Home რუბრიკები პოლიტიკა რა უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა სააკაშვილს “ულტიმატუმზე”

რა უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა სააკაშვილს “ულტიმატუმზე”

3471
რა უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა სააკაშვილს “ულტიმატუმზე”

საქართველოს განათლებულმა საზოგადოებრიობამ იცის ან ყური მაინც აქვს მოკრული, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს მიმართა წერილით და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თავისი წინადადებები შესთავაზა. იცის ეს მიხეილ ნიკოლაევიჩის საჯარო გამოსვლიდან მიღებული ინფორმაციით, რომელიც იყო ზოგადი და მისთვის ჩვეული ნარცისული ელემენტებით შეზავებული. თქვა ის და იმგვარად, რაც მას ხელს აძლევდა.

მაშასადამე, კი იცის, მაგრამ არ იცნობს.

სამაგიეროდ არც იცის, არც გაუგია, არც თვითონ სააკაშვილს არ გაუმხელია, რომ დიმიტრი მედვედევმა საპასუხო წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

“საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას კომპეტენტურმა წყარომ მოგვაწოდა ორივე ეს დოკუმენტი, რომლებსაც დღეს გთავაზობთ.

გაეცანით.

სააკაშვილის მიმართვა ულტიმატუმს უფრო ჰგავს, ვიდრე პრობლემის გადასაწყვეტად რუსეთის ხელმძღვანელობისთვის მიწოდებულ წინადადებებს: გაივაჟკაცა გორის ქუჩაზე გართხმულმა მომავალმა გმირმა, მიშა მხოხავმა.

* “(გალისა და ოჩემჩირის) რაიონებში, _ წერს სააკაშვილი, _ ყალიბდება შერეული ქართულაფხაზური ადმინისტრაცია და შერეული ქართულაფხაზური სამართალდამცავი ორგანოები. გალისა და ოჩემჩირის რაიონებში იქმნება ადგილგადანაცვლებულ პირთა და ლტოლვილების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების პირობები”.

*”სამშვიდობო ოპერაცია დსთ-ის ეგიდით გაგრძელდება შეცვლილი მანდატით. მშვიდობისმყოფელები გაყვანილი იქნებიან მათი ამჟამინდელი დისლოკაციის ადგილებიდან და განთავსდებიან მდინარე კოდორის გაყოლებით”.

*”იქმნება ქართულ-რუსული უწყებათაშორისი კომისია საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის რეკონსტრუქციის მიზნით, რათა უმოკლეს ვადაში აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა მოსკოვი-თბილისი-ერევნის მიმართულებით”.

*”ჩვენ სათანადოდ შევაფასებთ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფხაზეთში ურთიერთდაპირისპირების შესამცირებლად”.

ერთი მხრივ, კატეგორიული: ყალიბდება, იქმნება, გაგრძელდება შეცვლილი მანდატით, გაყვანილი იქნებიან, განლაგდებიან, სათანადოდ შევაფასებთ და ..

და ამის პარალელურად:

*”რუსეთის მხარის დაინტერესების შემთხვევაში საქართველო მზად არის, შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის ოლიმპიური თამაშების მომზადებაში, მით უფრო, რომ ოლიმპიური დედაქალაქის არჩევის პროცესში ჩვენ აქტიურად ვუჭერდით მხარს . სოჭს”.

შეახსენა და დააყვედრა!

ამას ჰქვია დიპლომატიის ენაზე წერა და მეტყველება? თუმცა, რა გვიკვირს _ იმხანად საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებას ხელმძღვანელობდა ეკა ტყეშელაშვილი, რომელსაც ამ სამინისტროს სისტემაში საქმიანობის მხოლოდ ორიოდე წლის გამოცდილება ჰქონდა და ისიც მხოლოდ სასამსახურო კარიერის დასაწყისში, ხოლო 1998 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული სამუშაო ადგილებს ისე იცვლიდა, როგორც გაჭუჭყიანებულ ხელთათმანს: 9 ხელმძღვანელ თანამდებობაზე იმუშავა სააკაშვილის ხელში, ძირითადად, სამართალდამცავ სტრუქტურებში _ იყო იუსტიციის მინისტრი, შს მინისტრის მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და გენერალური პროკურორიც.

