Home ახალი ამბები საქართველო რეგიონში  ყველაზე ძვირი რატომ ღირს პური საქართველოში, როცა აზერბაიჯანიცა და სომხეთიც, ჩვენი...

რეგიონში  ყველაზე ძვირი რატომ ღირს პური საქართველოში, როცა აზერბაიჯანიცა და სომხეთიც, ჩვენი ქვეყნის  მსგავსად, შემოტანილი ხორბლითა და პურის ფქვილით გადიან ფონს?

საქართველოს ხელისუფლება (რა თქმა უნდა, ოპოზიციაც), კარგა ხანია, ჯიუტად ცდილობს, დამალოს, რომ ჩვენი ჭარბი პროდუქციის უდიდესი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში იყიდება,  იქიდან კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები შემოგვაქვს. ენერგოპროდუქტებზე რომ არაფერი ვთქვათ, ათეული წლებია, რუსეთიდან შემოგვაქვს მთავარი საკვები პროდუქტები – ხორბალი და ფქვილი.  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პრაქტიკულად ყველა ლიდერმა სცადა ალტერნატიული გზის მოძებნა, მაგრამ უშედეგოდ – დიდმა მწარმოებლებმა ან უარი გვითხრეს, ან იმდენად შორს იყვნენ, რომ იქიდან ხორბლის შემოტანა პურის ფასს გაგვიორმაგებდა. ახლა კი გაირკვა, რომ ყაზახეთში მოსულა ხორბლის საოცარი მოსავალი და შემომტანები ერთმანეთს ასწრებენ იმის თქმას, რომ ყაზახეთის, როგორც ხორბლის შემოტანის ალტერნატიული გზის არსებობა სავსებით შესაძლებელია. სინამდვილეში კიზუსტად იციან, რომ ეს არარეალურია, სისულელე და სიგიჟეა.

ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანა მეორე დღესვე გააძვირებს პურს, იმიტომ, რომ მანძილი გაცილებით მეტია და შესაბამისად, ტრანსპორტირება გაძვირდება. მეორე – ყაზახეთში ეს  რეკორდული მოსავალი  ბოლო 50 წლის განმავლობაში ყოფილა, ანუ მომდევნო ასეთ მოსავალს, 50-ს თუ არა, 30 წელიწადს უნდა ველოდოთ. ანუ, წელს შემოვიტანოთ ყაზახეთიდან, გავაძვიროთ,  გაისად კი ისევ რუსეთს დავუბრუნდეთ და გავაიაფოდ? არა, საქართველოში გაძვირების შემდეგ არაფერი იაფდება და ეს ყაზახური ვარიანტიც დასავლელი პარტნიორების საამებლად ნათქვამი  უფრო გვგონია, ვიდრე რეალური პერსპექტივა.პურის მწარმოებლებს კი ურჩევნიათ, კვალიფიციური მუშახელის გადინებასა  და ხელფასების მომატებაზე იფიქრონ. კი გვიმტკიცებენ, 1200-დან 1400 ლარამდე ვიხდით თვეში, თანაც ეს ხალხი 10 დღეს მუშაობს, დანარჩენს ისვენებსო, მაგრამ ასე არ არის. ჯერ ერთი, ეს ადამიანები 10 დღეს კი არა, 10 დღე-ღამეს მუშაობენ, ანუ 24-საათიანი გრაფიკი აქვთ და ჩვეულებრივ სამსახურებში რომ იარონ, ანუ მხოლოდ დღისით იმუშაონ და თანაც 8 საათით, ზუსტად იმდენი გამოუდით, რამდენიც თქვენი 10-დღიანი გრაფიკით. ჰოდა, ამ დათვლით, ეგ ხელფასი ძალიან ცოტაა და თვითონაც  იცით, რომ ცოტაა, მაგრამ პურის მწარმოებლები თავს იმით იმართლებენ, რომ, ხელფასებს თუ მოუმატებენ, მაშინ პურის გაძვირება მოუწევთ. ბატონებო, არ გიფიქრიათ,  მუშახელს ხელფასები მოგების მარჟიდან მოუმატოთ და, პურის ყველა მწარმოებელი ათეულობით მილიონი დოლარის ქონების მფლობელი რომ არის, ცოტა ნაკლებ მოგებას დათანხმდეს _  წლიურად 10-მილიონიანი მოგების ნაცვლად 6-7 მილიონზე იყოს თანახმა?! ან იმაზე არ გიფიქრიათ,  რეგიონში  ყველაზე ძვირი რატომ ღირს პური საქართველოში, როცა აზერბაიჯანიცა და სომხეთიც, ჩვენი ქვეყნის  მსგავსად, შემოტანილი ხორბლითა და პურის ფქვილით გადიან ფონს? თუ სომხეთი და აზერბაიჯანი უფრო ახლოსაა რუსეთთან და ტრანსპორტირება უჯდებათ იაფი? არა, ბატონებო, იქ ნამუსიანი ბიზნესმენები არიან (ჩვენზე ნამუსიანები მაინც) და ძირითად პროდუქტზე არ ღორდებიან, თორემ 2 ლარად ნაყიდ ყურძენს 12 ლარად რომ ყიდით, მაგას უკვე მივეჩვიეთ. იმასაც მივეჩვიეთ, წიწიბურა თუ ბურღულეული სამჯერ უფრო იაფი რომ ღირს იმ ქვეყნებში, რომლებიდანაც შემოგაქვთ და ფასნამატი ამ პროდუქტებზე ხშირად 400%-ს რომ აჭარბებს. ჰოდა, ეგებ სჯობდეს, ნაკლები ისაუბროთ იმაზე, რომ ყაზახეთიდან ფქვილის შემოტანა მომგებიანი იქნება და რუსებს დაელაპარაკოთ გრძელვადიან ხელშეკრულებასა და შეღავათიან ფასებზე?

