Home სხვადასხვა დაიჯესტი რა მოხდა 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში

რა მოხდა 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში

786
სერგეი გავრილოვი

გთავაზობთ ინტერვიუს რუსეთის პარლამენტის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან, რომლის გამოც დაიწყო არეულობები თბილისში. გავრილოვს ინტერვიუ (ვბეჭდავთ შემოკლებულ ვერსიას) ჩამოართვა გამოცემაკომერსანტმა”.

“20 ივნისს თბილისში დაიწყო არეულობები _ რამდენიმე ათასი ადამიანი საქართველოს პარლამენტის შტურმით აღებას შეეცადა, ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. მიტინგისა და საპროტესტო აქციის საბაბი იყო ინციდენტი, რომელიც შეემთხვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაზე. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფად ჩათვალეს ის, რომ რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა. ამას გარდა, ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერგეი გავრილოვი აფხაზეთში იბრძოდა.

_ რა ღონისძიება ტარდებოდა თბილისში?

_ საქართველოს პარლამენტი 2 წლის განმავლობაში მოითხოვდა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ფორუმის ჩატარებას საქართველოში. და ჩვენც, ბოლოს და ბოლოს, ჩავედით საქართველოში, თანაც, წერილობითი გარანტიები მივიღეთ ყველა მონაწილის უსაფრთხოებაზე. ჩვენი ამოცანა საჯაროდ იყო გაცხადებული: ქვეყნებს შორის მართლმადიდებლობისა და ჩვენი ტრადიციული ფასეულობების საფუძველზე ურთიერთობის განმტკიცება განათლების, კულტურის, ჯანდაცვის საკითხებში. გახსნის ცერემონიაზე მადლობა გადავუხადეთ საქართველოს _ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას _ სტუმართმოყვარეობისთვის, ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ჩვენ მიგვიწვიეს საქართველოს პარლამენტში. ქართულმა მხარემ შემომთავაზა, დამეკავებინა ადგილი პრეზიდიუმში.

_ საპროტესტო აქციების საბაბი იყო განცხადება, რომ სახელდობრ, თქვენ იმ ადგილას არ დაჯექით, სადაც საჭირო იყო. იქნებ დეტალურად მოყვეთ ამის შესახებ.

_ სადაც მეუბნება მასპინძელი მხარე, იქ ვჯდები. პროტოკოლის მიხედვით ეს საპატიო ადგილი ეკუთვნის მას, ვინც გენერალურ ასამბლეას თავმჯდომარეობს. გენერალური ასამბლეა კი მიჰყავს მხოლოდ მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტს _ მოცემულ მომენტში მე. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ასეთივე საპატიო ადგილიდან მიმყავდა სხდომა საბერძნეთის პარლამენტში, ლიბანის პარლამენტში, სხვაგანაც. პრობლემა არსად შექმნილა… და მე პარლამენტთაშორისი ასამბლეის გენერალურ მდივანთან, საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატთან ერთად დავიკავე ადგილი პრეზიდიუმში. მე კვლავ გადავუხადე მადლობა ქართულ მხარეს სხდომის ორგანიზებისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის. საჩუქრებიც მივართვით და დავიწყეთ საკითხების განხილვა. პრობლემა არ ყოფილა.

შესვენებისას დარბაზში მოულოდნელად შემოცვივდნენ ექსტრემისტები, დაიკავეს პრეზიდიუმი, გაანადგურეს დოკუმენტები.

აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო შემდეგი: ბევრმა მედიასაშუალებამ დაუშვა სერიოზული შეცდომა, როდესაც განაცხადა, რომ მე ვმონაწილეობდი საომარ მოქმედებებში აფხაზეთში. ეს არის ექსტრემისტების მიერ, მათ შორის, ოპოზიციის რიგებიდანაც გავრცელებული ფეიკ-ნიუსი, რათა მოეწყოთ პროვოკაცია და ხელში ჩაეგდოთ პარლამენტი.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არ ვმონაწილეობდი აფხაზეთის ან სხვა ქვეყნის საომარ მოქმედებებში. არასოდეს მიტარებია იარაღი. მე ვყოფილვარ ცხელ წერტილებში _ სირიაში, კოსოვოში, სხვა ადგილებში, მაგრამ მხოლოდ ლოკალური კონფლიქტის მსხვერპლთა დასახმარებლად, უწინარესად, ქრისტიანების.

_ თქვენ გადანაშაულებენ, რომ იყავით აფხაზეთში.

_ მე არ ვყოფილვარ აფხაზეთში მის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან. არასოდეს ვმონაწილეობდი მის ტერიტორიაზე გამართულ საბრძოლო მოქმედებებში. ეს სიცრუე და პროვოკაციაა და ძალიან სამწუხაროა, რომ ქართულმა მედიამ აიტაცა.

სხვათა შორის, ჩვენმა დეპუტატებმა დაინახეს, როგორ აძლევდნენ მითითებებს ქართველ ჟურნალისტებს კურატორები, რომლებიც ამერიკული ვერსიის ინგლისურით ლაპარაკობდნენ.

_ რა მოხდა თავდასხმის შემდეგ?

_ ჩვენ იძულებული შევიქენით, დაგვეტოვებინა პარლამენტი და გადავსულიყავით სასტუმროში, სადაც დავასრულეთ სხდომა. ასამბლეამ მიიღო კოლექტიური განცხადება, რომ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ვწყვეტთ სესიას. ჩვენ მივიღეთ ბოდიშები, რომლებიც რამდენიმე ქართველმა დეპუტატმა გამოთქვა…

როცა სასტუმროში პრესის წინაშე წარვდექით, ჩვენზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა. სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა ეს თავიდან ვერ აიცილა.

_ დაზარალდით?

_ არც ისე…

_ დაგარტყეს?

_ დიახ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა და გენპროკურატურამ აუცილებლად უნდა განსაზღვრონ ამ ექსტრემისტების პასუხისმგებლობა. მათ შორის, სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისაც, რომლებიც ფიზიკური ანგარიშსწორებით გვემუქრებოდნენ. ისინი გვემუქრებოდნენ, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის დელეგაციის წევრებს. პარლამენტის ტრიბუნიდან კი ამბობდნენ, რომ ჩვენ გვკლავდნენ და მომავალშიც მოგვკლავდნენ.

_ გინდათ, ამ ისტორიის გამო ქართველი ხალხისთვის რამის თქმა?

_ მე მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართველი ხალხი და მისი კულტურა. ბაბუაჩემი საქართველოშია დაკრძალული და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პროვოკაციის გამო ვერ შევძელი მის საფლავზე მისვლა. მე კვლავ მიმაჩნია, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების გაუმჯობესებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი საზოგადოება, შიდაპოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, საკადრის პასუხს გასცემს ექსტრემისტებს, რომლებიც ცდილობენ თქვენი ქვეყნის იზოლაციასა და დისკრედიტაციას”.

კომერსანტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here