Home რუბრიკები საზოგადოება რა შემთხვევაში შეიძლება თვითმმართველობამ ნაყოფი გამოიღოს?

რა შემთხვევაში შეიძლება თვითმმართველობამ ნაყოფი გამოიღოს?

67

2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მთავარი ამოცანაა არჩევნების თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან პირობებში ჩატარების უზრუნველყოფა. ამჟამად რამდენად გაუმჯობესებულია ქვეყანაში საარჩევნო გარემო და რა მდგომარეობაა არჩევნების შედეგებისადმი სანდოობის მხრივ, წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებულად მიიჩნევს, ოპოზიცია კი მის სანდოობას კვლავ ეჭვქვეშ აყენებს, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი, ამომრჩეველი, ეს უკვე 2 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება.

როგორი უნდა იყოს არჩევნები, რომ მის მიმართ პრეტენზიები და შენიშვნები არავის ჰქონდეს? ალბათ, ასეთი რამ შეუძლებელია, მაგრამ არჩევნების მაქსიმალურად თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან პირობებში ჩატარების უზრუნველყოფა შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ამაზე მეტყველებს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია მასალები, რომლებიც ქვეყნის თვითმმართველობის პირველ არჩევნებს ასახავს; იქნება ეს საარჩევნო სიები თუ ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის ამსახველი დოკუმენტები, საგაზეთო მასალები, ფოტოები და სხვ.

თვითმმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობასა: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მზრუნველობისათვის ხალისს უღვიძებს და საზოგადო საქმისათვის სწურთნის და ავარჯიშებს. ამგვარი მმართველობა ისეთის თვისებისაა, რომ, საცა კი სურს ადამიანს, ყველგან და ყოველს ხალხში იხეირებს და ჩვეულებრივს ნაყოფს მოიტანს. იქ, საცა მაგას გზა და ადგილი ჰქონია, ყველგან ცხოვრება ადამიანისა აუყვავებია და მთავრობისათვისაც მძიმე ტვირთი ქვეყნის გამგეობისა შეუმსუბუქებია, აუხსნია”, _ წერდა დიდი ილია (ცხოვრება და კანონი, წერილი მეოთხე).

მას შემდეგ, რაც 1865 წელს დამტკიცდა სასოფლო მმართველობის წესდება, პირველი შეკითხვა, რომელიც დასვა დიდმა მამულიშვილმა იყო, თუ რამდენად მოუხდებოდა იგი ჩვენს ცხოვრებას, რამდენად გაამართლებდა მასზე დამყარებულ იმედებს, და საზოგადოებას თავისი თვალსაზრისი გაუზიარა.

აი რას წერდა ილია ჭავჭავაძე:

“ყოველი სახელმწიფო, რიგიანს წესზედ ცოტად თუ ბევრად დამდგარი, ნაწილ-ნაწილად არის დაყოფილი, რომ მოვლა და პატრონობა ადვილი იყოს. მაგალითებრ; რუსის იმპერია დაყოფილია გუბერნიებად, გუბერნიები მაზრებად, მაზრები სოფლის საზოგადოებად. ყოველს სახელმწიფოში ორი დიდი მდინარებაა: ერთი მთელის სახელმწიფოის საჭიროებისა და მეორე – საზოგადოებისა. ეს ორივეგვარი საჭიროება ყოველს ნაწილში მომდინარეობს იმდენად მეტ-ნაკლებად, რამდენადაც თვით ნაწილი მეტ-ნაკლებია; განსხვავება თითქმის ამ მეტ-ნაკლებობაშია და სხვა არაფერში. ამიტომაც მთელს სახელმწიფოში, თუ თვითოეულს მის ნაწილში, ამ ორგვარის საჭიროების მზრუნველობა და გამგეობა არის აუცილებელი და უსათუო საგანი ყოვლის მმართველობისა.

ქვეყნიერობაზედ მმართველობას ორგვარი წყობა და აგებულება ჰქონია და აქვს. თუ სადმე რაიმე ცვლილება არის, მაინც არ შეიძლება, რომ მმართველობა ან ერთისაკენ არ იყოს მიდრეკილი, ან მეორისაკენ. ერთგვარი მმართველობა იგია, საცა სახელმწიფო საჭიროების საქმესაც თვით მთავრობა განაგებს და საზოგადოებისასაც, ყველგან და ყოველს ნაწილში. ამ შემთხვევაში მთავრობა ყოველგვარის საქმის დამწყები და მოთავეა, ყოველგვარის საქმის მწარმოებელია, _ ყოველის მზრუნველი და გამგეა, ასე რომ, ყოველივე მისგან წარმოსდგება და ყოველივე მასვე ერთვის. ამგვარად გამგეობისათვის მას თავისი საკუთარნი მოხელე-კაცნი ჰყვანან, რომელთაც თვით ირჩევს, თვით ნიშნავს, თვით გადააყენებს და რომელნიც მხოლოდ მის წინაშე არის პასუხისმგებელნი. ამგვარს მმართველობას ცენტრალიზაციას ეძახიან.