აგერ, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტმა იხილა დღის შუქი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისევ რამდენიმე მილიარდით ფინანსდება. ერთი შეხედვით, ეს არ არის ცუდი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. იგივე სამინისტრო არაფერს ამბობს მძლავრი სამაცივრე მეურნეობის მოწყობაზე… გასულ კვირას სტუმრად ვიყავი მეგობართან, რომელმაც 3 წლის წინათ 40 ჰექტარზე ხურმის ბაღი გააშენა. საკუთარი სახსრებით გააკეთა,  იწვალა და წელს პირველი მოსავალი მიიღო – 40 ტონა ხურმა ჩააბარა, ადგილზე მოაკითხა კლიენტმა, ადგილზე ჩამოიყვანა იმავე კლიენტმა 10 ქალი და 3 მამაკაცი, რომლებიც ხილს კრეფდნენ, ახარისხებდნენ, ყუთებში აწყობდნენ, შემდეგ კი თაროებად დიდ მანქანაში ალაგებდნენ. მანქანის მფლობელი მეზობელი ქვეყნიდან იყო და, რომ ვკითხე, თქვენთან არ ხარობს ხურმა-მეთქი, გაეღიმა: ხარობს, მაგრამ აქ 1,30 ლარად ვყიდულობ, ახლა ამას ჩემს მაცივარში შევინახავ, ახალი წლის წინა დღეებში კი ისევ აქ ჩამოვიტან და 4 ლარად გავყიდიო. ჰო, მხოლოდ ჩემი მეგობრის ხურმა არ მიჰქონდა,  8 მანქანა ჰყავდა ჩამოყვანილი, ყველა უნდა გაევსო. მანვე თქვა, რომ შემოდგომაზე ყურძენი მიაქვს, ვაშლი უკვე წაიღო და უკან სწორედ ახლა წამოიღო, როცა ხურმისთვის მოჰყავდა მანქანები, ანუ ცარიელი არ წამოვიდა. ასე აკეთებს ყოველ სეზონზე ქართული ხილით მილიონებს. ჩვენ კი… რეალურად, ჩვენ  ხელს არ ვუწყობთ ფერმერებს და არ ვაძლევთ განვითარების შესაძლებლობას. თუ ვინმეს ამაზე პრეტენზია ექნება სამინისტროში, სახეზე ავაფარებთ პროექტს, რომელიც სამეგობრომ გერმანულ „სიმენსს“ დაუკვეთა, პროექტს, რომლის მიხედვითაც, ხილის შესანახი მაცივრის მშენებლობასა და გამართულ მუშაობაზე  „სიმენსი“ იყო პასუხისმგებელი და ისინი მზად იყვნენ, იქ შენახული პროდუქტი  გერმანიაში გაეტანათ, ხელშეკრულებასაც კი წინასწარ აფორმებდნენ. ჰოდა, მეგობრებმა სოფლის მეურნეობის შეღავათიანი კრედითით სარგებლობა გადაწყვიტეს, ბანკში 5 მილიონი დოლარის ქონებასაც დებდნენ 5 მილიონი ლარის სანაცვლოდ, რომელიც მაცივრის ასაშენებლად სჭირდებოდათ და… უარი მიიღეს… მიზეზი, იცით, რა იყო? თურმე ჩემს მეგობრებს ბიზნესი რუსეთში რომ აქვთ, იქ არსებულ შემოსავალს აქ ვერ დაგიდასტურებთ, ევროპაში უნდა გქონდეთ ბიზნესიო და…  „სიმენსს“ არ დაუჯერეს და ევროპულ ბიზნესზე საუბრობენ. 5 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება საქართველოში რუსული შემოსავლებით რომ დააგროვეს, არა უშავს? თანაც ბანკი ქონებას  5 მილიონ დოლარად აფასებს, მაგრამ  რეალურად ხომ  გაცილებით მეტი ღირს? მაგრამ არა, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მათ რუსეთში ჰქონდათ ბიზნესი და ეს შემოსავლად არ ითვლება. აი, ეს არის მაგალითი იმისა, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ჰო, მაგალითი, რადგან მთავრობის არც ერთი წევრი საჯაროდ არ აღიარებს, რომ რუსეთზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, უფრო ზუსტად,  ბევრი კი არა, ლამის ყველაფერი. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა თქვა წინასაარჩევნოდ, რუსეთზე ბევრი რამ არის დამოკიდებულიო და აღარავინ განავრცო, ივანიშვილი კი ყოველდღიურად არ საუბრობს ტელევიზიით…  

