Home რუბრიკები პოლიტიკა რა უნდა შეცვალოს “ქართულმა ოცნებამ”

რა უნდა შეცვალოს “ქართულმა ოცნებამ”

590
რა უნდა შეცვალოს “ქართულმა ოცნებამ”

ბოლო დღეებში მოქალაქეების დიდი ნაწილი მედიაში, სოცქსელებში თუ კერძო საუბრებში გამოთქვამს შემდეგ მოსაზრებას: ხელისუფლება ვალდებულია, გაატაროს სასწრაფო რეფორმები, რადგან იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს გაამარჯვებინეს, სწორედ ეს სურთ. საინტერესოა, რა ცვლილებებს გულისხმობენ ისინი და როგორ შეიძლება უპასუხოსქართულმა ოცნებამამ მოწოდებებს.

პირველ ტურთან შედარებით, ზურაბიშვილმა ნახევარ მილიონზე მეტი ხმა მიიღო. ექსპერტები ცდილობენ, გაშიფრონ, ვისგან შედგებოდა ეს არმია და ამომრჩეველთა სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ _ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს (“ანტიმიშისტებს”), რადიკალ კონსერვატორებს და, ასე ვთქვათ, “მერკანტილურებს”, ე. ი. მათ, ვინც ვალების ჩამოწერამ და სხვა ბონუსებმა მიიმხრო. ცხადია, ეს დაყოფა პირობითია, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი შეიძლება ერთდროულად ორ ჯგუფში შედიოდეს, მაგრამ საჭიროა იმ მოთხოვნების დასახარისხებლად, რომელსაც ისინი ხელისუფლებას უყენებენ.

ნაციონალები ამ თემას არ უღრმავდებიან, რადგან მათი პოსტსაარჩევნო მითოლოგიის მიხედვით, ზურაბიშვილის ამომრჩეველი კარტოფილსა და ხახვზე გაიყიდა და იმ ვიდეოკადრების გავრცელება, რომელზეც კარგად ჩანს, როგორ არიგებდა სააკაშვილის ხელისუფლება კარტოფილს 2012-ში, მათ დამოკიდებულებას არ ცვლის. ეს მიდგომა მათთვის ერთგვარი ტკივილგამაყუჩებლის როლს ასრულებს, რომლის მიღება დიდი დოზით საშიშია. 2012-ში მათ დაარწმუნეს საკუთარი თავი, რომ არჩევნები “ციხის კადრებმა” წააგებინა, რამაც მოგვიანებით არასწორ პოლიტიკურ დასკვნებამდე მიიყვანა და ახლა აქცენტი ვალების ჩამოწერასა და კარტოფილის დარიგებაზე გადააქვთ. თუმცა, ალბათ, ეს სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის” პრობლემაა და არა საზოგადოების.

რა სურთ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს? _ ძველი რეჟიმის რესტავრაციის საფრთხის 100%-ით განეიტრალება, “პორტირებული” “ნაციონალებისდაწინაურებაზე უარის თქმა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სამართლებრივი შეფასება, დამრბევთა, მწამებელთა და სხვა დანაშაულებია ჩამდენთა დასჯა, უსამართლოდ წართმეული ქონების დაბრუნება, “ნაცმოძრაობასთანურთიერთობის სტილის შეცვლა (მათი აზრით, ხელისუფლება არ უნდა ეპყრობოდეს ნაციონალებს, როგორც ლეგიტიმური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, არამედ დაახლოებით ისე, როგორც ომის შემდგომ იტალიასა და გერმანიაში ფაშისტებს და ნაცისტებს ეპყრობოდნენ). “ანტიმიშისტების” ნაწილი უფრო შორს მიდის და მოითხოვს სისტემურ რეფორმებს, რომელიც რადიკალურად შეცვლის სასამართლოებს და სამართალდამცავ ორგანოებს და დააშორებს მათ ძველი რეჟიმის მიერ მინიჭებულ რეპრესიულ, ანტიდემოკრატიულ როლს _ შეიძლება ითქვას, რომ ისინი სისტემურ დენაციფიკაციაზე საუბრობენ.

