Home რუბრიკები პოლიტიკა რევოლუცია ისე არ მოდის…

რევოლუცია ისე არ მოდის…

1821
რევოლუცია

ვითარება მსოფლიოში ისე გართულდა, რომ მას ასი წლის წინანდელს ადარებენ, როდესაც იღუპებოდა მილიონობით ადამიანი, იმსხვრეოდა ძველი იმპერიები, სასოწარკვეთილი ინტელექტუალები გამოსავალს სოციალისტურ და ნაციონალისტურ უტოპიებში ეძებდნენ, ხოლო პირველი მსოფლიო ომის ფინალი მეორის წინაპირობას ქმნიდა. გლობალური კრიზისის დაძლევა, მის ეკონომიკურ თუ კონცეფტუალურ ასპექტში, სისტემის შიგნით არსებული რესურსების ხარჯზე ვერც დღეს ხერხდება, თუმცა პარალელების გავლებას მნიშვნელოვანი სხვაობა უშლის ხელს.

იმპერიალიზმის არსს, ისევე, როგორც ადრე, წარმოადგენს ერების დაყოფა მჩაგვრელებად და ჩაგრულებად, მაგრამ ბაზრების გაფართოებისთვის ან რესურსებით მდიდარი კოლონიების დაუფლებისთვის “მჩაგვრელები” ერთმანეთან აღარ ომობენ. განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირებულია დაპირისპირების სიმწვავე სხვადასხვა კლასის წარმომადგენლებს შორის, უპირველესად, კაპიტალისტებსა და მუშებს შორის. მნიშვნელოვანი როლი ამაში რუსეთის რევოლუციამ და სოციალისტური ბანაკის შექმნამ შეასრულა, რომელმაც დასავლეთს გაერთიანებისკენ და ღარიბების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უბიძგა, რათა მათ კომუნისტური ექსპერიმენტის გამეორების ცდუნება არ გასჩენოდათ. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის კოლონიური იმპერიების მარცხი აშშ-თან კონკურენციის პროცესში _ ძველი, პროტექციონისტული, შიდა ბაზრებისა და ეროვნული ეკონომიკის დაცვაზე ორიენტირებული სქემები მაქსიმალური გახსნილობით შეიცვალა, რაც სწრაფი გლობალიზაციის წინაპირობა გახდა.

თუ რამეს შეიძლებაგლობალიზაცის ძრავაეწოდოს, ეს უდავოდ გლობალური შრომითი რესურსების რეგულირებაა. განვითარებული ქვეყნების კომპანიები ცდილობენ, შეამცირონ ხარჯები და გაზარდონ მოგება, რისთვისაც ორი გზა არსებობს _ წარმოების გადატანამესამე სამყაროსქვეყნებში და ამავე ქვეყნებიდან იაფი მუშა ხელის შემოყვანა. ვინაიდან მეორე ვარიანტი რიგი ბარიერების გადალახვას მოითხოვს და რაღაც მომენტში მიგრანტებისთვის განკუთვნილინიშისგადავსებას იწვევს, მთავარ მეთოდად რჩება საწარმოების შექმნა იმ ქვეყნებში, რომელთაც განვითარების სხვა შანსი არ აქვთ _ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნავთობი არ გააჩნიათ, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

თუ 1970 წელს განვითარებული ქვეყნების ბაზარზე განვითარებადი ქვეყნებიდან შემოტანილი სამრეწველო პროდუქციის წილი მხოლოდ 10%-ს შეადგენდა, 2000 წლისთვის ის ხუთჯერ გაიზარდა. 2010 წლისთვის მრეწველობაში დასაქმებული ადამიანების 79%, ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი, განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც 1950-ში ეს მაჩვენებელი 34%-ს, ხოლო 1980-ში 53%-ს შეადგენდა.

ბოლო ათლეულებში მკვეთრად გაიზარდა ტრანსნაციონალური კორპორაციების როლი, რომლებიც ერთი სისტემის ფარგლებში ამუშავებენ სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ საწარმოო საშუალებებს, ლოგისტიკურ ხაზებს, ფინანსებს და ა.შ. ისინი ბუნებრივ მოწინააღმდეგედ განიხილავენ ძველ სახელმწიფოს მისი პროტექციონიზმით, შემზღუდავი მარეგულირებელი ნორმებითა და სოციალური ვალდებულებებით. თუ განვითარებულ ქვეყანაში კომპანიები ერთმანეთს მარკეტინგში ეჯიბრებიან, განვითარებადში მათი კონკურენცია, ძირითადად, ექსპლუატაციის გაძლიერებას ეფუძნება. არსებობს არაერთი დოკუმენტური ფილმი, რომლებიც ასახავს ჯოჯოხეთურ პირობებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საწარმოებში, მაგრამ მუშები ამაზეც თანახმანი არიან, რადგან ეშინიათ, რომ მათ ადგილს სხვა დაიკავებს, მითუმეტეს, რომ სოფლიდან ქალაქისკენ კვლავინდებურად მიედინება გაჭირვებული გლეხების ნაკადი, ხოლო დემოგრაფიული წნეხი სულ უფრო იზრდება. ექსპლუატაციის გაძლიერება გარდაუვალი ჩანს მთელი რიგი ფაქტორების გამო, რომელთა შორის მთავარია მოსახლეობის ზრდა, ტექნოლოგიების გაუმჯობესება და ნელი, მაგრამ გარდაუვალი რობოტიზაცია, რომელიც ამცირებს მოთხოვნას იაფ და ნაკლებად კვალიფიციურ მუშახელზე.