სააკაშვილის ეს მიმართვა რუსეთის პრეზიდენტის კანცელარიამ 2008 წლის 23 ივნისს მიღო და ერთ კვირაში პასუხი გამოუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

პასუხი, რომელიც 2008 წლის 1 ივლისითაა დათარიღებული, საქართველოს ხელისუფლებამ ისე გაასაიდუმლოა, როგორც მიშასდროინდელი ელიტური კორუფციის პირობებში საერთაშორისო გრანტებიდან მითვისებული მილიონები.

დოლარებში, რა თქმა უნდა.

დამალა, დაფარა, გააქრო, ვითომ არც არსებობდა, რადგან ხელს არ აძლევდა: როგორც ახლა ირკვევა, იმ დროს უკვე აქტიურად მიმდინარეობდა პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტისთვის მზადება.

წერილის მიღებიდან ერთ თვესა და 8 დღეში დაიწყო აგვისტოს ხუთდღიანი ომი.

ისეთი რა ბარათი მიიღო სააკაშვილმა, რომ იძულებული გახდა, გაელაშქრა განდგომილი ცხინვალის წინააღმდეგ და დაეკარგა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, რომელიც მას ქვაღორღად წარმოედგინა?

ის დროა, როცა სააკაშვილმა ჯერ არ იცის, როგორი გემო აქვს წითელ ჰალსტუხს, ჯერ არ დაუღეჭია, არ “დაუგემოვნებია” (ახლა ასე ამბობენ), ჭაშნიკი არ გაუსინჯავს (ეს ღვინოზეა ნათქვამი. არ წავშალე. დამენანა).

მაგრამ ერთ თვეზე ცოტა მეტი გავა და დორბლით დამბალი წითელი ჰალსტუხის ღეჭვას მსოფლიო არა მარტო იხილავს, არამედ ფიგურალურ გამოთქმად ჩამოყალიბდება.

აიტაცებენ.

11 წლის შემდეგაც კი გაიხსენებენ: ინგლისის ბრექსიტის პრობლემებით შეწუხებული დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი დაუნინგ სთრითზე დაბრუნების შემდეგ საკმაოდ ემოციურად ახსნის ვითარებას, რომელიც მის ქვეყანაში ჩამოყალიბდა.

იტყვის: ჩვენ იმ სტადიას მივაღწიეთ, როცა არჩევანის საშუალება არ გვაქვს, რადგან ჩვენი პარლამენტი პარალიზებულია და სამწელიწადნახევარია, ჩიხშია მოქცეული. უნდა გითხრათ, რომ იმ ზღვარს მივაღწიე, როცა მზად ვარ, დავღეჭო საკუთარი ჰალსტუხი”.

ამაზე იტყვიან: პრეზიდენტი წავიდა და სათქმელი დაგვიტოვაო.

ან არ იტყვიან.

მაინც რა მოიწერა ისეთი რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილის “ულტიმატუმის” საპასუხოდ?

დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ყურადღებით გაეცნო მიხეილ ნიკოლაევიჩის წინადადებებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პრობლემატიკის შესახებ. ხაზი გაუსვა, რომ ბევრი ელემენტი შეიძლება იყოს გამოყენებული პრობლემის მოგვარების ამა თუ იმ ეტაპზე შესაბამისი შესწავლის შემდეგ და “ამ დროს თქვენი მთავარი პარტნიორი უნდა იყოს აფხაზეთის მხარე”. აღნიშნა, რომ საამისოდ აუცილებელია, უწინარეს ყოვლისა, სრულფასოვანი მოლაპარაკების პროცესის გამართვა; რომ იგი მზად არის პრეზიდენტების ასეთი შეხვედრისთვის ივლისში ან აგვისტოში. ეს იქნებოდა “ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესის ათვლის ახალი წერტილი, რეალური შედეგი სამიტის, რომლის აუცილებლობაზე მწერთ თქვენს მომართვაში”.

ამასთანავე, მედვედევი მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაშიძნელი წარმოსადგენია აფხაზეთის ნებისმიერ რაიონში ერთობლივი ქართულაფხაზური ადმინისტრაციისა და სამართალდამცავი ორგანოების შექმნა. აშკარად ნაადრევია, აგრეთვე, ლტოლვილების დაბრუნების საკითხის ამგვარი კატეგორიულობით დაყენება”.