ჩამოთვლილიდან “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე მარტივია საკადრო პოლიტიკის კორექტირება. საგულისხმოა, რომ ამ თემას შეეხო ბიძინა ივანიშვილიც თავის გახმაურებულ მიმართვაში პირველი ტურის შემდეგ: “სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში”. “პორტირებულები” ამ კონტექსტში არ უხსენებია, თუმცა ივანიშვილმა მშვენივრად იცის, რომ მისი ამომრჩევლებისთვის ეს მტკივნეული თემაა. ამგვარად, უნდა ვივარაუდოთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში “ქართული ოცნება” აღარ გამოიყვანს ავანსცენაზე ვანო ზარდიაშვილისა და ლევან მურუსიძის მსგავს პირებს, არამედ სადმე აღმასრულებელი ხელისუფლების ლაბირინთებში დაასაქმებს. ამ პოლიტიკის გატარება შეიძლება გაუჭირდეს ზოგიერთ რეგიონში, სადაც “პორტირებულები” პარტიულ და სახელისუფლებო სტრუქტურებში მის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენენ. თუმცა მთლიანობაში ეს შესაძლებელია, ისევე, როგორც უარის თქმა აშკარად არაკომპეტენტური პირების დაწინაურებაზე. ასეთი იყო, მაგალითად, ალექსანდრე ჯეჯელავა. სხვათა შორის, მას ძველი ხელისუფლებაც მოსწონდა _ 2012-ში მან თავის ბლოგში “ციხის კადრებთან” დაკავშირებული მოვლენების “გაპრავება” სცადა, მაშინ, როდესაც ამის გაკეთება ორდენოსან “ნაციონალებსაც” კი რცხვენოდათ. როგორ მოხვდა ეს ადამიანი მინისტრის პოსტზე? რატომ? რისთვის?

რაც შეეხება “ნაცმოძრაობასთან” ურთიერთობის სხვა ასპექტებს, “ქართულ ოცნებას” “ანტიმიშისტებისთვის” სასურველი ნაბიჯების გადადგმა, სავარაუდოდ, გაუჭირდება. მას დასავლეთის ნეგატიური რეაქციის ეშინია და “ნიურნბერგის პროცესს” დიდი ალბათობით ვერ მოაწყობს _ ამის რესურსი სადღაც 2013-14 წლების მიჯნაზე დაკარგა. მან შეიძლება საჩვენებლად გაასამართლოს რამდენიმე ზონდერი და მათი ხელმძღვანელი საშუალო რგოლიდან, მაგრამ ეს, ალბათ, არავის დააკმაყოფილებს. ქონების დაბრუნებისთვის კი, პოლიტიკურის გარდა, წმინდა იურიდიული ბარიერებიც არსებობს.

ცვლილებებს ამ მიმართულებით, ალბათ, კოსმეტიკური ხასიათი ექნება. “ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, “ბარტყების გადაგდების ტაქტიკასმიმართავს.

სისტემური რეფორმები “ნაცმოძრაობის” პრობლემას, ერთის შეხედვით, პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ ის საკმაოდ საინტერესო, გარკვეულწილად ტრაგიკულ დილემას წარმოშობს. თუ რეფორმა შეამცირებს “ქართული ოცნების” გავლენას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ამით შეიძლება “ნაციონალებმა” ისარგებლონ. ავტორიტარული კონტროლი, ერთის მხრივ, ძალიან ცუდია და ხელისუფლებას საზოგადოებასთან ურთიერთობაში უამრავ პრობლემას უქმნის, მაგრამ, მეორეს მხრივ, მისი უსაფრთხოების გარანტიაა და საჭიროების შემთხვევაში – “ნაცმოძრაობის” დათრგუნვის საშუალება. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ივანიშვილმა მისი დაკარგვა და შესაბამისად, რადიკალური რეფორმების გატარება მოინდომოს.

რა სურთ (დამატებით) რადიკალ კონსერვატორებს? _ ულტრალიბერალურ ინიციატივებზე (გეიქორწინებების, მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაცია და ..) უარის თქმა, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება, რელიგიური გრძნობების დაცვა, პროტექციონისტული მიდგომა საქართველოს მოქალაქეების მიმართ (უცხოელებზე მიწის გაყიდვის პრობლემა და სხვა), სკოლასა და საზოგადოებაში ტრადიციული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა. აქ “ქართული ოცნება”, ერთი შეხედვით, ნაკლებად შეზღუდულია, მაგალითად, ის წავიდა გარკვეულ (შესაძლოა, დროებით) დათმობებზე მსუბუქი ნარკოტიკების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს სურდა გასვლა ლეგალური მარიხუანის მზარდ გლობალურ ბაზარზე და ამ საქმეში გარკვეული რესურსი ჩადო. მაგრამ “ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ 2011 წლიდან ეშინია, რომ კონსერვატიულ პოზიციებზე გადასვლის შემთხვევაში, დასავლეთი აქტიურად დაუჭერს მხარს მის ლიბერალ ოპონენტებს, რაც მისთვის ცუდად დამთავრდება. სავარაუდოდ, სწორედ ამან განაპირობა “ოცნების” პოლიტიკის ეტაპობრივი “ლიბერალიზაცია” განხილულ პერიოდში. ამიტომ რადიკალი კონსერვატორებისთვის სასურველ ცვლილებებს დიდი ალბათობით მხოლოდ ნაწილობრივი ან დროებითი ხასიათი ექნება. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს მმართველ პარტიას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართაც, რომელსაც მისი ამომრჩევლების ნაწილი მოითხოვს. მას ეშინია, რომ დასავლეთი “დასჯის” ამ მიმართულებით თუნდაც ერთი ნაბიჯი რომ გადადგას.

