„რა საოცრად წავიდა…“

    რობინ დანიგანი

    გასულ კვირას  თანამდებობა და, შესაბამისად, საქართველო დატოვა  ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა.  მან განაცხადა, რომ არათუ საქართველოდან, ზოგადად, სამსახურიდან მიდის და პენსიაზე გასვლა სურს, რათა დაისვენოს. პირველ რიგში, რისი გადამოწმებაც გვსურდა,  იყო ის, რომ მოუწია თუ არა ქალბატონ დანიგანს საპენსიო ასაკმა და რატომ გაახსენდა ასე უცებ,  დასვენება რომ  სჭირდება, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, არც ერთ ვებ-გვერდზე –  არც ამერიკულზე, არც ქართულსა თუ ევროპულზე, არ იძებნება, როდის დაიბადა  ან რამდენი წლისაა აშშ-ის აწ უკვე ყოფილი ელჩი საქართველოში. ერთადერთი, რაც ყველგან წერია, არის ის, რომ მან დიპლომატიურ სამსახურში მუშაობა 1992 წელს, ანუ 33 წლის წინათ დაიწყო  და აღნიშნულია, სად მსახურობდა, რას აკეთებდა… მოკლედ, დაბადების დღის მილოცვა რომ მოგესურვებინათ, ვერ მოახერხებდით, რადგან დანიგანის დაბადების თარიღი  საიდუმლოა. მოკლედ, როგორც  ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ პერსონაჟი გრაფი სეგედი იტყოდა –  „რა საოცრად წავიდა…“

    ოპოზიციამ ელჩი ტაშით გააცილა.  ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ დანიგანი არ ეთანხმებოდა ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას და ამიტომ წავიდა. არის კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო დეტალი, რომელზეც ყურადღება იყო გასამახვილებელი, მაგრამ თითქმის არავის გაახსენდა. 26 მაისს დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს მოსალოცი  წერილი გამოუგზავნა და დამოუკიდებლობა მიულოცა.  ეს წერილი საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის საელჩოს გავლით მიიღო, მაგრამ… საელჩომ ოფიციალურ გვერდზე მილოცვის ტექსტი არ გამოაქვეყნა დეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ამერიკის პრეზიდენტის გზავნილის გამოქვეყნებისგან საელჩომ თავი შეიკავა. სავარაუდოდდ, ამერიკაში ეს ვერ აიტანეს, ელჩს გასაგებად აუხსნეს, რომ არასწორად მოიქცა, ისე გასაგებად, რომ მან თანამდებობა დატოვა. კულუარებში ამბობენ, რომ დანიგანმა  აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის შემოტევასა და წინა ადმინისტრაციის დროს ქართული ოპოზიციის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას თავი ვერ გაართვა და გაცლა არჩიაო… სრული სიმართლე კი მხოლოდ თვითონ იცის. საპენსიო ასაკიც რომ ჰქონდეს, ასეთ სამსახურს ამ წლებში  უბრალოდ ვერ ინატრებდა, მაგრამ კულუარული ვითარება ძალიან არის აჭრილი  ამერიკაშიც და დანიგანმაც გაცლა არჩია.

    ამასობაში საქართველოში ამერიკული „ფარას“( FARA) ანალოგი ამოქმედდა და ამას  არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები სახალხო დამცველს მიადგნენ, აქაოდა, შენ უნდა გვიშველო, ხმა აღიმაღლოო, თუმცა…

    „რაც შეეხება ახალ კანონმდებლობას,  პარალელი გავავლე გამჭვირვალობის შესახებ კანონთან. გამჭვირვალობის კანონი როცა იქნა ინიცრებული, ჩემი პოზიცია იყო, რომ გამჭვირვალობა იყო ლეგიტიმური მიზანი და ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებოდით, მოქმედებაში რამდენად შეზღუდავდა ამ კანონის არსებობა კონკრეტული ადამიანებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს. ჩემი აზრით, ის მოლოდინები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის მიმართ  თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო. თვითონ ეს  კანონი არის ამერიკული და, შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა იმ კონტექსტში, რომელ კონტექსტშიც ეს კანონი იმოქმედებს საქართველოში, ჩვენ დავაკვირდებით, მისი მოქმედება ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვებს ან ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემებს იმ სუბიექტების მიმართ, რომლებსაც ეს კანონი მიემართება. თუ ასე მოხდება, მე, როგორც სახალხო დამცველი, ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ“,-განაცხადა ლევან იოსელიანმა.

    ანუ, სახალხო დამცველმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ კანონი ამერიკულია და შესაბამისად – დემოკრატიული, მაგრამ ამის არ სჯერა ევროპას. ჰო, ევროპელებს არ სჯერათ, რომ ამერიკული კანონი დემოკრატიულია, გვირჩევენ და გვიბრძანებენ კიდეც, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს, მაგრამ საბოლოოდ ისეთ აბსურდში იხლართებიან, სასაცილოც არ არის, თუმცა იხტიბარს მაინც არ იტეხენ და პირველ ჩვენებას „აწვებიან“.