რუსეთის პრეზიდენტის აზრით, ამ ეტაპზე ყურადღება უნდა გამახვილდეს დაძაბულობის შესამცირებელ და ნდობის აღდგენის რეალურ ღონისძიებებზე, რომლებიც შესაძლებელს გახდის ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოწესრიგების პროცესის ნორმალიზაციას. მოლაპარაკებები 2006 წლის ივლისში შეწყდა.

და შემდეგ _ პირდაპირი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს:

საკვანძო როლი ამ საკითხში გეკუთვნით პირადად თქვენ, მიხეილ ნიკოლოზის ძევ. სწორედ საქართველოს ლიდერზეა დამოკიდებული მოწესრიგების გარშემო არსებული ატმოსფეროს რადიკალური გაჯანსაღება, მისთვის პოზიტიური დინამიკის მინიჭება. კვლავ ვუბრუნდები თბილისსა და სოხუმს შორის ძალის გამოუყენებლობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების კოდორის ხეობის ზემო ნაწილიდან გაყვანის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის მიზანშეწონილობის საკითხს. ამის თაობაზე ჩვენ ვილაპარაკეთ 18 ივნისს ტელეფონით და საწინააღმდეგო აზრი, ისევე, როგორც წინასწარი პირობები, თქვენი მხრიდან არ გამოთქმულა.

ამგვარი გადაწყვეტილების პოლიტიკური მომგებიანობა უეჭველად მოითხოვს სიბრძნესა და გამბედაობას. იგი დაგვანახვებდა საქართველოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას, მშვიდობისადმი მის ერთგულებას, ხელს შეუწყობდა ურთიერთსაყვედურებისა და სოხუმისადმი კონფრონტაციის მანკიერი წრის გაწყვეტას”.

მედვედევმა განაცხადა, რომ მზად არის, განიხილოს სააკაშვილის იდეა აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხების გადასაწყვეტად რუსულ-ქართული სამთავრობოთაშორისი კომისიის შექმნის შესახებ, “თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საქართველოს ჩართულობას ქ. სოჭში 2014 წლის ოლიმპიური თამაშების მომზადების პროცესში.

ერთი სიტყვით, ისახება ჩვენი ერთობლივი მოქმედების სრულიად კონკრეტული და პოზიტიური დღის წესრიგი”.

მიმართვაში პასუხი გაცემულია სააკაშვილის წამოყენებულ სხვა წინადადებებზეც.

მოკლედ, რუსეთის მხარე მზად იყო მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად. დოკუმენტი, რომელსაც დღეს ვაქვეყნებთ, სწორედ ამაზე მეტყველებს. რუსეთის პრეზიდენტის წინადადება კონკრეტული იყო: იგი სააკაშვილს სათათბიროდ იწვევდა ივლისში ან აგვისტოში აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანად გადასაწყვეტად.

შედეგად კი _ “და ხვალ იყო ომი”, აგვისტოს ხუთდღიანი ომი, რომელსაც შეეწირა ადამიანების სიცოცხლე, დალის ხეობა მთლიანად და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი დავკარგეთ.

საქართველო დამარცხდა. სააკაშვილმა გამარჯვება იზეიმა. იტაშფანდურა. იხალისა.

რა მოხდა?

“სიმართლის ლაპარაკი მსუბუქია და სასიამოვნო. მოსმენაა მძიმე და უსიამოვნო” (გოლუბენკო-ბულგაკოვი).

ჩვენი სავარაუდო პასუხიც ამ შეკითხვაზე უსიამოვნო იქნება.

მაგრამ მაინც უსმინეთ, რათა არ დაემსგავსოთ გოგლა ლეონიძის ბატისფრთიან პიიტებს, რომლებიც “წვანან სიჩუმის ნავსადგურებში”, სადაც ჩამოწერილ, სმენადაკარგულ ბებერ ხომალდებს, აღარაფერი რომ აღარ აინტერესებთ, ყურებზე ჰკიდიათ ღუზები:

В ушах оглохших пороходов

Горели серъги якорей, _ ეს მაიაკოვსკია, მეტაფორების დიდოსტატი.