ერთი ამბავია ატეხილი კივის ფასზე.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტები ჩივიან:  ირანიდან და თურქეთიდან დიდი რაოდენობით შემოდის კივი, აქაურები როგორც ქართულ პროდუქტს, ისე ყიდიან და ეს იმიტომ ხდება, რომ მოსახლეობა უფრო ქართულს ეტანება, ქართული კივი იმპორტულზე კარგიც არის და ძვირიც ღირსო. კარგი კი თურმე იმიტომ არის, რომ აქ ნაკლებ პესტიციდებსა და შხამ-ქიმიკატებს უკეთებენ. იმას რატომ არ კითხულობს არავინ, რომ, თუ აქ შხამ-ქიმიკატებს არ უკეთებენ, მოყვანა უფრო იაფი უჯდებათ და რატომ არის შხამ-ქიმიკატებით გაჯერებული, თურქეთიდან და ირანიდან შემოტანილი, განბაჟებული კივი უფრო იაფი? იმიტომ ხომ არა, რომ აქაც ქართულ ხასიათთან გვაქვს საქმე და ხელის ერთი მოსმით გვსურს ხოლმე დიდი „კუშის“ მოხსნა? აბა, უცხოეთიდან შემოტანილ კივს ტრანსპორტირების თანხა ცალკე ემატება, განბაჟების – ცალკე,  ცალკე თურმე იმდენ შხამს უკეთებენ, არც ის დაჯდება იაფი და მაინც ლამის იმის ნახევარი  ღირს, რამდენიც ქართული. რეალურად, ეს არის პრობლემა და არა ის, რომ ვიღაც ეშმაკობს და იქაურ პროდუქტს აქაურად ასაღებს. აბა, დაედოს ქართულს უფრო იაფი ფასი, მერე ნახავთ, თუ შეცვლიან.

ცნობისთვის:  ირანმა და თურქეთმა უცხოეთიდან შეტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე არანორმალურად მაღალი გადასახადები დააწესეს, იქ იმპორტირებული  პროდუქტი კი არასდროს  ღირს ადგილობრივ ნაწარმზე იაფი. ანალოგიური მოთხოვნის დაწესებას აპირებს ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი და ძირითად აქცენტს ჩინურ პროდუქციაზე აკეთებს. ჰოდა, ჩვენ რა გვჭირს, ჩვენ რატომ არ ვამკაცრებთ კანონს!? თუ „დღეს სტუმარია ეგ ჩემი“ მხოლოდ ამ მიმართულებით გავიგეთ?!

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here