოყოფამდე.

არა მგონია, ეს სცენა ჩამოუვარდებოდეს კინოკომედიის ბრწყინვალე კადრებს.

მხოლოდ ერთი პასაჟი “შერეკილებიდან”, არა ელდარ შენგელაიას ელვარე ფილმიდან, არამედ ამ ფილმის ლიტერატურული “წინაპირობიდან”:

ორი რაზმი ერთმანეთს ეკვეთა! ატყდა ვაიუშველებელი! შერბენგამორბენა! აშლიმაშლი! მალმალ გინება! მათრახების ფსტვენა! ბაგაბუგი გოდოგნური! გაიღვიძა ქალაქმა! აკიაფდა ჭრაქები! ყველამ ნემეცის ქუჩას მიაშურა! იფეთქა საუკუნეობით დაგროვილმა სტიქიურმა ძალამ. არავინ კითხულობდა, ვინ _ ვის რატომ ან რისთვის ურტყამდა! მამის, პატარის, დიდის, ქალის გარჩევა მოიშალა! მოცელეს ღობეები! გათელეს ბაღები! ბოსტნები! ბორცვგორები! თევზი ნაპირს მოშორდა და სილაში ჩაიმარხა! ჩიტმა ცა გამოიცვალა! გახურდა ჩხუბი! აღდგა იმერეთი! გაწიეს გვერდზე საქართველო! გაიღო კარი ლხინისა!” ხოლორაჭველები გუბერნატორის როიალით კედლებს ანგრევდნენ უსიტყვოდ!”

დანარჩენს თქვენ წაიკითხავთ.

ამ დროს ბულვარდში ბუზიკამ დასცხო ვალსი ჩქარული! ჩვენებური! ვაჟკაცური!”, ხოლოიაშა ფლეიშმანი პანჩურით დირიჟორობდა ორკესტრს!”

წავიდა ის დრო, როცა ქიმია არ იყო, ვაშლში ჭია ბუდობდა, რძე ქვაბიდან გადადიოდა, გიჟი გიჟობდა და შმაგი შმაგობდა”…

..

დააკვირდით რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის ამ შებერტყილი ყვავის ეშმაკურ გამოხედვას: იქაური აბორიგენია, ბორისი ჰქვია.

ამან იმდენი რამე იცის… 300 წელიწადს ცოცხლობს. ვერ ავალაპარაკე.

მხოლოდ თავის პატრონს უმხელს ყველა საიდუმლოს _ ყურში უჩურჩულებს ხოლმე.

და გტოვებთ ბორისთან ერთად.

მე ხელი ამიღიარეზოსთან ხომ არ დავასმენდი?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here