გაეროს პროგნოზით, XXI საუკუნის მიწურულს პლანეტაზე 11 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, მათი ნახევარი კი _ აფრიკაში, რომლის მოსახლეობა ამჟამინდელი 1,2 მილიარდიდან 5,6 მილიარდამდე გაიზრდება. თუ აზიის სახელმწიფოებს, ასე თუ ისე, შეუძლიათ დაასაქმონ მოსახლეობის ნაწილი და მიზანმიმართული დემოგრაფიული პოლიტიკა გაატარონ, აფრიკაში ვითარება თითქმის უკონტროლოა, ხოლო ეკონომიკური მდგომარეობა _ კოშმარული. ეს კი ბუნებრივად უხსნის გზას ომს, შიმშილს, ეპიდემიებსა და კონტინენტური მასშტაბის ჰუმანიტარულ კატასტროფას.

გლობალიზაციამ შეამცირა აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირების სიმწვავე და ის ჩრდილოეთ-სამხრეთის დაპირისპირებით შეცვალა. ღარიბი “გლობალური სამხრეთი” განვითარებული ქვეყნებისთვის დაახლოებით იმავე ფუნქციებს ასრულებს, რომელსაც ასი წლის წინანდელი რესურსების მომწოდებელი კოლონიები და პროდუქციის შემქმნელი ადგილობრივი პროლეტარიატ, მაგრამ არის მნიშვნელოვანი სხვაობაც: თუ ადრე უკმაყოფილების მობილიზებას რევოლუციონერი აგიტატორების ხანგრძლივი ძალისხმევა სჭირდებოდა, საინფორმაციო რევოლუციის შემდეგ ნებისმიერ “სამხრეთელს” შეუძლია, “იუთუბზე” ნახოს, როგორ ცხოვრობს ხალხი “ჩრდილოეთში” და საკუთარი სიღარიბის მიზეზებზე დაფიქრდეს. ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თავის “გლობალური გაღვიძების” თეორიაში ეს ფაქტორი “არაბული რევოლუციის” ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად დაასახელა, მაგრამ იმ არაბ ახალგაზრდებს, რომლებიც 2011-ში ქუჩებში გამოვიდნენ, სავარაუდოდ, არ ესმოდათ, რომ, არსებული გლობალური მოდელის ფარგლებში, “ჩრდილოეთსა” და “სამხრეთს” შორის არსებული სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია.

სხვადასხვა რეგიონში დამოკიდებულება პრობლემის მიმართ განსხვავებულია. თუ სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში მუშების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი პატიოსანი შრომით მოახერხებს, შვილების უკეთესი მომავალი უზრუნველყოს, ისლამური ქვეყნების ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე აბუნტდა _ ზოგი იარაღით ხელშიისლამურ სახელმწიფოსუერთდება, ზოგი ფიქრობს, რომ ევროპაში უნდა ჩავიდეს, იქ დასახლდეს და დასუსტებულ ევროპელებს გამოჰგლიჯოს ის, რაც, მისი აზრით, ეკუთვნის.

“იდეალური მომხმარებლის” გამოყვანის პრიცესში კორპორაციებმა მოულოდნელ შედეგს მიაღწიეს. თუ კლასიკური იმპერიალიზმის ხანაში საშუალო ევროპელს ხასიათის სიმტკიცე და დამოუკიდებლობა ახასიათებდა, დღეს ვითარება შეცვლილია. სულ რაღაც 20 წლის წინათ ქართველები ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ დასავლელი ახალგაზრდები მშობლებისგან დამოუკიდებელ ცხოვრებას ადრე იწყებენ (ეს ბევრს დადებითად მიაჩნდა). დღეს 18-39 წლის იტალიელების ნახევარს მშობლებთან ცხოვრება ურჩევნია, ხოლო ახალგაზრდა გერმანელების 63% მშობლებთან ცხოვრობს. დამოუკიდებელი ახალგაზრდობის ქვეყანა ტრადიციულად აშშ-ია, მაგრამ ამერიკულ სოციოლოგიაში უკვე ძალიან ფართოდ გავრცელდა ტერმინი “ბავშვი-ბუმერანგი”, რომელიც კოლეჯისა და უნივერსიტეტის შემდეგ მშობლებთან ბრუნდება. 10 მილიონი ახალგაზრდა ბრიტანელი (მოსახლეობის 17%) მუდმივად მოითხოვს მშობლებისგან მატერიალურ დახმარებას, რომელიც ჯამში 55 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ტერმინი “კიდალტი” (“კიდ” ინლისურად ბავშვია, “ედალტ” _ ზრდასული). ფსიქოლოგები მათ მთავარ თვისებად ასახელებენ იმას, რომ მათ ოჯახის შექმნა და ბავშვების გაჩენა არ სურთ. რეალურად ისინი მოზარდების ცხოვრებას აგრძელებენ – უყურებენ მულტფიმებს, ყიდულობენ ძვირფას გაჯეტებს, ტანსაცმელს და, წინა თაობების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებიან პროფესიონალები, რადგან ერთ სამუშაო ადგილზე გაჩერება უჭირთ, ცდილობენ, შეიცვალონ პროფესია და უფრო საინტერესო და მაღალანაზღაურებადი იპოვონ. ამერიკელი მარკეტოლოგების შეფასებით, სწორედ 35 წელს გადაცილებული(!) მამაკაცი-”კიდალტები” უზრუნველყოფენ ინტერესს კომპიუტერული თამაშების მიმართ (შესაბამისი ინდუსტრიის ბრუნვამ 100 მილიარდს გადააჭარბა) და სწორედ მათი წყალობით შეიქმნა კოლოსალური მოთხოვნა ფენტეზის ჟანრის ისეთ ნაწარმოებებზე, რომლებიც ყველა ასაკობრივ ჯგუფს იზიდავს, მაგალითად, რომანებზე ჰარი პოტერის შესახებ (ჯამური ტირაჟი 450 მილიონი, შემოსავალი 1,2 მილიარდი დოლარი) ან სერიალზე “სამეფო კარის თამაშები”.