მეორეგვარი მმართველობა იგია, საცა მთავრობას ხელთ უპყრია მარტო მთელის სახელმწიფოის საჭიროების საქმენი და ყოველივე სხვა კი საზოგადოებას გაუსაკუთრებია, მერე ასე, რომ ყოველს ნაწილს თვისნი ადგილობრივი საქმენი აქვს ხელშეუვალად მინდობილნი. ეს საზოგადოების საჭიროების საქმენი, ადგილობრივად განაწილებულნი, განიგებიან უსათუოდ ადგილობრივთა მოხელეთა შემწეობით, რომელთაც ირჩევს თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა საზოგადოება და რომელნიც ამავე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელნი არიან. ამგვარს გამგეობას თვითმმართველობას უწოდებენ… ერთის სიტყვით, ამგვარის მმართველობის დედააზრი იგია, რომ ადგილობრივნი საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთაგან განიგებოდეს.

…მაგრამ მაგ თვითმმართველობას ქვეყანაზედ ბევრი მტერი ჰყავს; ბევრს უფრთხობს ტყუილუბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშარიაო _ საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს: აურზაურს მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდამ გამოვაო.

…ამ თვითმმართველობის დადგენისათვის ყველაზე ძნელი იმ ზომის პოვნაა, რომლითაც საერთო სახელმწიფო საჭიროების საქმენი მიეზომება ხოლმე სახელმწიფოს მთავრობასა, და საზოგადოებრივი კი – ადგილობრივ საზოგადოებასა. ამ ორთა შუა ნამდვილის საზღვრის პოვნაც ძნელია, იმიტომ – რომ თვით ბუნებითად ამ ორივე საჭიროების ძაფები ერთი-ერთმანეთში ჩართულ და გადაბმულ არიან, თუ ყოველისფერში არა, ბევრში მაინცა. მაგრამ თვითმმართველობის საქებარად ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ აქ გადამეტებულსა, თუ არ სარგებლობა, ისეთი ვნება მაინც არ მოსდევს, როგორც მას, როცა სახელმწიფოს მთავრობას გადამეტებულის ზომით დაუჭერია ცხოვრებაში ადგილი. ღირსება და სიკეთე შინაგანის მმართველობისა ჯერ იმაზედ არის დამოკიდებული, რომ განაწილებულია თუ არა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის მათდამი კუთვნილთა საქმეთა გამგეობა, და თუ განაწილებულია _ როგორ და რამოდენის სიმართლით არის ეგ მომხდარი. ყოველივე შინაგანის მმართველობის ღირსება და სიკეთე ამ სასწორით უნდა აწონილ იქმნას.

ადგილობრივი თვითმმართველობა და უმაღლესი მთავრობა არც ერთი და იგივეა, არც ურთიერთის მოკამათე და მოცილენი არიან. ერთსა და იმავე ქვეყანაში, ერთსა და იმავე სახელმწიფოში, ორნივ მშვიდობიანად თავსდებიან და ურთიერთის სახეიროდ მოქმედობენ.

…ყოველს მხარეს, ყოველს ნაწილს ერთისა და იგივე სახელმწიფოსას, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აქვს, თავისი საკუთარი გაჭირვება ადგია, თავისი საკუთარი მზრუნველობა და ფიქრი უმძიმებს გულსა, თავისი საკუთარი ნეტარება აფხიზლებს და იბირებს. უმაღლესის მთავრობის პირდაპირი დანიშნულება იგია, რომ ყოველს ქვეშევრდომს მისი სატკივარი გაუგოს, მისი წამალი დასდოს, ყოველს სიკეთისა და კეთილდღეობის გზა გაუხსნას. ამისათვის საჭიროა, უმაღლესმა მთავრობამ უტყუარად, პირუთვნელად, ზედმიწევნით იცოდეს ყოველის კუთხის ნამდვილი ვითარება, მისი ავკარგიანობა, რომ საცა შესაძლოა შველა, უშველოს, შემწეობა მიაწვდინოს. ცხადია, რომ უმაღლესს მთავრობას თითონ, სხვის დაუხმარებლად, ვერ შეუძლიან ვერც თვალი მიაწვდინოს დასანახავად ყველგან, ვერც ყური სასმენლად და ვერც ხელი საშველადა. ცხადია, რომ მან უნდა იყოლიოს ამისათვის ანუ საკუთარი მოხელენი, ყოველგან მოფანტულნი და მორიგებულნი, ანუ ეგ მოხელეობა თვით ადგილობრივ მცხოვრებთა უნდა ჩააბაროს, მიანდოს. პირველმა საშუალებამ თავი ვერსად ვერ გაიმართლა, იმიტომ რომ სხვის ხელით საქმის გაკეთება არსად და არასფერში არც თავს მოსულა და არც მოვა. სხვას, ტყუილია, ჩემთვის ისე გული არ შესტკივა, როგორც მე თითონ; სხვა ჩემს ავკარგიანობას ჩემსავით ვერ შეტყობს, ჩემს ტკივილს ჩემსავით ვერ მოუვლის, ჩემს ჩივილს ჩემსავით ვერ იტყვის; რაც მე ვიცი ჩემი, სხვას თავისდღეში არ ეცოდინება. ეს ყველგან ესე სცნეს და ამიტომაც ეგ საშუალება თითქმის ყველგან დაწუნებულ იქმნა და უარყოფილი.