შეაგულიანა ვინმემ სააკაშვილი? მე და თქვენ ერთნაირი აზრი გვაქვს ამაზე. მაინცდამაინც მე ნუ მათქმევინებთ…

ისე კი, შეფარვით გეტყვით: შეაგულიანა მან, ვინც მსოფლიოში გაბატონების მანიით არის შეპყრობილი სხვისი ხელითა და სხვა ქვეყნების გენოფონდის საზარბაზნე ხორცად გაწირვის ხარჯზე.

აშშის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც მედვედევის წერილის მიღებიდან 8 დღეში _ 9-10 ივლისს სასწრაფოდ ესტუმრა თბილისს, თავის მემუარებში იფიცებოდა, რომ სააკაშვილს სთხოვდა, აერიდებინა რუსეთთან ომის დაწყება. სხვა წყარო კი ირწმუნება, რომ პირიქით _ ამერიკელები სააკაშვილს აქეზებდნენ: დაიწყე ომი და დარწმუნებული იყავი, ხმას არავინ ამოიღებს. წინასწარ შეთანხმებულიაო.

რომელი ვარიანტია მართალი, თავს ვერავინ დადებს, მაგრამ მარიონეტ თოჯინას ზედმეტი ხმარებისგან ძაფები რომ დაუწყდება და სანამ “მარტივ თანამამრავლებად დაიშლება” (მიშას საყვარელი გამოთქმაა), სანამ თეატრის დამლაგებელი ნაგვის კონტეინერში გადაუძახებს, შეიძლება ისეთი კონვულსიური მოძრაობით გაგვაოცოს, “ოცნების” უმრავლესობიდან გაქცეულებს რომ შეშურდებათ.

ამას გარდა: რუსეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მიმართვა ისეთი ქედმაღლური ტონითაა შედგენილი, რომ, ავტორების გათვლით, ადრესატს იმავე ტონალობით უნდა მოეწერა პასუხი. ეს იქნებოდა საბაბი და გამართლება ომის დაწყების.

მაგრამ არ მოუწერია.

ამან მიხეილი და მისი ატეხილი აქტივისტები ვერ შეაჩერა და, რადგან ახალი წლის მოლოცვა ცხინვალიდან არ გამოუვიდათ, რევანშის აღება სოხუმიდან მოინდომეს.

ავანტიურას კი არავისთვის გაუმართლებია.

იმასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ სააკაშვილმა მედვედევისთვის წერილის გაგზავნით შეიქმნა ალიბი: ყველაფერი ვიღონე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაწესრიგებლად, მაგრამ არ გამოვიდა: მშვიდობიან შეთავაზებაზე მივიღე ცივი უარი და ომი დავიწყეო, რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენითო.

ვარაუდების ჩამოთვლის გაგრძელება შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგებ აჯობოს, ჩვენმა მკითხველებმა გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები დღემდე გასაიდუმლოებული ამ მიმოწერის შესახებ?

საზოგადოებრიობის დამოკიდებულების გაგება გაცილებით საინტერესო იქნება.

არმაზ სანებლიძე

2 COMMENTS

  1. სააკაშვილი ისეთი გმირი არ არის, რომ თვითონ ან მის ქართულ გარემოცვასთან ერთად გადაეწყვიტა ომის დაწყება, ,,პარტნიორების” თანხმობისა და ხელშეწყობის გარეშე. იგი შეაცდინეს, მოატყუეს, გადააგდეს, ეს ცხადზე ცხადია.

  2. ნოვაია ვლასწ მენიაეტცა ნა აბხაზიუ-ეს იყო ზარი მოსკოვიდან თავდაცვის მინისტრთან ,მაშინ,როცა სააკაშვილის დასანიშნად ეგორ ივანოვი იყო ჩამოსული.ეს ამბავი ტელევიზორში მე თვითონ მოვისმინე,ისე რომ გაცილებით ადრე დაიგეგმა 08.08.08 ომი,მიშაც მაგისთვის გახადეს პრეზიდენტ და არც უბიძამისოდ ჩაივლიდა ეგ ამბავი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here