Home ახალი ამბები რა შემთხვევაში დააკავებენ “კანონიერ ქურდებს” – ახალი კანონპროექტის დეტალები

რა შემთხვევაში დააკავებენ “კანონიერ ქურდებს” – ახალი კანონპროექტის დეტალები

1510

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ე.წ. კანონიერ ქურდებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკავებენ, თუ კი მათზე საქართველოში ჩადენილი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს ინფორმაცია ექნებათ, – ამის შესახებ პირველ არხს შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.„საქართველოში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დასჯა მოხდება, თუ კი ჩვენ გამოძიების ეტაპზე დავადასტურებთ, რომ ამ ადამიანებს რაიმე ფორმით გავლენა აქვთ მოხდენილი საქართველოში მაგალითად დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ან მონაწილეობა აქვთ მიღებული თუნდაც ელექტრონული კომუნიკაციით რაიმე დანაშაულში. ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, რათა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. უნდა დავადასტუროთ ეს. მტკიცებულებების გარშე ხომ ვერ დავაკავებთ? მხოლოდ აღიარების საფუძველზე პირი ვერ დაისჯება. მტკიცების მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული კანონმდებლობა პრობლემებს ქმნიდა. თუ გვექნება აღიარებასთან ერთად მტკიცებულებების ერთობლიობა დადგება პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი პროექტის ამოქმედების შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა გაიზრდება. 

როგორც ცნობილია, ე.წ. კანონიერ ქურდებს საქართველოში საზღვრის გადმოკვეთისთანავე აკავებდნენ კანონიერი ქურდობის ბრალდებით.

ამ მუხლით დაკავებულების დიდი ნაწილი 2014 წლიდან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენით ტოვებდა, რადგან, როგორც სფეროზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, ბრალდების მხარეს მხოლოდ აღიარებითი ჩვენებით, ან სტატუსით – „კანონიერი ქურდი“ დანაშაულის მტკიცება უჭირდა.

მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში 10-დან 9 ე.წ. კანონიერი ქურდი გამართლდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრე ფართოვდება.

საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს, ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერი ქურდობისთვის.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „კანონიერ ქურდობაზე“ თავისუფლების აღკვეთა 9-დან 15 წლამდე იქნება, ნაცვლად ამჟამად მოქმედი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილებები ასევე გავრცელდება „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე, რაზეც თავისუფლების აღკვეთა ნაცვლად 5-დან 8 წლამდე, იქნება 7-დან 10 წლამდე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here