    აგერ, შვედეთის საგარეო საქმეთა უწყებამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში მიღებული „ფარას“ ანალოგიური კანონი, დამოუკიდებელ ხმებს ახშობს, რომ ეს კანონო გასაწვევი და გასაუქმებელია, ხოლო ერთი დღის შემდეგ იმავე ვებ-გვერდზე იმავე შვედეთის საგარეო უწყებამ დაწერა, რომ„ქვეყანაში ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს;  რომ მიუღებელია,  უცხოელი აქტორები შვედეთში აფინანსებდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც დემოკრატიის ძირის გამოთხრის მიზნით  ექსტრემისტულ გარემოს აძლიერებს…“

    შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარი აუბა შვედეთის იუსტიციის სამინისტრომაც  და დაეთანხმა, რომ ანალოგიური კანონის მიღება არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ შვედეთის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა გამოდის? შვედები აღიარებენ, რომ მათი დემოკრატია საფთხეშია სწორედ იმ უცხოური დაფინანსებების გამო, რომელთა აკრძალვაც საქართველოში სურთ და… გვეუბნებიან, თქვენ არ აკრძალოთ, თქვენი დემოკრატია არ არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ავკრძალავთო. ეს ორმაგი სტანდარტი არ არის, ეს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ საქართველოს დემოკრატია სწორედ დასავლეთმა უნდა გათელოს ფეხქვეშ და სწორედ მათი ფინანსებით უნდა კონტროლდებოდეს. მეტიც, 5 მაისს იმავე შვედეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება სურს და ეს აკრძალვის მიუხედავად. ანუ, შვედეთი აპირებს, გააკეთოს საქართველოში ის, რის გაკეთებასაც სხვა ქვეყნებს უკრძალავს შვედეთში. ეს, ორმაგი სტანდარტი კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია და დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.

    სამწუხაროდ, ამ საკითხში შვედეთი მარტო არ არის. მის გვერდით არაერთი ევროპული ქვეყანა დგას და მათ შორის პირველია საფრანგეთი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის „ხათრით“  ჩვენს ქვეყანაზე თურმე განსაკუთრებით ზრუნავს. ამ დროს საფრანგეთი კრძალავს უცხოურ დაფინანსებებს და აღიარებს, რომ უცხოეთიდან შემოსული ფული მათი დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია, მაგრამ… ეს საფრთხის შემცველი არ არის საქართველოსთვის, რადგან საქართველო სწორედ  საფრთხის შესაქმნელად სჭირდებათ;  საფრთხისთვის, რომლითაც სასურველ დროს რუსეთზე იერიში უნდა მიიტანონ, და ნერვები ეშლებათ, რომ ბოლო წლებში  ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. არადა, მეორე ფრონტის გახსნა ახლა, ეგებ, როგორც არასდროს, ისეთი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს დასავლეთისთვის. რუსეთი დათანხმდა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და სწორედ ამ დროს ზურგში ლახვარი ჩასცეს – ყველაზე დიდი აფეთქებები და შეტევა მოუწყვეს, რომელთა გამოც  რუსები ისე გაბრაზდნენ, რომ მათი რისხვის ამერიკის პრეზიდენტსაც კი შეეშინდა. ტრამპმა აღიარა, პუტინი პასუხისთვის ემზადება და მე ვერ დავუშლიო. რეალურად ეს იყო დიდი სახელმწიფოს ლიდერის აზრი, რომელსაც ძნელია, შეეწინააღმდეგო.

    „მათ მიზეზი მისცენ პუტინს, ჯოჯოხეთურად დაებომბა ისინი. ეს არის ის, რაც არ მომეწონა. როდესაც დავინახე, ვთქვი: „ახლა დარტყმა იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

    ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, გამძვინვარებული რუსეთის მიმართ საქართველომ მეორე ფრონტი რომ გახსნას, რა მოხდება? არადა, მოსახლეობაში იმ აზრის მოსამწიფებლად იხარჯება ფინანსები, რომ ჩვენ შეგვიძლია რუსეთს ვეომოთ. ზუსტად ისე, როგორც ეს 2008 წელს იყო, როცა გვიმტკიცებდნენ, ასეთი ძლიერი საქართველოს არმია აღარასოდეს იქნება და ახლა გვაქვს დრო, ტერიტორიები დავიბრუნოთო. სამდღიანი ომი კი იმჟამინდელი ხელისუფლების ლიდერთა გაქცევითა და დედაქალაქში გამართული ტაშ-ფანდურით დასრულდა, რომელსაც ევროპული ქვეყნების ხუთი პრეზიდენტი ესწრებოდა. ამ მომენტში  კი ბრძოლებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გვამებს ფრინველები კორტნიდნენ. პატრიარქის მონდომება და მოწოდება რომ არა, დაღუპულთა გამოყვანასაც არ აპირებდნენ ნაციონალები.

    მოკლედ, შვედეთმა გააკეთა ზუსტად ის, რაც მანამდე ბელგიამ, კანადამ, ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა… ანუ ყველა ცდილობს, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატია  სწორედ ანალოგიური კანონებით უზრუნველყოს, მაგრამ ამასთანავე მათ ზუსტად იციან, რომ სხვა  ქვეყნებში ასეთი კანონების მიღება მათთვის არის ცუდი და შესაძლებლობა ესპობათ, იქ ხალხის ნებასა თუ არჩევანზე ზეგავლენა მოახდინონ, ითამაშონ ფსიქიკაზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ატარონ ექსპერიმენტები და ეს არ სურთ. ამიტომ სინდისის ქენჯნის გარეშე ამტკიცებენ, რომ ის, რაც მათთვის კარგია, ჩვენთვის ძალიან ცუდია და პირიქით. თანაც ამ ყველაფერში მათ ე.წ. ოპოზიციის სრული მხარდაჭერა აქვთ;  ისიც ზუსტად იციან, რომ  ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში საჭირო დროს გასროლა პრობლემა არ იქნება, ისე, როგორც ეს სააკაშვილის ზეობის ხანაში არ იყო პრობლემა და მერე რა, რომ ამ ყველაფერს ასეულობით ქართველი შეეწირა, ათასობით – უსახლკაროდ დარჩა. სამაგიეროდ, დასავლეთმა თავისი საქმე გაიკეთა და ზვარაკად შეწირული ქართველების დასათვლელად ვის ეცალა…

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                       

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here