ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება დასვენება და შვებულების კომფორტულად გატარების თემა.
ვებგვერდმა “ბიზნესნიუსმა” საქართველოს კურორტებზე დასვენების ფასები გამოაქვეყნა:
ბორჯომი
ზაფხულის კურორტებიდან ბორჯომი დამსვენებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ქალაქში არის როგორც ძვირად ღირებული სასტუმროები, აგრეთვე, კოტეჯები და საოჯახო ტიპის სასტუმროებიც. ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმრო “ქრაუნ პლაზაში” ზაფხულის პერიოდში ერთი ღამის მინიმალური ღირებულება 230 დოლარია, ფასში შედის სამჯერადი კვება. რაც შეეხება სახლის დაქირავებას, ერთოთახიანი ბინის ორი კვირით დაქირავება 800-900 ლარიდან იწყება, თუმცა ფასები ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება.
საირმე
თუ სასტუმრო “საირმეში” გადაწყვეტთ დასვენებას, მდინარის ხედით სტანდარტული ნომრის ფასი ერთი დღით იანვრიდან მაისის ჩათვლით 59 დოლარია, იმავე პერიოდში ბუნების პეიზაჟიანი ხედით ნომერში 48 დოლარის გადახდა მოგიწევთ. განსხვავებული თანხა უნდა გადაიხადოთ, თუ სასტუმრო “საირმეში” დასვენებას ივნისიდან სექტემბრის პერიოდში გადაწყვეტთ _ მდინარის ხედით ნომერში 76 დოლარის, ხოლო ბუნების ხედით ნომერში 65 დოლარის გადახდა მოგიწევთ. სასტუმრო “იმერეთში” დაბინავება კი ერთადგილიან ნომერში ცხელი წყლის გარეშე 50 ლარი ღირს, ცხელი წყლით კი _ 65 ლარი.
რაჭა
რაჭაში ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო არის ონის რაიონის ბალნეოლოგიურ კურორტ შოვში “სანსეტ შოვი”, რომელმაც სტუმრების მიღება პირველი მაისიდან დაიწყო. მაისსა და ივნისში სტანდარტული ნომერი ორ ადამიანზე 165 ლარი ღირს, თვეების მიხედვით კი ფასიც იზრდება: ივლისში 220 ლარი იქნება, აგვისტოში კი ფასი 295-მდე მოიმატებს. ნომრის ღირებულებაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება, უწყვეტი ინტერნეტი და სატელიტური ტელევიზიით სარგებლობა. განსხვავებული ფასებია კოტეჯებზე. სამოთახიანი კოტეჯის დაქირავება (სამი საძინებლით, სამზარეულოთი და სააბაზანოთი) 630 ლარი ღირს. ივლისში ფასი 715 ლარამდე მოიმატებს, ხოლო აგვისტოში _ 905 ლარამდე.
ყაზბეგი
ყაზბეგში ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროა “რუმსი”. სასტუმროში კვირის სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ფასი მოქმედებს. განსხვავებულია ფასები ხედების მიხედვით. შაბათ-კვირას ორკაციანი ნომრის ფასი 145 დოლარიდან იწყება და 250 დოლარამდე ადის, შუა კვირაში კი ნომრის ფასი 100 დოლარიდან 150 დოლარამდე მერყეობს. ფასში მხოლოდ დილის საუზმე შედის.
ბათუმი
ზღვისპირა კურორტებიდან ყველაზე პოპულარულია ქალაქი ბათუმი. ბათუმში სეზონი ივლისში იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ქალაქში ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებული სასტუმროების ნომრების ფასი 100 დოლარიდან იწყება. მცირე ტიპის სასტუმროებში ნომრების ფასი 25 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის. გარდა ამისა, დამსვენებელს შეუძლია ბინის დაქირავება. ბინის ფასი კი 15 ლარიდან იწყება და ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება.
სვანეთი
სვანეთში, კერძოდ, მესტიაში, ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროში ერთი დღე 90 დოლარი ღირს. თუმცა საოჯახო სასტუმროებში ფასი შედარებით მცირეა და ერთ ადამიანს ღამეში, სულ ცოტა, 40 ლარის გადახდა მოუწევს. ზოგიერთი სასტუმროს შეთავაზებაში მანქანით მომსახურება, ცხენით გასეირნება და კვალიფიციური გამყოლების მომსახურებაც შედის.
კახეთი
კახეთში ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროდ კვლავ რჩება “ლოპოტა სპა რეზორტი”, რომელშიც ზაფხულის სეზონზე საოჯახო ტიპის ნომერი 220 დოლარი ღირს. 16 წლამდე მოზარდების მიღება უფასოა. ნომრის ფასში შედის სამჯერადი კვება. განსხვავებული ფასებია ყვარლის სასტუმროებში _ “როიალ ბატონში” ნომერი 95 დოლარიდან იწყება, ყვარლის “ედემში” კი _ 80 დოლარიდან.