ინფანტილური ადამიანი პრაქტიკულად იდეალური მომხმარებელია, რადგან კრიტიკული აზროვნება “გამორთული” აქვს და მისი მართვა გაცილებით იოლია. შესაბამისად, კორპორაციების პოლიტიკა ხელს უწყობს “გლობალური ჩრდილოეთის” ახალგაზრდობის ინფანტილიზაციას, მაშინ, როდესაც “გლობალური სამხრეთის” ცენტრალური ფიგურა ნახევრადმშიერი და აგრესიული ახალგაზრდა ხდება. თავის ლოგიკურ განვითარებაში ისინი უკავშირდებიან მორლოკებს და ელოებს ჰერბერტ უელსის უცნაურად წინასწარმეტყველური რომანიდან “დროის მანქანა”. მათმა შეჯახებამ შეიძლება არნახული მასშტაბის გლობალური კრიზისი გამოიწვიოს.

ეს უბიძგებს “ჩრდილოეთის” მთავრობებს, “სამხრეთში” იმგვარი კონფლიქტები გააღვივონ, რომლებშიც მრავალმილიონიანი მასების რისხვის ანიჰილაცია მოხდება. ამ კონტექსტში შეიძლება სირიის ან ლიბიის კონფლიქტი გავიხსენოთ, სადაც ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის, აღარავის ახსოვს, რატომ დაიწყო ომი და ათეულობით მილიონი ადამიანი ყველაფერზე თანახმაა, ოღონდაც თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. “ჩრდილოეთის” უშუალო ჩარევა მინიმალურია, ძირითადი ინსტრუმენტის როლს ადგილზე დაქირავებული მებრძოლები ასრულებენ, ხოლო თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იმას უზრუნველყოფენ, რომ დასავლეთს იმაზე მეტი დევნილი არ მიაწყდეს, ვიდრე შეუძლია “გადახარშოს” და ეკონომიკური პირამიდის ყველაზე დაბალ საფეხურზე დაასაქმოს.

საინტერესოა, რომ 1919 წლის 5 აგვისტოს ლევ ტროცკიმ საგანგებო მემორანდუმი გაუგზავნა ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელებს, მოუწოდა, თავი დაენებებინათ ევროპაში რევოლუციის გაჩაღების მცდელობებისთვის და მთელი ძალისხმევა აზიისკენ გადაეტანათ. ის მივიდა დასკვნამდე, რომ მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის მომავალი უკავშირდება სწორედ მას და არა მაძღარ, გარე გავლენისგან კარგად დაცულ დასავლეთს.

მაგრამ დღეს “გლობალურ სამხრეთში” არ არსებობს საკმარისად პოპულარული კონცეფცია, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მასებისთვის ისეთივე გასაგები და მიმზიდველი იქნება, როგორც ასი წლის წინათ კომუნისტური იდეები იყო. შესაბამისად, გაერთიანება, რომელიც არ იქნება შეზღუდული რელიგიური ან ეროვნული ჩარჩოებით, პრაქტიკულად გამორიცხულია. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად მცირე დრო გავიდა კარლ მარქსის დებიუტიდან მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის ჩამოყალიბებამდე, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მსგავსი გამაერთიანებელი და სისტემის შეცვლაზე ორიენტირებული კონცეფცია ახლო მომავალში გაჩნდება და ძალიან სწრაფად გავრცელდება. მის კონტურებზე და იმ ადგილზე, რომელსაც იკავებს ჩვენი ქვეყანა (და ზოგადად “ევროპული პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები”) “ჩრდილოეთ-სამხრეთის” გლობალურ სისტემაში, “საქართველო და მსოფლიოს” მომდევნო ნომერში ვისაუბრებთ.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here