რა სურთ .. მერკანტილურებს? აქ ყველაფერი მარტივია, ისინი ხელისუფლებისაგან ახალ ბონუსებს მოითხოვენ. 1958 წელს გამოცემულ წიგნში “ჩამორჩენილი საზოგადოებების მორალური ბაზისი” (ის სამხრეთ იტალიას მიეძღვნა) ამერიკელი სოციოლოგი ედვარდ ბანფილდი წერდა, რომ ასეთ საზოგადოებებში ამომრჩეველი “ბიულეტენს მოკლევადიან პერსპექტივაში მატერიალური ამონაგების მიღებისთვის იყენებს. მან შეიძლება ჩათვალოს, რომ საქმე ეხება მის გრძელვადიან, კლასობრივ ან საზოგადოებრივ ინტერესს, მაგრამ ეს არ იმოქმედებს მის არჩევანზე, თუ ოჯახის კონკრეტული მატერიალური ინტერესით იხელმძღვანელებს. ამომრჩეველი პარტიების დაპირებებს ნაკლებად ენდობა და ხმას აძლევს იმ სარგებელს, რომელიც უკვე მიიღო (ცხადია, იმ პირობით, რომ ის მომავალში გაიზრდება)”.

ვიდრე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ამ ფაქტორის მნიშვნელობა კვლავინდებურად დიდი იქნება. მეტიც, ის შეიძლება გაიზარდოს მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მეორე ტურის წინ “ვალების დაფარვის” სპეცოპერაცია განახორციელა _ 2020-ში ამ კატეგორიის ამომრჩეველი გაცილებით მეტს მოითხოვს. ამ გზას, საბოლოო ჯამში, ისედაც სუსტი დემოკრატიული სისტემის დეგრადაციამდე მივყავართ. პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით, ივანიშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ პოლიტიკურით _ საკმაოდ საშიში პრეცედენტი შექმნა.

სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკის აღორძინება ყველა კატეგორიის ამომრჩევლის საერთო და “მარადიული” მოთხოვნაა. მას ხელს, ეკონომიკური ფაქტორების გარდა, თანამედროვე ქართული ელიტის პარაზიტული ბუნება უშლის. აქ მნიშვნელოვანია ერთი ნიუანსის აღნიშვნა_ ჩვეულებრივი პარაზიტებისგან განსხვავებით, პარაზიტოიდები თანდათან კლავენ ორგანიზმს, რომლის ხარჯზე იკვებებიან და იზრდებიან. სხვათა შორის, “უცხო” რიდლი სკოტის ცნობილი ფილმიდან პარაზიტოიდია, ისევე როგორც დღევანდელი ქართული ელიტა _ ის სულ უფრო ასუსტებს ორგანიზმს (ქვეყანას), რომელიც მას კვებავს. ინსტინქტებიდან გამომდინარე, ცდილობს, ბოლომდე გაძარცვოს მოსახლეობა, საარსებო მინიმუმიც კი არ დაუტოვოს და არ ფიქრობს იმაზე, რა მოხდება ამის შემდეგ.

ზომები, რომელსაც ბახტაძის მთავრობა ჭარბვალიანობის გამო მიმართავს, სავარაუდოდ, არ არის მხოლოდ პიარი _ საშუალო დონის ეკონომისტიც კი მიხვდება, რომ დღევანდელი მდგომარეობა უდიდეს პოლიტიკურ რისკებს უკავშირდება და საფრთხეს საზოგადოების მაღალ ფენასაც უქმნის. მაგრამ დაგვიანებული და არსებითად პალიატიური ჩარევა ამ შემთხვევაში არასაკმარისია, აუცილებელია რადიკალური ნაბიჯები, სახელისუფლო სტრუქტურების წმენდა, ოლიგარქიული კაპიტალის მადის შეზღუდვა, რაც ერთობ ძნელი წარმოსადგენია ოლიგარქიულ სისტემაში. ამ მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე ეკონომიკური რეფორმა განწირულია.

რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, იმის ალბათობა, რომ “ქართული ოცნება” შეეცდება ილუზიების შექმნას, საკმაოდ მაღალია. თუმცა გამორიცხული არაა, მომხდარიდან გამომდინარე, ამომრჩევლებთან ურთიერთობაში გაცილებით ფრთხილად იმოქმედოს, ვიდრე ადრე, ხოლო “ნაცმოძრაობას” რამდენიმე მტკივნეული დარტყმა მიაყენოს. 2019 წლის პირველ კვარტალში ჩვენ ვნახავთ, მოახდინა თუ არა მმართველმა პარტიამ ადეკვატური რეაგირება პირველი ტურის “ყვითელ ბარათზე” თუ ჩათვალა, რომ პრობლემა “გადააგორა” და შეუძლია ცხოვრება ძველებურად განაგრძოს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here