სულ სხვა არის, როცა უმაღლეს მთავრობას თვის მეთვალყურედ, მოხელედ და ადგილობრივთა საქმეთა გამგედ თვით ადგილობრივი მცხოვრებნი ჰყვანან. მათ უკეთ იციან თავისი ვითარება, უკეთ იციან თავისი საჭიროება, უკეთ იციან თვისის თავის მოვლა, თვისთა საქმეთა პატრონობა. ...აქედამ ცხადია, სად უნდა დაიდვას საზღვარი უმაღლესის მთავრობისა და თვითმმართველობის შუა. …თვითმმართველობა თავის ადგილას ყოველის შინაურის საქმის გამგებელია და მეოხე; ყოველივე საერთო სახელმწიფო ხარჯის და სამსახურის ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის განმაწილებელია, ადგილობრივის საზოგადოების რიგისა და წესის დამწყობია, მისის ზნეობის, პატივის, ქონების, განათლების და ერთობ კეთილდღეობის მზრუნველია. ყოველივე ამის მომქმედია იმოდენად, რამოდენადაც ყოველივე ეს მის სამმართველოს წრეში მცხოვრებთა განკერძოებით შეეხება და არ ეწინააღმდეგება საერთო სახელმწიფო კანონსა და განკარგულებასა. აქედამ სჩანს, რომ თვითმმართველობა, ერთის მხრით, ადგილობრივ საქმეთა დამწყობია და გამრიგებელი, მეორეს მხრით, უმაღლესის მთავრობის ხელისუფალი ორღანოა.

ამ სახით, იგი ერთსა და იმავე დროს ადგილობრივის საზოგადოების ორღანოც არის უმაღლესის მთავრობის წინაშე, და უმაღლესის მთავრობის ორღანოცა წინაშე ადგილობრივის საზოგადოებისა.

თვითმმართველობამ რომ თავისი ჩვეულებრივი ნაყოფი მოიტანოს და თავის თავს არ უმტყუნოს, მისდა შესაფერად უნდა იყოს მოწყობილი და დარგული. ამ მოწყობაში არც ერთი მისი არსებითი კუთვნილება დავიწყებული არ უნდა იქმნას, არც ერთი ძირეული აზრი არ უნდა დაირღვეს. თუ ეს სიფრთხილე არ იხმარა ადამიანმა, თვითმმართველობა უფრო უქმი სიტყვა იქნება, უფრო სახელი იქნება, ვიდრე სახრავი.

უმთავრესი კუთვნილებანი თვითმმართველობისანი არიან:

ადგილობრივთა საქმეთა ადგილობრივის განსამართლების უფლება. ამაზედ არის დამყარებული მცხოვრებთა პატივის, ღირსების და ქონების ნამდვილი მფარველობა და ხელშეუხებლობა;

უმაღლესის მთავრობისაგან განწესებულის ხარჯისა, ბეგარისა და სამსახურისა ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის განაწილება. ეს უკეთესი ღონისძიებაა, რომ ყოველმა სამართლიანად და უმეტ-ნაკლოდ გადაუხადოს სახელმწიფოს თვისი შესახვედრი მოვალეობა;

ადგილობრივის საჭიროებისათვის გარდასახადის დადგენა, გაწერა და აქედამ შემოსულის ფულის თავისუფლად გამგეობა;

სხვადასხვა წესისა და რიგის დადგენის უფლება ადგილობრივის საზოგადოების კანონად, მაგრამ ისე კი, რომ იგი წესი და რიგი საყოველთაო კანონს არ ეწინააღმდეგებოდეს;

ადგილობრივის საზოგადოების პირველდაწყებითის სწავლის მოწყობა და თავისუფალი გამგეობა;

ადგილობრივის საზოგადოების საზრდოებისათვის თადარიგის დაჭერა და ღონისძიების მოპოება;

ადგილობრივის გზებისა, ხიდებისა კეთება, მოვლა და თავისუფალი გამგეობა;

უმაღლესის მთავრობის წინაშე შუამდგომლობა ყოველს მასზედ, რაც ადგილობრივის საზოგადოების საჭიროებას და მოთხოვნილებას შეადგენს.

ყოველივე ადგილობრივის თანამდებობის მექონი კაცი პასუხისმგებელი უნდა იყოს წინაშე საზოგადო სამართლისა და სამსჯავროსა და არა თვისთა უფროსთა წინაშე.

…ამის შემდეგ, რასაკვირველია, საბუთი აქვს ადამიანს იკითხოს: თუ თვითმმართველობა ეგ არის, მაშ, ყოველის მხრით და ყოველგან რად ისმის სამდურავი სოფლის მმართველობაზედ?”

ილიას ეს შეკითხვა დღესაც აქტუალურია და მასზე დაფიქრება მართებთ ჩვენს ხელისუფალთ.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here